„წართმეული ბიზნესების კომპენსირება ბიუჯეტს 7 მილიარდი დაუჯდება“, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში გააკეთა. ივანიშვილის თქმით, „ძალიან რთული მდგომარეობაა პროკურატურაში, რადგან უამრავი საჩივარია შესული“.
პრემიერი არ გამორიცხავს, რომ წინა ხელისუფლების დროს წართმეულ ქონებასთან დაკავშირებით სახელმწიფომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაც მიიღოს.
„უამრავი ადამიანია დაზარალებული. იქნებ სახელმწიფომ მოახერხოს მათ დაუბრუნოს ბიზნესები, ვეძებთ გამოსავალს. გვინდოდა სახელმწიფოს აეღოთ თავის თავზე ამ პრობლემის მოგვარება, უხეშად დავითვალეთ და თანხამ დაახლოებით, 7 მილიარდი შეადგინა. ეს, თითქმის, საქართველოს ბიუჯეტია. ისე არეული და გადახლართულია ეს ყველაფერი, რომ ეშმაკიც ფეხს მოიტეხავს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
წინა ხელისუფლების პერიოდში საკუთრებაჩამორთმეულ რამდენიმე ათას დაზარალებულს მთავარ პროკურატურაში აქვს საჩივარი შეტანილი. მთავარი პროკურორის განცხადებით, ასეთი დაახლოებით 18 000 საჩივარი არსებობს და ბუნებრივია, პროკურატურა ამ საქმეების გამოძიებას უბრალოდ ვერ აუდის. ამასთანავე, ქონებაჩამორთმეული პირები იმასაც ამბობენ, რომ თავიდან მათ საქმეებზე გამოძიება აქტიურად დაიწყო, მაგრამ დაახლოებით 2-3 თვის წინ, თითქმის, ყველა ასეთი ტიპის საქმეზე გამოძიება შეწყდა. ამიტომ, დაზარალებულები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება (როგორც პრემიერმა აღნიშნა) პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას აპირებს, მაგრამ ამაზე საბოლოოდ ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, ან ვიღაცეები ლობირებენ ამ საქმეების შეჩერებას. საუბარია იმ ადამიანებზე, ვის საკუთრებაშიც ამჟამად არის ჩამორმთეული ქონებები.
რეპრესირებულ ბიზნესმენებს ასევე აქვთ ეჭვი, რომ ვიღაცას პრემიერ-მინისტრი შეგნებულად შეჰყავს შეცდომაში, როდესაც ამ თანხას, ანუ 7 მილიარდს უსახელებენ, რათა მას მოაჩვენონ, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა პრაქტიკულად შეუძლებელია.
აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ჩაატარა კვლევა, რომელიც 2004-2012 წლებში სახელმწიფოსთვის კერძო საკუთრების ჩუქების ფაქტებს ეხებოდა. ორგანიზაციის დასკვნის თანახმად, ამ წლებში სახელმწიფოს კერძო მესაკუთრეებისგან „ნებაყოფლობით“ გადაეცა დაახლოებით 200 მილიონამდე ლარის ქონება. რა თქმა უნდა, ეს ზუსტი მონაცემი არ არის, რადგან არიან ისეთი ადამიანებიც, ვისაც ორგანიზაციისთვის არ მიუმართავს, თუმცა პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებულ 7 მილიარდსა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, ანუ 200 მილიონს შორის დიდი სხვაობაა. ამიტომ ბუნებრივია ჩნდება კითხვა, ვინ მიაწოდა პრემიერს ინფორმაცია 7 მილიარდის შესახებ და სად მოხდა ამ მონაცემების შეჯამება.
აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ ჯერჯერობით, ალბათ, რაიმე ზუსტ რიცხვზე საუბარი ნაადრევია, რადგან საკუთრების წართმევასთან დაკავშირებული საქმეები სპეციფიკურია და თითოეული მათგანი გამოძიების ჩატარებას მოითხოვს, რათა საბოლოოდ გახდეს ცნობილი, ვინ, ვის და რამდენი წაართვა. აღსანიშნავია, რომ ხდება ჩამორთმეული ქონების სხვა პირებზე გადაფორმება, რითაც ე.წ. „კეთილსინდისიერი მყიდველების“ შექმნა მიმდინარეობს და, ალბათ, სწორედ ამას გულისხმობდა ივანიშვილი, როდესაც ამბობდა, რომ იყო მსჯელობა იმაზე, რომ სახელმწიფოს აეღო საკუთარ თავზე ამ ზარალის კომპენსირება. თუკი არსებობს კეთილსინდისიერი მყიდველი, მას ვერავინ ჩამოართმევს ქონებას და კანონიერ მესაკუთრეს უკვე სახელმწიფოსთან მოუწევს დავა, ვინაიდან ძირითადად სწორედ სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების მიერ ხდებოდა ქონების გამოძალვა, მაგალითად, პროკურატურაში დაბარების და ოჯახის წევრების დაპატიმრების მუქარით და ა.შ.
For.ge შეეცადა გაერკვია, სად და როგორ მოხდა ამ მონაცემების შეჯამება. ამისთვის რამდენიმე სახელმწიფო უწყებას დავუკავშირდით.
ფინანსთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ ეს ინფორმაცია მათი უწყებიდან არ არის მოძიებული და ამიტომ სხვას ვერაფერს გვეტყოდნენ ამ თემასთან დაკავშირებით. ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახურმა გვითხრა, რომ ეს მონაცემები პროკურატურაში შესული სარჩელების მიხედვით არის დაანგარიშებული და ამიტომ მთავარი პროკურატურისკენ მიგვითითა, თუმცა ვერც მთავარ პროკურატურაში გვიპასუხეს კითხვაზე, თუ საიდან და როგორ არის დაჯამებული ეს ზარალი და ვინ მიაწოდა ბიძინა ივანიშვილს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ წართმეული ქონებები 7 მილიარდის ღირებულების არის.
ერთ-ერთი რეპრესირებული ბიზნესმენი, კომპანია „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელი და მოძრაობა „დააბრუნე“-ს ლიდერი, მამია სანადირაძე for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თუკი საუბარია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაზე, მაშინ უნდა იქნეს მიღებული ამ საქმეებზე გამოძიების გაგრძელების გადაწყვეტილება. მისი თქმით, წართმეული საკუთრების უკლებლივ ყველა საქმეზე სამი თვის წინ გამოძიება შეჩერდა და არცერთი მათგანი ბოლომდე მიყვანილი არ არის.
„დამნაშავე ყოველთვის ცდილობს მართლმსაჯულებას თავი აარიდოს. ამ ადამიანებს მილიონობით თანხები აქვთ მითვისებული და აქ, რა თქმა უნდა, იბადება ვარაუდები, რომ ისინი ამ ფულს ხარჯავენ უცხოელ ლობისტებზე, ქირაობენ პიარ-ჯგუფებს და ინფორმაციის გამავრცელებლებს, რომლებიც ამ პრობლემის გაბუქებას ეწევიან და ისე წარმოაჩენენ მას, თითქოს, ამ საკითხის გადაჭრა შეუძლებელია“, - აცხადებს მამია სანადირაძე.
იგი ვარაუდობს, რომ სამი თვის წინ გამოძიება ამ საქმეებზე სწორედ იმიტომ შეწყდა, რომ პრემიერ ივანიშვილს დაუდეს ეს რიცხვი - 7 მილიარდი და არწმუნებენ მას, რომ ეს თანხა სახელმწიფოს გადასახდელი გახდება, რაც დაანგრევს მას. სანადირაძის თქმით, აქ საუბრობენ ხოლმე კეთილსინდისიერ მყიდველებზე, მაგრამ თუკი არსებობს კეთილსინდისიერი, მაშინ მას არაფრის უნდა ეშინოდეს. მამია სანადირაძე კი ამბობს, რომ სინამდვილეში ეს ე.წ. „კეთილსინდისიერი“ მყიდველები ქონების დამტაცებლების ახლობლები და ნათესავები, ანუ ცრუმაგიერი პირები არიან, რომლებმაც მესაკუთრის რანგში ქონების დამტაცებლები ჩაანაცვლეს.
ორგანიზაცია „დააბრუნეს“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ასეთი პირების იდენტიფიკაცია ძნელი არ არის და გამოძიებას შეუძლია ეს გააკეთოს, რადგან წესით ამ პირებმა უნდა დაასაბუთონ, საიდან ჰქონდათ იმხელა შემოსავალი, რომ ეს ქონებები შეეძინათ.
„მაგალითად გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვანო მერაბიშვილის მამიდას, თუ ბიცოლას მართლა ჰქონდა თუ არა ვთქვათ, რესტორნების შესაძენი თანხა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ეს ჩამორთმეული ქონებები მათ ნათესავებზე აქვთ გადაფორმებული“, - აღნიშნავს სანადირაძე.
მისი თქმით, მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ როდესაც საკუთრების ჩამორთმევა და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა ხდებოდა, შემდეგ ეს ქონება ნულოვან აუქციონზე იყიდებოდა და ამ ქონებებს სიმბოლურ ფასად გადასცემდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს, მათთან დაახლოებულ პირებს და ზონდერებს (რომლებსაც „ნაცმოძრაობის“ წინაშე „დამსახურება“ ჰქონდათ). მამია სანადირაძე ხაზს უსვამს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებულ კვლევას და აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის მიერ დასახელებულ რიცხვსა (200 მლნ) და ბიძინა ივანიშვილის მიერ ნათქვამს (7 მილიარდი) შორის ძალიან დიდი სხვაობაა. სანადირაძის თქმით, შესაძლოა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელთ არსებული ინფორმაცია სრულყოფილი არ არის, მაგრამ ივანიშვილის მიერ დასახელებული რიცხვი ზედმეტად გაბერილია.
ორგანიზაცია „დააბრუნეს“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ იმ ქონების დიდი ნაწილი, რომელსაც ვიღაცეები აბუქებენ და რომლითაც ივანიშვილს აშინებენ, კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების, ან მათთან დაახლოებული პირების ხელშია და ამიტომ სახელმწიფოს ქონებაჩამორთმეული პირებისთვის ასანაზღაურებელი ექნება მინიმუმი. ამ ქონებების დიდი ნაწილი კი კერძო პირებიდან კერძო პირებზე იქნება დასაბრუნებელი, ხოლო თუ ქონებები გადაყიდული, ან ქვეყნიდან არის გატანილი, ამისთვისაც არსებობენ სპეციალური საგამოძიებო ჯგუფები, რომლებიც ამგვარ საქმეებზე არიან სპეციალიზირებული, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ნებისმიერი თანხის მოძრაობას მიადევნებენ თვალს და აფრიკის მიყრუებულ სოფელშიც კი რომ იყოს ამ ფულით საკუთრება შეძენილი, ამასაც მიაგნებენ.
„ეს თანხები არ არის შორს და არც ისე რთულია, მათი იდენტიფიცირება და დადგენა. ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ გარკვეულ ქონებებზე რამდენიმე მესაკუთრე დავობს, მაგრამ კაცობრიობას გამოძიებაზე უკეთესი ჯერ არაფერი მოუგონია და გამოძიებას ალტერნატივა არ აქვს. მხოლოდ გამოძიებას შეუძლია ამ საკითხების გარკვვევა. აუცილებელია დამნაშავეების დასჯა, რათა სხვებმაც არ ჩაიდინონ დანაშაული, რათა ისევ არ ჩამოყალიბდნენ ახალი მერაბიშვილები, ადეიშვილები, ახალაიები და ა.შ.“, - ამბობს მამია სანადირაძე.
მისი თქმით, სწორედ გამოძიების შედეგად დადგინდება ზარალის კონრეტული ოდენობა და შესაძლებელი იქნება, მის დაბრუნებაზე ზრუნვა.