სტუდენტთა ნაწილი განათლების სამინისტროსგან სტუდენტების საზაფხულო დასაქმების პროგრამის აღდგენას ითხოვს, თუმცა ყველას კარგად გვახსოვს, რა პრობლემებთან იყო დაკავშირებული აღნიშნული პროგრამის განხორციელება. როგორც for.ge-სთვის გახდა ცნობილი, განათლების სამინისტროში დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით დღემდე შედის სტუდენტების საჩივრები.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭირო იყო შესაბამის ვებ-გვერდზე დარეგისტრირება და სწორედ ამას მოჰყვა სერიოზული პრეტენზიები სტუდენტების მხრიდან. ისინი აცხადებდნენ, რომ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რა დროც საიტზე დასარეგისტრირებლად იყო გამოყოფილი, პროგრამა არ მუშაობდა და სტუდენტთა დიდი ნაწილი უბრალოდ ვერ დარეგისტრირდა. ასევე სტუდენტებს ჰქონდათ პრეტენზიები მაშინდელ ხელისუფლებასთან იმის გამო, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სტუდენტური დასაქმების პროგრამაში მხოლოდ მისთვის მისაღები ახალგაზრდები დაასაქმა, ანუ ისინი, ვინც მმართველი გუნდის მხარდაჭერით გამოირჩეოდნენ.
დღესაც განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ საზაფხულო დასაქმების პროგრამა არ ემსახურებოდა არც საგანმანათლებლო და არც სხვა რაიმე პრაქტიკულ მიზნებს. ამავდროულად, განათლების სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, რაც მოსწავლეებსა და სტუდენტებს რეალურად უმსუბუქებს მდგომარეობას და მმართველი გუნდი სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, დავით ზურაბიშვილი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გრანტების რაოდენობა გაიზარდა, სტუდენტების სოციალური დახმარება ორჯერ გაიზარდა, სკოლის მოსწავლეებისათვის სახელმძღვანელოები უფასო გახდა. ამდენად, მინისტრის მოადგილის თქმით, გასული შვიდი თვის განმავლობაში განათლების სამინისტრო ძირითადად განათლების ხელმისაწვდომობასა და სოციალურ პროგრამებზე იყო ორიენტირებული.
„რა თქმა უნდა, ხელმისავწდომობა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს მიდგომა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ მე მგონი უკვე დადგა დრო, რომ უფრო სტრუქტურულ რეფორმებზე და განათლების ხარისხზეც ვიფიქროთ“, - აცხადებს დავით ზურაბიშვილი.
მისი თქმით, წინა ხელისუფლების მიერ ჩატარებული სტუდენტური დასაქმების პროგრამა სტუდენტების დასაქმებას ვერ უზრუნველჰყოფდა და საერთოდაც არ იყო დასაქმებაზე ორიენტირებული. მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდა, ხდებოდა მმართველი პოლიტიკური ძალის აქტივისტი სტუდენტების მიერ ადამიანების ვითომდა საზაფხულო სამუშაოებში ჩართვა, სინამდვილეში კი არავინ მუშაობდა.
„სინამდვილეში არავინ მუშაობდა, ისინი იღებდნენ მუქთა ფულს. როგორც ჩანს, ვიღაცეებს ეს მუქთა ფული მოაკლდა და იმიტომ ითხოვენ ამ პროგრამის აღდგენას. ჩვენ ამ ვითომდა დასაქმების პროგრამის ნაცვლად სტუდენტებს ვთავაზობთ ე.წ. საწარმოო პრაქტიკას, რაც მართლაც შეუწყობს ხელს მათ დასაქმებას. ის რომ არავის რეალური დასაქმება არ იყო და მხოლოდ მუქთა ფული იყო, ეს იციან თვითონ იმ ადამიანებმაც, ვინც ახლა ამას ითხოვს“, - აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ განათლების სამინისტროს მიერ მნიშვნელოვანი წარმატებები იქნა მიღწეული. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესი იყო 15 უფასო ფაკულტეტის შემოღება, უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო გრანტების მნიშვნელოვანი ზრდა, რითაც სტუდენტების დიდმა ნაწილმა უფასოდ სწავლების შესაძლებლობა მიიღო. დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია ასევე პედაგოგების ხელფასების ზრდა, რაც ჯერ კიდევ არასაკმარისია, თუმცა ამ ეტაპზე სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია. გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ძალიან სერიოზული რეფორმა გატარდა სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით, რამაც ეს წიგნები მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი გახადა.
„თუ გახსოვთ რამდენიმე კვლევის თანახმად საქართველოს სკოლების დაწყებით კლასებში წერა-კითხვის ცოდნის ადეკვატურობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა გამოიკვეთა. სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგება კი ამ პროცესს მნიშვნელოვნად წინ წასწევს“, - აღნიშნავს გია ჟორჟოლიანი.
