სამაჩაბლოში, დიცში განვითარებული მოვლენების შემდეგ ჩნდება კითხვა, მიიღებს თუ არა საქართველო სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობას. მას შემდე, რაც რუსულმა მხარემ საოკუპაციო ზოლი გადმოსწია და კიდევ უფრო მეტი ქართული მიწა მოაქცია საკუთარი დაქვემდებარების ქვეშ, არასამთავრობოები ინიციატივით გამოდიან, რომ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე ქართულმა მხარემ უარი თქვას. როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" წარმომადგენლები აცხადებენ, ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარის თქმა საქართველოს მხრიდან პროტესტის ერთგვარი ფორმა იქნება ე.წ. საზღვრის გადმოწევისა და მოქალაქეების გახშირებული დაკავების ფაქტებზე.
მათი მოთხოვნის მიუხედავად, საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობის გადაწყვეტილება ძალაში რჩება, რადგან გადაწყვეტილება ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო. ამავდროულად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია იმედოვნებს, რომ მდგომარეობა დარეგულირდება და ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დადგება.
უნდა მიიღოს თუ არა საქართველომ სოჭოს ოლიმპიადაში მონაწილეობა და დიცში განვითარებული მოვლენების შემდეგ ხომ არ აღიქმება ეს დათმობად? ამის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს, რომ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, სულ ცოტა, ქართულმა მხარემ დისკუსია მაინც უნდა დაიწყოს და ჩვენმა მოქალაქეებმა საკუთარი აზრი უნდა დააფიქსირონ ამ საკითხთან დაკავშირებით.
ეკა გიგაურის თქმით, საზღვარი 30 მეტრითაა გადმოწეული, მოსახლეობის უსაფრთხოებაც არ არის გარანტირებული და, თუკი ყოველ ჯერზე საზღვარს ასე გადმოსწევენ, შესაძლოა, ადგილობრივების სახლები საოკუპაციო ზოლს შიგნით მოექცეს. გარდა ამისა, ამ საზღვრისპირა რეგიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს პრობლემა ექმნებათ წყლის მომარაგებასა და სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით. ამიტომ მომხდარის ირგვლივ საზოგადოებამ გარკვეული პროტესტი უნდა გამოხატოს.
„ოლიმპიადაში მონაწილეობასთან დაკავშირებით სპორტსმენებსაც უნდა ვკითხოთ საკუთარი აზრი და რასაც გადავწყვეტთ, ეს დასაბუთებული უნდა იყოს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ქვეყნის 20 % ოკუპირებულია, ოკუპაცია გრძელდება და ამ შემთხვევაში, ოლიმპიადის ჩატარება შეიძლება არც იყოს მიზანშეწონილი. თუმცა ეს მარტო ჩემს შეხედულებაზე არ არის დამოკიდებული. აქ მთავარია, რომ ხელისუფლებამ რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი გააგრძელოს, ჟენევის ფორმატიც აუცილებელია, ყველანაირი ფორმატი უნდა გაგრძელდეს, რადგან ამის გარეშე არანაირი კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობა არ არის. თუმცა საზოგადოების მხრიდან პროტესტის ამგვარი ფორმა სულ სხვა შინაარსის იქნება“, - აცხადებს ეკა გიგაური.
ამასთან, იგი ეხმაურება პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს, არასამთავრობოების ნაწილი არასდროს ყოფილა ჩართული კონფლიქტის მოგვარების საკითხში. ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ნებისმიერი მოქალაქე აქტიურობდა და ის ანგარიშები, რომლებიც სწორედ არასამთავრობოებმა დაწერეს, აისახა კიდეც საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში. ამიტომ ეკა გიგაურის აზრით, პაატა ზაქარეიშვილმა უნდა დააკონკრეტოს, თუ რომელ აქტიურობას გულისხმობდა არასამთავრობოების მხრიდან.
