ნინო ბურჯანაძის სისხლის სამართლებრივი, შესაძლო პასუხისმგებლობის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამმა თავად ბურჯანაძის თანამოაზრეები დააბნია. ისინი პრემიერისგან მეტ კონკრეტიკას ელიან და ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი არასწორი ინტერპრეტაციის ნაყოფია.
კერძოდ, გაზეთ „პრაიმ-ტაიმის“ შეკითხვას, 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, შესაძლოა თუ არა, რომ ნინო ბურჯანაძის მიმართაც წარმოიშვას სამართლებრივი ტიპის საკითხები, პრემიერი პასუხობს, რომ ნებისმიერი მოქალაქე უნდა იყოს თანასწორი კანონის წინაშე.
„მოკლედ გიპასუხებთ - კი. ასეთივე შეკითხვა დამისვეს პრეზიდენტთან დაკავშირებით და იქაც იგივე პასუხი გავეცი. რა თქმა უნდა, ნებისმიერი მოქალაქე უნდა იყოს თანასწორი კანონის წინაშე. ყველამ უნდა გასცეს საზოგადოების კითხვებს პასუხი, ვინც არ უნდა იყოს ეს“, - აცხადებს პრემიერი.
ამ ეტაპზე ძნელი გასარკვევია, რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი და რატომ დაემთხვა ის დროში ნინო ბურჯანაძის მხრიდან საპრეზიდენტო კანდიდატურად საკუთარი თავის დასახელებას?!
თავად ნინო ბურჯანაძეს პრემიერის ნათქვამის ირგვლივ კომენტარი არ გაუკეთებია. მასთან დაკავშირება ვერც პრესმდივნის საშუალებით შევძელით. თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სწორედ პრემიერის ამ განცხადების შემდეგ, ერთი საათის განმავლობაში, ნინო ბურჯანაძე „სახალხო კრების“ ლიდერებს ხვდებოდა.
ამ ეტაპზე პროკურატურაშიც განმარტავენ, რომ ნინო ბურჯანაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს.
ნინო ბურჯანაძისთვის 26 მაისის დანაშაულის „მიწებება“ და მისი მისამართით აქცენტის გადატანა არასწორად და გაუგებრად მიაჩნია „სახალხო კრების“ ლიდერს ნონა გაფრინდაშვილს.
როგორც ნონა გაფრინდაშვილმა For.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, ეს კონტექსტიდან ამოვარდნილი ნათქვამია და პრემიერმა, ალბათ, ზოგადად აღნიშნა, რომ თუ ვინმე დამნაშავეა, ყველა დაისჯებაო.
ნონა გაფრინდაშვილი დღესაც აცხადებს, რომ 26 მაისს ისინი კონსტიტუციური სივრციდან არ გამოსულან, რადგან მოქალაქეებს სწორედ კონსტიტუცია აძლევდა იმის უფლებას, გაეპროტესტებინათ ის საშინელებები, რასაც წინა ხელისუფლება სჩადიოდა. ნინო ბურჯანაძე კი მათგან არაფრით გამოირჩეოდა, ის იყო აღმასრულებელი საბჭოს ერთი წევრი. საბჭოს წევრები ერთობლივად იღებდნენ გადაწყვეტილებას და ისინი ამაყობენ, რომ 26 მაისს არ დაუტოვებიათ ტერიტორია და ანთებული სანთლებით ხელში იდგნენ იმ მშვიდობიან აქციაზე.
„ბატონი ბიძინა რომ მოვიდა პოლიტიკაში, მან თქვა, ეს იყო ბოლო წვეთი, რომლის გამოც მე შემოვედი პოლიტიკაშიო. მართალია, 26 მაისს სიკვდილს ბევრჯერ ჩავხედეთ თვალებში, მაგრამ ვამაყობთ იმით, რომ იქ ვიდექით. ჩვენ კი არ გაგვდევნეს იქიდან, არამედ სამაგალითოდ დაგვსაჯეს, ალყა შემოგვარტყეს და ისეთი სისასტიკე გამოიჩინეს, რაც არასდროს მომხდარა საქართველოს ისტორიაში. მეც ვამბობ, თუ ვინმე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს. ეს ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს მხედველობაში და არა ის, რომ იქ ვინმემ რამე დაარღვია. ყოველ შემთხვევაში, მე ასე გავიგე“, - აცხადებს ნონა გაფრინდაშვილი.
