ქრისტეს მიერ საყვარელნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და უცხოეთში მცხოვრებნო ჩვენო სულიერო შვილებო!
აი, უკვე 2011 წელია, გვესმის ანგელოზთა საოცარი საგალობელი: “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება”, რათა ჩვენც, იუდეის მწყემსთა და აღმოსავლელ მოგვთა მსგავსად, მივეახლოთ და თაყვანი ვსცეთ ბეთლემის ცივ გამოქვაბულში, ბაგასა შინა მწოლ უჩვეულო ყრმას და გავიხაროთ სიხარულითა დიდითა, რადგან ეს დღე არის საწყისი ცოდვის ბორკილთაგან ჩვენი გათავისუფლებისა და სულიერი თვალ-მარგალიტით გამშვენებისა, დღე იმ აღთქმის აღსრულებისა, რომელსაც ათასწლეულების მანძილზე ელოდა კაცთა მოდგმა, წინასწარმეტყველთა და მართალთა მთელი თაობები;
როგორი უბრალოებით წარუდგა სოფელს შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, რათა გონებისთვის მიუწვდომელი თავმდაბლობითა და მსხვერპლშეწირული სიყვარულით განკაცების პირველი წუთებიდანვე მომაკვდინებელი დარტყმა მიეყენებინა ამპარტავნებით შეპყრობილი ეშმაკისათვის.
ო, როგორ ეშინოდა ბოროტს ამ ჟამის დადგომის! მან მეფე ჰეროდეს სახით და მისი საშუალებით მოინდომა, არ დაეშვა დედამიწაზე ღვთის ამ სასწაულის აღსრულება და ამიტომაც გასცა ბრძანება, მოეკლათ ყველა ახალშობილი, რომელთა რიცხვმაც თოთხმეტიათასს მიაღწია; მწარედ სტიროდა რაქილი შვილთა თვისთა. მაგრამ ამ მცდელობის მიუხედავად, განგებულება ღვთისა მაინც განცხადდა და კაცობრიობისათვის ზეცის კარიბჭენი განიხვნა.
რათა გავაცნობიეროთ აღნიშნული სიტყვების მნიშვნელობა შეგახსენებთ, რომ ჩვენი დაუძინებელი მტერი, - ბოროტი სული (რომელიც თავდაპირველად ნათლითმოსილი ანგელოზი იყო), ამპარტავნების ცოდვის გამო თავის მიმყოლ ანგელოზებთან ერთად ზეცის თვალშეუდგამი სიმაღლიდან ქვესკნელამდე დაემხო, რადგან შემოქმედის მიერ ნაბოძებ სიკეთეთა მითვისებაა და ღმერთთან გატოლება მოინდომა.
გავიხსენოთ ადამი და ევაც; ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ სამოთხეში, მაგრამ ამპარტავნების გამო, ეშმაკის მიერ ცდუნებულებმა, ღმერთობა ისურვეს; დაივიწყეს უფლის მცნება, იგემეს აკრძალული ხის ნაყოფი და მკაცრადაც დაისაჯნენ, - მაშინვე დაკარგეს მადლი შემოქმედთან სიახლოვისა, დაკარგეს სამოთხე და როგორც თვითონ, ისე მათი შთამომავალნიც ხრწნილებასა და სიკვდილს დაექვემდებარნენ.
ამპარტავნება - ეს არის უპირველესი, უდიდესი და უსაშინლესი ცოდვა, რომელსაც თითქმის ყველა ადამიანში ჰქონდა და აქვს მეტ-ნაკლებად ფესვი გადგმული და სწორედ იგი არის მთავარი დამაბრკოლებელი მიზეზი ღმერთთან ჩვენი მიახლებისა. ამიტომაც ამ ეპისტოლეში აღნიშნულ ცოდვაზე გავამახვილებ ყურადღებას.
რა განაპირობებს მის განსაკუთრებულობას?
უპირველეს ყოვლისა ის, რომ იგი შობს ყველა სხვა სიბილწეთ.
