„პუტინი შესაძლოა საქართველოში შეიჭრას უკრაინაში წარუმატებლობის გამო“, - ამის შესახებ CNN- წერს. გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ჰაერივით სჭირდება სადმე გამარჯვება და ეს შეიძლება საქართველოში მოხდეს. შესაბამისად, საქართველოში რუსული სამხედრო ინტერვენცია უახლოესი რეალობაა, უკრაინაში წარუმატებლობის გადასაფარად.
ამასთან, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის მოკლევადიან პერსპექტივაში ძნელად შესაძლებელია. თუმცა, რუსეთის შეჭრა უკრაინაში და უკრაინელების სასოწარკვეთილი წინააღმდეგობა ცვლის საერთაშორისო დღის წესრიგს და გეოპოლიტიკურ რეალობას.
ვიცით, რომ საქართველოში შემოჭრის თაობაზე გარკვეული მოსაზრებები მანამდეც არსებობდა, თუმცა, ეს განიხილებოდა იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთთან ომში უკრაინა დამარცხდებოდა, ჯერი კი ჩვენზე მოდგებოდა. დღეს ვითარება რეალურად შეცვლილია, რუსეთი უკრაინასთან ვერანაირ წარმატებას ვერ აღწევს და ამის ფონზე გააქტიურდა საუბარი, რომ საქართველომ უკრაინის მსგავსად შესაძლოა, დიდი წინააღმდეგობა ვერ გაწიოს, შესაბამისად, „სახის შენარჩუნების მიზნით“ კიდევ ერთი ფრონტი საქართველოს წინააღმდეგ გახსნას.
აღნიშნულ მოსაზრება საქართველოში შეაფასეს და განაცხადეს, რომ საქართველოში შემოჭრა ნაკლებად მოსალოდნელია იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს ამისთვის საკმარისი რესურსი არ გააჩნია. თანაც, გასათვალისწინებელია ის რბილი პოლიტიკა, რასაც საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ ატარებს.
კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველო და მოლდოვა პოტენციური საფრთხის ქვეშ არიან, თუმცა უნდა აღინიშნოს ის მიდგომა, რაც „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან მიმართებაში აქვს - არგაღიზიანების პოლიტიკა.
„ხელაღებით ვერაფერს გამოვრიცხავთ. აშკარაა, რომ ძალიან გაუჭირდება რუსეთს უკრაინაში სახის შენარჩუნება ან გამარჯვება. თუ გადავხედავთ პოტენციურ მსხვერპლებს, სად უფრო მარტივი იქნება წარმატების მიღწევა, რჩება მოლდოვა, რომელთანაც უშუალო საზღვარი რუსეთს არ აქვს და საქართველო, სადაც შედარებით მარტივია წარმატების მიღწევა, მაგრამ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება რბილი არის თავის პოზიციებში, შესაბამისად, არ იქნებოდა ლოგიკური სრულმასშტაბიანი შემოჭრა. ჯერჯერობით რისკები დაბალია, მაგრამ პოტენციურად, საქართველო ყველაზე მარტივი ქვეყანა შეიძლება იყოს.
დასავლეთმა იარაღი რომ მოგვაწოდოს, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ეს შეიარაღება. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მოქმედებების ლოგიკაში არ ჯდება ამ შეიარაღების მოთხოვნა. ამიტომ, ვეჭვობ, რომ საქართველომ მოითხოვოს, რადგან შესაძლოა, იფიქროს, რომ ამით რუსეთის გააღიზიანებს, რამაც მოსალოდნელია გამოიწვიოს აგრესია. ამიტომ, არ მგონია, საქართველოს ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგას“, - განაცხად გიორგი კანაშვილმა For.ge-სთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ირაკლი მენაღარიშვილის შეფასებით, რუსეთის უკრაინაში მარცხის შემთხვევაში, მოსკოვს შესაძლოა აღარ ჰქონდეს საქართველოში შემოჭრის უნარი. თუმცა, როგორც მენაღარიშვილმა For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი.
„უკრაინის მოვლენებმა დაგვანახა რამდენად არარაციონალურია რუსეთში მიღებული გადაწყვეტილებები. თუ ამას გავითვალისწინებთ, რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მათ არც მიზეზის გამოგონება გაუჭირდებათ და არც ასეთი ნაბიჯის გადადგმა. თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ რუსეთს ჰქონდეს უნარი, რამე კიდევ გააკეთოს, თუკი მისი გეგმები უკრაინაში მარცხით დამთავრდება. ის იძულებული იქნება ეს რეალობა მიიღოს, რადგან უკრაინაში მარცხს, ალბათ, ისეთი კატასტროფა მოჰყვება რუსეთის შიგნით, მით უმეტეს იმ სანქციების ფონზე, რომელიც უკვე იწყებს მოქმედებას, რომ საეჭვოა, რუსეთი რაიმეს შემძლე იყოს, თუკი მისი ავანტურა უკრაინაში კატასტროფული შედეგით დამთავრდება.
დასავლეთმა უკრაინის შემთხვევაში უკვე დაინახა, რომ რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი. სიტუაციის არევ-დარევა შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, რაც იქნება საქართველოსთან დაკავშირებით, თუკი რუსეთი მოინდომებს ამ მხარეს კიდევ აგრესიის გაგრძელებას, სრულიად ნათელი გამოწვევაა. თუ დასავლეთი რაიმე ნაბიჯს გადადგამს, ასეთი პერსპექტივის თავიდან ასაცილებლად, რა თქმა უნდა, ეს იქნება მეტად გონიერი ნაბიჯი“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე 18-19 მაისს თბილისს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია ქართველ პარტნიორებთან ევროპის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარების შესახებ კონსულტაციების გამართვა.
„ის შეხვდება მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ რუსეთის მიერ, საქართველოს ნაწილების ოკუპაციის გაგრძელების, უკრაინის წინააღმდეგ კრემლის სასტიკი ომისა და იმის შესახებ, თუ როგორ გაძლიერდეს საქართველოს ხალხის სწრაფვა დემოკრატიული, მშვიდობიანი და აყვავებული ევროატლანტიკური მომავლისკენ“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მრჩეველი შოლე საქართველომდე, 17-18 მაისს მოლდოვაში, კიშინიოვში ჩავა, ხოლო შემდეგ, 20 მაისს იგი ლონდონში გაემგზავრება.
ბმული