საქართველოს პრეზიდენტმა პირველი ოქტომბრიდან დღემდე 1810 პატიმარი შეიწყალა. პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმართა უმრავლესობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები არიან. სასაჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ინფორმაციით, გათავისუფლებული 1810 პატიმრიდან განმეორებით დანაშაული 72 პირმა ჩაიდინა.
ქვეყნის პირველი პირის მიერ შეწყალებულ პატიმრებიდან 208 პირი სასჯელს ქურდობისთვის, 36 ყაჩაღობისთვის და 200 ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდიდა. რაც შეეხება ამნისტირებულ პატიმრებს, ამნისტირებული 17533 პატიმრიდან, დღეს მდგომარეობით ციხეში 257 პატიმარი დაბრუნდა.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილის, გიგა გიორგაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრების დიდი ნაწილი სასჯელს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა. მისივე განცხადებით, გათავისუფლებული 1810 პატიმრიდან განმეორებით დანაშაული 72 პირმა ჩაიდინა.
„ჩვენი დაკვირვებით, როდესაც ოპოზიცია აქცენტს აკეთებს, რომ კრიმინალი იმატებს, აქცენტები კეთდება, რომ ხდება პატიმრების გამოშვება და ა.შ. პარალელურ რეჟიმში პრეზიდენტი უშვებს ისეთ პირებს, რომელიც სოციალურად საშიშია, ჩნდება ეჭვი, რომ ამ ადამიანების მიერ განმეორებით დანაშაულის ჩადენის ხარჯზე ვიღაცა პოლიტიკურ ქულებს იწერს“, - აცხადებს გიგა გიორგაძე, რომლის განცხადებით, პრეზიდენტი სააკაშვილი ძირითადად მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს ათავისუფლებს.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ბრალდებებს არ პასუხობს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე. „სისულელეებზე არ ვლაპარაკობ. არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ,“ - აღნიშნა For.ge-სთან საუბრისას ელენე თევდორაძემ.
რატომ იწყალებს პრეზიდენტი მასიურად მძიმე დანაშაულში ბრალდებულ პირებს, ამაზე საპარლამენტო უმარვლესობას ერთი პასუხი აქვს - პრეზიდენტის მიზანია ქვეყანაში კრიმინალური ვითარების დაძაბვა. ბრალდებას არასერიოზულს უწოდებენ უმცირესობაში და უმრავლესობას სახელმწიფოს მართვის უცოდინარობაში ადანაშაულებენ.
ქვეყნის პირველი პირის მიერ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული პირების შეწყალების მიზეზებზე პასუხის გაცემა უჭირს ვიცე-სპიკერს ზურაბ აბაშიძეს, რომლის განცხადებით, მიუხედავად უპრეცედენტო ამნისტიისა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისფლებაში მოსვლის შემდეგ განახორციელა, ქვეყანაში არ არის ისეთი დონე, რომ რესოციალიზაციის პროცესი წარმატებით განხორციელდეს.
მისივე განცხადებით, ეფექტურად ახორციელებენ საკუთარ მოვალეობას სამართალდამცავი ორგანოები. „შსს დანაშაულის პროფილაქტიკით არის დაკავებული, ჩვენ ნამდვილად ვცხოვრობთ უსაფრთხო გარემოში, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია და კრიმინალთან ბრძოლა არის პრიორიტეტი. რა ნიშნით იწყალებს და როგორ, ამაზე მიჭირს პასუხის გაცემა. ერთი ფაქტია, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა საკმაოდ მძიმე დანაშაულში ბრალდებულები, რომლებმაც ჩაიდინეს ისევ მძიმე დანაშაული.
უმცირესობის მხრიდან, ამაზე აპელირება ჩემთვის გასაგებია იმ თვალსაზრისით, რომ ოპოზიციაა და უნდა ილაპარაკოს და აკრიტიკოს ხელისუფლება, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ძალიან უსაფუძვლოა და არაობიექტური მათი დამოკიდებულებები ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი საჭიროებს ღმა ანალიზს და ფაქტებზე უნდა იყოს დაყრდნობილი.
ფაქტები კი ცხადყოფს, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ადამიანები იყვნენ ძალიან მძიმე დანაშაულში ბრალდებულები და მან შეიწყალა და ეს არის ფაქტი. მან შეიძლება დარჩენილი ვადა კიდევ გამიყენოს ამ მიმართულებით.
მაგრამ, მე მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც განახორციელებს ის ადამიანი, რომელიც იქნება შეწყალებული გამოვა და განმეორებით ჩაიდენს დანაშაულს, მინდა ყველას ვუთხრა, რომ არავის არაფერი ეპატიება და უფრო მკაცრ სასჯელს მიიღებს,“ - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აბაშიძემ.
ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი და for.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ პრეზიდენტი ბრალდებულებს, პიროვნების საქმეების შესწავლის საფუძველზე იწყალებს.
„პრეზიდენტს შეუძლებელ დანაშაულში სდებენ ბრალს და ამაზე კომენტარი საღი აზრის ფარგლებს სცდება. პრეზიდენტი იწყალებს პიროვნების საქმის შესწავლის საფუძველზე და არა ისე, როგორც ეს პარლამენტმა გამოაცხადა, არა პიროვნების საქმეების შესწავლის საფუძველზე, არამედ პირდაპირ მუხლების მიხედვით ამნისტია.
