"როგორც ვიცი, ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია დიდად შთამბეჭდავი არ იყო, რაოდენობის მხრივ. ეს იმას ნიშნავს, რომ გვარამიას სახელი და მისი თავისუფლების საკითხი ფართო წრეებისთვის იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც წლების წინ „რუსთავი 2“-ის თემა იყო“, - ასე შეაფასა ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან საუბარში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია, რომელიც მედიის მიერ, 18 მაისს გაიმართა.
ეს აქცია ორგანიზებული იყო ოპოზიციური ტელეარხების მედიამენეჯერებისა და ჟურნალისტების მიერ. საპროტესტო მსვლელობას ასევე შეუერთდნენ როგორც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წევრები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. რა აჩვენა ამ აქციამ თქვენთვის?
- ყველამ პასუხი უნდა გასცეს, თითოეულმა მოვლენამ რა აჩვენა, მათ შორის იმ ადამიანებმა, ვისაც თავის თავზე აქვთ აღებული მოვლენების შექმნა, ანუ ამ აქციების ორგანიზატორებმა. როგორც ვიცი, დიდად შთამბეჭდავი აქცია არ იყო, რაოდენობის მხრივ. ეს იმას ნიშნავს, რომ გვარამიას სახელი და მისი თავისუფლების საკითხი ფართო წრეებისთვის იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც წლების წინ „რუსთავი 2“-ის თემა იყო, როდესაც იქ ხელისუფლების შესვლაზე ხალხი ქუჩაში გამოეფინა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები იქ ეკონომიკური მხარის შესამოწმებლად შევიდნენ.
ვხედავთ, რომ სრულიად განსხვავებული რეაქციაა და რატომ არის განსხვავებული რეაქცია, ალბათ, ამაზე უნდა დავფიქრდეთ. შესაძლოა, იმიტომ რომ მაშინ „რუსთავი 2“-ის ფუნქცია სხვა იყო და დღეს ეს ფუნქცია სხვანაირად გამოიყურება. მით უმეტეს, სხვანაირად გამოიყურება გვარამიას ადგილი საინფორმაციო სივრცეში. უცხოეთის ნებისმიერ ტელევიზიაში, შეგინებაზე ჯარიმაა, თუ ვინმემ იჩივლა. გვარამიას თითქმის ყველა ნაგინები ჰყავს პირდაპირ ეთერში. ამიტომ, ეს ჟურნალისტიკა ფარად აღარ იქნება.
არსებობს მოსაზრება, თითქოს „ქართული ოცნება“ განგებ აკეთებს ამ ყველაფერს, - იჭერს ხალხს და ამით იმ თემების გადაფარვა უნდა, რაც წინ წამოიწევს ხოლმე, ამ შემთხვევაში, სოციალური პრობლემები იგულისხმება. რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას თქვენ? რატომ დაიჭირეს გვარამია დღეს და არა მაგალითად, რამდენიმე თვის წინ?
- რატომ დაიჭირეს დღეს და არა უფრო ადრე, ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს, რადგან ეს კითხვები ყველას აქვს, მათ შორის მეც. თუ დასაჭერი იყო, ის ფაქტები, რითიც დაიჭირეს, ეს ადრეც უნდ ყოფილიყო ცნობილი.
რაც შეეხება გადაფარვის თემას, ამის ახსნის ბევრი მცდელობა შეიძლება იყოს, ერთ-ერთი გადაფარვაა, - „არიქა, რაღაცას გადაფარავენ“, მაგრამ რას გადაფარავენ, გაუგებარია. სოციალური პრობლემები, ეკონომიკური სიდუხჭირე და ა.შ. ოდესმე იყო პერიოდი, როდესაც ეს პრობლემები არ იყო? ადრე რომ ყოფილიყო სრულიად ბედნიერი, უღრუბლო ცხოვრება და ახლა ჩავარდნა ყოფილიყო, შესაძლოა, მომხდარიყო ამის გადასაფარად, თუმცა სად იყო ასეთი უღრუბლო ცხოვრება 30 წლის განმავლობაში?! ამიტომ, მე გადაფარვის ტერმინს ვერ ვხდები.
გადაფარვას აზრი აქვს, თუ მოსახლეობის ყურადღებას გადაიტან ერთი თემიდან მეორეზე. ბავშვს რომ ერთ სათამაშოს მეორეთი შეუნაცვლებ და ყურადღებას გადაატანინებ, მაგრამ ეს ბავშვი უკვე გაიზარდა, ანუ ჩვენი მოსახლეობა. ვხედავთ, რომ არ გადაუვლის ეს ყურადღება. გვარამიას გამოშვების გულშემატკივარი არ არის და ეს იყო გუშინდელი ღონისძიების ერთ-ერთი დასკვნაა, რომ ფართო მასები არ აყვა ამას. რატომ? პოლიტიკური ბრძოლა არის და ამაში ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ნეგატივი ამოატივტივონ ერთმანეთის ორმა პარტიამ. მობეზრდა ხალხს ეს ყველაფერი.
მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით როგორც გვარამიას, ისე მიხეილ სააკაშვილის ირგვლივაც? გაუშვებენ თუ არა საბოლოოდ ყოფილ პრეზიდენტს საზღვარგარეთ სამკურნალოდ?
- არ არსებობს სერიოზული ბერკეტი, რომელიც ამ მიმართულებით მოქმედებს, ან სააკაშვილი იქნეს გაშვებული უცხოეთში, ან გვარამია გარეთ გამოშვებული. ამიტომ არ მგონია, რომ დათმობები გაკეთდეს. რატომ დაიჭირეს, გასაგებია, რატომ გამოუშვეს, ხომ უნდა გაეცეს ამ კითხვას პასუხი?!
„ქართულმა ოცნებამ“ ისედაც ბევრი დათმობა გააკეთა „ნაციონალების“ მიმართ, - თვლის ძალიან ბევრი ადამიანი, ის, ვინც „ქართულ ოცნებას“ უჭერდა მხარს. დიდი ნაწილი ამიტომ საერთოდ არ მიდის არჩევნებზე. ახლა კიდევ დათმობა გააკეთოს, რა პირობები იქმნება საიმისოდ, გაუგებარია.
ხომ ვერ იტყვიან იმიტომ მიჭერენ, რომ დანაშაული მაქვს ჩადენილი. მან რაღაც სხვა უნდა თქვას და ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს ყურადღების გადატანას. „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ მოეფიქრებინა და ეთქვა, რომ დანაშაულები არის ჩადენილი, მაგრამ ერთი ნაბიჯით უკან დაეხია, რომ შემდეგ სხვა ტიპის შეტევაზე გადასულიყო, ეს რაღაც ინტრიგა სიახლე იქნებოდა, მაგრამ არავითარი სიახლე აღარ არის ბოლო ხანებში, მხოლოდ ლანძღვა და ისეთი რამის ლაპარაკი, რაც დამაჯერებელი არაა.
მოსახლეობას აღარ აქვს ამ ფრაზების ნდობა, ჰაერში რჩება. რატომ კეთდება ასეთი განცხადებები, რომელსაც ხედავენ, რომ ჭრა არ აქვს, ესეც გაუგებარია ჩემთვის.