წმიდა მამები ამბობენ, რომ თორმეტი ვნება არსებობს და ვინც მათ შორის უმთავრესს, ამპარტავნებას, თავისი ნებით მიიღებს, მისი საშუალებით დანარჩენ თერთმეტსაც თავისთან განუმზადებს ადგილს, მაშინ როდესაც სხვა მანკიერებანი, პირველ რიგში, მის საპირისპირო სათნოებებს აუკუღმართებენ. მაგალითად სიძვა - სიწმინდეს, შური - სიყვარულს, ნაყროვანება - თავშეკავებულობას და ა.შ.
უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ადამიანმა შეიძლება დაძლიოს ყველა ცოდვითი მიდრეკილება და მიხვდეს, რომ ეს თუ ის ვნება აღარ აწუხებს, მაგრამ ამას ვერასოდეს იტყვის ამპარტავნების შესახებ; მან ყველგან და ყოველთვის შეიძლება დაგვიგოს მახე და მსწრაფლ განაქარვოს წლების მანძილზე ჩვენი ღვაწლით მოპოვებული მადლი.
ამასთან, სხვა ცოდვები შედარებით ნელი მოქმედებისაა, ხოლო ამპარტავნება, როგორც კი ტახტს დაიდგამს ადამიანის სულსა და გულში, იმ წამსვე ღუპავს მას. მდგომარეობის გამოსწორებისთვის კი ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო.
განასხვავებენ ორი სახის ამპარტავნებას, - ხორციელს და სულიერს. ხორციელია, როცა ამა თუ იმ პიროვნებას თავი მოაქვს სხვა და სხვა მიწიერი, ამქვეყნიური სიკეთით, მაგ., სიმდიდრით, სილამაზით, თანამდებობით, ჯანმრთელობით, სიძლიერით და ა.შ. ხოლო თუ იგი თვითკმაყოფილებას განიცდის ცოდვებთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებებით, მაშინ სახეზე გვაქვს ამ სენის ყველაზე მძიმე ფორმა, - სულიერი ამპარტავნება.
ზოგიერთი გულწრფელად იკითხავს: მე თუ ჭკვიანი ვარ და ჩემს საქმიანობაში წარმატებული, თუ დამოუკიდებლად შევძელი ქონების შეძენა ან გავლენის მოპოვება, ვისი დამსახურებაა ეს, თუ არა ჩემი?
წმიდა მამები ამ კითხვაზე მათ ასე პასუხობენ:
შენ შეგეძლო გეამაყა იმით, შენს შობამდე რომ გეარსება და გქონოდა რამე, მაგრამ რადგან ღმერთის შექმნილი ხარ და არარსებობიდან არსებობაში შემოსული, ყველა სიკეთე, რაც შეიძინე, ღვთის საჩუქარია და ნაკლებად შენი დამსახურება. შესაბამისად, თუ მოიძიებ ისეთ რამეს, რაც გაგიკეთებია გონებისა და გულის გარეშე, შენი ნამოქმედარია, დანარჩენი კი უფლის მიერაა ნაბოძები და ტყუილად ითვისებ.
თუ კარგად დააკვირდები, შეიცნობ, რომ შენი მარტო შენი ნებაა, რომ შენია მხოლოდ სურვილი და არჩევანი იმისა, თუ ვის დაუმორჩილებ ყოველივეს, რითაც უფალმა დაგაჯილდოვა.
ადამიანი ან მიდრეკილია უფლისკენ, ან ეშმაკისკენ ანუ საკუთარი თავის განდიდებისკენ.
თუმცა, პირველ ეტაპზე, ამპარტავანნიც ღვთისადმი მადლიერებას სიტყვით გამოხატავენ, გულში კი მხოლოდ საკუთარ თავს განადიდებენ.
შემდგომ საფეხურზე მათ არათუ თავისი ღვაწლის წარმოჩენა “ერიდებათ”, არამედ სხვათა დამსახურებასაც ხშირად საკუთარ თავს მიაწერენ; ამცირებენ გარშემომყოფთ, აზვიადებენ ყველაფერს და ითხოვენ გამორჩეულ პატივს.