უმრავლესობამ იმაზე აგოს პასუხი, იმ უზარმაზარი ამნისტიით, რომლის ფარგლებში პედოფილების გამოშვებაც მოხდა. ყველა იმ ბრალდებაზე პასუხის გაცემა, რაც ისმის ხოლმე უმრავლესობიდან, სრულიად უპასუხისმგებლო და სახელმწიფოს მართვის არმცოდნე უმრავლესობიდან, უბრალოდ შეუძლებელია“, - ამბობს დავით დარჩიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ მსჯავრდებული პირის შეწყალების პრეროგატივა ეკუთვნის ქვეყნის პრეზიდენტს. შესაბამისად, ეს უფლება მძლავრ ბერკეტად იქცა პრეზიდენტის ხელში. უფლებადამცველები ამბობენ, რომ, ყოფილი ხელისუფლების ნაშთი სააკაშვილისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იყენებს.
უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე იხსენებს, რომ 2009 წლის დეკემბერში შეწყალებული 1287 პატიმრიდან, 300 პატიმარი განთავისუფლებული იქნა იმ პირობებში როდესაც მათ მიმართ დადგენილი სასჯელები მოიცავდა 11, 15, 16 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთას და ისინი განთავისუფლებული იქნენ სასჯელის ვადის დინების მე-11 და მე-12 თვის თავზე.
მისივე თქმით, ეს პირები მსჯავრდებული იყვნენ ისეთი მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის, როგორის არის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილი რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვა, გასაღებას და ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდას ითვალისწინებს. როგორც ლორთქიფანიძე ამბობს, იყო შემთხვევები როდესაც პრეზიდენტი ყაჩაღობაში, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულებს იწყალებდა.
„მინდა გაგახსენოთ რატი რეხვიაშვილის მაგალითი, რატი რეხვიაშვილის დედა აღმოჩნდა ერთად-ერთი მშობელი მსჯავრდებული პირისა, რომელმაც დაასახელა გარემოება, პირთა წრე, ის პირობა რომელსაც უთვლიდა მას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ. ასეთი ფაქტები მასობრივ ხასიათს ატარებდა და ყოველთვის ემსახურებოდა პოლიტიკური კორუფციის და არა მხოლოდ პოლიტიკური კორუფციის, ამავე დროს ელიტარული კორუფციის ფაქტების არსებობას,“ - აცხადებს ლორთქიფანიძე.
მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ განსაკუთრებული მონდომებით იყენებს მიხეილ სააკაშვილის ბერკეტებს და აქიდან გამომდინარე ქვეყნის პირველი პირი არ ერიდება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის მსჯავრდებულთა გათავისუფლებას.
„ეს ფაქტი ერთდროულად სამ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს. ერთი, რომ მოხდეს კრიმინოგენული ვითარების დაძაბვა და ამან მოახდინოს არსებული ხელისუფლების დესტაბილიზაცია. მეორე, მოხდეს სანდო პირთა გადმობირების კონსპირაციის ასრულება და მესამე, ეს არის უკვე ელიტური კორუფციის კონკრეტული ნიშნები, როდესაც ამა თუ იმ პირის გათავისუფლების სანაცვლოდ, ხდება გარკვეული თანხების მობილიზება „ნაციონალური მოძრაობის“ სალაროში. ამ სამიდან, ვერც ერთს ვერ გამოვრიცხავთ. წინა წლებში არსებული პტრაქტიკა ჩვენ გვიჩვენებს, რომ ასეთ ვერსიებს არსებობის უფლება გააჩნია,“ - ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
როგორც უფლებადამცველი ამბობს, საქართველოს მთავარი პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო უნდა დაინტერესდეს ამ კონკრეტული კონტიგენტის უკანონო გათავისუფლებით და გაარკვიოს, იკვეთება თუ არა აქ ყოფილი მართველი გუნდის ინტერესი.
„საერთოდ, ამ გათავისუფლებულ პირთა მიმართ გარკვეული მუშაობაა გასატარებელი, იმისთვის, რომ მათი მხრიდან გარკვეული საფრთხეების არსებობა გამოირიცხოს. როდესაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირების გათავისუფლებაზეა ლაპარაკი, რომელიც არაერთგზის წარსულში იქნა ნასამართლევი და სასჯელს იხდიდნენ ყაჩაღობისთვის, ძარცვისთვის, მკველობისთვის, ასეთი პირების გამოშვების შემდგომ, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან დანაშაულის ჩადენის საფრთხე საკმაოდ მაღალია.
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს შეწყალების უფლება და ამ შეწყალების უფლების რეალიზაციას ვერავინ ვერ შეუზღუდავს მას. იმიტომ, რომ შეწყალების დებულების მე-8 თავის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს გააჩნია უფლება შეუწყალოს ნებისმიერი პირი სასჯელს ვადის დინების ნებისმიერ მომენტში. ანუ მისგან ანგარიშშს ვერავინ ვერ მოითხოვს, რატომ შეიწყალა.
მაგრამ, უნდა დავსვათ შეკითხვა, რა მორალური კრიტერიუმის საფუძველზე იწყალებს მიხეილ სააკაშვილი უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულებს, რომელთაც სასჯელის დინების ნახევარიც არ აქვთ მოხდილი, რომლებიც გარკვეული ავტორიტეტითაც კი სარგებლობენ ქურდულ სამყაროსთან? სწორედ ასეთი პირების მიმართ იჩენს პრეზიდენტი განსაკუთრებულ მოწყალებას. ამ კითხვაზე სააკაშვილისგან პასუხი არ მოგვისმენია. სამაგიეროდ, სააკაშვილი აქეთ დებს ბრალს ამნისტიის კანონის ავტორებს, რომ მათ თითქოსდა გამოუშვეს პედოფილები, მათ თითქოს გამოუშვეს განსაკუთრების მძიმე დანაშაულში მხილებული პირები,“ - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძემ.