რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას, სავარაუდოდ, დიდი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან ორი ქვეყანა დიდი ხანია ალიანსის სამხედრო წვრთნებში მონაწილეობს.
„ფინეთი და შვედეთი, ისევე როგორც სხვა ნეიტრალური ქვეყნები, მრავალი წელია მონაწილეობენ ნატოს სამხედრო წვრთნებში“, - განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ნატო ითვალისწინებს აღნიშნული ქვეყნების ტერიტორიას აღმოსავლეთით სამხედრო წინსვლის დაგეგმვისას.
„ასე რომ, ამ თვალსაზრისით, ალბათ, დიდი განსხვავება არ არის. ვნახოთ, როგორ გამოიყენება მათი ტერიტორია პრაქტიკაში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
16 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება ფინეთისა და შვედეთის ხარჯზე რუსეთისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან მოსკოვს ამ ქვეყნებთან არანაირი პრობლემა არ აქვს, თუმცა ფინეთსა და შვედეთში ახალი სამხედრო ინფრასტრუქტურა რუსეთისგან რეაგირებას მოითხოვს.