შეხვედრა, რომლის მიზანი რუსეთისგან ჯერ არ გამოკვეთილა

შეხვედრა, რომლის მიზანი რუსეთისგან ჯერ არ გამოკვეთილა

უკრაინა-რუსეთის ომი გრძელდება. მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას და რაიმე კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ, თუმცა ამის ფონზე ალაპარაკდნენ ამ ორი ქვეყნის ლიდერების შესაძლო შეხვედრაზე. როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები, ადრე თუ გვიან, გაიმართება, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდის შედგება ეს შეხვედრა.

„პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, როდის გაიმართება ეს შეხვედრა. მიზანი იცვლება. როგორიც არის ჰიბრიდული ომი, ასეთი ჰიბრიდული იქნება მშვიდობაც და ჰიბრიდული შეხვედრებიც. დღეს რომ შევხვედროდით, დღის წესრიგში მარიუპოლის საკითხი იქნებოდა. ორ-სამ თვეში რომ შევხვდეთ, შეიძლება ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ იყოს, ან ნაწილობრივ იყოს. ომის დასაწყისიდანვე რომ შევხვედროდით, მიზანი კიდევ სხვა იქნებოდა. დღეს რომ შევხვდეთ, ვიცით, რა არის ოკუპირებული და რა არის დეოკუპირებული და ვისაუბრებდით ამაზე. ორ თვეში აღარ გვეცოდინება, რა მდგომარეობაში იქნება ყველაფერი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ომი გრძელდება და ის არ დასრულებულა: „ჩვენ ჯერ კიდევ მოგვიწევს ბრძოლა და გამარჯვებისკენ სვლა“.

ვხედავთ, რომ უკრაინული მხარე დათმობას არ აპირებს და მეტიც, რუსეთის მიერ დროებით დაკავებული ტერიტორიების უკან დაბრუნებასაც გეგმავს. ამის ფონზე, ანალიტიკოსთან ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ომი სულ მცირე ორი წელი კვლავ გაგრძელდება.

„შესაძლოა, ვინმეს განცალკევებულ ქალაქებში ჰგონია, რომ ომი შეიძლება დავიწყებას მიეცეს და ფიქრობს, რომ შეუძლია ამაზე არ იფიქროს, მაგრამ არა, ყოველდღიურად უკრაინელები იღუპებიან ჩვენი თავისუფლებისთვის და ყოველი ჩვენგანი ყოველდღიურად უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ დაეხმაროს თავდაცვას იმით, რითაც შეუძლია. დიახ, რითიც შეუძლია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამ ომს ჯერ დასასრული არ უწერია. როგორც მან განაცხადა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, უკრაინელი მებრძოლები გააგრძელებენ თუ არა მედგარ წინააღმდეგობას, ამასთან, რუსეთს რამდენად დაახევინებენ უკან.

„მთელი ჩემი ცხოვრება ასეთ მოლაპარაკებებში ვარ ჩართული, თუმცა მოლაპარაკებებს მაშინ აქვს აზრი, როდესაც ამისთვის მხარეები მზად არიან. ბოლო დროს რუსეთმა ჩათვლა, რომ დროებით, თუმცა წარმატებას მიაღწია - მარიუპოლი აიღო. შესაბამისად, ეს რუსული ჯარები გათავისუფლდა, ვინც მარიუპოლთან აზოვსტალის დამცველებს ებრძოდა. რუსეთს ახლა უკვე შეუძლია ეს ჯარები სხვა მიმართულებით გადაისროლოს. აქედან გამომდინარე, რუსები არ უნდა იყვნენ მზად მოლაპარაკებებისთვის, მათ უნდა აწყობდეთ რაღაც წარმატებას მიაღწიოს ფრონტის ხაზზე.

მოლაპარაკებები იწყება მაშინ, როდესაც ფრონტის ხაზზე დიდი ხანი მოლაპარაკებები არ არის. ასეთი მომენტი იყო, სანამ მარიუპოლს აიღებდნენ, მაგრამ მარიუპოლის აღების შემდეგ, თითქოს შანსები გაუჩნდა რუსეთს, იმედია ისევ უსაფუძლო შანსები. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია უკრაინის არმიაზე, - თუ ის ისევ პრინციპული იქნება და მედგარ წინააღმდეგობას გაუწევს სხვაგანაც, როგორც მარიუპოლში, რუსები გაიჭედებიან და მაშინ მოუწევთ დათანხმდნენ მოლაპარაკებას.

