აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიზიტის მიზანია ქართველ პარტნიორებთან ევროპის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარების შესახებ კონსულტაციების გამართვა. ისიც უნდა აღნიშნოს, რომ მრჩეველი შოლე საქართველომდე მოლდოვაში იმყოფებოდა, 20 მაისს კი იგი ლონდონში გაემგზავრება.
„ის შეხვდება მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ რუსეთის მიერ, საქართველოს ნაწილების ოკუპაციის გაგრძელების, უკრაინის წინააღმდეგ კრემლის სასტიკი ომისა და იმის შესახებ, თუ როგორ გაძლიერდეს საქართველოს ხალხის სწრაფვა დემოკრატიული, მშვიდობიანი და აყვავებული ევროატლანტიკური მომავლისკენ“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კონკრეტულად რა გზავნილებით ჩამოვიდა აშშ-ს მაღალჩინოსანი უცნობია, თუმცა ანალიტიკურ წრეებში საუბრობენ, რომ თავისი არსით, ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია. იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მრჩეველი, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ჯერ მოლდოვაში იმყოფებოდა და ახლა საქართველოს სტუმრობს, გარკვეულ მოსაზრებებს აჩენს. ისიც აღსანიშნავია, რომ უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე, მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ და ეს მეორე ფრონტი შეიძლება საქართველო ან მოლდოვა იყოს.
ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს ვიზიტი შესაძლოა, დავუკავშიროთ ნატო-ს სამიტს, რომელიც ივნისის თვეში გაიმართება. როგორც მაისაიამ აღნიშნა, თუკი ე.წ. სამხრეთ ოსეთში „რეფერენდუმი“ ჩატარდება, რაზეც უკვე მიდის საუბარი, შემდეგ გამოჩნდება საქართველოში როგორ განვითარდება მოვლენები.
„ბუნებრივია, ინტერესი ჩვენს და მოლდოვის მიმართ მაღალია, რადგან უკრაინასთან ერთ ნავში მოვიაზრებით. ეს ვიზიტები, სავარაუდოდ მადრიდის სამიტთან არის დაკავშირებული, სადაც ბევრი მნიშვნელოვანი, გარდამტეხი საკითხი იქნება განხილული - საქართველოს და მოლდოვის თემა ამ სამიტზე წარმოჩენილი იქნება.
ასევე, ამერიკელებს, ალბათ, აინტერესებთ რა ვითარებაა ჩვენს რეგიონში, ჩვენს საზღვრებთან. მით უმეტეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის „ლიდერშიპმა“ დააანონსა ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება, რაც აშკარად, გეოპოლიტიკურ პროვოკაციას ჰგავს.
რუსეთის მხრიდან საქართველოში შემოჭრის შესაძლებლობას ნაკლებად განვიხილავდი ამ ეტაპზე, რადგან კრემლს არ აქვს იმის უნარი, რომ რამდენიმე ფრონტზე ერთობლივად იბრძოლოს. თუ „სამხრეთ ოსეთში“ ჩატარდება ე.წ. რეფერენდუმი, შემდეგ გამოჩნდება როგორ განვითარდება მოვლენები. საქართველოში შემოჭრის საკითხი, ამ ეტაპზე, აქტუალური არ უნდა იყოს“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ ეს ვიზიტი შესაძლოა, ბოლო პერიოდში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების სიმძაფრით აიხსნას. მისი თქმით, შეხვედრაზე ბუნებრივია, ასევე საუბარი იქნება საგარეო პოლიტიკაზეც.
„განხილული იქნება, როგორც საქართველოში არსებული, შიდა პოლიტიკური ვითარება, რომელიც უკავშირდება მართლმსაჯულების საკითხს, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ა.შ. აშშ-ს მხრიდან, ალბათ, კიდევ ერთხელ გაჟღერდება ოფიციალური მოთხოვნა, საქართველომ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე დააკმაყოფილოს დემოკრატიული სტანდარტები.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქ იქნება საუბარი რეგიონულ თანამშრომლობაზე, ინიციტივებზე. მაგალითად, რა როლი აქვს საქართველოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.
ვიზიტამდე საუბარი შედგა აშშ-ში საქართველოს ელჩ დავით ზალკალიანსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს, დერეკ შოლეს შორის. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობას და დაადასტურეს მზაობა აქტიურად იმუშაონ მისი შემდგომ გაღრმავების მიმართულებით, მათ შორის მაღალი დონის მჭიდრო კონტაქტების გააქტიურების სახით. მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გეგმები, ასევე საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და მადრიდის სამიტის მოლოდინები.
მხარეები მიესალმნენ და დადებითად შეაფასეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა და ქართული მხარის მზაობას შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ამ კონტექსტში ხაზი გაესვა აშშ-ს ინტერესს ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფას.
ელჩმა მადლიერება გამოხატა საქართველო-აშშ-ის 30 წლიანი პარტნიორობის მანძილზე, აშშ-ის მნიშვნელოვანი წვლილისა და საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის კუთხით. შეხვედრაზე, ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.