გულწრფელი აღსარება მათთვის თითქმის უჩვეულო რამაა.
არადა, ერთი შეხედვით, თითქოს როგორი ადვილია შენს თავში ღმერთის მყოფობა აღმოაჩინო და მისდამი მადლიერებით განიმსჭვალო.
რომ დავიბადეთ და დავდივართ, რომ ვხედავთ, ვსუნთქავთ და გვიყვარს, რომ ვაზროვნებთ და შეგვიძლია ამა თუ იმ საქმის კეთება, ეს ხომ მისი წყალობაა?!
ხომ შეიძლება ერთ წუთში დავკარგოთ თვალის ჩინი, ან განსჯის უნარი ან მოძრაობის შესაძლებლობა..., და მერეღა მივხვდებით, რა უმადურნი ვყოფილვართ.
იაკობ მოციქული გვაფრთხილებს და გვმოძღვრავს, რომ “ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი” (იაკ.4,6).
არ წერია, რომ ასევე შემუსრავს მაგ, ქურდებს, ცრუთ, სათამაშო ბიზნესით დაკავებულთ, მრუშებს, ლოთებს..., მართალია, მათი შეცოდებანიც ფრიად სერიოზულია და სასჯელსაც დიდს მოიწევენ, მაგრამ ამის ჩამდენთ აქვთ ერთი უპირატესობა, - ისინი მოქმედებენ თავისი თავის ან სხვა ადამიანების წინააღმდეგ. ამპარტავანნი კი, თავისი თავხედობითა და უმადურობით, აშკარად უპირისპირდებიან შემოქმედს.
როგორ დავაღწიოთ თავი ამ საშინელ მდგომარეობას?
თავმდაბლობა არის ერთადერთი წამალი ამპარტავნებისაგან განკურნებისა.
თავმდაბლობას მოვიპოვებთ, თუ საკუთარ თავს, ჩვენს “მე”-ს უარვყოფთ და ღვთისადმი მადლიერებით აღვსილნი, სიმშვიდითა და ღირსებით შევხვდებით ქებასაც და დამცირებასაც, სიხარულსაც და ტკივილსაც, უსამართლობასა და შეურაცხყოფას. ამასთან, ჩვენი შინაგანი სამყარო ისე უნდა წარვმართოთ, რომ სხვა ჩვენზე უკეთესად, უფრო გონიერად და უპირატესად მიგვაჩნდეს, ჩვენ მიერ აღსრულებული კეთილი საქმეები კი, - უფლის წყალობად და არა საკუთარ დამსახურებად.
მაშინ შეიმუსრება ჩვენი სიამაყე და პატივმოყვარეობა და მის ადგილზე თავმდაბლობით მოპოვებული ღვთის მადლი დაივანებს.
რა თვისებები განასხვავებთ ამპარტავანთ და თავმდაბალთ?
თუ ამპარტავანი თავის ნაკლოვანებებს საერთოდ არ ხედავს ან როგორც უმნიშვნელოს, ისე წარმოაჩენს (არ არის გამორიცხული, იქამდეც კი მივიდეს, რომ ამით იამაყოს); თავმდაბალი მცირე ცოდვასაც მტკივნეულად განიცდის, წუხს და არ მალავს მას არც მოძღვრის და არც ადამიანების წინაშე.
ამპარტავანი, კეთილდღეობის შემთხვევაში, კიდევ უფრო ამაყი ხდება, განსაცდელის ჟამს კი ხვედრს ემდურის, გაბოროტებულია, სიმშვიდეს ვერსად პოულობს და სასოწარკვეთილებისკენაა მიდრეკილი.
თავმდაბალი კი მწუხარებასაც და სიხარულსაც ერთნაირად იღებს, მიღწეულით არასოდეს კმაყოფილდება და სულიერ კიბეზე ზეაღსვლას სულგრძელებითა და მოთმინებით განაგრძობს.
