რუსი სამხედროები ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე კვლავ აგრძელებენ სასაზღვრო-სადემარკაციო ბარიერების დამონტაჟებას. ამის პარალელურად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსი ჯარისკაცების მიერ სოფელ დიცთან საქართველოს დროებითი საზღვრის გადმოწევის გამო, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს წერილობით მიმართა. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე for.ge-ს საუბრისას აცხადებს, რომ როგორც ჩანს, პატრიარქმა ჩათვალა, რომ რუსული მხარის ქმედება მოლაპარაკების კონტექსში არ ჯდება.
„ეს არის ჩვენი მოსახლეობისთვის მეტად მტკივნეული და მოულოდნელი ქმედება, მით უმეტეს, იმ მცდელობების ფონზე, რასაც ჩვენი ქვეყნები ურთიერთობის ნორმალიზებისათვის აკეთებენ და, რაც საქართველოში არსებული რთული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენთვის ადვილად განსახორციელებელი არ არის. ვიმედოვნებთ, თქვენ სწორ შეფასებას მისცემთ შექმნილ ვითარებას და მიიღებთ სათანადო ზომებს აღნიშნული მდგომარეობის დროულად გამოსწორებისათვის“, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაში.
For.ge აღნიშნულ თემაზე მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
როგორ ფიქრობთ, რატომ გახადა აუცილებელი ამ პროცესში მისი უწმინდესობის მიმართვა?
- მისი უწმინდესობა ჩართული იყო იანვრის მოლაპარაკების ფორმატში და მაშინ ჰქონდა შეხვედრა ძალიან მაღალ დონეზე. მათ შორს - რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან. როგორც ჩანს, პატრიარქმა ჩათვალა, რომ იქ რაღაცა გარკვეული ყინული გალღვა და მოლაპარაკების გარკვეული ფორმატი შეიქმნა. აქიდან გამომდინარე, მისმა უწმინდესობამ ჩათვალა, რომ რუსული მხარის ქმედება მოლაპარაკების კონტექსში არ ჯდება.
თვითონ, ახლა რასაც რუსული მხარე აკეთებს, ეს მათ წისქვილზე წყალს ნამდვილად არ ასხამს. არა იმიტომ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დათბობის პროცესი დაიწყო, თუმცა ეს არაა პროცესად შემდგარი, ეს არის უბრალოდ დასაწყისი , - მე ვფიქრობ, რომ მოცემულ გეოპოლიტიკურ სივრცეში, როდესაც მას დავა აქვს ორ მეზობელ სახელმწიფოსთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან, სადაც რუსეთი ვერ ვიტყვით, რომ კარგად გამოიყურება, მე ვფიქრობ, რომ რუსულ მხარეს არ სჭირდებოდა დამატებითი თავის ტკივილი, თან ისეთი თავის ტკივილი, რომელიც მას არაფერს აძლევს.
მაშინ რატომ დაიწყო რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე სასაზღვრო-სადემარკაციო ბარიერების დამონტაჟება?
- ამას გარკვეული ახსნა აქვა. სამივე ქვეყანაზე ერთნაირად ზემოქმედებას ცდილობს. ეს რუსული პოლიტიკის კლასიკაა, მუდმივი ძალის დემონსტრირება. თან იმ ფონზე, როდესაც შუა აზიაში ფეხს იკიდებს დასავლეთი, ვილნიუსის სამიტზე ასოცირებული წევრობა ეძლევა საქართველოს და ა.შ. რუსეთი ფიქრობს, რომ ძალის დემონსტრირებით შეიძლება მიაღწიოს მოკლევადიან წარმატებას, როგორც მიაღწია 2008 წელს. რუსეთში არ არსებობს პოლიტოლოგი, რომელიც გაანალიზებდა რა მოუტანა 2008 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებამ რუსეთს, არავინ არ ლაპარაკობს ამის თაობაზე, თუნდაც დადებით კონტექსტში მიმოიხილონ. აქიდან გამომდინარე, მე მაფიქრებინებს, რომ ძალიან კარგად ხვდებიან როგორც კრემლში, ასევე კრემლთან დაახლოებული ანალიტიკურ წრეებში, რომ ეს არის წამგებიანი ნაბიჯი. ამ წამგებიანი ნაბიჯის უფრო გაღრმავება რაში უნდა გჭირდებოდეს?
ჩვენ ვიცით როგორია რუსული პოლიტიკის სტრატეგია და პრაქტიკა, მან ძალით მიაღწია ყველაფერს. ამ შემთხვევაშიც შესაძლოა, რომ ძალის დემონსტრირებასთან გვქონდეს საქმე?
