საქართველო კვლავ დასავლეთის ყურადღების ცენტრშია, ევროპისა და ნატოს დელეგაციების პარალელურად აშშ-ს მედიაშიც დიდი პოლემიკაა გამართული, „ვაშინგტონ პოსტი“ თუ დღევანდელ ქართულ დემოკრატიას აყენებს ეჭვქვეშ, დასავლელი ანალიტიკოსები გამოცემის პოზიციის ობიექტურობასთან დაკავშირებით სვამენ კითხვებს. მოკლედ, ჩუმი, მაგრამ დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობს და მთავარი გმირი პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილია.
დემოკრატიის სახელით ზეწოლა გამოძიებაზე, თუ დიდი ინტერესი გამოძიების ობიექტურად წარმართვაზე? - ამ თემაზე ექსპერტი კახა კახიშვილი გვესაუბრება.
ბატონო კახა, „ვაშინგტონ პოსტმა“ მორიგი სტატია მიუძღვნა ქართულ დემოკრატიას, მოკლედ რომ ვთქვათ, გამოცემას სხვადასხვა არგუმენტები მოჰყავს იმის დასადასტურებლად, რომ დემოკრატიას საფრთხე ექმნება. როგორ ფიქრობთ, მართლაც რაიმე არადემოკრატიული ნაბიჯები გადაიდგა თუ სტატიის პათოსი ძველი და კარგად ნაცნობი - ყოფილი ხელისუფლების მხარდაჭერაა?
- პირველი წერილი არ არის, როდესაც „ვაშინგტონ პოსტი“ აკრიტიკებს ახალ ხელისუფლებას, აქედან გამომდინარე, რაც უფრო მეტ ასეთ განცხადებას გაავრცელებს აღნიშნული გამოცემა, ან სხვა რომელიმე გავლენიანი გაზეთი და სარედაქციო საბჭოს სახელით, რაც უფრო მეტ არაადეკვატურ განცხადებებს მოვისმენთ სააკაშვილის დემოკრატიულობასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, მით უფრო მეტი კითხვები ჩნდება საქართველოს მოსახლეობაში - რას თვლის „ვაშინგტონ პოსტი“ დემოკრატიად, იმას, რომ ყოველდღე ხალხს აპატიმრებდნენ სრულიად უმიზეზოდ, ქონებას ართმევდნენ და ციხეში ჯოჯოხეთურ პირობებს უქმნიდნენ, სიცოცხლეს ასალმებდნენ თუ ქვეყნის ბიუჯეტიდან ფულს რომ ხარჯავდნენ საკუთარი პარტიისა და საკუთარი სიამოვნებისათვის?!
ნებისმიერ ურთიერთობას ატკბობს მეგობრული და პირადი კავშირები, როგორც ჩანს, ნაცმოძრაობას რაღაც კავშირები აქვს „ვაშინგტონ პოსტის“ რომელიმე ხელმძღვანელთან, რადგან ეს არ არის ამ გაზეთის პირველი განცხადება. გვახსოვს, არჩევნებიდან ორ-სამ თვეში ასეთივე ტიპის წერილი დაიბეჭდა ამ გამოცემაში, სადაც ძალიან თანაუგრძნობდნენ დემოკრატიას. მაშინ როცა მთელი 9 წლის განმავლობაში არ მახსენდება, რაიმე კრიტიკული წერილი დაებეჭდოთ სააკააშვილის მმართველობასთან დაკავშირებით. მითუმეტეს, ეჭვი არ მეპარება, რომ სრული ინფორმაცია ჰქონდათ ყველა საკითხთან დაკავშირებით.
ერთია, რომ ნაციონალები დასავლეთთან თბილ ურთიერთობებს სულ უფრო ამყარებენ ყველა საშუალების გამოყენებით, მაგრამ მეორეა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არასათანადო მუშაობა - ვფიქრობ, ყველა საკითხზე რეაგირება ხდება პოსტ-ფაქტუმ.
გამოცემის კრიტიკის ამოსავალი წერტილი იყო ეკონომიკის განვითარება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ კუთხით კითხვები ქართულ საზოგადოებაშიც ჩნდება, ყოველ შემთხვევაში, რა ხდება ჩვენს ეკონომიკაში ცოტა რთული გასაგებია...
