ლარის კურსი პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა - გაგრძელდება თუ არა გამყარება?

ლარის კურსი პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა - გაგრძელდება თუ არა გამყარება?

ლარის ბოლოდროინდელმა გამყარებამ მოსახლეობაში სტაბილურობის განდა გააჩინა. რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოება კიდევ მეტად ელოდება ეროვნული ვალუტის პოზიციების გაუმჯობესებას. ფინანსისტები კი ფიქრობენ, რომ ლარის მორიგი წინსვლა მოსალოდნელი აღარ არის. ის კი არადა, კურსი ცოტა მეტადაც კი არის გამყარებული. ამჟამად ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა.

„გალტ ენდ თაგარტის“ ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ფიქრობს, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად ლარის გამყარებას მოლოდინიც უწყობს ხელს. მოქალაქეების აზრით, აპრილში სავალუტო შემოდინებების კუთხით არსებული დადებითი ტენდენცია გაგრძელდება და ფიქრობენ, რომ ლარი ზაფხულშიც უნდა გამყარდეს. აქედან გამომდინარე, ახლა ლარზე ეს მოლოდინი დადებითად აისახება.

„ვხედავთ, რომ ლარი იმაზე მეტად არის გამყარებული, ვიდრე ამას მაკროეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს. ასევე მნიშვნელოვანია შევხედოთ ლარის ნომინალურ ეფექტურ და რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსებს, რომლებიც ძალიან გამყარებულია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ლარი არა მხოლოდ ერთ რომელიმე ვალუტასთან მიმართებით არის გამყარებული, არამედ ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართებითაც. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ლარი იმაზე მეტად არის გამყარებული, ვიდრე ამისი მოლოდინი გვქონდა.

მოკლევადიან პერიოდში გადახრები ორივე მიმართულებით არის: ზედმეტად გაუფასურებისა და ზედმეტად გამყარების კუთხით, თუმცა საშუალო პერიოდში რასაც ფუნდამენტური ფაქტორები მოითხოვს, ლარი იმ კურსს მაინც დაუბრუნდება“, - აცხადებს ქავთარაძე.

მისივე ინფორმაციით, აპრილის მონაცემებით სავალუტო შემოდინებები დადებითი იყო, თუმცა მათი მდგრადობა ლარის გაცვლითი კურსისთვის მნიშვნელოვანია.

„აპრილის მონაცემებმა გააჩინა მოლოდინი, რომ ლარი კიდევ გამყარდება. შესაბამისად, ეს აისახა კურსზე, თუმცა წინ წლის მეორე ნახევარი გვაქვს. მოგეხსენებათ, სექტემბრიდან ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები იკლებს, ასევე იზრდება საბიუჯეტო ხარჯვა განსაკუთრებით მე-4 კვარტალში, თუმცა წლის ბოლოსთვისაც კურსის ტრაექტორიას ისევ სავალუტო შემოდინებები განსაზღვრავს. ლარმა რომ გააგრძელოს გამყარების ის ტრენდი, რაც მარტის ბოლოდან აქვს, ნაკლებად მოსალოდნელია“, - განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ წარმომადგენელმა „ბიემთან“ საუბრისას.

დაახლოებით იგივე მოსაზრება აქვთ „თიბისი კაპიტალში“. მათ ყოველკვირეულ განახლებაში აღნიშნულია, რომ კურსი ზედმეტად გამყარებისკენაა გადახრილი.

„წინა კვირაში აპრილის საგარეო ვაჭრობის დეტალური სტატისტიკა გამოქვეყნდა. ფაქტობრივი მაჩვენებლები დიდწილად მოლოდინის შესაბამისია. გრძელდება ტურიზმის აღდგენა. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ ტურისტულმა შემოსავლებმა მიგრაციის ეფექტის გარეშეც მოიმატა.

გზავნილები კი, ძირითადად რუსეთიდან გადმორიცხვების ხარჯზე, მოსალოდნელზე ბევრად უფრო მეტად გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ, როგორც ჩანს, გადმორიცხვების მნიშვნელოვანი ნაწილი მიგრაციას უკავშირდება და ამდენად, ტურიზმის შემოსავლებშიც აღირიცხება.

ნებისმიერ შემთხვევაში, აშკარაა რომ საგარეო შემოდინებები ძლიერია და საქართველოს საგარეო ბალანსი უმჯობესდება.

აპრილის საკრედიტო აქტივობა, მარტის გარკვეული შენელების შემდეგ, ძლიერი იყო. სავალუტო კომპოზიციის მხრივ, უცხოური ვალუტა ჭარბობდა. თუმცა, კურსი ამ ეტაპზე ზედმეტად გამყარებულია და მომავალში კიდევ მეტ გამყარებას არ უნდა ველოდოთ“, - აღიშნულია მიმოხილვაში.

მთავრობაში კი ჯერჯერობით აუღელველად უყურებენ მოვლენებს და უფრო იმაზე გამოთქვამენ ვარაუდს, რა არის მოსალოდნელი ინფლაციისა და ფასების შემცირების კუთხით. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე მიიჩნევს, რომ კურსის გამყარება იმპორტირებული ინფლაციის შემცირებაში გვეხმარება და თუ გამყარებული კურსი შენარჩუნდა, ეს ინფლაციაზე გავლენას იქონიებს და იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები შემცირდება.

„ვალუტის კურსის მაღალი ტენდენცია მაისში გვაქვს, ვნახოთ როგორც გადაწყვეტილებას მიიღებენ იმპორტიორები, რადგან კურსის გამყარება დღეს პროდუქტს მყისიერად ვერ გააიაფებს, მაგრამ 1-2 კვირის განმავლობაში უნდა იმოქმედოს და ახალი პროდუქტი ბაზარზე შემცირებული ფასით უნდა შემოვიდეს. ამ კუთხით მოლოდინები გვაქვს, თუმცა ფინანსთა სამინისტრო თავის მხრივ ფასის განსაზღვრაში ვერ ჩაერევა. ეს ბერკეტები ჩვენს ქვეყანაში არ გვაქვს. ამას თავად იმპორტიორები წყვეტენ, თუმცა კურსის დასტაბილურება ვფიქრობ, საცალო გაყიდვების ნაწილში მათ ამის შესაძლებლობას მისცემს.

ინფლაციასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. ვერც ერთი ქვეყანა ამას ვერ აკეთებს, რადგან ის ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული, პირველ რიგში კი ეს დამოკიდებულია ნავთობის ფასზე, რომელიც ყოველდღიურად ცვალებადია. რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვასთან დაკავშირებით ეს მსოფლიოში ბაზარზე ნავთობის ფასს განაპირობებს. ინფლაციის სებ-ის პროგნოზი 9%-ია, რაც საკმაოდ მაღალია, თუმცა ამ მაჩვენებლის როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური კუთხით ცვლილების რისკები რა თქმა უნდა არსებობს“, - აღნიშნა კაკაურიძემ.

ლაზი დაიწყება ახლა გამყარების ტაშფანდურა. კურსი ზემოთ რომ წავა, ესენი გაიყუჩებიან. სამაგიეროდ ფასები გაიზრდება, ახალ ნიშნულამდე. და ასე, ყოველი გამყარება, საბოლოოდ, ფასების ახალი ზრდის მიზეზი ხდება. ლარის კურსი მოძრაობს წინ და უკან. ფასები, მხოლოდ წინ.
2 წლის უკან