მისი თქმით, რა თქმა უნდა, ნინო ბურჯანაძისთვის სასიამოვნო არ ყოფილა, როცა მისი სახელი ამ კონტექსტით მოიხსენიეს, თუმცა ნონა გაფრინდაშვილის აზრით, ბურჯანაძეს ამით არაფერი დაუკარგავს. მეტიც, ნონა გაფრინდაშვილი თვლის, რომ 26 მაისს რუსთაველზე ძალიან სერიოზული საზოგადოება ღირსეულად იდგა, მათ ბევრი პოლიტპატიმარი ჰყავდათ, რადგან ვერც ნინო ბურჯანაძე და ვერც ვერავინ იფიქრებდა, რომ გასასვლელს არ დატოვებდნენ და საშინელებებს ჩაიდენდნენ.
მეტიც, ნონა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ, თუ ვინმეს პასუხისმგებლობაზეა საუბარი, მაშინ „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოა პასუხისმგებელი 2011 წლის აქციების გამო.
„რატომღაც ძალიან ბევრი ამბობდა, თითქოს, ეს იყო ქალბატონი ნინოს ღონისძიება. თუ ასეა, მაშინ „სახალხო კრების“ თავმჯდომარე მე ვიყავი. ამიტომ, მთელ პასუხისმგებლობას მთლიანად საბჭო ვიღებთ საკუთარ თავზე, მაგრამ ჩვენს ქმედებებში კანონსაწინააღმდეგო არაფერი ყოფილა“, - გვითხრა ნონა გაფრინდაშვილმა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაგვიარა და ახლა ახალმა ხელისუფლებამაც უნდა გადაგვიაროს?!“ - ასეთ კითხვას სვამდა „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მსახიობი გია ბურჯანაძე ერთ-ერთ სააგენტროსთან საუბარში. თუმცა, ჩვენთან კომენტირებისას გია ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ იგი უკვე გაეცნო პრემიერის ინტერვიუს და სულ სხვა აზრით განიმსჭვალა, რადგან პრემიერის ნათქვამში პირადად მან ცუდი ვერაფერი დაინახა.
თუმცა აღნიშნა, რომ, თუკი მოსახლეობისთვის მაინც გაურკვეველი დარჩა, თუ რა იგულისხმა პრემიერმა, ალბათ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას განმარტებებიც მოჰყვება.
„26 მაისის პასუხისმგებლობაზე თუა საუბარი, მაშინ იქ უნდა დადგეს იმ 2500 კაცის პასუხისმგებლობა, რომელთაგან ბევრი პოლიტპატიმარი იყო და ახლახანს გამოვიდნენ ციხიდან. ასე არ არის, რომ მარტო ნინო ბურჯანაძის პასუხისმგებლობა დაისვას. 2500 კაცი იყო, თუ რამდენიც ვიყავით, ყველას ერთი აზრი გვქონდა და ვინმეს პიროვნულად არ გადაუწყვეტია ეს საკითხი“, - გვითხრა გია ბურჯანაძემ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა „სახალხო კრების“ წარმომადგენელი ირაკლი ბათიაშვილიც. მან აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით რა ეპიზოდში შეიძლება გამოიხატოს ნინო ბურჯანაძის პასუხისმგებლობის საკითხი. ირაკლი ბათიაშვილის თქმით, „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოა პასუხისმგებელი 2011 წლის აქციებზე, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა სიტუაციის გარდატეხასა და სააკაშვილის მანკიერი რეჟიმის რღვევაში. მანვე პრემიერის განცხადების მიღმა უფრო ზოგადი კონტექსტი დაინახა, რომელშიც იგულისხმება, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრი, ზაზა სოფრომაძე ეჭვობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ნინო ბურჯანაძის პასუხისმგებლობა ეგულისხმა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ყველა გადაწყვეტილება, რაც იმ პერიოდში იქნა მიღებული, ეკუთვნოდა „სახალხო კრებას“ და პერსონალურად ვინმეს გამოყოფა სწორი არ არის.