ამპარტავანნი მაჭირვებელთ ბოროტებით პასუხობენ და თუ ამას საქმით ვერ აღწევენ, ცილისწამებას არ ერიდებიან. ღვთისსათნონი კი, ავისმქმნელთათვის ლოცულობენ და ცდილობენ, სიკეთით უპასუხონ, რადგან ბოროტება მხოლოდ სიყვარულით იკურნება და იციან, რომ ეს არის სათნო წინაშე ღვთისა.
ჩვენს დროში განსაკუთრებით ზეიმობს ამპარტავნება, რადგან მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებამ ადამიანი თავის თავზე შეყვარებული და თავდაჯერებული გახადა.
მას კიდევ უფრო გაუმყარდა ილუზია იმისა, თითქოს, საკუთარ ძალებზე დაყრდნობით ყველაფერი შეუძლია გააკეთოს და, აქედან გამომდინარე, შემოქმედის ადგილიც დაიკავოს.
ისეთ დღესასწაულებსაც კი, როგორც შობა ან აღდგომაა, ისინი თავისი თავისთვის იწყობენ და ყველაფერს გარეგნულ ელფერს აძლევენ, ხოლო მათი არსი საერთოდ არ აინტერესებთ.
ბეთლემს შობილი ყრმა ყოველ წელს შეახსენებს მსოფლიოს, რომ ხსნის გზა თავმდაბლობითა და უბრალოებით იწყება.
კიდევ ერთ მომენტზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას:
რამდენჯერ შეგვხვედრიან ადამიანები, რომლებიც თავს დიდად მორწმუნეთ არ მიიჩნევენ, მაგრამ მრავალ კარგ საქმეს აკეთებენ და, ერთი შეხედვით, სამაგალითონიც არიან; მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით, ღვთისაგან ყველაზე მეტად დაცილებულნი სწორედ ისინი არიან, რადგან მათს გულსა და სულში, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ამპარტავნებას აქვს ღრმად ფესვი გადგმული; ამიტომაც, თავის თავს შეჰხარიან და ამით ტკბებიან.
თითქოს როგორი ადვილია, რომ მათ დამოკიდებულება შეცვალონ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს - მაგრამ არა, ნებისმიერი ცოდვისგან გათავისუფლება უფრო ეადვილებათ, ვიდრე ამ ნაბიჯის გადადგმა.
ამიტომ უწოდებს ნეტარი ავგუსტინე ურწმუნოთა სიკეთეთ “ბრწყინვალე ცოდვებს,” - გარეგნულად თვალისმომჭრელთ, შინაგანად კი ეშმაკის ქმედებებს.
ასეთ ადამიანთა მსგავსი იყო ჩვენი ხალხის მდგომარეობა ათეისტურ პერიოდში. სამოცდაათწლიანმა კომუნისტურმა რეჟიმმა ღმერთის რწმენის გარდა, წინ წამოსწია თითქმის ყველა ადამიანური სათნოება და ამით, ამპარტავნების საშინელი სენი კიდევ უფრო მეტად გააღრმავა საზოგადოებაში.
დღეს, მართალია, რთულ პირობებში გვიწევს ცხოვრება, მაგრამ ამას თავისი დიდი დადებითი მხარეც აქვს - ჩვენ გვამდაბლებს უფალი და გვაჩვენებს, რომ თავის მოსაწონი არაფერი გვაქვს; გვაჩვენებს იმასაც, რომ ღვთის გარდა, იმედი არავისი და არაფერისა არ უნდა გვქონდეს.
ერის გამოღვიძებისა და ღვთისკენ შემობრუნების პროცესი, ნელა, მაგრამ მაინც მიმდინარეობს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბოროტი ადვილად არ თმობს პოზიციებს და ახალ-ახალ მოულოდნელობებს გვთავაზობს, მაგ., მცირე, მაგრამ აქტიური ჯგუფი მოქალაქეებისა, უზნეობით ამაყობს, ცოდვას ცოდვად არ მიიჩნევს და ცდილობს, სხვებიც თავისი მსგავსი გახადოს; სამწუხაროდ, ამას ჩვენი მასმედიის საშუალებებიც ხშირად მხარს უბამენ, “სიმართლის” სახელით ავხორცობისა და სისასტიკის პროპაგანდას ახორციელებენ და ამით, ბოროტს დიდ სამსახურს უწევენ.