- რა მოიგო ამით? 300 მეტრი აქეთ-იქით, რას იგებს ამით? - კიდევ ერთხელ აგრძონიბინა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის არის ამ რეგიონის ბატონ-პატრონი, საქართველოს მხარეს რუსეთმა არ დაუტოვა დათმობის ველი, გამორიცხა ეს ამბავი. მოლაპარაკების ფორმატი რომ იყოს - კი ბატონო, თქვენ დათმეთ და ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში მოგეხმარებით, - მესმის, მაგრამ არაა ეს მეორე ნახევარი ნათქვამი, მხოლოდ პირველია ნათქვამი - დათმეთ. არადა დასათმობი არაფერი დაგვრჩა და როგორ დავთმოთ?!
თქვენ იცით, ყოველთვის ვცდილობდი, რომ ურთიერთობის ფორმატი გვქონოდა რუსეთთან, იმიტომ, რომ მოლაპარაკების გარეშე საკითხი არ წყდება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა სასწრაფოდ გვჭირდება მაპი, იმისთვის, რომ ძალის პოზიციიდან ველაპარაკოთ რუსეთს, რუსეთს ძალის გარდა, სხვა არაფერი ესმის. ხაზგასმით ვიმეორებ, რომ მხარს ვუჭერ რუსეთთან დიალოგს, მხარს ვუჭერ პარალელურ პოცესებს, ერთი მხრივ - დასავლეთისკენ სწრაფვას და მეორე მხრივ - რუსეთთან რაც შეიძლება ჩაღრმავებულ დიალოგს, მაგრამ ეს თვითონ არ უნდა.
პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთი ახალი ხელისუფლების სიმტკიცეს ცდის. მეტიც, ითხოვს უშიშროების საბჭოს შეკრებას...
- უშიშროების საბჭო თვეში ერთხელ ისედაც უნდა იკრიბებოდეს. მე სხვა საფრთხე უფრო მეჩვენება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ვიდე 300 მეტრით საზღვრის აქეთ-იქით გადმოწევა. რუსეთს 2013 წელს არანაირი შანსი არ აქვს, რომ საბრძოლო მოქმედება განაახლოს. ჯერ ერთი გეოპოლიტიკური სიტუაცია არ უწყობს ხელს, მეორეც ის, რომ ოლიმპიადაა. ამის ჩაშლა არ უნდა რუსეთს. უშუალო საფრთხე აქიდან არ მოდის. უშუალო საფრთხედ სხვა უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება ჩაითვალოს.
რას გულისხმობთ?
- ის, რაც ხდება პოლიტიკურ ისლამთან დაკავშირებით საქართველოში, კერძოდ ქვემო ქართლში. საერთოდ, რელიგიის ნიადაგზე აქა-იქ დაპირისპირების კერებია, რომელიც დღეს მხოლოდ კერაა და ხვალ შეიძლება ცეცლი იყოს. ეს არის რელიგიური დაპირისპირება, ეს უკვე ზედაპირზე დევს. რაც მოხდა გურიაში, მერე თეთრიწყაროში, ანალოგიური მოხდა ახლა დედოფლისწყაროში. ეს არის ფრაგმენტი იმ საერთო ფონისა, რაც პოლიტიკურ ისლამთან დაკავშირებით საქართველოში იქმნება. ეს ძალიან სერიოზული საფრთხეა და მე ამაზე სულ ვლაპარაკობ, მაგრამ არავინ მიგდებს ყურს.
რაც შეეხება, რუსეთის აქტიურობას საოკუპაციო საზღვრის გასწვრივ, ეს აქტიურობა უფრო ბავშვის თამაშს ჰგავს, რომელსაც გასდის და აკეთებს. იმიტომ, რომ კონტრპროდუქტიული არაა. არაფერი შედეგი არ მოაქვს რუსეთისთვის. ის, რომ რუსეთი არის რეგიონში ისედაც ვიცით. ახლა რა მიიღო ამით რუსეთმა? - გააქტიურდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქართველი დეპუტატები გააქტიურდნენ ევროპულ სტრუქტურებში, იმიტომ, რომ მიზეზი აქვთ, პარალელურად გააქტიურდა თეთრი სახლის ადმინისტრაცია. არაფერი არ მიუღია ამით, გარდა იმისა, რომ გაილანძღა.
არსებობს იმის საშიშროება, რომ ქვეყანა 2008 წლის პროცესებამდე მივიდეს?
