ბოლო წლების ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა - ლარის კურსის ცვალებადობა, შეიძლება ითქვას, მოგვარებულია. მსოფლიო არამდგრადი ეკონომიკური პრობლემების წინაშეა, რაც თავისთავად საქართველოზეც აისახა. მიუხედავად ყველაფრისა, ლარის კურსი ყოველდღიურად მყარდება. ერთი შეხედვით, ეს დადებითი მოვლენაა, რომ არა სამომხმარებლო ბაზარზე ფასების კატასტროფული ზრდა. მაშინ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქვეყნიდანაა გასული, რაც თავისთავად საზღვარგარეთიდან ფულად გზავნილებს გულისხმობს, ამ შემთხვევაში, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, არცთუ სახარბიელოდ გამოიყურება. დღეს, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც გზავნილებზეა დამოკიდებული, არსებული თანხით გაცილებით ნაკლების ყიდვა შეუძლია, ვიდრე მაგალითად, ერთი წლის წინ, როდესაც ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის ეროვნული ბანკი ფაქტობრივად ვერაფერს აკეთებდა და თითს მსოფლიოში არსებული პოლიტიკური თუ სოციალური ვითარებისკენ იშვერდა. ანალოგიურად, საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობა აქვთ საჯარო მოხელეებს, პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მოქალაქეებს. ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობა ყოველდღიურად ქვემოთ იწევს, მთვარობა კი ტრადიციულად ამ შემთხვევაშიც უძლურია, მთავარი დამნაშავე კი მსოფლიოში არსებული არამდგრადი პოლიტიკური ვითარებაა. არსებულ ვითარებას ეკონომიკის ექსპერტები განსხვავებულად აფასებენ.
ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე, ლარის გამყარებას დადებითად აფასებს. ცუცქირიძის პროგნოზით, უახლოეს თვეებში ლარის კურსი კიდევ უფრო დაიწევს. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ კურსი 2,80-2.85 -ის ფარგლებშიც იყოს. თუ რატომ მყარდება ლარი, ცუცქირიძე შემდეგ განმარტებას აკეთებს:
გიორგი ცუცქირიძე: ვხედავთ, რომ ლარი მყარდება. ჩვენი პროგნოზი იყო, რომ 1$ 3.00 ლარის ფარგლებში იქნებოდა. ეს რამდენიმე ძალიან საინტერესო ფაქტორთანაა დაკავშირებული. პირველი ფაქტორი ექსპორტია. იანვარ – აპრილის მაჩვენებელი რომ ავიღოთ, ექსპორტი ძალიან მაღალი მაჩვენებლითაა გაზრდილი, დაახლოებით, 33%-ით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ექსპორტში ყოველწლიურად იზრდება ადგილობრივი ექსპორტის, ანუ აქ წარმოებული პროდუქციის ხვედრითი წილი. რეექსპორტის გარეშე ექსპორტი რომ ვთქვათ, დაახლოებით, 80%-მდეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ექსპორტი სავალუტო შემოდინებების ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური წყაროა. ექსპორტის ზრდა კიდევ ერთ რამეზე მიუთითებს – ჩვენი ეკონომიკა ნელ-ნელა სხვა ბაზრებზე გადაწყობას იწყებს. ჩვენი სურსათი, მინერალური წყლები, თუ ღვინო, ძირითადად, რუსეთსა და უკრაინაში გადიოდა. ომმა პრობლემა შექმნა, არა მხოლოდ მიწოდების თვალსაზრისით, არამედ, როცა ბაზრებზე მსყიდველუნარიანობა ეცემა, ბუნებრივია, პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა ჩვენც გვექნება.
მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი ტურიზმია. ბოლო მონაცემებით, ტურიზმი, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 70 – 80%-მდეა აღდგენილი. ტურიზმიც სავალუტო შემოდინებების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.
მესამე წყარო ფულადი გზავნილებია. ფულადი გზავნილები დაახლოებით 3-ჯერ და უფრო მეტადაა გაზრდილი. ეს იმაზე მიუთითებს, რომ აქ შემოსულ მიგრანტებს, რუსეთ-უკრაინის ომს გამოქცეული ადამიანებს, თანხებს ურიცხავენ.
ეს არის სამი ძირითადი წყარო, რომელიც სავალუტო კურსზე პოზიტიურად მოქმედებს. უფრო მეტი ვალუტა შემოდის, ვიდრე გადის და, ბუნებრივია, თუ სავალუტო ბალანსი დადებითია, ეს დოლარის მიწოდებას ზრდის, შესაბამისად, ეროვნულ ვალუტას ამყარებს. პროგნოზსაც გეტყვით: უახლოეს თვეებში ლარის კურსმა შესაძლოა. კიდევ უფრო დაიწიოს. არ გამოვრიცხავ, 2,80-2.85 -ის ფარგლებშიც იყოს. ზაფხულის პერიოდში ლარი ისედაც მყარდება ხოლმე. ბუნებრივია, სავალუტო კურსი ფასებზე გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს. მთელს მსოფლიოში იმპორტირებული პროდუქციის ფასები გაზრდილია. ფასები აღარ გაძვირდება, ესეც გარკვეული შეღავათი იქნება“, – აცხადებს ცუცქირიძე.
