„მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დააპატიმრეს. ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სხდომათა დარბაზშივე დააკავა. პოლიტიკოსთა და ანალიტიკოსთა ნაწილი ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ეს ისედაც პოლარიზებულ გარემოს უფრო მეტად გააღრმავებს და ქვეყანაში ვითარებას დაძაბავს. მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ნიკა გვარამია დამნაშავეა და არსებობს ნიკა გვარამიას დაკავების არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი მოტივი და საფუძველი. ამის ფონზე, საქართველოში პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი განწყობები არ შეიცვლება.
ამასთან, 16 მაისს საღამოს პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია მენეჯერები შეიკრიბნენ და სამოქმედო გეგმა განიხილეს. როგორც შეხვედრის შემდეგ ითქვა, 18 მაისს, 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება სოლიდარობის აქცია, მსვლელობა მოეწყობა პარლამენტის შენობისკენ. თანაც, აღინიშნა, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით, სოლიდარობის აქციას მედია გამართავს და ეს არ იქნება პოლიტიკოსების მიერ დაანონსებული აქცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. როგორც ვიცით, ნიკა გვარამია ცნობილი იქნა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც „პორშესა“ და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტს დასავლეთის მხრიდან შესაძლოა, მძაფრი კრიტიკა მოჰყვეს. როგორც საყვარელიძემ თქვა, გვარამიას შემთხვევაში შეიძლება საპროტესტო აქციების სიხშირე გაიზარდოს, თუმცა მასშტაბი და ხალხის რაოდენობა არ შეიცვლება.
„რადგან ვიცით, რაც ხდება საქართველოში, გამორიცხული არ არის, რომ ყოფილიყო ფინანსური დარღვევები, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური ინტერესი იყო თუ არა, პოლიტიკური ნიუანსები ამ საქმეს დააკლდა კიდეც. უცხოეთიდან შეიძლება გაჩნდეს საკმაოდ მძაფრი კრიტიკა. ისინი მგრძნობიარეები არიან მედიის მიმართ ძალოვანი ხერხების გამოყენებაზე. ამიტომ არ ვთვლი, რომ ეს პოლიტიკური შედეგი გაითვალისწინა სასამართლომ. რომ გაეთვალისწინებინა, ალბათ, შედარებით, მსუბუქი ვარიანტის შერჩევა სჯობდა, ამ პოლიტიკური კონტექსტის გამო.
პოლარიზაციის ხარისხი მაქსიმალური სწორედ სააკაშვილზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვნახეთ, რომ ამ ფაქტორმა დიდი სიმძაფრე არ გამოიწვია. საზოგადოების რაღაც ნაწილი, რა თქმა უნდა, მძაფრ რეაქციას იძლევა, მაგრამ რაოდენობრივად ეს არ არის ის რაოდენობა, რომელიც პოლიტიკურ პრობლემას შექმნის იმ მხრივ, რომ ხელისუფლებას გაუჭირდება ქვეყნის მართვა. გვარამიას შემთხვევაში შეიძლება საპროტესტო აქციების სიხშირე გაიზარდოს, ოღონდ მათი მასშტაბი და ხალხის რაოდენობა არ მგონია, დიდად განსხვავებული იყოს, ვიდრე დღესაა“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამიას დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ ამინდს ვერ შეცვლის და ეს არ გამოიწვევს მორიგ, საპროტესტო ტალღას.
„საქმეს არ ვიცნობ, თუმცა ბევრი სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე მგონია, რომ ამ საქმეში პოლიტიკური მოტივი უფრო დიდია, ვიდრე ის ბრალდება, რაც მას წაუყენეს. ვფიქრობ, ეს გასაჩივრდება და საკასაციო განაჩენი შეიძლება შეიცვალოს.
რომ გითხრათ, რომ ეს საქართველოში ძალიან მნიშვნელოვნად შეცვლის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში ვითარებას, არა, მნიშვნელოვანი ცვლილებები ამას არ მოჰყვება. ქვეყნის შიგნით არ ველოდები რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას. ამ მხრივ რაიმე პრობლემა შეექმნას ხელისუფლებას, გამორიცხულია.
რაც შეეხება ჩვენს პარტნიორებს, იქ იქნება რეაქცია. ვერ გეტყვით რამდენად მძაფრი, უკრაინის პრობლემებია ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ რეაქცია აუცილებლად იქნება, როგორც დამოუკიდებელ მედიაზე შეტევა“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.
რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ გვარამიას შესაძლო შეწყალების საკითხს, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შესაძლოა ეს გადაწყვეტილება მიიღოს და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალოს.
„პრეზიდენტმა შეიძლება მიიღოს ეს გადაწყვეტილება. არაერთხელ გვინახავს, რომ სწორედ პრეზიდენტის ხელით მოხდა „ქართული ოცნების“ მიერ ციხეში ჩასმული პოლიტპატიმრების გათავისუფლება, შეიძლება ესეც ამ შემთხვევაში მოხდეს, მაგრამ ჩვენ იმ პოზიციას ვინარჩუნებთ, რომელიც ნიკა გვარამიამ გააჟღერა. არ ვაპირებთ ამას გადავუხვიოთ, რომ ჩვენ მისგან არ ვითხოვთ, არ ითხოვს თვითონ ნიკა, არც მისი ოჯახი, არც მისი ტელევიზია. ჩვენ პრეზიდენტისგან ნიკა გვარამიას შეწყალებას არ ვითხოვთ, რადგან ვთვლით, რომ მას შესაწყალებელი არაფერი აქვს. თუმცა, თუ ამას პრეზიდენტი გააკეთებს, ჩვენ ვერ ავუკრძლავთ“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, როგორც გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, საერთაშორისო დიპლომატებს ოპოზიციური მედიის წარმომადგენლები შესაძლოა, ერთიან ფორმატში შეხვდნენ.
„ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვაპირებთ შეხვედრას. „მთავარ არხს“ ექნება შეხვედრა დიპლომატებთან, ელჩებთან. ვგეგმავთ, რომ ოპოზიციური მედიის წარმომადგენლები ერთიანად შევხვდეთ მათ და ამ ფორმატიდან გამომდინარე, რომელიც ახლა მიმდინარეობს, შესაძლებელია, აგრეთვე, ასეთი ფართომასშტაბიანი შეხვედრა იყოს“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
ინფორმაციისთვის, გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, ნიკა გვარამიას ბრალი „რუსთავი 2“-ის საქმეზე წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება ჰქონდა შეზღუდული.