რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან თავის დაღწევას და რა არის მიზეზი, რის გამოც მუდმივად ისეთ სახის შეცდომებს უშვებს, რომელსაც ხელისუფლება პირიქით, მათ საწინააღმდეგოდ იყენებს? მათი ყველა მცდელობა, რომ საზოგადოება ხელისუფლების ღალატში, საგარეო კუrსის ცვლილებაში და უმაქნისობაში დაადანაშაულოს, ყოველთვის კრახით სრულდება.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ მოსახლოებას არჩევანის გაკეთება ისევ წარსულსა და აწყმოს შორის უწევს, ისევ ენმ-სა და „ოცნებას“ შორის უნდა გაიყოს. შესაბამისად, მათი უდიდესი ნაწილისთვის წარსული უფრო მიუღებელია, ვიდრე აწყმო, ამიტომაც ოპოზიცია მუდმივად წაგებულ თამაშს თამაშობს. ახალი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში არ ჩნდება, ამიტომ მოსახლოებას უკრაინის ომის ფონზე ნდობა ხელისუფლების მიმართ უფრო აქვს, ვიდრე ოპოზიციის.
ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და ოპოზიცია მიუხედავად საზოგადოებაში არსებული განწყობისა, ხელისუფლების წინააღმდეგ მათ მობილიზებას ვერ ახდენს. მოსახლეობის უმეტესობას პოლიტიკური სპექტრის მიმართ უნდობლობა და ნიჰილიზმი აქვს. რატომ განეწყო საზოგადოება უარყოფითად არა ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის მიმართ?
- ოპოზიციურ ფლანგზე ძალიან მძიმე მდგმარეობაა. ორ ბანაკს შორის მუდმივად დაპირისპირებაა. მოსახლეობა ისევ „ოცნების“ და „ნაციონალების“ კინლკაობას უყურებს. მესამე ელექტორატი, ანუ წვრილი პარტიების მხარდამჭერები სრულ უიმედობაში არიან. ელექტორალური ბაზა მესამე ძალისთვის არსებობს, მაგრამ წვრილი პარტიები რაღაცა ფორმის მოძებნას ვერ ახერხებენ და ამ ხმების ერთ ყულაბაში მოხვედრა არ შეუძლიათ. არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ქართულ ოცნებას“ მესამე პოლიტიკური ძალის გაჩენა ხელს არ აძლევს. ყოველ შემთხვევაში ძლიერი მესამე ცენტრის შექმნა არ სურთ.
თუკი ბოლო არჩევნების მიხედვით ვიმსჯელებთ, ეს სადღაც ოთხასი ათასი ამომრჩეველია. ეს ამომრჩეველი უამრავ პარტიაზე ნაწილდება და ფაქტობრივად, თუ 5%-იანი ბარიერი დარჩა, გამოდის, რომ 2024 წელს პარლამენტში შესვლას ენმ-თან და „ოცნებასთან“ ერთად მხოლოდ გახარია შეძლებს. უარეს შემთხვევაში შესაძლოა, ორ პარტიას შორის გადანაწილდეს. ოპოზიციაში თითქოს ხვდებიან, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ყოფნა სიკეთეს არ მოუტანთ, მაგრამ ვერც იმას ახერხებენ, რომ რაღაც ძალად ჩამოყალიბდნენ. ის რომ ნიკა გვარამიას დაკავებას დიდი საპროტესტო აქციები არ მოჰყვებოდა, ამას დიდი გამჭრიახობა და ფილოსოფია არ უნდოდა. ვერც ვერაფერს იზამდნენ. პრობლემა კი იმაშია, რომ რადგან ამ საპროტესტო მუხტის ქუჩაში აგორება ვერ ხერხდება, გადაწყვიტეს გვარამიას თემა საკუთარ მედია საშუალებებში მუდმივად ატრიალონ. თავად მედიაც კი ორ პოლუსიანია. ორი პროპაგანდისტული მედია მივიღეთ. ეს რამდენიც არ უნდა ატრიალონ, მოსახლეობაში მუხტს ვერ შექმნიან. პირიქით, ამით ხალხში აგრესიას იწვევენ.