რაც შეეხება მოარულ ხმებს, თითქოს ამ ტრაგედიის აცილება შესაძლებელი იყო, თუკი ლიდერები ხალხს გაიყვანდნენ, ზაზა სოფრომაძე აცხადებს, რომ ეს ვერ მოხდებოდა, რადგან ეს გახლდათ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კარგად დაგეგმილი სადამსჯელო ოპერაცია.
„ამის აცილების არანაირი საშუალება არ იყო. ეს არის ნაცმოძრაობის მიერ ინიცირებული კლიშე, როცა მთელ ამ ამბავში პასუხისმგებლობას „სახალხო კრებას“ აკისრებენ. მთავარი დამნაშავე გახლდათ ყოფილი ხელისუფლება, რომელმაც კარგად დაგეგმა და შემდეგ უზრუნველყო ამ ტრაგედიის განხორციელება“, - აღნიშნა ზაზა სოფრომაძემ და სულ ახლახანს ნინო ბურჯანაძის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებასა და 26 მაისის ამბებში მის შესაძლო პასუხისმგებლობას შორის კავშირი გამორიცხა.
მისი თქმით, თუ თეორიულად ვინმე ამას ფიქრობს, მაშინ ეს ძალიან კარგი აგიტაცია და რეკლამა იქნება ნინო ბურჯანაძის, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის.
ჩვენთან საუბარში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ მისთვის ნაკლებად გასაკვირი იქნებოდა, ასეთი განცხადება რომ გაეკეთებინა პროკურატურის პრეს-სპიკერს, რადგან მისი აზრით, საეჭვოა, ეს თემა საზოგადოების განსასჯელი იყოს ისეთი მაღალი თანამდებობის პირისგან, როგორიც პრემიერ-მინისტრია. ექსპერტის თქმით, ასეთი თემა სათაურის სახით რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ გაზეთშიც გაჟღერდა, თუმცა მას არანაირი აჟიოტაჟი არ გამოუწვევია ქვეყანაში.
„მე მგონი, ასეთი წინსმსწრები განცხადება კიდევ უფრო აამაღლებს ქალბატონი ბურჯანაძის რეიტინგს და ის ჩამოყალიბდება, როგორც კონკურენტი და იქნება სოლიდური ალტერნატივა „ქართული ოცნების“ კანდიდატის. თუმცა, თუ ღრმად ჩავწვდებით საკითხს, შეიძლება, ლოგიკამ მიგვიყვანოს ბურჯანაძის თანამოაზრეების პასუხისმგებლობამდეც. ამ შემთხვევაში, პარადოქსალური იქნება, რომ ამოტივტივდეს ნინო ბურჯანაძის მიერ დაფუძნებული „დემოკრატიული განვითარების ფონდის“ თავმჯდომარის ვინაობაც, რომელიც დღესაც ინარჩუნებს ამ თანამდებობას. ბურჯანაძის მიერ დაფუძნებული ფონდის თავმჯდომარე კი გახლავთ გიორგი მარგველაშვილი. ამიტომ ვიდრე გავერკვევით, ვინ რა დოზით არის პასუხისმგებელი ამა თუ იმ ნაბიჯის გამო, ალბათ, უპრიანია, მოვისმინოთ სამართლებრივი შეფასებები“, - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.
ამასთან, დაადასტურა, რომ პრემიერის მიერ ბურჯანაძის ამ კონტექსტში მოხსენიებას, რასაკვირველია, მავანნი დაუკავშირებენ მის საპრეზიდენტო კანდიდატურას, თუმცა პოლიტიკური თამაში ბევრად უფრო მრავალსვლიანია, ვიდრე ის, რაც ზედაპირზე დევს. ამიტომ, ექსპერტი ფიქრობს, რომ ქალბატონი ბურჯანაძის და ბატონი ივანიშვილის პირადი ურთიერთობები უფრო მაღალი ინტერესის საგანი იქნება.
სოსო ცისკარიშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლებელია, რაიმე ტაქტიკური მოსაზრება არსებობდა პრემიერის ასეთი განცხადების გასაკეთებლად, თუმცა რაიმე სერიოზულ დაპირისპირებას ამ ორი პოლიტიკოსისგან იგი არ ელის.