ეკონომისტი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ ლარის კურსის გამყარება კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება შემდეგი თვეების განმავლობაში, რაც გამოწვეული იქნება ტურისტების შემოსვლით.
სოსო არჩვაძე: ლარის კურსის დინამიკაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს: ეს არის ეკონომიკის ზრდა, ექსპორტის წინმსწრები ზრდა. ლარის კურსის გამყარებაში პოზიტიური როლი შეასრულა უცხოეთიდან განხორციელებულმა ფულადმა ტრანზაქციებმა, განსაკუთრებით აპრილის თვეში, როდესაც 300 მილიონ დოლარზე მეტი შემოვიდა ქვეყანაში. მათ შორის დიდი რაოდენობით რუსეთიდან. რუსეთიდან ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა კლების ტენდენცია, თუმცა ბოლო პერიოდში ფულადმა ტრანზაქციებმა იმატა, იმის გამო, რომ ბევრი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა ქვეყანაში, რასაც მოყვა როგორც ნაღდი ფულის შემოტანა, ასევე გზავნილების გაზრდა. ასევე გასათვალისწინებელია ზაფხულის პერიოდში ტურისტული ნაკადების შემოსვლა, ეს პერიოდი ჩვენ წინ გვაქვს, ამიტომ ლარის კურსის გამყარების ტენდენციის შენარჩუნებას უნდა ველოდოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მსოფლიო ეკონომიკაში საქართველოს ჩართულობა, რაც წლიდან წლამდე იზრდება. ჩვენი ექსპორტისა და იმპორტის თანაფარდობა ქვეყნის ეკონომიკის მოცულობასთან, მთლიან შიდა პროდუქტთან, თითქმის 3/4-ის დონეზეა და თუ ამას საშუალო, მსოფლიო მაჩვენებელს შევადარებთ, ჩვენ ანალოგიურ მსოფლიო მაჩვენებელს საკმაოდ გავუსწარით, დაახლოებით, სულ ცოტა, 23 პროცენტული პუნქტით. ცნობილი გამოთქმაა „შავი გედის“ ეფექტი, რომელმაც მსოფლიო ეკონომიკაში დისონანსი ჯერ პანდემიის სახით შემოიტანა, წლის დასაწყისში კი ეკონომიკურ პროცესებზე უკრაინაში მიმდინარე ომმა იმოქმედა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკა ვითარდება. სასიხარულო და საამაყოა, რომ ამ ფონზე საქართველოს საგარეო ვაჭრობა დინამიკურად იზრდება. თუ შევადარებთ ეკონომიკის ზრდის ტემპს არათუ რეალურ, არამედ ნომინალურ განზომილებაში, ჩვენი საგარეო ვაჭრობა, კერძოდ ექსპორტის მოცულობა 2-ჯერ და უფრო მეტად იზრდება. ამას ხელი ვერ შეუშალა იმ მოვლენებმა, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის განვითარდა.
თვალი რომ გადავავლოთ, ბოლო ოთხი თვის მიხედვით, რუსეთსა და უკრაინასთან ჩვენი ექსპორტი შემცირდა, მაგრამ დანარჩენ მსოფლიოს თუ ავიღებთ, ჩვენი ექსპორტის ზრდა თითქმის 49,7%-ითაა. ანუ ადგილი აქვს ქართული ეკონომიკის საგარეო ექსპანსიას, მის დივერსიფიცირებას. ჩვენ გავდივართ ისეთ ბაზრებზე, სადაც აქამდე ან ნაკლებად ვიყავით წარმოდგენილი ან საერთოდ არ ვიყავით. აღსანიშნავია, რომ ჩვენი საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნაცვლად, სამრეწველო გადამუშავების პროდუქცია მოწინავე ადგილს იკავებს. ესაა ფეროშენადნობები, სპილენძის მადნები, რიგი სხვა სამრეწველო ხასიათის პროდუქცია. აგროსასურსათო პროდუქციის ხაზითაც წარმატებები გვაქვს. მთლიანობაში პოზიტიური ტენდენციაა. განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ექსპორტში წამყვანი ადგილი ადგილობრივი წარმოების ექსპორტს უკავია. დაახლოებით, 77,5% ადგილობრივ წარმოებაზე მოდის.
თუ პოზიტიურ ტენდენციებს გავითვალისწინებთ, რაც უკავშირდება საგარეო კავშირ-ურთიერთობებს, არა მარტო ვაჭრობას, არამედ მომსახურების ექსპორტს, ფულად ტრანზაქციებს და რიგ სხვა ასპექტებს, შეიძლება, წლის დასაწყისში გამოთქმულ ვარაუდთან შედარებით, ეკონომიკის კიდევ უფრო სოლიდური ზრდა ვივარაუდოთ. ეს დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნას, მოსახლეობის ერთ სულზე ეკონომიკის ზრდას, ბევრი სოციალური პრობლემის უფრო ეფექტიან და სისტემურ გადაწყვეტას ნიშნავს.