ღმერთის გზით მავალი ადამიანები კი, თავმდაბლობასთან ერთად, ესწრაფვიან, მოიპოვონ მადლი, რასაც წმიდა გრიგოლ პალამა ხელთუქმნელ ენერგიას უწოდებს. ეს ის ენერგიაა, რომელიც ნათლის სახით მაცხოვრის ფერისცვალებისას მოციქულებმა თაბორის მთაზე იხილეს.
შევნიშნავთ, რომ ღვთის ამ წყალობით აღვსების შესაძლებლობა ყველას თანაბრად აქვს, - ნასწავლსაც და უბირსაც, მდიდარსაც და ღარიბსაც, ქალსაც და მამაკაცსაც, მოხუცებულსაც და ახალგაზრდასაც, ოღონდ, ეს გულით უნდა მოვინდომოთ და სიკეთით, სულიერი და ფიზიკური შრომით განვამშვენოთ ჩვენი ცხოვრება.
დიახ, მადლმოსილება ადამიანის პიროვნული მდგომარეობაა და იგი უფლის საჩუქარია, მის სიდიდეს თავმდაბლობის ხარისხი განსაზღვრავს, ანუ რამდენადაც თავმდაბალია ადამიანი, მით უფრო მეტი მადლის დამტევია იგი.
მადლი, როგორც ღვთის არსების გამოვლინება, მისი ყველა თვისების მატარებელია. იგი არ არის მოძალადე, არამედ მაშინვე განეშორება ცოდვის ჩამდენს (რადგან ცოდვა-მადლი ურთიერთგამომრიცხავნია), სინანულით შემუსვრულ გულს კი, კვლავ უბრუნდება და წყალობით ავსებს.
ცოდვა-მადლს კიდევ ერთი თვისება აქვს, რაც ჩვენმა წინაპრებმა ასე გამოთქვეს:
“მადლი ჰქენი, ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდებაო” და კიდევ “პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოჭრა კბილიო”.
ასე რომ, ადამიანი თავისი ქმედებებით, საკუთარ თავსაც და თავის შთამომავალთაც უმზადებს ერთგვარ სულიერ საგზალს, - ცუდს ან კარგს.
მეცნიერებაში არსებობს ენერგიის მუდმივობის კანონი, რომლის მიხედვითაც, დამტკიცებულია, რომ სამყაროში არაფერი იკარგება, არამედ ერთი სახეობიდან მეორეში გადადის; იგივე ითქმის სულიერ სფეროზეც; ოღონდ, აქ ჩვენ ვგულისხმობთ ამქვეყნიურ ყოფას, თორემ უფლის წინაშე, ყველა მხოლოდ საკუთარი ცხოვრების მიხედვით განისჯება.
მაგალითისთვის გავიხსენებ ერთ მოვლენას, რომელიც, მართალია, სულის ცხონების საკითხს არ ეხება, მაგრამ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია.
XVII ს-ის I ნახევარში ირანში მოღვაწეობდა გამუსულმანებული უნდილაძეების დიდად გავლენიანი ოჯახი, რომელთაც ღრმა კვალი დატოვეს სპარსეთის კულტურულ-პოლიტიკურ ასპარეზზე. ისინი უზარმაზარი ქონებისა და ძალაუფლების მფლობელნი იყვნენ; ეს გავლენა კი, სპარსულ საქმეთა ერთგულების გამო მოიპოვეს.
ქრისტიანული თვალთახედვით, ისინი, ერთი შეხედვით, რა თქმა უნდა, ღვთისაგან განდგომილნი იყვნენ, რადგან თავის მიწიერ კეთილდღეობას ყველაფერი ანაცვალეს, მაგრამ მდგომარეობა მთლიანად შეიცვალა, როდესაც საქმე სპარსელთა საქართველოზე ლაშქრობას შეეხო.
