შესაძლოა, უახლოეს მომავალში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი დაკითხონ. როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, მთავარი პროკურატურა თანხების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ გამოძიებას აწარმოებს და იქედან გამომდინარე, რომ ქვეყნის პირველი პირი თანხების ფლანგვაშია შემჩნეული, მისი დაკითხვაც მოხდება.
მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მხრიდან, საბიუჯეტო თანხების ხარჯვის შესახებ დოკუმენტები ცოტა ხნის წინ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირინე იმერლიშვილმა გამოაქვეყნა და დადასტურდა, რომ პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, ახლობლების, მეგობრების, დედაქალაქის მერისა და დეპუტატთა ფუფუნების საგნებზე, საჩუქრებზე, დასვენებასა და გართობაზე შოკისმომგვრელი იხარჯებოდა. კერძოდ, თუ სახელმწიფო ბიუჯეტს სააკაშვილის ესპანელი მზარეულის შენახვა 500 ათასი ლარი დაუჯდა, საკუთარი და უგულავას „ტანის დაყენებისთვის“ 115 ათასი ლარი დაიხარჯა.
ამას გარდა, იმერლიშვილის მიერ გამომზეურებული მასალებით ნათელი იმ ქალბატონთა ვინაობასაც მოეფინა, რომლებიც პრეზიდენტის საჩუქრებით იყვნენ განებივრებულნი. კერძოდ, თუ სააკაშვილისგან ივანა მელაიმ 982 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობა მიიღო, მარიამ საჯაია მობილური ტელეფონითა და 3500 ლარი სამაჯურით დასაჩუქრდა. თინათინ ბოკუჩავა კი, 1599 ლარიანი მობილურით.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, მიმდინარე კვირას ცნობილი გახდა, რომ საბიუჯეტო თანხები სააკაშვილისა და უგულავას ტანის კორექტირების გარდა, პრეზიდენტის სახის გადაჭიმვასაც მოხმარდა. კერძოდ, ქვეყნის პირველმა პირმა 2009 და 2011 წლებში, ნიუ-იორკის ერთ-ერთ ძვირადღირებულ კლინიკაში ბოტოქსის ორი ოპერაცია გაიკეთა, რისთვისაც საქართველოს დაახლოებით 8 მილიარდიანი ბიუჯეტიდან 11 400 ლარი დაიხარჯა.
აღსანიშნავია, რომ ბოტოქსის პროცედურების გარდა, პრეზიდენტი საბიუჯეტო თანხებს უცხოელი წარმოშობის ქალბატონების ცხოვრებაზეც ხარჯავდა. კერძოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან გამოთხოვილი მასალებით ირკვევა, რომ ქართველ ერს ამერიკელი ბიზნესლედის - კრისტინა ვუსავას თბილისში, სასტუმრო „რედისონში“ ცხოვრება 6678 ლარი დაუჯდა, ხოლო მერედიტ ოსტრამის შიშველი სხეულით შესრულებული ნახატის სააკაშვილისთვის შეძენა 5999 ფუნტი.
მართალია, უცხოელების გარდა, პრეზიდენტს ძვირფასი ნივთებით დასაჩუქრებული ნაციონალი ქალბატონებიც ჰყავს, მაგრამ ისინი ივანა მელაისგან განსხვავებით, ამ საჩუქრების შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, 10670 ლარის ღირებულების ოქროს ნივთები ჩიორა თაქთაქიშვილსა და ირმა ნადირაშვილსაც გადაეცათ.
ნაციონალებმა თუ რა სახის სამკაულები მიიღეს ამის გარკვევას for.ge შეეცადა, ნადირაშვილმა ჩვენს კითხვებს უპასუხა, თაქთაქიშვილმა კი, ჩვენი სატელეფონო ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინება უყურადღებოდ დატოვა.
ქალბატონო ირმა, პრეზიდენტისგან საჩუქრად მიიღეთ თუ არა ოქროს სამკაულები?
