უკრაინის ომი ჯერ დასრულებული არ არის და უკვე ყველა თანხმდება, რომ ომის შემდეგ სამყარო ისეთი აღარ იქნება, როგორც მანამდე იყო. ბუჩას, მარიუპოლის და მთლიანად უკრაინული ქალაქებისა და სოფლების ტრაგედიების შემდეგ მსოფლიოში ბევრი რამ გადააფასეს, რაც მხედველობიდან „გამორჩათ“ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების ფონზე, „გამორჩათ“ ჩეჩნეთის ორი ომის და ჩეჩენთა გენოციდის დროს. მსოფლიო კარგა ხანს არ იმჩნევდა ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში დატრიალებულ უბედურებებს, რომელთა უცვლელი ავტორიც კრემლი იყო. თუმცა უკრაინა ბოლო წვეთი აღმოჩნდა.
უკრაინამ მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ რუსეთი არც ისე ძლიერია, ამიტომ ყველა გაუთამამდება ჩრდილოელ ოკუპანტს და გათამამებულთა სათავეში აუცილებლად იქნება ჩინეთი. თავისი შესაძლებლობის ფარგლებში არც თურქეთი იტყვის უარს ჰეგემონობაზე. შემთხვევითი არ არის, რომ ერდოღანმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საეჭვოდ შენიშნა, „დასავლეთის ჰეგემონია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა, წარსულს ჩაბარდა, ახალი საერთაშორისო სისტემა იქმნება“, ხოლო თურქეთის მსგავსი ქვეყნების მზარდმა სიძლიერემ საერთაშორისო მოთამაშეების რანგში გაგვიყვანაო.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე იზიარებს მოსაზრებას, რომ უკრაინის ომის შემდგომ უფრო ჩინეთი დაწინაურდება. პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ როგორი სურვილიც არ უნდა ჰქონდეს, თურქეთი იმდენად ვერ წავა წინ, რადგან თურქეთი ჩინეთის მსგავსი გლობალური მოთამაშე არაა.
„ცხადია, ჩინეთს გაძლიერება შეუძლია არა საქართველოს ან თუნდაც აზერბაიჯანის ხარჯზე, არამედ მხოლოდ რუსეთის ხარჯზე. ჩინეთმა ეს მშვენივრად იცის. რაც შეეხება თურქეთს, რუსეთი და თურქეთი დღემდე ერთმანეთს ეჭვის თვალით უყურებენ სირიაში. ჯერ კიდევ არ შეთანხმებულან, ვისია იდლიბი - თურქები იდგებიან იქ, თუ რუსები? მოსალოდნელია, რომ თურქეთი თავის ანგარიშს წაუყენებს რუსეთს. აქ უკვე პოლიტიკაა, აქ მეგობრობა არ არის. დიდ პოლიტიკაში ინტერესებია მთავარი და არა მეგობრობა. ამიტომ, ყველა გათვლით, რუსეთი ჯერ უნდა დამარცხდეს. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ჩვენს ტელევიზიებში რომ ისმის, რუსეთი უკვე დამარცხებულია და ეჭვი არ გვეპარება უკრაინის გამარჯვებაშიო“, - აცხადებს სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბრისას.
ამასთან, განმარტავს, რომ, რასაკვირველია, უკრაინელმა ჯარისკაცმა უნდა თქვას, რომ ეჭვი არ ეპარება თავისი სამშობლოს გამარჯვებაში, ამის რწმენა უკრაინელ მებრძოლს უნდა ჰქონდეს. თუკი უკრაინელმა ჯარისკაცმა იფიქრა, შეიძლება გავიმარჯვო ან ვერ გავიმარჯვოო, ის ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ ქართველები ხომ უფრო ობიექტურები უნდა ვიყოთ და ობიექტურად გავთვალოთ პროცესები?!
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ჩინეთს ისედაც გააჩნდა გაძლიერების პერსპექტივები უკრაინაში ომის გარეშეც. მეტიც, ეტაპობრივად ჩინეთი ყოველდღიურად ძლიერდებოდა, პირველ რიგში, ეკონომიკური თვალსაზრისით. თუ 1980 წელს, ჩინეთში ეკონომიკური რეფორმების დაწყების დროს, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა შეადგენდა 150 მილიარდ ამერიკულ დოლარს, დღეს ეს მოცულობა დაახლოებით 14 ტრილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ასევე, ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის მოცულობა აჭარბებს 2 ტრილიონ ამერიკულ დოლარს. გარდა ამისა, ჩინეთი სხვადასხვა გლობალური პროექტის მონაწილე ან ინიციატორია, თუნდაც „ერთი სარტყელი ერთი გზა“, რომელიც ითვალისწინებს ამ სატრანსპორტო პროექტში 60-მდე ქვეყნის ჩართვას და დიდი აბრეშუმის გზის აღორძინებას.
„ამდენად, ჩინეთი ძლიერი ეკონომიკური ძალაა და რუსეთის დასუსტება ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩინეთი ერთ კონკურენტს გეოპოლიტიკურ ასპარეზზე ჩამოიცილებს. ცხადია, ჩინეთ-რუსეთს გარკვეული საერთო ინტერესები გააჩნიათ, ორივე ნატოს წინააღმდეგ არის განწყობილი, მაგრამ არის ინტერესთა განსხვავებაც მათ შორის, ამიტომ ჩინეთი უფრო ამჯობინებს, დასავლეთთან გააჩნდეს კავშირები, ვიდრე რუსეთთან. ჩინეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ეკონომიკურმა ბრუნვამ 2021 წელს შეადგინა 147 მილიარდი დოლარი, ხოლო აშშ-სა და ჩინეთს შორის, იდეოლოგიური განსხვავებების მიუხედავად, სავაჭრო ეკონომიკურმა ბრუნვამ შეადგინა 700 მილიარდი დოლარი, ჩინეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვა აღემატება 500 მილიარდ ევროს, ანუ ჩინეთისთვის უფრო მომგებიანია მაინც დასავლეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება, ვიდრე რუსეთთან“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ for.ge-სთან საუბრისას.
მანვე განმარტა, რომ ჩინეთი უფრო გლობალური მოთამაშეა, თურქეთი კი რეგიონალური მოთამაშე. ამ ომის შემდეგ შეიძლება თურქეთიც დაწინაურდეს, რადგან თურქეთი არის მსოფლიოში მე-16 ეკონომიკა მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის მიხედვით და, ამასთან, თურქეთი არის დიდი ოცეულის წევრი.