მორიგი აჟიოტაჟი ხორბლის, ფქვილისა და პურის თემაზე

მორიგი აჟიოტაჟი ხორბლის, ფქვილისა და პურის თემაზე

ხორბლის და ფქვილის მარაგთან დაკავშირებით ქვეყანაში მორიგი აჟიოტაჟი წარმოიშვა. ინფორმაციამ, რომელიც მეხორბლეთა ასოციაციამ გაავრცელა, დიდი გაუგებრობა გამოიწვია და ყველამ ისე გაიგო, როგორც აწყობდა. ვითარება ჯერ კიდევ არ არის განმუხტული.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას ინფორმაციით, ბოლო თვეებია ქვეყანაში ხორბალი მინიმალური რაოდენობით შემოდიოდა და შედეგად წისქვილები გაჩერებულია. მისივე თქმით, ხორბლის იმპორტიდან ფქვილზე გადართვა საიმპორტო გადასახადის სხვაობამ განაპირობა.

„სამწუხაროდ, ხორბლის მარაგები მინიმალურია, დაახლოებით 10 დღის მარაგია დარჩენილი და უახლოეს რამდენიმე დღეში ის სამი წისქვილიც გაჩერდება, რომელიც მუშაობდა“, - განაცხადა სილაგავამ.

ამიტომ ასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს, რადგან ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა და წისქვილკომბინატებში დასაქმებული ადამიანები სამსახურს კარგავენ.

„თვეების განმავლობაში ვმუშაობდით სამუშაო ჯგუფში, რომელშიც შედიოდა ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები. გვქონდა წარდგენილი წინადადებები საგადასახადო რეჟიმების შეცვლასთან დაკავშირებით, რომლითაც, ჩვენი აზრით, გაუმჯობესდება სიტუაცია, თუმცა იყო აზრთა სხვადასხვაობა, შესაბამისად, გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ახლა წერილი შევიტანეთ პრემიერ-მინისტრთან. ერთადერთი გამოსავალი პრემიერთან შეხვედრა და ჩვენი წინადადების დაყენებაა, რადგან გადამწყვეტი სიტყვა პრემიერის არის“, - აღნიშნა სილაგავამ.

მას მხარი დაუჭირეს წისქვილკომბინატების წარმომდაგენლებმაც. „ბარაქას“ დირექტორი, ლადო ბიძინაშვილი ადასტურებს, რომ სექტორი რთულ მდგომარეობაში რუსეთის მიერ ხორბალზე დაწესებულმა მცურავმა საბაჟო გადასახადმა დააყენა, რომელიც ბოლო პერიოდში მუდმივად მზარდია. ბიძინაშვილის თქმით, წარმოების გაჩერების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 70%-ით შემცირდება.

„დიდი ხანია სახელისუფლებო გუნდის წევრებთან შეხვედრებს ვმართავთ. იქნება ეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თუ ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. ფაქტია, შედეგი აქამდე არ დადგა. სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან ნაბიჯების მოლოდინი აღარ გვაქვს. მაისის ბოლოს გაჩერდება წარმოება და მოგვიწევს თანამშრომლების გაშვებაც.

ამ ეტაპზე 100 ადამიანია ჩვენთან დასაქმებული, რომლებიც წარმოებასა და რეალიზაციაში არიან ჩართული, ალბათ, 70%-ით შევამცირებთ დასაქმებულთა რაოდენობას. ამის შემდეგ, როგორი იქნება ვითარება, იმის მიხედვით გადავეწყობით, როგორც იმპორტის კუთხით, ასევე ადგილობრივი წარმოებაც შეიძლება შევინარჩუნოთ, ძალიან მიზერული ოდენობით“, - განაცხადა ბიძინაშვილმა.

მართალია ხორბლის მარაგის მხრივ ვითარება სახარბიელო არ არის, მაგრამ ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა არ დგას. ამას ადასტურებს ის, რომ მარცვლეულის მარაგი ფაქვილის მარაგმა ჩაანაცვლა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აგორებული თემის საპასუხოდ მაშინვე გააკეთა განცხადება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში ხორბლის ფქვილის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს.

„იაფი ფქვილის მარაგების ფონზე, ავტომატურად შემცირებულია ხორბლის იმპორტი და ხორბლის მარაგები. ქვეყანაში ხორბლის ფქვილის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს. მარაგი დღეისათვის გვაქვს საკმარისზე მეტი, თუმცა გვაქვს ფქვილის და არა ხორბლის სახით.

დაახლოებით თვენახევარ, ორ თვეში დაიწყება ხორბლის ადგილობრივი მოსავლის აღება. ივლისი-აგვისტო მსოფლიოში მარცვლეული კულტურების ახალი მოსავლის მიღების სეზონია. ახალი მოსავალი ახალი საფასო პოლიტიკის შემუშავებას განაპირობებს. დღეისათვის, ხორბლის ფასები მკვეთრადაა გაზრდილი, პრაქტიკულად, გაორმაგებულია.