მისი თქმით, ასევე აქტიურად განიხილება გია დვალის მიერ შემოთავაზებული კონცეფცია და უმაღლესი განათლების სფეროში სერიოზული რეფორმა იგეგმება. სტუდენტურ დასაქმებასთან დაკავშირებით კი გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ მმართველმა ძალამ აუცილებლად მხარი უნდა დაუჭიროს სტუდენტური დასაქმების პროგრამებს, მაგრამ ისეთებს, რომლებსაც სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით რეალური შედეგი ექნება. წინა ხელისუფლების მიერ ჩატარებული პროგრამით კი არავისი კვალიფიკაცია არ ამაღლებულა და რეალურად არც არავინ დასაქმებულა, სინამდვილეში ეს პროგრამა საარჩევნო-პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურებოდა.
პოლიტოლოგი მარინა მუსხელიშვილი ხაზს უსვამს განათლების სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებს. მისი თქმით, პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ დაფინანსება გაიზარდა და გარკვეული სოციალური პარამეტრების თვალსაზრისით გაუმჯობესება შეინიშნება. ექსპერტის თქმით, სისტემაში უფრო მეტი სოციალური სამართლიანობა დაინერგა, მათ შორის ხაზს უსვამს სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო სახელმძღვანელოების დარიგებას და უმაღლეს სასწავლებლებში უფასო ფაკულტეტების დამატებას.
„რასაკვირველია, ეს ყველაფერი სრულად ჯდება იმ წინასაარჩევნო დეპირებებში, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა და რომელიც გამოხატული იყო იმაში, რომ განათლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გამხდარიყო. მიმაჩნია, რომ განვლილი თვეების განმავლობაში ამ თვალსაზრისით მდგომარეობა გაუმჯობესდა იმდენად, რამდენადაც შესაძლებელი იყო. რაც შეეხება განათლების ხარისხს, ხარისხიანი განათლების ახალგაზრდობისთვის მისაწოდებლად ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი“, - ამბობს მარინა მუსხელიშვილი.
მისი თქმით, ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს მხარდაჭერილი. ექსპერტი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუკი მომავალში განათლების სამინისტრო სპეციალურ პროგრამებს შეიმუშავებს იმასთან დაკავშირებით, რაც ეხება უკეთესი ხარისხის სახელმძღვანელოების (როგორც სკოლებისთვის, ასევე უმაღლესი სასწავლებლებისთვის) შექმნას, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას და პროფესიული განათლების განსავითარებლად. მარინა მუსხელიშვილის თქმით, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და უნდა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში განათლების დონე ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდეს.
სტუდენტური დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით მუსხელიშვილი ამბობს, რომ ამაზე დეტალური ინფორმაცია არ აქვს და ამიტომ წარსულზე ვერ ისაუბრებს.
„ძალიან მაღალია ახალგაზრდობაში უმუშევრობა და რასაკვირველია, ახალგაზრდობის დასაქმება განათლების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. როდესაც ამბობენ, რომ წინა დასაქმების პროგრამა იყო პოლიტიზირებული, როგორც ჩანს, ეს სინამდვილეს შეესაბამება, რაც პრინციპში არ ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდობისთვის ნებისმიერი დასაქმების პროგრამა ასევე აუცილებლად პოლიტიზირებული იქნება“, - აცხადებს მარინა მუსხელიშვილი.
მისი თქმით, შესაძლებელია ამ პროგრამის ისე განხორციელება, რომ მასში პოლიტიზირების ელემენტი არ იყოს. ექსპერტი აქვე განმარტავს, რომ ახალგაზრდების დასაქმება არა მხოლოდ იმიასთვის უნდა მოხდეს, რომ მათ ფული მიიღონ, არამედ მთავარია, მათ კვალიფიკაცია აიმაღლონ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სუფთა პოლიტიკის“ წარმომადგენელი ნინო ლაპიაშვილი აცხადებს, რომ დადგენილი არ არის, წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა თუ არა სტუდენტების შერჩევით დასაქმება.
„თუ ვინმეს განცხადებების დონეზე უნდა ვენდოთ, მაშინ საკითხავია, სადამდე შეიძლება ვიღაცეების განცხადებებს ვენდოთ. ზოგადად ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა მსგავსი ტიპის პროექტებს, რადგან კარგია, როდესაც ახალგაზრდობაში სიღარიბეს ებრძვი, მაგრამ როგორც წესი, ასეთი ტიპის აქტივობები ერთჯერადია და გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტი ნაკლებია“, - აცხადებს ნინო ლაპიაშვილი.
მისი თქმით, ამ პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისთვის ეს მაინც კარგი იყო, რადგან მათ გარკვეული გამოცდილება შეიძინეს და ამით სახელმწიფომ სიღარიბესთან ბრძოლის კუთხითაც გარკვეული ნაბიჯი გადადგა, თუმცა ნინო ლაპიაშვილი აქვე აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა იფიქროს გრძელვადიან პროექტებზე, ისეთებზე, რომლებიც ნამდვილად შეუწყობს ხელს სამუშაო ადგილების შექმნას და ადამიანების დასაქმებას, რათა ისინი ერთჯერად პროექტებზე არ იყვნენ დამოკიდებულები.