მართლია ლარი გამყარების არნახულ ტემპს აჩვენებს და უკვე ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდა, თუმცა სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის გაიაფებას არც ბიზნესმენები ელიან და არც ეკონომისტები. ყოველ შემთხვევაში, სანამ რეგიონში ომი მძვინვარებს, ხოლო მსოფლიოს ინფლაცია ანგრევს, ვერავითარი მოცემულობა ადგილობრივ ბაზარზე არსებულ სიტუაციას სასიკეთოდ ვერ შემოაბრუნებს.
არადა, ეროვნული ვალუტა იმდენად მყარად გამოიყურება, რომ საყოველთაო გაკვირვებას იწვევს. ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა ლარის გამყარების 3 მიზეზი დაასახელა. მისი აზრით, ეს უკავშირდება ეკონომიკური ზრდის თვიურ მაჩვენებლებს, რეფინანსირების განაკვეთის ზრდას და ასევე, რუსეთიდან გადმორიცხულ, უჩვეულოდ დიდი მოცულობის გზავნილებს.
„ერთი არის, ზოგადად ეკონომიკის ზრდის მომენტი, თვეზე მეტია საკმაოდ მაღალი ციფრები გვაქვს ეკონომიკური ზრდის და ადრეც გვისაუბრია, რომ საბაზო ეფექტიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფაქტია, რომ შარშანდელ ხელოვნურად შეკუმშულ ეკონომიკასთან შედარებით, ეს ბოლო თვეების ეკონომიკის შედეგი საკმაოდ კარგად გამოიყურება. თავისთავად, როდესაც ეკონომიკური ზრდა, თუნდაც მოკლევადიანი, საკმაოდ მაღალია, ადგილობრივ ვალუტაზე, პრინციპში, წნეხიც ნაკლებია და უფრო გამყარებისკენ მიდის.
მეორე არის რეფინანსირების განაკვეთის აწევა, ეროვნული ბანკის მიერ, რომელიც, რა თქმა უნდა, ასევე დადებითად მოქმედებს ლარის კურსზე, თუმცა, მეორე მხრივ, ეკონომიკას აფერხებს.
და, მესამე არის, რა თქმა უნდა, უჩვეულოდ მაღალი გადმორიცხვები, რომელიც აშკარად უკავშირდება უკრაინა-რუსეთის ომს და რუსეთიდან გამოქცეული ადამიანების რიცხვის ზრდას, მერე უკვე მათ მიერ შემოტანილ დამატებით დოლარებს“, - განაცხადა გადაცემა „საქმეში“ ბედინეიშვილმა.
კითხვაზე, უნდა ველოდოთ, თუ არა ფასების შემცირებას, ფინანსისტი ამბობს, რომ ლარის გამყარებას მომხმარებელი საკუთარ ჯიბეზე ნაკლებად იგრძნობს, მიზეზები კი შემდეგნაირია:
„მართალია, ლარი შეიძლება გამყარდეს, მაგრამ როგორც ჩვენთან არის ინფლაცია, ისე სხვა ქვეყნებში. 6%-იანი ინფლაციაა ამერიკაში და ა.შ. შესაბამისად, ლარის გამყარების ეფექტი, ცოტა გაბათილდება იმით, რომ იმპორტით შემოტანილი საქონელი, რომელიც სხვა შემთხვევაში უფრო იაფი დაგვიჯდებოდა (ლარის გამყარების გამო), ადგილზე საკმაოდ ძვირად იქნება შეძენილი, იქაური ინფლაციის გამო.
შედეგად, მომხმარებელი ლარის გამყარებას საკუთარ ჯიბეზე ისე ვერ იგრძნობს, როგორც სხვა შემთხვევაში იგრძნობდა. კარგი მაგალითია, ბენზინის ფასები. შეიძლება ლარი გამყარდეს, მაგრამ საწვავია ძვირი და მაინც საკმაოდ ძვირი დაგვიჯდება იმპორტი, ნავთობპროდუქტებისა და ადგილობრივი ინფლაციის გამო“, - აღნიშნა ეკონომისტმა.
კიდევ უფრო მკაფიო პოზიცია აქვთ ამ მიმართულებით იმპორტიორებს. დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია არც კი განიხილავს მიმდინარე ეტაპზე გაიაფების შესაძლებლობას და ამას რამდენიმე არგუმენტით ადასტურებს.
„პროდუქტის გაიაფებაზე ფიქრიც კი ნაადრევია, არ ვართ მზად ამისთვის, ვინაიდან ფასების კლების არანაირი პირობა არ არსებობს. დღის წესრიგიდან ეს საკითხი ჯერჯერობით მოხსნილია და ასე გაგრძელდება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში.
საერთაშორისო გადაზიდვები როგორი გაძვირებულია, ვხედავთ! ადგილზეც, სადაც პროდუქტს ვყიდულობთ, ფასები გაზრდილი. ახლა ლარის კურსის გამო ვინმემ რამე გააიაფოს, ამაზე საუბარი წარმოუდგენელია. ადრეც გვინახავს გამყარებული ლარი, მაგრამ მერე ისევ გაუფასურებულა. ჩვენ ვართ იმ მოცემულობაში, როცა ლარის გამყარების ფუნდამენტური საფუძველი არ არსებობს, ამიტომ არანაირი პირობა არ არის ბაზრებზე, რომ ფასების შემცირებაზე დავიწყოთ საუბარი“, - განაცხადა ჭყონიამ.