იმედი გვაქვს, ფასების კლების ტენდენცია დაიწყება. შესაბამისად, უკვე ამ პერიოდისთვის, საქართველოს მთავრობა შექმნილი ვითარების შესაბამისად იმოქმედებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფაქტია, რომ ლევან სილაგავას განცხადებამ და შემდეგ ოპოზიციური ტელეარხების მიერ სიტუაციის გაბუქებამ, გაკვეულ პანიკას მისცა ბიძგი. ამიტომაც საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას დამატებითი განცხადებას გაკეთება მალევე მოუწია. როგორც ლევან სილაგავა აღნიშნავს, წისქვილების მუშაობის შეჩერებისა და ხორბლის მარაგების შესახებ გაჟღერებულმა ინფორმაციამ, საზოგადოებაში გაუგებრობა გამოიწვია, რის გამოც, დამატებითი განმარტება გახდა საჭირო.

„ჩვენმა განცხადებამ წისქვილების მუშაობის შეჩერებისა და ხორბლის მარაგების შესახებ გაუგებრობა და აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებაში (უფრო სტატიის სათაურის და არა შინაარსის გამო), შესაბამისად, თავს მოვალედ ვთვლით, გავაკეთოთ განმარტებები.

  1. ქვეყანაში არსებობს საკმარისი მარაგები ფქვილად, ფქვილის იმპორტი ხორციელდება შეუფერხებლად, მარაგები განთავსებულია პურის ქარხნებში (მონიტორინგს ფქვილის მარაგებზე აწარმოებს სახელმწიფო);
  2. საქართველოს წისქვილკომბინატებმა შეაჩერეს მუშაობა და აღარ შემოაქვთ ხორბალი, გამომდინარე იქედან, რომ ხორბლისა და ფქვილის იმპორტის განსხვავებული რეჟიმია და შედეგად წისქვილკომბინატების მუშაობას ეკონომიკურად აზრი არ აქვს, შესაბამისად, წისქვილკომბინატები პურის ქარხნებს აღარ აწვდიან ფქვილს;
  3. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის განცხადება, წისქვილკომბინატების მუშაობის შეჩერების შესახებ, გაკეთებულია მხოლოდ ინდუსტრიაში (წისქვილკომბინატების) არსებულ მდგომარეობაზე და ეხება ხორბლის მარაგებს და არ ეხება არც პურის ინდუსტრიის მუშაობას, რომელიც სტაბილურად მუშაობს და არც ფქვილის მარაგებს, რომელიც ჩვენი კოლეგა პურის მწარმოებელთა განცხადებით, ქვეყანაში საკმარისი რაოდენობითაა.
  4. აქედან გამომდინარე, გვსურს მარაგების თემასთან დაკავშირებით აღვნიშნოთ, რომ აჟიოტაჟი, რომელიც ინფორმაციამ გამოიწვია, არის გაუგებრობის შედეგი;
  5. აქვე აღვნიშნავთ, რეალურად წისქვილკომბინატებს ნამდვილად აქვთ მუშაობის პრობლემა და იმედი გვაქვს, უახლოეს დროში შედგება ჩვენი კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან და წისქვილკომბინატების მუშაობა სრულად აღდგება“, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.
ლაზი როცა "განმარტებული" სტატია წავიკითხე, პანიკიორობად ჩავთვალე. პასუხისმგებოლიან პიროვნებას არ ეგების ასეთი რამის პრესაში დაწერა, მიუხედავად ავტორის გულრწფელი წუხილისა რომ "ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა და წისქვილკომბინატებში დასაქმებული ადამიანები სამსახურს კარგავენ."
ახლა კი, მაგ "განმარტებებს" რა რა მნიშვნელობაც აქვს, თქვენც კარგად ხვდებით, რადგან მეორე დღესვე პურის ფასი, მთელმა რიგმა ქარხნებმა, 16%-ით გაზარდეს.
ასე რომ მოეშვით საჯარო "ანალიტიკოსობას". თუ ასეთი ასოციაციის დირექტორობა ითავეთ, სათანადო პასუხისმგებლობა, წონა და ავტორიტეტიც უნდა გქონდეთ. გაუგებრობა და აჟიოტაჟი რომ არ გამოიწვიოთ, ხალხთან ნუკი უჩივიხართ მთავრობას, შესაბამის სტრუქტურებთან იმუშავეთ და საქმე აკეთეთ.
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli 10 ლიტრა ჩვეულებრივი წყალი ღირს 5 ლარი!
2 წლის უკან