„ჩვენს მიმართ პრეტენზია რამდენად მოაგვარებს საზღვარზე, საოკუპაციო ზოლთან არსებულ პრობლემას, არ ვიცი. დიცის მოსახლეობა დათრგუნულია, ეშინიათ საკუთარ სახნავ-სათეს მიწებზე გადასვლა, რადგან მათ იტაცებენ. ეს არ არის პერმანენტული, მაგრამ ასეთი ფაქტებია არსებობს. ამიტომ მოსახლეობასთან გარკვეული სამუშაოებია ჩასატარებელი. იქ დაგვხდა შეწუხებული ადამიანი, რომლის ოჯახის წევრიც გაიტაცეს და იგი ემოციურად ამბობდა, თქვენ აქ ჩამოდიხართ, მაგრამ ჩემი პრობლემის მოგვარებაა მნიშვნელოვანიო. იგი ქმედით ნაბიჯებზე საუბრობდა, თუმცა ფაქტია, ჩვენ ვერ შევძლებთ ახლა რუსეთის მხარესთან მოლაპარაკების წარმართვას. თორემ ჩვენს მიმართ აგრესიით იქ არავინ გამოირჩეოდა, პირიქით, ადგილობრივები ძალიან კარგად შეგვხვდნენ“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.
კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ არ გვაქვს უფლება, სოჭის ოლიმპიადასთან მიმართებით ნაჩქარევი დასკვნები გავაკეთოთ. პირიქით, მოვლენათა განვითარებას უნდა დაველოდოთ და შესაძლოა, შეიცვალოს კიდეც სიტუაცია.
გოგი ხუციშვილი აცხადებს, რომ აქამდე ყველაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ ცხინვალის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთან ურთიერთობის განვითარება. დიცის მოვლენები, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული იმედგამაცრუებელი ნაბიჯია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ბევრ რამეს, მაგრამ ფართო მასშტაბით ახალ პოლიტიკაზე უარის თქმა ნაადრევია.
„შეიძლება, ამ ოლიმპიადამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის თვალსაზრისით რაღაც მართლაც შეცვალოს უკეთესობისკენ. რუსეთთან მაინც ჩვენ უნდა მოვაწესრიგოთ ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მოუგვარებელი პრობლემები და ეს პრობლემაც არ იქნება ახლო მომავალში მოგვარებული. ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება რუსეთთან საუბრის წარმართვა, ვიდრე - მათ. მე მაინც მგონია, რომ სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით ნაჩქარევ ნაბიჯებს მოითხოვს ის ხალხი და ის „ენჯეოები“, რომლებიც თავიდანვე ნაციონალების აზრს იზიარებდნენ, რომ საერთოდ არ შეიძლებოდა რუსეთთან დალაპარაკება და ჩვენ მხოლოდ უნდა გვეყვირა - მალე მიგვიღეთ ნატოში. რატომღაც ისინი თვლიდნენ, რომ ეს იყო გამოსავალი, თუმცა ამ ყვირილის შედეგად ნატოში უფრო მალე არ გვიღებდნენ“, - აცხადებს გოგი ხუციშვილი.
მისივე თქმით, ივანიშვილმა დაიწყო ახალი პოლიტიკა და შემოგვთავაზა სხვა გამოსავალი. ამიტომ უნდა ვნახოთ და, თუ საბოლოოდ დავრწმუნდებით, რომ ეს არ მუშაობს, მაშინ შეიძლება, ყველაფერზე ვილაპარაკოთ, მათ შორის, სოჭის ოლიმპიადის საჭიროებაზეც. თუმცა იქამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა და არ ღირს ამხელა დასკვნების გაკეთება.
რაც შეეხება არასამთავრობოების დიცში ჩასვლას, გოგი ხუციშვილი აცხადებს, რომ ეს მართლაც გამაღიზიანებელი ფაქტორი იყო იქაურებისთვის, რადგან ხალხი მძიმე მდგომარეობაშია. ამიტომ დიცში კარგად მოფიქრებული გეგმით უნდა ჩახვიდე, როცა წინასწარ იცი, რას აკეთებ. კერძოდ, არასამთავროებმა უნდა შეძლონ, საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების მიპყრობა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებისადმი.