სამშობლოს ტკივილმა და სიყვარულმა მათს გულში დარჩენილი მადლის ნაპერწკალი ალად აქცია და მამაც და შვილებიც ისე გააძლიერა, რომ უარი თქვეს შაჰის დავალების შესრულებაზე, სანაცვლოდ კი, დათმეს ქონებაც, თანამდებობაც, თავისი და თავის ყველა შთამომავლის სიცოცხლეც სამშობლოს შეწირეს.
მაშინ როდესაც, მათ თანამედროვე ქართველთა შორისაც უფრო ადრეც, შემდგომაც და დღესაც იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც სიმდიდრისა და ძალაუფლების მოპოვებისათვის უკან არაფერზე იხევენ და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედთაც გვერდში უდგანან.
საერთოდ, ეკლესია ღვთაებრივი მადლის საუნჯეა. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მას გადასცა ძალაუფლება ცოდვათა შეკვრისა და გახსნისა. ანუ ღვთაებრივი მადლის მოხვეჭა და სასუფევლის დამკვიდრება მართლმადიდებელ ეკლესიაშია შესაძლებელი, რადგან იგია მაცხოვრის მისტიური სხეული, რომელიც ღვთაებრივი მადლით ზეციურ, მოზეიმე ეკლესიას უკავშირდება და ეს ურთიერთობა ლოცვით ხორციელდება.
მე არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა.
უფლისა და ზეციურ ძალთა გარდა, ჩვენ შემწედ, უპირველეს ყოვლისა, გვყავს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, დედა და მფარველი საქართველოსი, მსოფლიო მართლმადიდებელ წმინდანთა დასი და, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესიის უთვალავი წმინდანი, აგრეთვე, სამოთხის მკვიდრი სხვა ჩვენი ღირსეული წინაპრები. ამაშია მადლი და ძალა ჩვენი ქვეყნისა. მაგრამ მათი შეწევნა რომ მივიღოთ, განწმენდილი გულით აღვლენილი ლოცვა უნდა შევწიროთ, რათა მოხდეს სინერგია, _ ადამიანური და ღვთაებრივი ძალის შერწყმა და ღვთის მოწყალების კარის განღება.
როგორც აღვნიშნეთ, ადამიანის ცხონებას მისი პირადი ნება განსაზღვრავს, ქვეყნის კეთილდღეობას კი - მადლმოსილი ადამიანების სიმრავლე, რათა სიძნელეების დაძლევა შევძლოთ.
გარდა სულიერისა, სიძნელეები სხვაც მრავლად გვაქვს: მასიური უმუშევრობა, ჩვენი მოსახლეობის უცხოეთში მიგრაცია, საშუალო და უმაღლესი განათლების დაბალი დონე, პატიმრების რიცხვის ზრდა, საბაზრო ეკონომიკისა და ბიზნესის, სოფლის მეურნეობის პრობლემები...
მეტად სამწუხაროა, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ერის ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებიც ემატება.
როგორც ცნობილია, XIX ს-ის ბოლოს მეფის რუსეთის იმპერიაში შემუშავდა “მეცნიერული” კონცეფცია (დაყავი და იბატონეს პრინციპის გათვალისწინებით) საქართველოში მეგრულ-ლაზურ-ქართულ-სვანური ენებისა და კულტურების დამოუკიდებლად არსებობის შესახებ.
ეს პროცესი, მეტ-ნაკლებად ფარულად, კვლავაც მიმდინარეობს და, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ უცხო ქვეყნების ინტერესებს ემსახურება.
ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, დავიცვათ ჩვენი ერთობა, ისევე როგორც ამას აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები. ოღონდ, როგორც დიდი ილია ამბობს, დღეს არის არა ხმლის, არამედ წიგნისა და კალმის ომი.
პრობლემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროა საზოგადოების ძალისხმევა, რათა შეიქმნას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და ვებ-გვერდები, რომელიც სათანადო პასუხს გასცემს როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქართველი ერის დაშლის მოსურნეთ.