- ვერცერთ დოკუმენტს ვერ წარადგენენ იმისას, რომ ვინმემ რაიმე გადმომცა. ეს ინფორმაცია ერთ-ერთ გაზეთშიც დაიწერა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. რაკი, ეს პრემიერ-მინისტრის საყვარელი გაზეთია, ისინი მის შეკვეთას ასრულებენ. პრემიერი ქვეყანას ამ გაზეთის იდეოლოგიით მართავს და ეტყობა, მათ „ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაცია დაავალეს. არცერთი ინფორმაცია მართალი არ არის. ჩვეულებრივი მატყუარები არიან და ამ თემაზე არანაირ რეაგირებას არ ვაპირებ.
თუმცა, თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე ირინე იმერლიშვილმაც ისაუბრა, რომელმაც ცოტა ხნის წინ, სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან მოპოვებული დოკუმენტები გამოაქვეყნა. . .
- ირინეს მეუღლის არამიზნობრივ ტენდერებზე, ჩვენც ვისაუბრეთ.
დოკუმენტებით წარმოდგენილი იყო კონკრეტული ინვოისები და ქვითრები, რომლითაც დადასტურდა, რომ ყოფილი ჩინოვნიკები საბიუჯეტო თანხებს ხარჯავდნენ. თქვენ უარყოფთ იმას, რომ ნაციონალი მთავრობის მხრიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ჰქონდა ადგილი?
- ეს დოკუმენტაცია დიდი ხანია მაგათ ხელშია და რა გააყალბეს და რა მიამატეს, არ ვიცი. საგამოძიებო ორგანოებს მთავრობა აკონტროლებს და რაც უნდათ, ის გამოიძიონ. თუნდაც, ის გამოიძიონ - იუშენკომ ზედმეტი ჭიქა წყალი დალია თუ, პირიქით. მათ შეუძლიათ რომელიმე სხვა ზღაპარიც გამოიძიონ.
საპარლამენტო კულუარებში საუბარია იმაზე, რომ თანხების ფლანგვის გამო, პრეზიდენტს დაკითხავენ. . .
- გვესმის ინფორმაცია, რომ შეიძლება პრეზიდენტი დაკითხონ, მაგრამ ხელისუფლება, რომ პირადი ანგარიშსწორებით არის დაკავებული, ეს ახალი ნამდვილად არ არის, რადგან ვანო მერაბიშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური კონკურენტი იყო, ციხეში ჩასვეს. შესაბამისად, ამ მთავრობისგან არც ეს გამიკვირდება.
ირმა ნადირაშვილისთვის და ჩიორა თაქთაქიშვილისთვის გაკეთებული საჩუქრების შესახებ ინფორმაციას ირინე იმერლიშვილი არ ფლობს, თუმცა, ოსტრამის ნახატის შეძენისა და ბოტოქსის პროცედურების დაფინანსების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს.
როგორც for.ge-ს იმერლიშვილმა განუცხადა, წლების განმავლობაში, საბიუჯეტო თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა.
„ნადირაშილისა და თაქთაქიშვილის საჩუქრების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ და ეს პირველად მესმის. რაც შეეხება შიშველი სხეულით შესრულებული ნახატის შეძენისა და ბოტოქსის პროცედურების დაფინანსების შესახებ ინფორმაციას, ამის დამადასტურებელი დოკუმენტები ნამდვილად არსებობს, რომელიც ტელეკომპანია „იმედმა“ გამოაქვეყნა“, - აღნიშნავს დეპუტატი, რომელიც არ გამორცხავს, რომ თანხების არამიზნობრივი ხარჯვის გამო, პრეზიდენტი დაკითხონ.
იმერლიშვილის განცხადებით, თანხები არამიზნობდივად იხარჯებოდა და პასუხისმგებელი პირი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
„ეს გამოძების საქმეა. სადაც გამოძიება მივა, ის ხალხი იქნება დაკითხული, რომელთა შორისაც შეიძლება პრეზიდენტიც იყოს. ჩემს ხელთ, რაც დოკუმენტი იყო, გავასაჯაროვე. ამ პროცესს თვალს მივადევნებ და მოვიკითხავ, რომ ეს გამოძიება ბოლომდე მივიდეს“, - დასძენს იმერლიშვილი.