2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ უცხოეთში 1.58 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 33%-ით მეტია. ეს შთამბეჭდავი მაჩვენებელია მით უფრო იმ ფონზე, როდესაც რეგიონში ომია და სავაჭრო ურთიერთობები ქვეყნებს შორის გართულებულია.
მიუხედავად ყველაფრისა, ექსპორტის დინამიკა ძალიან დამაიმედებელია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირში საქართველომ 275 მლნ-ის ღირებულების საქონელი გაიტანა, რაც მთლიანი ექსპორტის 17.3% იყო. წინა წელთან შედარებით, ევროკავშირში ექსპორტი 64 მლნ დოლარით არის გაზრდილი.
ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზეა ჩინეთი, სადაც საქართველომ 290 მილიონი დოლარის საქონელი გაიტანა, ეს მთლიანად ევროკავშირში ექსპორტზე მეტია. მეორე ადგილს იკავებს აზერბაიჯანი, მესამეს კი რუსეთი. მიმდინარე წელს რუსეთში ექსპორტმა მხოლოდ 0.4%-ით იკლო და 156 მილიონი დოლარი შეადგინა. ბევრად უფრო მეტად - 46%-ით არის შემცირებული საქართველოს ექსპორტი უკრაინაში.
წელს საექსპორტო ქვეყნების ათეულში პირველად მოხვდა პერუ, რომელიც მერვე პოზიციას იკავებს. ეს კი 60 მილიონი დოლარის ღირებულების აზოტოვანი სასუქების ექსპორტმა განაპირობა.
საერთოდ კი მთავარი საექსპორტო ქვეყნების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
- ჩინეთი - 290 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 46%;
- აზერბაიჯანი - 168 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 11%;
- რუსეთი - 156 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 0.4%;
- ბულგარეთი - 129 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 51%;
- თურქეთი - 128 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 23%; 6. სომხეთი - 109 მილიონი დოლარი, მატება წინაწელთან 102%;
- აშშ - 88 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან130%;
- პერუ - 62 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 1842%;
- უკრაინა - 53 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 46%;
- ყაზახეთი - 42 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 198%.
ჩინეთში საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია, რაც ამ ქვეყანაში ექსპორტის 82%-ია. აზერბაიჯანში კი საქართველოს ძირითადი სავაჭრო საქონელი მსუბუქი ავტომობილებია, იანვარ-აპრილში საქართველომ აზერბაიჯანში სულ 69 მილიონი დოლარის ავტომობილები გაიტანა.
ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსის, ვახტანგ ცინცაძის თქმით, აპრილში ადგილობრივი ექსპორტის 16-პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო იანვარ-აპრილის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი 37 პროცენტზე მეტად არის გაზრდილი და ნომინალურ გამოხატულებაში 1,207 მლნ დოლარს აჭარბებს. ამავე დროს, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ქართული პროდუქცია კონკურენტულია არა მხოლოდ შიდა არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც.
„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს სწორედ ადგილობრივი წარმოების სტიმულირება წარმოადგენს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას“, - აღნიშნავს დეპარტამენტის უფროსი.
საქართველომ ექსპორტის მოცულობა განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ მოახერხა. 2020 წლიდან მონაცემები სულ უფრო პოზიტიურია. აკადემიკოსი ავთო სილაგაძე აცხადებს, რომ თუ წარმოებაზე ორიენტირებული ეკონომიკა გვექნება, ქვეყანა აუცილებლად გაძლიერდება. ექსპორტის ზრდას ჯაჭვური ეფექტი აქვს. ასეთ დროს ვითარდება წარმოება და იქმნება სამუშაო ადგილები.
„ეკონომიკური თვალსაზრისით, როდესაც ექსპორტი იზრდება, ბუნებრივია, მტკიცდება და მყარდება ურთიერთობები. ექსპორტი დამატებით ვალუტის შემოტანას უწყობს ხელს, მაგრამ გარდა შემოსავლებისა, უმჯობესდება დასაქმების მაჩვენებელი. ყველაერი კი მთლიანობაში, ეკონომიკის გამყარებას და განვითარებას უწყობს ხელს, ანუ აღნიშნული საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია. ამიტომ, ცენტრალური და პრიორიტეტული მიმართულება უნდა იყოს, საექსპორტო დარგების განვითარება.
თუ ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა გვექნება, ქვეყანა აუცილებლად გაძლიერდება. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. ის, რომ საქართველოს ექსპორტი უნდა გაიზარდოს, არის და უნდა იყოს ჩვენიმთავარი მიზანი. ქვეყანაში შემოვა თანხა დიდი რაოდენობით, რაც თავისთავად ცხადია, რომ ეკონომიკის სიძლიერისათვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სილაგაძემ.