ამ საქმეში დიდი სამსახური შეიძლება გაწიონ უცხოეთში მყოფმა ჩვენმა თანამემამულეებმა; მათ ვებ-გვერდები იმ ენაზე უნდა გააკეთონ, რომელ ქვეყანაშიც ცხოვრობენ. ამით ისინი სამშობლოს ინტერესებს შესაძლებლობისამებრ დაიცავენ.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმასაც, რომ ა.წ. 21 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დადგენის შესახებ;
ეს არის ისტორიული რეალობის საჯაროდ კიდევ ერთხელ განცხადება და თქმა იმისა, რომ აფხაზეთი ყოველთვის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ხოლო აფხაზეთის მოსახლეობა - საქართველოს ეკლესიის სულიერი შვილები, რასაც მოწმობს წერილობითი წყაროები და აქ აღმართული უძველესი ტაძრები.
იგივე ითქმის ცხინვალის რეგიონის შესახებაც.
აღვნიშნავთ იმასაც, რომ ისტორიის მანძილზე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მიუხედავად, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის საზღვრები არ შეცვლილა იგი, ღვთის წყალობით, სულიერად თითქმის ყოველთვის ინარჩუნებდა ათასწლეულობით ჩამოყალიბებულ, მთლიან სხეულს ჩვენი ქვეყნისა და ეს დღესაც ასეა.
ის, რაც ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და სამაჩაბლოს (ცხინვალის რეგიონი) ოსებს შორის მოხდა, შედეგია პოლიტიკური ინტრიგებისა და მას ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობასთან საერთო არაფერი აქვს.
ჩვენ გვაკავშირებს სისხლით ნათესაობა, საუკუნოვანი თანაცხოვრება, ნათელ-მირონობა, მეგობრობა და მრავალრიცხოვანი შერეული ოჯახები, რაც იძლევა იმედს იმისას, რომ ადრე თუ გვიან აღდგება და განახლდება ძველი ურთიერთობა და მეგობრობა აფხაზებთანაც და ოსებთანაც.
შევეხები მთის პრობლემებსაც;
მოგეხსენებათ, საქართველო ოდითგან მთისა და ბარის ერთობით იყო ძლიერი. ბარს მთა იცავდა, მთას კი ბარი განამტკიცებდა. გახსოვთ თუნდაც შაჰ-აბასის შემოსევა, როდესაც კახელების საარაკო მამაცობის მიუხედავად, რიცხვით მრავალმა მტერმა ეს მხარე მაინც დაიკავა, მთიელების სახალხო ლაშქარი შეიყარა და თავგანწირული ბრძოლით სპარსელნი განდევნა.
ბახტრიონის აჯანყების სახელით ცნობილმა ამ მოვლენამ, არა მარტო ბარი იხსნა სრული იავარქმნისაგან, არამედ მთიულეთი და თუშ-ფშავ-ხევსურეთიც გადაარჩინა.
სამწუხაროდ, კომუნისტურ პერიოდში, საქართველოს მთიანეთი დაიცალა და დღეს მიტოვებულია არა მარტო სოფლები, არამედ მთელი კუთხეები; კერძოდ: თუშეთი, ხევსურეთი, ფშავის ნაწილი, რაჭა..., სადაც ზაფხულის პერიოდის გარდა, მოქმედ სოფლებში თითო-ოროლა ოჯახი ან სულაც, ერთი ადამიანი სახლობს.
არადა ამ ტერიტორიების განსაკუთრებულობას ისიც განაპირობებს, რომ ისინი საზღვრისპირა რეგიონებია და მათ სტრატეგიული დანიშნულებაც აქვთ.
ვინაიდან არსებული მდგომარეობის მთავარი მიზეზი სოციალურ-ეკონომიკური პირობებია, სახელმწიფოებრივი თანადგომისა და მატერიალური მხარდაჭერის გარეშე, ბუნებრივია, მოსახლეობის დაკავება ვერ მოხერხდება.
ეკლესია, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ცდილობს, წვლილი შეიტანოს აღნიშნული მხარეების გამოცოცხლების საქმეში და, ამ მიზნით, აქ მონასტრებს აარსებს.