ხელისუფლება ამბობს, რომ ოპოზიციას „ოცნების“ წინააღმდეგ ერთი ნარატივი აქვს, რომ ის პრორუსულია, მაგრამ ამას ვერაფრით ვერ ამტკიცებენ, საზოგადოებაში ეს მესიჯი არ მუშაობს - რატომ, მოსახლეობას ოპოზიციის არ სჯერა, თუ ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ამ ეტაპზე საგარეო ასპარეზზე ტაქტიკურად სწორად თამაშობს? ეს მესიჯებიც ხომ არ გაცვდა, რომელიც საზოგადოებას მობეზრდა.
- საქმე ისაა, რომ მოსახლეობას ისევ არჩევანი გასაკეთებელი წარსულსა და აწყმოს შორის აქვს. ან ენმი ან „ოცნება“. ჩვენს მოსახლებას სხვა არჩევანი ჯერჯერობით არა აქვს. სერიოზული ძალა რომ გამოჩნდეს, რომელიც არც ერთ პოლიტიკურ შტოს არ განეკუთვნება, მაშინ „ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება პრობლემა არაა. ელექტორატის ორი მესამედი ოპოზიციურია, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ოპოზიცია ამის კონცეტრირებას ვერ ახდენს. ივანიშვილმა თავის დროზე ეს გააკეთა. მან პულსდაკარგული და მომაკვდავი ოპოზიცია გააცოცხლა, გააერთიანა და ხალხიც მას მიჰყვა. რაც შეეხება ხელისუფლების პრორუსულობას, რა თქმა უნდა, ეს მესიჯები საზოგადოებაში აღარ ჭრის. ამას ხომ დამტკიცება უნდა. რომ გაიძახი, ის პრორუსული ძალაა, რით ამტკიცებ? ჩვენმა ქვეყანამ თუნდაც უკრაინასთან მიმართებაში ყველა საერთაშორისო ასპარეზზე, ყველა განცხადებას თუ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. აგერ, ევროკავშირში განაცხადი შევიტანეთ და პასუხს ველოდებით. ომთან დაკავშირებით კი საზოგადოებამ ოპოზიციის კი არა ხელისუფლების დაიჯერა. ესეც პოლიტიკური ტაქტიკაა, რომელიც ოპოზიციამ ჩააფლავა. ხელისფლებამ კი პირიქით შემოუტრიალა. აი, ამ გასაჭირში არიან. ვინ არის ივანიშვილი, რუსი ოლიგარქია, ფრანგია თუ სხვა ვინმე, ამ საუბარს აზრი აღარ აქვს. ელექტორატი არსებობს და მას ოპოზიცია ვერ აერთიანებს.
როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ოპოზიციის არასწორი პოლიტიკური მანევრი ომთან დაკავშირებით იმის ნათელი მაგალითი, რომ რამდენიმე თვეში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს რეიტინგი მოემატა და მან ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიასაც გადაუსწრო. რატომ გაჩნდა საზოგადოების მხრიდან პრემიერის მიმართ ნდობა, ეს ომთან დაკავშირებული რიტორიკის გამო მოხდა?
- „ოცნებამ“ ნარატივი შექმნა, რომ ოპოზიციას ომი სურს და ეს მათ კარგად აჰკიდა. ამაში სხვათა შორის თავად ოპოზიციაც კარგად დაეხმარა. ამან საზოგადოებაში კარგად იმუშავა და ოპოზიციამ ვერაფერი დაუპირისპირა. უფრო მეტიც, ოპოზიციის წარმომადგენლები ხანდახან ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ ამ წისქვილზე წყალს ასხამენ და ხელისუფლებას ამის თქმის საბაბს აძლევენ. ამიტომ ამან, რა თქმა უნდა, იმუშავა. ეს არ არის მარტო ღარიბაშვილის შექმნილი ლეგენდა. მათ პიარში, როგორც ჩანს, არის ხალხი, რომლებიც საზოგადოების განწყობაზე მუშაობს.
