ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოელის, რომ მაიმუნის ყვავილის უფრო მეტი შემთხვევა გამოვლინდება მაშინ, როდესაც ორგანიზაცია აფართოებს ზედამხედველობას იმ ქვეყნებში, სადაც დაავადება ჩვეულებრივ არ ვრცელდება.
ორგანიზაციის მონაცემებით, გასული კვირის მდგომარეობით, ჯანმოს 12 წევრ სახელმწიფოში მაიმუნის ყვავილის 92 დადასტურებული და 28 საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა.
„არსებული ინფორმაცია ვარაუდობს, რომ ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა იმ ადამიანებს შორის ხდება, რომლებიც მჭიდრო ფიზიკურ კონტაქტში არიან სიმპტომების მქონე პირთან“, - აღნიშნეს ჯანმოში.
მაიმუნის ყვავილი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ჩვეულებრივ მსუბუქი ფორმისაა და ენდემურია დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში. იგი ვრცელდება მჭიდრო კონტაქტით, ამიტომ მისი შეკავება შედარებით ადვილად შესაძლებელია ისეთი ღონისძიებების საშუალებით, როგორიცაა თვითიზოლაცია და ჰიგიენა.