მთის თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ამ რამდენიმე თვის წინ, შედგა ჩემი მოგზაურობაც თუშეთსა და ხევსურეთში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ აღმოსავლეთ მთიანეთს (და რაჭასაც) დროულად უნდა გაეწიოს სერიოზული დახმარება, თორემ შემდეგ, ათჯერ მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო მდგომარეობის გამოსასწორებლად.
ჩვენ ადრეც შევთავაზეთ ხელისუფლებას და ახლაც შევახსენებთ, რომ იქნებ ერთ-ერთ საქმედ იქცეს აქაურ დაუსახლებელ ტერიტორიებზე მცირე დანაშაულის მქონე პატიმრებისთვის მიმაგრების ადგილებისა და სოფლების მოწყობა (თავისი მეურნეობებით), რაც დასაქმების პრობლემასაც ნაწილობრივ გადაწყვეტს და დაცულ ზონებსაც შექმნის.
ბუნებრივია, აქ უნდა ასევე განვითარდეს მესაქონლეობა, მეცხვარეობა, მეფუტკრეობა, მეთევზეობა, ხელსაქმე, მიწის ერთობლივი დამუშავებისათვის კი, უნდა შეიქმნას კოოპერატივები.
სვანეთში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში განხორციელებული სახელმწიფო პროგრამები იმედს იძლევა, რომ ეს საკითხიც აქტუალური გახდება და მდგომარეობა გამოსწორდება.
სულ ორიოდე სიტყვით შევნიშნავთ იმასაც, რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მიწას, სასარგებლო წიაღისეულს, წყალს და ტყეს, ასევე მუზეუმებსა და არქივებს, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ და მათი გაყიდვა-გასხვისება არ შეიძლება. საჭიროა, სახელმწიფოს მიერ შემუშავებულმა კანონებმა დაიცვას ერის ეს საუნჯე.
ჩვენ ზემოთ მრავალ რთულ თემას შევეხეთ, რომელთა მოგვარებაც ხელისუფლებას ევალება, მაგრამ თითოეულ ჩვენგანზეც დიდი პასუხისმგებლობაა დაკისრებული.
ეს ლიტონი სიტყვები არ არის.
ყველამ ვისაც უნდა, ღვთის შვილად იწოდებოდეს, ზრუნვა პირველ რიგში მადლის მოხვეჭისათვის უნდა დაიწყოს, რომ ერთობლივი ძალით ღმერთის მფარველობა მოვიპოვოთ (ცალკეულ პირთა მადლმოსილება ქვეყნის გადარჩენისა და განვითარებისათვის არ არის საკმარისი; გავიხსენოთ მართალი ლოთი და პირისაგან მიწისა აღგვილი სოდომ-გომორი), ვინაიდან ყველა ჩვენი პრობლემა, სინამდვილეში, ღვთაებრივი მადლის ნაკლოვანებებიდან მოდის.
მე მომავალს იმედით ვუყურებ, რადგან, ვიმეორებ, ქვეყანაში მიდის სულიერი გამოღვიძების რთული და განმწმენდელი პროცესი;
უფალი თავისი იდუმალი, მტკივნეული, მაგრამ გადამრჩენელი გზებით გვატარებს, რათა, თითოეული ჩვენგანი, ვითარცა მამასთან დაბრუნებული დამდაბლებული და შეჭირვებული უძღები შვილი, გულში ჩაიკრას და სიხარულით აღვსილმა, საზეპურო სუფრა გაშალოს.
საყვარელნო დანო და ძმანო, არჩევანი თქვენზეა, საქართველოს ბედიც თქვენზეა დამოკიდებული.
ამ იდუმალებით მოცულ ღამეს ჩვენც გავყვეთ ბეთლემისკენ მიმავალ დიდებულ ვარსკვლავს და სიხარულით აღვივსოთ, რამეთუ ჩვენთვის იშვა ემმანუელი, ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს - პატრიარქი
შობა ქრისტესი
თბილისი, 2011 წელი