ახლა დგება ომის მესამე ეტაპი. პირველი იყო ოლუზიების და ჰალუცინაციების პერიოდი, როდესაც რუსეთს იმედი ჰქონდა, რომ უკრაინას აიღებდა რამდენიმე კვირაში. მეორე ეტაპს დავარქმევდი გამოფხიზლების და რეალიზმის პერიოდს, როდესაც რუსეთი მიხვდა, რომ უკრაინა ძლიერია და სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს. მესამე ეტაპის დასაწყისში ვხედავთ, რომ რუსეთს ძვირი დაუჯდა ეს ომი. მესამე ეტაპს შეიძლება ვუწოდოთ პოზიციური ბრძოლები, როდესაც არც ერთ მხარეს არ შეუძლია შეტევა განახორციელოს, დიდი დანაკარგების გარეშე, თუმცა ორივეს შეუძლია ძალიან კარგად დაიცვას თავი, ანუ - შეტევაა არა, მაგრამ მოწინააღმდეგის მოგერიება შეუძლიათ.

ამის ფონზე, ომი შეიძლება წლების გაგრძელდეს, მაგრამ ეს არ უნდა აწყობდეს რუსეთს, რადგან ეკონომიკა მთლიანად ჩამოეშლება. თუ თავის თავს კარგად დაიცავს უკრაინა, მაგრამ შეტევას ვერ განახორციელებს, მაშინ ორივე მხარეს მოუწევს, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა. თუ პუტინი წავა, უკრაინა იმარჯვებს და მგონია, რომ საქართველოსაც უჩნდება შანსები ჩვენგანაც გაიყვანოს ჯარები რუსეთმა“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა For.ge-სთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ომის დასასრულს, რუსეთის შედეგები მაინც კატასტროფული იქნება. როგორც მენაღარიშვილმა აღნიშნა, მოლაპარაკებების შესაძლებლობა ჯერ არ არსებობს.

„იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდა, ვერ ვხედავ ასეთ შესაძლებლობას. ომს და სისხლისღვრას ყოველთვის მოლაპარაკება სჯობია. ჯერ კიდევ გარკვეული ხანი დასჭირდება ამ საომარი მოქმედებების დასრულებას. მგონია, რომ რუსეთისთვის შედეგები მაინც კატასტროფული იქნება. მოლაპარაკებების მცდელობა, ალბათ, იქნება, თუმცა მსგავსი გამოსავლის იმედი არ მაქვს“, - განაცხადა ირაკლი მენაღაშვილმა For.ge-სთან.

ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა მნიშვნელოვანია ტყვეთა გაცვლის, დეოკუპაციისა და მშვიდობის საკითხების მოგვარება - ომის შეჩერების მიზნით.

„გვესმის საფრთხეები და რისკები, ჩვენზე ბევრია დამოკიდებული, მაგრამ ბევრია დამოკიდებული რუსეთზეც. ჩვენ გვაქვს სურვილი და გვაქვს ჩვენი მიზნები: გვინდა ტერიტორიების დაბრუნება და ჩვენ გვინდა ამ ომის დასრულება, მაგრამ როდის იქნება ეს, ყველაფერი დამოკიდებულია დროზე, იმაზე, თუ როდის იქნება საუბარი პუტინთან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის საუბარი აუცილებლად შედგება, თუმცა რა ფორმატში და როდის, ჯერჯერობით უცნობია.

„არ ვიცი, რა ფორმატში - შუამავლებით, შუამავლების გარეშე, ფართო წრეში, პრეზიდენტების დონეზე, ორმხრივი საუბარი, მაგრამ იქნება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

Aburjga Tasmanieli ვლადიმერ პუტინი ზელენსკის არ შეხვდება. ასეთი ვარიანტი ჰიპოტეთურიც კი არ არის!
2 წლის უკან