რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის უზენაეს სასამართლოს სარჩელით მიმართა, „აზოვის“ პოლკი „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აღიაროს და რუსეთის ფედერაციაში მისი მოქმედება აკრძალოს. რუსეთის უზენაესი სასამართლო სარჩელს 26 მაისს განიხილავს. ცნობილია, რომ საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში გაიმართება. „აზოვსტალიდან“ სამხედროების ევაკუაციის პროცესი გუშინ დაიწყო. მძიმედ დაჭრილი 52 მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო კიდევ 211 დამცველი ჰუმანიტარული დერეფნით რუსეთის მიერ კონტროლირებად ოლენევკაში გადაიყვანეს.
მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებიან სპეციალური დანიშნულების რაზმი „აზოვი“, ეროვნული გვარდიის მე-12 ბრიგადა, საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადა, მესაზღვრეები, პოლიციელები, მოხალისეები და მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლები. ისინი ქალაქს ომის დაწყების დღიდან იცავენ, თუმცა ძლიერი ბლოკადისა და გარე დახმარების სრული შეწყვეტის პირობებში, მათი მდგომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამძიმდა.
რუსეთის გენშტაბში განმარტავენ, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მათი დაბრუნება გაცვლითი პროცედურების გზით მოხდება. სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი „აზოვის“ პოლკის მებრძოლებზე ამბობს, რომ „ნაცისტი დამნაშავეები არ უნდა ექვემდებარებოდნენ გაცვლას, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი სასამართლოს წინაშე წარდგნენ“.
რუსეთის სახელმწიფო დუმაში მარიუპოლის დამცველი „აზოვის“ პოლკის მებრძოლების გაცვლის აკრძალვა სურთ. ვოლოდინმა დუმის თავდაცვის კომიტეტს დაავალა მოამზადოს შესაბამისი პროტოკოლი.
მიუხედავად იმისა, რომ მარიუპოლის მცველები რუსების დაქვემდებარებაში არიან, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი ამტკიცებს, რომ მარიუპოლის მცველების მიმართ გაცემულია ბრძანება შეუნარჩუნონ სიცოცხლე. რას ეფუძნება რეზნიკოვის ეს ოპტიმიზმი უცნობია, რადგან რუსული მხარე ამ ეტაპზე არ გეგმავს „აზოვის“ მებრძოლების გაცვლას.
for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი, რეგიონალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ მთლიანობაში, ეს საქმე ბურუსით არის მოცული და ამ დრომდე არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, მარტო მსუბუქად და მძიმედ დაჭრილები ჩაბარდნენ, თუ ის მებრძოლებიც აპირებენ ჩაბარებას, რომლებიც აზოვსტალში არიან გამაგრებული. მისი თქმით, მხარეები რეალურ სურათს არ იძლევიან.
როგორ ფიქრობთ, რა მოხდა რეალურად? შეიძლება ითქვას, რომ აზოვის მებრძოლები ტყვედ ჩაბარდნენ?
მამუკა არეშიძე: რუსეთის პოზიციიდან ეს არის ტყვედ ჩაბარების ფაქტი. ისინი რუსებს სჭირდებათ იმისთვის, რომ მომავალში თავის ტყვეებში გაცვალონ. სხვანაირად არ გამოვა ეს ამბავი. რა გამოდის, ჩვეულებრივ მოქალაქეებში გაცვალონ მათი ტყვეები? - ეს არ იქნება მათთვის მისაღები ფორმულა. ამიტომ ამბობენ, რომ ტყვედ ჩავარდნენ. უკრაინელები ამბობენ, რომ იძულებითი ნაბიჯი გადადგეს და ტყვედ ჩავარდნის ფაქტს ხაზს არ უსვამენ.
ტყვედ ჩავარდნის ფაქტზე უკრაინელები არ ამახვილებენ ყურადღებას, რაც აშკარად ჩანს...
- როგორც არ უნდა შევხედოთ, რასაკვირველია, ეს არის ამ მებრძოლების დატყვევების ფორმატი. თუმცა ეს მოხდა საკუთარი ნებით. თუმცა აქ სერიოზულად იყო ჩართული როგორც გაერო, ასევე წითელი ჯვარი. ეს ზედაპირზე ჩანს, თორემ ძალიან სერიოზული მომლაპარაკებლები იყვნენ ჩართული სხვადასხვა ქვეყნიდან, სერიოზული მოთამაშეების გარეშე ეს საქმე არ გამოვიდოდა, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ჩინეთს.
რაც შეეხება მთალიანად ამ ფაქტს, გარკვეული ბურუსით არის მოცული. გარდა ამისა, ჩვენ ვერ გავიგეთ მარტო მსუბუქად და მძიმედ დაჭრილები ჩაბარდნენ, თუ დანარჩენებიც, ვინც „აზოვსტალში“ იყო გამაგრებული, აპირებენ ჩაბარებას. არც ერთი მხარე რეალურ სურათს არ იძლევა, მაგრამ გარკვეული მინიშნებებით შეიძლება გავარკვიოთ, რომ ძირითადი ნაწილი ჯერჯერობით ჩაბარებული არ არის, იმიტომ რომ, არ ჩანს არც საზღვაო ქვეითების მეთაური, არც თვოთონ „აზოვის“ მეთაური. ეჭვი მაქვს, რომ მხარეებს შორის შედგა გარკვეული შეთანხმება. ამ ამბავს ბურუსით მოფენილის დატოვებენ გარკვეული დროის განმავლობაში. რაღაცა მოლაპარაკება შედგა, მაგრამ რა ტიპის, ამას ვერ გეტყვით.