პრემიერს ამ მესიჯს აწვდიან და ისიც წარმატებულად აჟღერებს. ვინმეს მოსწონს თუ არა ეს, მან საზოგადოების განწყობა უფრო კარგად დაიჭირა, ვიდრე მთელმა ოპოზიციამ ერთად. ესაა კარგად მოფიქრებული პიარსვლა, რომელიც ოპოზიციას უკან ძალიან მძიმედ დაუბრუნეს. ხელისუფლებას უკრაინიდან გაკეთებული განცხადებებიც დაეხმარა. ხალხმა დაინახა, რომ მათ მიერ არჩეულ ხელისუფლებას, მათ მაგივრად ვიღაც უკრაინელი მაღალჩინოსნები უთითებდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ. ხალხი გაბრაზდა, ამ ხალხსა და ოპოზიციას შორის აზრობრივი თანხვედრა დაინახა. აი, ამ ყველაფერმა კი ღარიბაშვილის მიმართ ნდობა გაზარდა. მხოლოდ ის ეუბნებოდა ხალხს, რომ ომი არ იქნება. ოპოზიცია კი სრულიად გაუგებარი განცხადებებით, პირიქით, ხალხს აბნევდა. თუმცა ეს მხოლოდ მისი პირადი რეიტინგი არაა, ეს არის მთლიანად სახელისუფლებო რეიტინგი, რადგანაც ის მთავრობის პირველი პირიც არის.
ოპოზიციამ ასევე შეცდომა დაუშვა, როცა პარლამენტის თავმჯდომარე და ჩვენი დელეგაცია უკრაინაში წავიდა და იქ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყო. შეცდომა იყო, როცა ენმ-მა მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. თავის თავზე ლეგენდას ოპოზიცია თავად ქმნის, რასაც ხელისუფლება მათ წინააღმდეგ გაცილებით უკეთესად იყენებს, ვიდრე ისინი.
ხელისუფლება ოპოზიციას ადანაშაულებს, რომ ევროკავშირის დერეფნებში დადიან და ჩვენი პარტნიორების დარწმუნებას ცდილობენ, რომ ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მოგვანიჭონ. ამით კი საშუალება მიეცემათ ქვეყანაში არეულობა დაიწყონ და ხელისუფლებაში ამ ფორმით დაბრუნდნენ. როგორ ფიქრობთ, ეს ბრალდება რეალურია და იმუშავებს საზოგადოებაში? ამ ბრალდებებს ოპოზიციამ რა უნდა დაუპირისპიროს?
- როცა „ოცნება“ ამაზე საუბრობს, ამას საზოგადოება იჯერებს. მოსახლეობა ფიქრობს, რომ კი, ოპოზიციური ფალნგი, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იქ ჩადიან და პარტნიორებს უმტკიცებენ, რომ საქართველო ღირსი არაა კანდიდატი წევრი ქვეყანა გახდეს. ამასთანავე ოპოზიცია აქაც სუსტია, რადგან იმ გადაცემებიდან და გამონათქვამებიდან გამომდინარე, ეს ბრალდებები მოსახლეობაში მყარდება. ძალიან დიდი შეცდომა იყო, როცა პრემიერის თითქოს ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა ჩაიშალა და ოპოზიციამ ამაზე ნაადრევი ყიჟინა დასცხო. საზოგადოებაში ამან გაღიზიანება გამოიწვია. ოპოზიცია იმას ვერ ხვდება, რომ დღეს საქართველოსთვის წევრი კანდიდატის მინიჭება გლობალური თემაა. რუსეთ-უკრაინის ომის გამო ძალიან დიდია ალბათობა, რომ თუკი უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუს მიიღებს, საქართველოც მიიღებს. დასავლეთი არ დაუშვებს, რომ ჩვეს ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობა გაღვივდეს.
თქვენ ფიქრობთ, რომ თუკი წევრი კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ ქვეყანაში არეულობა და გამოსვლები დაიწყება? ოპოზიცია ამას ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენებს?
- თუ არ მოგცემენ ეს „ოცნებისთვის“ ცუდი იქნება, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამას ქვეყანაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვება, ქუჩები გადაიკეტება, ძალიან შემცდარან. მოსახლეობაში არანაირი საპროტესტო მუხტი არაა. ჩვენი მოსახლეობა ომის გამო შეშინებული, იმედგაცრუებული და დაძაბულია. ხალხი ფრთხილობს და ამ ვითარებაში მოსახლეობის უმრავლესობას ხელისუფლების იმედი უფრო აქვს, ვიდრე ოპოზიციის. მათ არ ენდობა და ამის საბაბს ისინი თავად გაუთვალისწინებელი განცხადებებით და ქმედებებით აძლევენ. ოპოზიციამ რაღაცები უნდა დაალაგოს, თორემ მუდმივად იგივე წრეზე იქნება. ხელისუფლება პროპაგანდას და პიარში ოპოზიციას სჯობნის და აგერ, ეს ღარიბაშვილის რეიტნგზეც აისახა.