ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან გამართა შეხვედრა.
ირაკლი ალასანიამ ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა. საუბარი შეეხო საქართველოს კონტრიბუციას ISAF-ის მისიაში. თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს აპატურაის ქვეყანაში მიმდინარე თავდაცვის რეფორმები გააცნო. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასევე, საქართველოში თვის ბოლოს დაგეგმილი ნატოს ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი.
როგორც ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, საქართველო ალიანსის განსაკუთრებული პარტნიორია. მისი თქმით, ნატო-საქართველოს მსგავსი კომისია ნატოს ძალიან ცოტა ქვეყანასთან აქვს შექმნილი. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ყურადღება ავღანეთის საერთაშორისო მისიაში საქართველოს წვლილზეც გაამახვილა: „მადლობა გადავუხადე მინისტრს და ქართველ ხალხს იმ წვლილისთვის, რომელიც თქვენს ჯარებს ავღანეთის მისიაში შეაქვთ. ასეთი პატარა სახელმწიფოსთვის 22 გარდაცვლილი დიდი მსხვერპლია. ჩვენ ვისაუბრეთ ამ ოპერაციის მომავალზე და ცნობილია, რომ საქართველო ამ მისიაში 2014 წლის შემდეგაც მიიღებს მონაწილეობას. ეს არა მხოლოდ ნატო-სთვის, არამედ საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია. თქვენი ქვეყანა იზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ამისთვის მადლობელი ვართ. ჩვენ ასევე, ვისაუბრეთ ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტზე. როგორც წესი, საბჭო გასვლით სხდომებს არ მართავს. თუ მისი წევრები მიემგზავრებიან, ისინი ადგილად საქართველოს ირჩევენ. საქართველოს სურს ალიანსში გაწევრიანება და ჩვენ ვეხმარებით, რომ საჭირო სტანდარტები დააკმაყოფილოს. თავდაცვის მინისტრი ძირეულ რეფორმებს ატარებს თავდაცვის უწყებაში. სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტს ეხლახანს მოეწერა ხელი, რასაც ალიანსი მიესალმება. ჩემი აზრით, დღეს თავდაცვის სამინისტროს ძალიან კარგი ხელმძღვანელი ჰყავს“.
“ჩვენ ნათლად გვაქვს წარმოდგენილი, თუ როგორ უნდა მივიდეთ მომავალი წლის სამიტამდე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას თავდაცვისა და იუსტიციის სისტემაში რეფორმირების კუთხით. პოლიტიკური რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაიწყო, ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი და წინაპირობაა იმისთვის, რომ საქართველომ დააკმაყოფილოს ის სტანდარტები, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისათვის. ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ უფრო მკაფიო წარმოდგენა გვექნება იმაზე, თუ როგორ გავაგრძელებთ ნატოს მისიაში მონაწილეობას. ნატო ძალიან მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას. როგორც ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, საქართველო ალიანსის წევრი გახდება, მაგრამ ვადებზე საუბარი წინასწარ ნაადრევია“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ.
ალიანსის შტაბბინაში ხვალ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.