„აზოვსტალის“ მებრძოლებისგან გარკვეულ საფრთხეს გრძნობდა უკრაინის ხელისუფლება. გუშინდელი გადაწყვეტილებით იგრძნობა, რომ ისინი საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდნენ ხელისუფლებისთვის, რომელმაც პრინციპში გაწირა?
- ამას ცივი გონებით უნდა შეხედო. ნებისმიერი ომის დროს, გარკვეული სტრატეგიული ომის შესასრულებლად შესაძლებელია ერთი კონკრეტული სამხედრო ნაწილის გაწევა. ე.ი. ასეთი რამ ყოველთვის ხვდებოდა ყველა არმიაში. აი, მაგალითად, როდესაც ხაფანგს აგებდნენ, იწყებდნენ შეტევას ერთ მხარეს და უშვებდნენ იქ საბრძოლო შენაერთს, რომელიც იღებდა მთავარ დარტყმას. სინამდვილეში შეტევა ხდებოდა სხვა მიმართულებით. ე.ი. ეს კონკრეტული სამხედრო ნაწილი იყო გაწირული - სამხედრო მანევრის წესია.
ასეთი რამე ხდება ნებისმიერ არმიაში, ნებისმიერ დროს. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ დემოკრატიული ქვეყნების არმიაში ასეთი რამ არ ხდება, თქვენი გამოცემის გვერდი ვერ დაიტევს იმდენი ფაქტის მოყოლა შეიძლება, როდესაც ანალოგიური ქმედება ჩაიდინეს სხვადასხვა ქვეყნის არმიის წარმომადგენლებმა. ცინიზმია, მაგრამ თავისი გამართლებაც აქვს - ერთი სამხედრო ერთეულის განადგურებით იღებ სამხედრო სტრატეგიულ უპირატესობას.
რაც შეეხება „აზოვის“ ამ ბიჭებს, რასაკვირველია, მათ შეასრულეს უზარმაზარი როლი იმაში, რომ რუსეთის არმიის ძალიან დიდი ნაწილი „მიიღეს“ და დიდი ხნის განმავლობაში დემონსტრირებას ახდენდნენ იმასას, რომ ასეთი ტიპის ბრძოლა შეუძლიათ უკრაინელებს. რასაკვირველია, მათ გარკვეულწილად, თავი გაწირეს კიდეც. ცალსახად იმის თქმა, რომ ესენი არიან ხელისუფლების მიერ გაწირულები, ეს არ იქნება სწორი, თორემ, ასეთი სურათი კი იკვეთება. სამწუხაროდ, საქმისთვის ხდება ასეთი ნაბიჯების გადადგმა.
ცოცხლად გადარჩენის შემთხვევაში მოსალოდნელია მათი აგრესია ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან მიმართებაში?
- ეს აუცილებლად იქნება. განსაკუთრებით არესტოვიჩთან დაკავშირებით. ის, რაც არესტოვიჩმა ილაპარაკა იმის თაობაზე, რომ მას ემუქრებიან, ეს არის ზღვაში წვეთი. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ძალიან აღიზიანებდათ „აზოვის“ მებრძოლებს ის ტყუილები, რომელსაც ავრცელებდა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. პირველ რიგში - არესტოვიჩი. ასე რომ, გარკვეული აგრესია მათი მხრიდან იქნება და ამას წყალი არ გაუვა. მაგრამ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რამდენად შეარბილებს ამ ვითარებას, რამდენად მოახერხებს „აზოვის“ მებრძოლების ოჯახის წევრების და თვითონ „აზოვის“ მეომრების დარწმუნებას იმაში, რომ ეს იყო სტრატეგიული აუცილებლობა.
წავა რუსეთი იმ გადაწყვეტილებაზე, რომ ეს მებრძოლები გაცვალოს ტყვეებში? ყველაზე მეტი დარტყმა ამ ჯგუფისგან მიიღო რუსეთმა...
- მეშინია ერთი გარემოების - მძიმედ დაჭრილი მებრძოლების გარდაცვალების მასიური ფაქტი არ მოხდეს იმ მოტივით, რომ ვერ გადაარჩინეს. ეს შეუძლია რუსებმა თქვან. გარდა ამისა, როგორც უკრაინული დაზვერვა მუშაობს თავისი პარტიორების მეშვეობით, ასევე მუშაობს რუსეთის დაზვერვა, ოღონდ აგენტურის მეშვეობით. თუ უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები ძირითადად ელექტრონული დაზვერვის სისტემებს იყენებენ, რუსები აგენტურის მეშვეობით მუშაობენ და აგენტურის დამსახურებაა ის, რომ რუსეთის არმიამ იპოვა „აზოვსტალში“ შესასვლელი.
არ არის გამორიცხული, რომ განსაკუთრებით ისეთი პიროვნებები გამოარჩიონ, შეიძლება რამდენიმე ათეული, ან შეიძლება ნაკლები, რომლებმაც გარკვეული ზარალი მიაყენეს რუსებს და მათი კვალი გაუჩინარდეს. ან, ისინი გარდაიცვალონ და რუსები ამას გამართლებას ყოველთვის მოუძებნიან, იტყვიან, რომ დაჭრილები იყვნენ და გადარჩენა ვერ მოხერხდა.
არ ვიცი, იმ ორ კლინიკაში სადაც დაჭრილები არიან განაწილებულები, ადგანან თუ არა თავზე წითელი ჯვრის თანამშრომლები, ან რამდენად აკონტროლებენ სიტუაციას. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ რუსებს ხელები გახსნილი ჰქონდეთ. პრაქტიკულად, „აზოვის“ მებრძოლებმა რუსების გეგმები არივ-დარიეს, რუსეთის არმიას საშინელი დარტყმა მიაყენეს არა მხოლოდ ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული მიმართულებით. რუსეთის ხელმძღვანელობის ხასიათიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ არ აპატიონ. ყოველ შემთხვევაში, ნაწილს მაინც.