- არა, არანაირი პარალელების გავლება არ შეიძლება. 2008 წელს სხვა პროცესები იყო, სხვა რიტორიკა იყო ქვეყანაში. ყველა მონაცემებით ჩანდა, რომ რუსეთი საომარი მოქმედებისთვის ემზადებოდა. საქართველოს ხელისუფლება არ იბერტყავდა ყურს და ვერ გავაჩერეთ. ტრიბუნაზე გამოვარდებოდნენ და იყო რუსეთის გაუთავებელი გინება. თვითონაც ემზადებოდნენ ამისთვის. როცა ეკითხები, რომ თქვენ რატომ არ ემზადებოდით ომისთვის, როტომ არ შეგეძლოთ შეგეყარათ მსოფლიო თანამეგობრობა - გვეუბნებიან, რომ არ ჯეროდა მსოფლიოს ჩვენიო. სექსუალური უმცირესობის მიტინგის დარბევის გამო ფეხზე დააყენეს მთელი მსოფლიო და ის, რომ ომს იწყებდა რუსეთი ამის მონაცემები არ ჰქონდათ? მინდა გიხრათ, რომ ეს მონაცემები ჰქონდათ და ფოტებიც ჰქონდათ გადაღებული, რა ხდებოდა ჯავაში. ახლა გავიგე ეს ინფორმაცია, რომ ეს ფოტოები წარუდგინეს ხელისუფლების წევრებს, მაგრამ არ მოინდომეს პროცესის შეჩერება, ვითარების გამწვავება სჭირდებოდათ. ახლა ასეთი სიტუაცია ნამდვილად არაა, არც ის კონტიგენტია იმ რაოდენობის, რომელიც იყო მაშინ ჯავაში.
თუმცა, სამხრეთ ოსეთში, ისევე როგორც აფხაზეთში რუსული საჯარისო კონტიგენტი საკამოდ დიდი რაოდენობითაა.
- გეთანხმებით, რასაკვირველია, აფხაზეთი სერიოზული კონტიგენტია და სერიოზული რესურსია. სამხრეთ ოსეთში არაა ასეთი მდგომარეობა.
რა ბერკეტები აქვს დღეს საქართველოს ხელისუფლებას იმისა, რომ ზემოქმედება მოახდინოს რუსეთზე, რომ დღეს არსებული საზღვრიდან ისევ უკან დაბრუნდნენ?
- პრობლემა ის კი არაა, რომ საზღვარს აქეთ-იქით წევენ, პრობლემა ისაა, რომ რუსეთი ცდილობს როგორმე აიძულოს ქართული მხარე, რომ საზღვარზე ლაპარაკი დაიწყონ. გარდა ამისა, ის საოკუპაციო საზღვარი არის ძალიან პირობითი მცნება. ზოგ შემთხვევაში, თვალი რომ გაადევნოთ პერიმეტრს, ზოგიერთი მაგათი პოსტი უფრო აქეთ იმყოფება. საქმე ამ 300 მეტრიან მონაკვეთზე არაა, მაგრამ რუსეთმა იმდენი ქნა, რომ ამ 300 მეტრიანი საზღვარს გადააყოლეს თავისი ავტორიტეტი, თუ რამე ჰქონდათ დარჩენილი.
უმცირესობის წევრი შოთა მალაშხია ამბობს, რომ ეს არის მცოცავი ანექსიაა, რომელსაც ხელისუფლება თავისი უმოქმედობით უწყობს ხელს...
- მცოცავი ანექსიის პოლიტიკას რუსები 2008 წლის სექემბრიდან ატარებდნენ. ის ნათქვამი, რომ ჩვენ ომით დავთმეთ და თქვენ უომრად თმობთ, ეს არაა სიმართლე. მცოცავი ანექსია დაიწყო 2008 წლის 25 აგვისტოდან და რუსეთი ყოველწლიურად ცდილობს, რომ იმ საზღვრის კონფიგურაციაში ჩასვას მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია.
ფაქტია, რომ რუსეთი სტრატეგიულად მომგებიანი სივრცის დაკავებას ცდილობს...
- აბსოლუტურად გეთანხმებით. ეს ჯერ გააკეთა კავკასიონზე, გადმოსასვლელები დაიკავა, მერე ამას აკეთებს მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთში. ახლა უკვე ამას აკეთებს სამხრეთ ოსეთში, უშუალოდ საზღვარში სვამს ამ თავის მიერ კონტროლირებად სივრცეს. ასე რომ, მალაშხიას ნათქვამი ნაწილობრივი სიმართლეა იმ ნაწილში, რომ მცოცავი ანექსია არესებობს, მაგარამ ეს მცოცავი ანექსია ზუსტად მათ დროს დაიწყო. ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან, რომ რუსებმა დღეს დაიწყეს საზღვრის გადმოწევა. არ გახსოვთ რა მოხდა 2012 წლის ზაფხულში? - იგივე მოხდა ახლაც. მანამდეც იგივე ხდებოდა. მაშინც იყო აჟიოტაჟი შექმნილი, რომ რუსებმა საზღვარი გადმოწიეს, მაგრამ რომელი საზღვარი? ვინ დააწესა იქ საზღვარი საერთოდ?