- შესაძლოა, ეკონომიკაში მართლაც არის პრობლემები, მე სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ჩემს გარშემო ბიზნესმენები და მეწარმეები საუბრობენ იმის შესახებ, რომ პრობლემური ვითარებაა. ასეთი ოპოზიციის პირობებში, როგორიც ნაცმოძრაობაა, ცოტა ძნელია, რამე განვითარდეს. ამიტომაც ვითხოვთ და ვურჩევთ ხელისუფლებას, ჩაატაროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. თუ მხოლოდ ნაცმოძრაობა იქნება ოპოზიციაში, მგონია, რომ ყოველდღიურად მხოლოდ პრობლემების მატება იქნება და არა მათი შემცირება, რადგან ნაცმოძრაობის ძირითადი ამოცანა პრობლემების შექმნაა, რასაც ნაწილობრივ ახერხებენ კიდეც.
რაც შეეხება ეკონომიკას, მართვის ბერკეტები ნაწილობრივ ჯერ კიდევ ნაცმოძრაობის ხელშია. წამყვან თანამდებობებზე კვლავ წინა ხელისუფლების მინისტრის მოადგილეები, ანუ პოლიტიკური თანამდებობოს პირები მუშაობენ. ნაკლებად მგონია, მათი საქმიანობა მხოლოდ და მხოლოდ იმისკენ არის მიმართული, რომ რაც შეიძლება დიდ წარმატებებს მიაღწიოს „ქართულმა ოცნებამ“. მგონია, რომ შეგნებული პროვოკაციაც არის და შეგნებული საბოტაჟის ნიშნებიც და ეს ყველაფერი ერთობლიობაში, რა თქმა უნდა, თამაშობს გარკვეულ როლს.
ქვეყნის პრეზიდენტი რომ მაინც და მაინც ნაცმოძრაობის წევრებით დაკომპლექტებული დელეგაციებით დადის ქვეყნიდან ქვეყანაში და იძახის ჩემს ქვეყანაში ფული აღარ ჩადოთ, იმიტომ, რომ სერიოზული პრობლემებიაო, რა თქმა უნდა, ესეც იმოქმედებს ეკონომიკურ პროცესებზე.
მგონია, რომ ამ ხელისუფლების მხრიდან უფრო ეფექტური მოქმედებებია საჭირო. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამ ყველაფრის დალაგება უფრო გამარტივდება, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საფრთხობელას როლში აღარ მოგვევლინება. ოქტომბრის შემდეგ უფრო კარგად გამოიკვეთება, რასთან გვაქვს საქმე, ნაწილობრივ, შესაძლოა, არაკომპეტენტურობასთან, ნაწილობრივ ძველი კადრების მხრიდან საბოტაჟთან, რადგან არასწორ გადაწყვეტილებებს აღებინებენ ხელმძღვანელებს - ეს თანმდევი პროცესია როდესაც ქვეყანაში დესტრუქციულ ძალას სახელისუფლებო ბერკეტები აქვს ხელში.
გამოცემის პოზიციას აკრიტიკებენ დასავლელი ანალიტიკოსებიც, მაგრამ ყველაზე უცნაური ის არის, რომ დასავლეთში დავა მიმდინარეობს, ექმნება თუ არა საფრთხე დემოკრატიას და ფერხდება თუ არა ეკონომიკის განვითარება. საქართველოში ყველამ იცის, ყოფილ ხელისუფლებასთან დაკავშირებით ეს ორი პრობლემა არსებობდა, მოჩვენებითი დემოკრატია და მთლიანად მონოპოლიზებული ბიზნესი. როგორც ჩანს, ობიექტური სურათი, რა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, დასავლური წრეებისთვის კვლავ ბუნდოვანია...
- მართლაც საინტერესოა, სად არსებობდა დემოკრატია და სად არსებობდა ეკონომიკა, საქართველოში არ ყოფილა საწარმო, საიდანაც „ატკატის“ სახით მიშას და მისიანებს „ქეშად“ არ მიეღოთ ფული, ან ინვესტიციისთვის „მწვანე შუქის ასანთებად“ წილში არ ჩასხდომოდნენ ინვესტორს.
ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ გარკვეული სტრუქტურების წარმომადგენლები, მიშას დროს, ძალიან კარგად გრძნობდნენ თავს, ჩამოდიოდნენ, ტაშ-ფანდურს ახვედრებდნენ და არც თუ იაფფასიანი საჩუქრებით მიდიოდნენ საქართველოდან. მხატვრებს და ხელოვნების მოღვაწეებს თუ ჩუქნიდა საკუთარი ფონდიდან, პოლიტიკოსებს აღარაფერს აჩუქებდა, გავლენიანი გაზეთების რედაქტორებს და ჟურნალისტებს?!
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საააკაშვილი ამაზე ფეხს ითრევდა, დარწმუნებული ვარ, რომ მიშას და ნაციონალებს აქაც კარგად ჰქონდათ აწყობილი ურთიერთობები, საჩუქრები, დროსტარება, ხომ ნახეთ ბათუმში რამდენიმე ადამიანი რომ ჰყავდათ ჩაყვანილი, როგორ „აგრიალეს“ საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე.
იმ ადამიანებს ვალდებულებები გაუჩნდათ და ახლა აქ ყოფნით კომფორტსაც ვერ განიცდიან, რადგან არავინ არაფერს არ ჩუქნის და არ „აგულავებს“.
თუ აინტერესებთ, საქართველოში დემოკრატია იყო თუ არა, ხომ უნდა დაფიქრდნენ, თუ დემოკრატია იყო, რატომ მისცემდა საქართველოს მოსახლეობის 80% ხმას იმ პარტიას, რომელსაც დემოკრატიულ ძალად მიიჩნევდა?! გამოდის, რომ ეს ხალხი არაადეკვატური იყო და არჩევნებზე უარი უთხრა სააკაშვილის დემოკრატიულ პარტიას?! სააკაშვილს რომ სუპერდემოკრატს ხოლო ამ მთავრობას არადემოკრატს ეძახიან, ეს მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის იმ დიდი ნაწილის შეურაცხყოფაა, რომელმაც არჩევნებზე მიშას უარი უთხრა. კარგი იქნება დაფიქრდნენ ასეთი წერილების ავტორები, რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ საქართველოს მოსახლეობას.
მეორე მხრივ, როდესაც აცხადებენ, რა დემოკრატი იყო მიშა, ისიც კარგად იცის ხალხმა, როგორ დემოკრატიულ არჩევნებს ატარებდა და პოლიტიკური გემოვნების გამო როგორ აპატიმრებდა ხალხს. ასე რომ, ასეთი სტატიებით მხოლოდ ნიჰილიზმს თესავენ საქართველოს მოსახლეობაში დასავლეთის მიმართ.
საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩამოვიდა ევროპიდან, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავების მიმართ ეჭვები გაჩნდა?
- ნებისმიერი ასეთი დაკავება დასავლეთისთვის ბერკეტია ხელისუფლების საწინააღმდეგოდ - ტიმოშჩენკო იუშჩენკოს რომ დაეკავებინა, ამდენი კითხვა არ გაუჩნდებოდა დასავლეთს. როდესაც ის პრორუსულმა იანუკოვიჩმა დააპატიმრა, დასავლეთი ამ ბერკეტს უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის იყენებს - აქაც ასეა.
სამწუხაროდ, ამხელა დელეგაციები 2004-დან 2008-მდე და შემდგომ 2012-წლამდე ვერ ხედავდნენ ადამიანების, მათ შორის, შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკების უკანონოდ დაკავებას, მათთვის ქონების ჩამორთმევას. კარგია, ახლა ამ კუთხით რომ დაინტერესდნენ, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. შევიდნენ, ნახონ და გაავლონ პარალელები, რა ხდებოდა სააკაშვილის დროს და რა ხდება ახლა. ასე რომ, დაინტერესებულიყვნენ სააკაშვილის დაკავებებით, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით, დარწმუნებული ვარ, დღეს ბევრად უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრებდით.