ეკონომისტი ლია ელიავა ეროვნული ვალუტის გამყარების რამდენიმე ფაქტორს ასახელებს.
ლია ელიავა: ლარის გამყარებას გააჩნია ორი ძალიან სერიოზული საფუძველი: პირველი არის ის, რომ ქვეყნიდან აღარ გადის უცხოური ვალუტა, რადგანაც გასატანი აღარაფერი დარჩა, რაც იყო ის ინვესტორებმა გაზიდეს. მეორე ფაქტორი არის ის, რომ ჩვენი უცხოელი სტუმრები, რომლებიც აქ ჩამოდიან პოლიტიკური მიზეზების გამო, მათ ჩამოაქვთ საკმაოდ დიდი ოდენობის თანხები. იცით, რომ მათ მხოლოდ 10 ათასი დოლარის გადმორიცხვის უფლება ჰქონდათ თვეში და მათ ახლა უკვე გაეზარდათ 50 ათას დოლარამდე. შესაბამისად, დაბლა დაიწია ლარის კურსმა. ანუ, საქართველოში უცხოური ვალუტა შემოდის ამ გზით, ეს არის ლარის გამყარების მიზეზი. რაც შეეხება ინფლაციას, პირველ რიგში, ეს გამოწვეულია საგარეო ფაქტორით, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდით, რაც ავტომატურად გადადის სამომხმარებო საქონელზე, მსოფლიოს უმძიმესი ტენდენციები, ბუნებრივია, საქართველოზეც აისახება. ინფლაცია არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში, რომლებიც ძალიან მძიმედ განიცდიან ამ პროცესს.
ეროვნული ვალუტის გამყარება კარგია იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყნის შიდა ბაზარი ინარჩუნებს ფასებს, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გზავნილებით ცხოვრობს, ამას დამატებული დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ანაზღაურებას ეროვნულ ვალუტაში იღებენ და რამდენადაც ვიცით, ხელფასების ზრდა არ ყოფილა, სხვა სახელმწიფო დაფინანსებებიც ძველებურ ნიშნულზე რჩება. ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება მოსახლეობაზე და, ხომ არ ფიქრობთ, რომ დროა, მთავრობამ გარკვეული სფეროების დოტაციაზე იზრუნოს?
- ნამდვილად, ჩვენ ვცხოვროთ გზავნილებით. საქართველოში რეგისტრირებულია ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც დაფინანსებას იღებენ საზღვარგარეთიდან და ფაქტობრივად, ეს ორი ძირითადი ფაქტორია ის, რომ დღეს საქართველო გადაურჩეს შიმშილობას. ვისაც შემოსავალი გააჩნია უცხოურ ვალუტაში, ლარის გამყარებასთან ერთად, მათი უცხოური ვალუტა უფრო ნაკლები ოდენობის პროდუქტებს შეიძენს, ვიდრე ეს იყო თვეების წინ. ამას მოსახლეობა საკუთარ ჯიბეზე ძალიან მალე იგრძნობს. რაც შეეხება ლარის შემოსავლის მქონე მოსახლეობას, აბსოლუტურად სულ ერთია მათთვის როგორია ლარის კურსი, მისთვის მთავარი არის ის, რომ ფასების დონე იზრდება. შესაბამისად, უფრო მეტი ფული გავა მათი ჯიბეებიდან და ნაკლები ოდენობის სამომხმარებლო საქონელის შეძენა შეუძლია მოსახლეობას, ამით იზრდება შიმშილის დონე მოსახლეობაში და იზრდება სიღარიბის დონეც. ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ მთავრობა არ წუხს, რომ მოსახლეობისთვის ვარდება ლარის მსყიდველუნარიანობა, სამწუხაროდ, არც ჩანს თუნდაც საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდის ტენდენცია და ასევე პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა. ფაქტობრივად, მოსახლეობა ხელისუფლების მხრიდან არის მიტოვებული და მოსახლეობა თავად ცდილობს გადარჩენის გზების პოვნას. ერთადერთი, რაც შეუძლია სახელმწიფომ გააკეთოს, არის ის, რომ განახორციელოს დოტაცია იმ საქონელზე, რაზეც მე მაგალითად, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. რადგანაც დოტაცია არასდროს არ იძლევა კარგ ეკონომიკურ შედეგს. დოტაცია, ანუ ფასების გაყინვის მეთოდი არის და კარგ შედეგს არასდროს იძლევა. ამიტომ არ მგოინია, რომ ეს გონივრული იყოს. ფაქტობრივად, მოსახლეობა მარტოა თავის პრობლემებთან. სამწუხაროდ, ეს პრობლემაა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში მიდის ისეთი ტენდენციები, რაც ძალიან სერიოზულ, ეკონომიკურ შედეგს გამოიწვევს. ევროპა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია უკვე, საუბარია აფრიკის ქვეყნების შიმშილობაზე და ბუნებრივია, ეს საქართველოზეც იმოქმედებს, რადგანაც მართალია პატარა, მაგრამ მაინც მსოფლიოს ნაწილი ვართ.