გვარამიას პირველი გზავნილი ციხიდან ცნობილია. იგი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით არ მიმართავს. უფრო მეტიც, მის დაკავებამდეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამია ითხოვდა, დაპატიმრების შემთხვევაში, მის გამო პრეზიდენტისთვის არ მიემართათ.
ამის მიუხედავად, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ პრეზიდენტი თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მას ამას ვერავინ აუკრძალავს. მით უმეტეს, ასეთ კომპრომისზე პრეზიდენტი სხვა დროსაც წასულა, როცა მოხდა „ქართული ოცნების“ მიერ ციხეში ჩასმული ადამიანების გათავისუფლება.
როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ ორი წლის წინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა და იქვე დასძინა, რომ იგი პოლიტპატიმრებს არ იწყალებდა, რადგან საქართველოში არ არსებობდნენ პოლიტპატიმრები. მაშინდელი შეწყალება არც უდანაშაულო ადამიანების გამოშვებას ნიშნავდა, რადგან დამნაშავე რჩებოდა დამნაშავედ. უბრალოდ, სალომე ზურაბიშვილმა თავისი გადაწყვეტილება მაშინ ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისის დაძლევის სურვილით ახსნა.
გვარამიასთან დაკავშირებით ომბუდსმენმა უკვე მოუწოდა პრეზიდენტს, მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ამ კომპრომისზე არ უნდა წავიდეს, რადგან გვარამია ყველაზე მეტად პრეზიდენტის მიმართ გამოირჩეოდა ბილწსიტყვაობით და პრეზიდენტის ინსტიტუტს შეურაცხყოფას აყენებდა.
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძეც მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა არ უნდა დაიზიანოს რეპუტაცია და არ უნდა მიიღოს ბულინგზე დაქვემდებარებული გადაწყვეტილება გვარამიასთან დაკავშირებით.
განსხვავებულად ფიქრობენ გვარამიას მეგობრები. ეკა ხერხეულიძე დარწმუნებულია ნიკა გვარამიას უანგარობაში და იმაშიც, რომ გვარამიას არც სახლი აქვს, არც კარი, რაც აქვს, ისედაც ჩანს - სათვალეები, ფეხსაცმელები და ამგვარი „სისულელეები“. ამდენად, ეკა ხერხეულიძის აზრით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში გვარამიას დადანაშაულება აბსურდია.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი?
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, ცხადია, ნიკა გვარამიას ასეც უნდა ეთქვა, თითქოს არ სურს პრეზიდენტის მხრიდან შეწყალება, მაგრამ, მეორე მხრივ, მისი მომხრეები, რა თქმა უნდა, გვარამიას ნათქვამს არ „დაიჯერებენ“ და პრეზიდენტს მოსთხოვენ მის შეწყალებას. აქ ლოგიკა მარტივია, მისმა მომხრეებმა რაღაც აქტივობა ხომ უნდა გამოიჩინონ?!
„გაუგებრობა იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან გვარამიას დაჭერა, გარდა იმისა, რომ მხოლოდ ნეგატივს მიიღებს აქედან „ქართული ოცნება“, არანაირი პოზიტივი არ იქნება. იჯდება გვარამია ციხეში, თუ იქნება ციხის გარეთ, ეს არანაირად არ იმუშავებს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ ველზე. ქვეყნის გარეთ კი აუცილებლად გაჩნდება დიდი კითხვის ნიშანი, რომ დამოუკიდებელ მედიაზე შეტევა განხორციელდა. ამიტომ აქ ლოგიკა სადაა, ნამდვილად არ ვიცი. რაც შეეხება გვარამიას შეწყალებას, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ზურაბიშვილი მას არ შეიწყალებს, უფრო მგონია, რომ გვარამიას ადვოკატები საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და ვფიქრობ, საკასაციო სასამართლოში სხვა პროცესი განვითარდება“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება-არშეწყალების საკითხი დამოკიდებულია საერთაშორისო წრეების რეაქციაზე, უფრო სწორად, თბილისში აკრედიტებული ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების პოზიციაზე. თუკი მათი მხრიდან მკვეთრი განცხადებები, მოწოდებები გაკეთდება, პრეზიდენტი ზურაბიშვილიც ამ საქმეში ჩაერთვება და ნიკა გვარამიას შეიწყალებს.
„დასავლეთი არასდროს არ შევა იურიდიულ დავაში, დამნაშავეა თუ არა ნიკა გვარამია. უბრალოდ, დასავლელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ გვარამია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური ტელეარხის ხელმძღვანელი, ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი დასავლეთისთვის და ეს ფაქტი ბადებს სერიოზულ ეჭვს. გარდა ამისა, „მთავარი არხი“ კერძო სტრუქტურაა, ეს არ არის სახელმწიფო სტრუქტურა, იქ ვერავინ იტყვის ბიუჯეტის თანხების გაფლანგვის შესახებ. არ ვიცი გვარამიას შემთხვევაში რეალობა როგორია და რა თანხების მითვისებაზეა საუბარი, თუმცა სასამართლომ მისი ბრალის დასადასტურებლად იმდენი წყარო ჩამოთვალა, 2 დისკი, 3 დისკი, 4 დისკი, რომ თუ ყველაფერი ეს წაკითხული აქვს იმ მოსამართლეს, არა მგონია, ამისთვის სამი წელი საკმარისი ყოფილიყო“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
მანვე განმარტა, როგორც თავის დროზე ამერიკის საელჩოს პოზიციამ გადამწყვეტი როლი შეასრულა უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებაში, ასე იქნება გვარამიას შემთხვევაშიც. იმ დროს საქმე ეხებოდა პოლიტიკოსებს, გვარამიას შემთხვევაში კი, საკითხი ეხება მასობრივი ინფორმაციის მძლავრ ორგანოს, როგორიცაა ტელევიზია. ამდენად, ახლა უფრო მეტი სტიმული აქვს დასავლეთს.