თანაც, ვურჩევდი განცხადებების კეთებისას სიფრთხილე გამოიჩინონ, როდესაც ქართულ მართლმსაჯულებაზე საუბრობენ. ერთი მხრივ, ამბობენ რომ მართლმსაჯულება დამოუკიდებელი უნდა იყოს, მეორე მხრივ არის მინიშნებები, რომ ყოფილი პოლიტიკური ფიგურის დაკავება ნებისმიერ შემთხვევაში ჰგავს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.
ვანო მერაბიშვილი არის თუ არა პოლიტიკური პატიმარი, ეს გამოჩნდება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოში არსებითი განხილვის დროს, როდესაც პროკურატურა წარმოდგენს მტკიცებულებებს, რომელზე დაყრდნობითაც ვანო მერაბიშვილი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაშია მიცემული. თუ მტკიცებულებები არ იქნება სათანადო, სადავო, ასეთ შემთხვევაში გაჩნდება ეჭვები და ამაზე ჩვენც ვისაუბრებთ, მაგრამ ახლა, როდესაც არც ერთ მხარეს არ აქვს მერაბიშვილის ბრალის დამამტკიცებელი მასალები, ცოტა უცნაურია როგორ შეიძლება ვისაუბროთ პოლიტიკურ დაპატიმრებასა და დევნაზე. მითუმეტეს, რომ თვითონ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, როდის შეიძლება იყოს მიჩნეული პირი პოლიტიკურ პატიმრად. ჯერჯერობით მერაბიშვილი არცერთ კრიტერიუმში არ ჯდება, ამიტომ საინტერესოა მათი პოზიცია, როდესაც ერთი მხრივ, კანონის უზენაესობას გვახსენებენ, ხოლო მეორე მხრივ, ასეთი განცხადებებით ზემოქმედებასა და ზეწოლას ახდენენ გამოძიებასა და სასამართლოზე.
როდესაც პოლონელი დეპუტატი საქართველოს იუსტიციის მინისტრისგან ითხოვს მერაბიშვილის წინასწარი დაკავების საკანში შესვლის ნებართვას და აკეთებს განცხადებას, რომ დაინტერესდება, რამდენად პასუხობს მისი პატიმრობის პირობები საერთაშორისო სტანდარტებს, ჰყავს თუ არა ადვოკატი, არის თუ არა დაცული მისი უფლებები და აქვს თუ არა ოჯახის წევრების ნახვის საშუალება, როგორ ფიქრობთ, ევროპარლამენტარის მხრიდან გადაჭარბებულ ქმედებად ხომ არ შეიძლება შეფასდეს?
- მგონია, რომ მიმდინარეობს ვაჭრობა საკუთარი ავტორიტეტითა და თანამდებობით. ვფიქრობ, ეს უფლებამოსილების გადამეტებაა. ვანო მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა იმიტომ შეეფარდა აღმკვეთ ღონისძიებად, რომ არ ჰქონდეს კონტაქტი მოწმეებთან, არ მოახდინოს ზეგავლენა გამოძიების მსვლელობაზე. პოლონელი დეპუტატი არ არის იმ თანამდებობის მქონე პირი, რომლის კომპეტენციასა და უფლებამოსილებაშიც ანალოგიური საქმიანობა შედის, ამისათვის შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები არსებობენ. ევროპარლამენტარის ფუნქციაში სხვა ქვეყნის საპატიმრო დაწესებულებაში შესვლა, მითუმეტეს წინასწარპატიმრობაში მყოფ პირთან, არ შედის. დარწმუნებული ვარ პატივცემულ დეპუტატს საკუთარ სამშობლოში, პოლონეთში რომ მოენდომებინა რომელიმე კონკრეტული ჩინოვნიკის წინასწარი პატიმრობის საკანში მონახულება, მას არ შეუშვებდნენ.