„მე არ ვიცი, კონკრეტულად ეს „ენჯეოები“ რაზე იყვნენ ჩასულნი და რას ამბობდნენ, რამ გამოიწვია გაღიზიანება, მაგრამ ხალხს ვერავინ ეხმარება და იქაურების ასეთი პოზიციაც გასაგებია“, - აღნიშნა გოგი ხუციშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვეტერანი ძიუდოისტი, სპორტის დამსახურებული ოსტატი შოთა ხაბარელი აცხადებს, რომ დიცში არსებული დაძაბული სიტუაცია პირველი არ არის და, ცხადია, ძალიან ცუდია, რასაც რუსები აკეთებენ საზღვართან დაკავშირებით. თუმცა ოლიმპიადის ჩატარებასთან ამას არანაირი შემხებლობა არ აქვს.
შოთა ხაბარელის თქმით, ოლიმპიური თამაშები არ არის რუსეთის ღონისძიება და ეს მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის ღონისძიებაა. საზღვრის პრობლემა კი წინა ხელისუფლების დანატოვარია, რომლის გამოსწორებასაც ცდილობს ახალი ხელისუფლება და ამას აუცილებლად შეძლებს.
„ის, რომ ოლიმპიური თამაშები ამ პროცესებს ხელს შეუშლის და სიტუაციას უფრო გაამწვავებს, სწორად არ მიმაჩნია. პირიქით, ოლიმპიური თამაშები უფრო დაარეგულირებს სიტუაციას. ამ კუთხით უნდა შევხედოთ ამ ამბავს. ისტორიულად ოლიმპიური თამაშები ყოველთვის მშვიდობის საწინდარი იყო. გარდა ამისა, უნდა ვიფიქროთ მომავალზე. არ შეიძლება, ერთი ხელის მოსმით გადავწყვიტოთ ყველაფერი. ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი არმონაწილეობით ბევრი რამე გაფუჭდება. ამიტომ არ უნდა დავძაბოთ სიტუაცია ჩვენს მეზობელთან“, - აცხადებს შოთა ხაბარელი.
მისი განმარტებით, ნაციონალებმა იმაზე უნდა ილაპარაკონ, თუ როგორ დათმეს კოდორი, ცხინვალის რეგიონის ნაწილი და დაკარგულ 20%-ს კიდევ მიუმატეს დარჩენილი მიწები. ახალი ხელისუფლება კი ნაციონალების რიტორიკას არ გააგრძელებს და ნორმალური საუბრით აპირებს სიტიაციის დარეგულირებას.
ამის მიუხედავად, შოთა ხაბარელს ეეჭვება, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობით პოლიტიკური სიტუაცია რამენაირად დარეგულირდეს. თუმცა იგი მიიჩნევს, რომ ეს არის წმინდა სპორტული ღონისძიება, სადაც ქართული მხარე წარდგება სპორტის ზამთრის სახეობებით. მართალია, ამ ოლიმპიადაზე ჩვენ დიდ შედეგებზე არ ვართ ორიენტირებულნი, მაგრამ გამორიცხული არ არის, გარკვეული მედლები მოვიპოვოთ.
„თუკი ოლიმპიადაში მონაწილეობას არ მივიღებთ, მსოფლიო ოლიმპიური მოძრაობის მიერ დაწესებული სანქციები დაგვემუქრება. შეწყდება ის პროგრამებიც, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ხორციელდება მსოფლიო ოლიმპიურ თამაშებზე. ამიტომ, ოლიმპიადაში მონაწილეობა ქართული სპორტისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. მით უფრო, რომ ჩვენ ვართ ოლიმპიური კომიტეტის ასოცირებული წევრები და არ უნდა შეგვიჩერონ ეს სტატუსი. თუ ასე მოხდება, მომავალ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. ოთხ წელიწადში თუ ეს ვერ შევძელით, მაშინ რვა წლის თავზეც ამას ვერ შევძლებთ, რაც სპორტსმენისთვის მომაკვდინებელია. ამას არ გავაკეთებთ. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს სპორტსმენისთვის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება“, - გვითხრა შოთა ხაბარელმა.