ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დისლოცირებულმა ქართველმა ჯარისკაცებმა, 4 წლიანი სამსახურის შემდეგ, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში მისია დაასრულეს. ამერიკული სარდლობის თხოვნით, ადლიის ცალკეული ბატალიონის გაძლიერებული ოცეული ქ. ქაბულში მდებარე ბაზა „ვერჰაუზიდან“ ამერიკულ ბაზა „ფენიქსზე“ გადავიდა.
“განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ იმ მისიით, რაც ქართველმა ჯარისკაცებმა ფრანგ სამხედროებთან ერთად შეასრულეს. ქართველი სამხედროების მოქმედება ნამდვილად დადებითად შეიძლება შეფასდეს. პირადად მე, ორ ძირითად ელემენტს გამოვყოფდი: ეს არის პროფესიონალიზმი და ინტეგრაციისკენ სწრაფვა. ყოველდღიური სამუშაოების უფრო ეფექტურად შესრულების მიზნით, ქართველ სამხედროებში ფრანგულ სამხედრო ოჯახთან ინტეგრაციის დიდი სურვილი დავინახე. კიდევ ერთხელ გულწრფელად ვამბობ, ქართველების მიმართ ქება-დიდებას არ დავიშურებ” - აღნიშნა ფრანგული კონტინგენტის მეთაურმა, ბრიგადის-გენერალმა ფილიპ ადამმა.
„შესაძლებლობა გვაქვს ქართული კონტიგენტის მთლიანი შემადგენლობა „ვერჰაუზის“ ბაზიდან „ფენიქსის“ ბაზაზე გადავიყვანოთ. ქართული კონტიგენტის „ფენიქსის“ ბაზაზე გადმოყვანა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე მოვახერხეთ. ჩვენ ქართულ კონტიგენტთან ერთად ოპერაციების შესრულება გვიწევს და კარგად ვიცით ქართველი სამხედროების შესაძლებლობები“ - განაცხადა ბაზა „ფენიქსის“ მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა უილიამ ჰოლმა.
ქართული გაძლიერებული ოცეულის ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში გადაყვანასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა ISAF-ის მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის თაობაზე სპეციალურ დადგენილებაში ცვლილება უკვე შეიტანა. თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტში განხილვის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა.
ქართული სამხედრო დანაყოფი ბაზა „ვერჰაუზის“ მსგავსად ფენიქსზეც ანალოგიურ ამოცანას შეასრულებს. ქართველი ჯარისკაცების მთავარი ამოცანა ამერიკული ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება.
ავღანეთში ფრანგული კონტინგენტის დაქვემდებარებაში ქართველებმა სამხედროებმა მისიის შესრულება 2009 წლის ნოემბრიდან დაიწყეს. თავდაპირველად, მისიას გაძლიერებული ასეული ასრულებდა, ხოლო 2012 წლის იანვრიდან, იმავე ამოცანის შესასრულებლად, გაძლიერებულმა ქვეითთა ოცეულმა (50 სამხედრო მოსამსახურე) ქვეითთა ასეული ჩაანაცვლა.
თითოეულმა დანაყოფმა სამშვიდობო ოპერაციის მოსამზადებელი წვრთნები საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში და საფრანგეთში, ნატოს სტანდარტების სრული დაცვით ორი თვის განმავლობაში გაიარა. წვრთნების დროს ქართველი ჯარისკაცები კონტრ-ტერორისტული ოპერაციებისთვის საგანგებოდ მოემზადნენ.