რაკი საქართველოში ყველანი ვშიშობთ, რომ ზედმეტი განცხადებები არ გაკეთდეს, მაშინაც კი, როდესაც ვიცით, რომ ადამიანი ბოროტად სარგებლობს საკუთარი ავტორიტეტით, ამის უფლებას ვაძლევთ. ჰყავს თუ არა მერაბიშვილს ადვოკატი, ამას მასთან გასაუბრება კი არა, საქმის მასალების გაცნობა და მისი ოჯახის წევრებთან გასაუბრება სჭირდება. რაც შეეხება საერთაშორისო სტანდარტებს, თუ ჩათვლიან, რომ ეს პირობა დარღვეულია, ეგებ, ამ საკნების ამშენებლებსაც ჰკითხონ, რატომ აააშენეს ისეთი საკნები, რომლებიც არცერთ საერთაშორისო სტანდარტს არ აკმაყოფილებს. მაინც, მგონია, რომ ეს ვიზიტი პოლიტიკური მიზნებისათვის იქნება გამოყენებული.
ეს რა არის ნაციონალებისა და მერაბიშვილის მხარდაჭერა თუ დღევანდელ ხელისუფლებაზე ზეწოლა?
- ვიცით, „სახალხო პარტიის“ პოზიცია და სიმპათიები, ვიცით, რომ არ აინტერესებდათ როდესაც ქუჩაში ხალხს ასისხლიანებდნენ, სამაგიეროდ, აქტიურები არიან ახლა. ცუდი ის კი არ არის, რომ ახლა ინტერესდებიან, ცუდი ის არის, რომ აქამდე არ გახსენებიათ.
ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი ერთი მხრივ, ვანო მერაბიშვილის დაკავებით, მეორე მხრივ, მომავალი დაკავებების პრევენციითაა განპირობებული და საერთოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ მხარდაჭერას ემსახურება.
როდესაც ორგანიზაცია ყოველთვის სუბიექტურად იქცევა, ყოველთვის ჩანს მისი მიზნები და დამოკიდებულება, შემდგომში რთულია მისი ობიექტურობის გჯეროდეს.
როგორც ჩანს, ნაცმოძრაობამ საკმაოდ კარგად მოახერხა დასავლეთის ორგანიზება, არ ისმის მწვავე, კრიტიკული განცხადებები, თუმცა დიდია ინტერესი...
- არა მხოლოდ, ამერიკასა და ევროპაში, როგორც ჩანს, მიშას რუსეთშიც დალაგებული აქვს ურთიერთობები საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე...
სადემარკაციო პრობლემის წამოჭრას დღევანდელ სიტუაციას უკავშირებთ? თუნდაც ხელისუფლების დასუსტების მიზნით...
- ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რამდენჯერაც მიშას კრიტიკული მდგომარეობა ჰქონდა, კრიზისი შეიმჩნეოდა, დიდი დემონსტრაციები ეწყობოდა, ან ისეთ არჩევნებს ატარებდა, სადაც გაყალბების დიდი ალბათობა იყო და შემდგომში მართლაც ყალბდებოდა არჩევნები, რუსეთი სულ ამთხვევდა „კავკაზ 2008-ს“,„კავკაზ 2010-ს“ და ა.შ. შემდეგ მიშა გამოდიოდა და აცხადებდა, აი, საზღვართან წვრთნები დაიწყო და ჩუმად იყავით, რუსეთის წისქვილზე ნუ ასხამთ წყალსო. წვრთნები მაინც ჩვეულებრივ ტარდებოდა, მაგრამ ამას მიშასთვის არანაირი პრობლემა არ მოუტანია.
ახლა ვხედავთ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ იმის მიუხედავად, რომ მთელი მთავრობა კონსტრუქციულ ურთიერთობაზე გადასვლას ცდილობდა, საოკუპაციო ზოლის გადმოწევით, ფაქტობრივად, ცივი წყალი გადაასხეს ახალ ხელისუფლებას, თანაც ისე, რომ კონსულტაციებიც კი არ ყოფილა ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ საკითხის წამოჭრა ზურგში დანის ჩარტყმას უფრო ჰგავდა და რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება ჩნდება, რომ ახლაც რუსეთის ზოგიერთი მოქმედება მიშა სააკაშვილის წისქვილზე ასხამს წყალს - საბოლოოდ ესეც გამოიყენა სააკაშვილმა, როდესაც გამოვიდა და თქვა, ხომ გეუბნებოდით, რუსეთთან რიტორიკის შერბილებას აზრი არ ჰქონდაო. რეალურად, მეჩვენება, რომ ამ კაცს მართლა ყველგან დალაგებული აქვს ურთიერთობები.