„ოპერატიულ-სტრატეგიულად რუსეთის შეიარაღებული ძალების არეალი იზღუდება, რაც მისთვის არის საკმაოდ სერიოზული კოშმარი“, - ასე აფასებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუაბარში, ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცხადებულ მხარდაჭერას, ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მიმართ.
ფინეთის ლიდერების განცხადებას კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „რუსეთი ნატო-ს სამხედრო ალიანსში ფინეთის გაწევრიანებას საფრთხედ მიიჩნევს და ეს ნაბიჯი ხელს არ შეუწყობს უსაფრთხოების გაზრდას“. მისი თქმით, რუსეთის რეაქცია დამოკიდებული იქნება ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. როგორც პესკოვმა განაცხადა, რუსეთი გააანალიზებს ფინეთის ნატოში შესვლასთან დაკავშირებულ ვითარებას და შეიმუშავებს აუცილებელ ზომებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. როგორ ფიქრობთ, ფინეთის გადაწყვეტილების ფონზე, დამატებით რა საფრთხე მოდის რუსეთისგან დღეს?
- შვედეთის და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთს საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს უქმნის, რადგან გაიზრდება ნატო-სთან პირდაპირი საზღვრის პირობები. ამასთან, სარაკეტო-ბალისტიკური კომპლექსების და სამხედრო თვითმფრინავების მიფრენის დრო კიდევ უფრო შემცირდება.
შესაბამისად, ოპერატიულ-სტრატეგიულად რუსეთის შეიარაღებული ძალების არეალი იზღუდება, რაც რუსეთისთვის არის საკმაოდ სერიოზული კოშმარი. თუმცა, რუსებს შეუძლიათ ადეკვატური პასუხის გაცემაც. მათ შორის, შეუძლიათ განალაგონ ბირთვული ტრიადის კომპონენტები და ამით ერთგვარად მოახდინონ ნიველირება, ფინეთი აიღონ ბირთვული დარტყმის ეპიცენტრში.
ფიქრობთ, რომ რუსეთის მიერ ფინეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა უფრო რეალურია დღეს?
- ამ შემთხვევაში რუსები ამას გააკეთებენ. აქ კიდევ ერთი ნიუანსია, ფინეთის გაწევრიანება ნატო-ში, ეს არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ფინეთისაგან წამოვიდეს საფრთხე. ნატო-ში გაწევრიანება არ ნიშნავს იმას, რომ მის ტერიტორიაზე შეიძლება განლაგდნენ ალიანსის გაერთიანებული ძალები. თუ გაერთიანებული ძალები არ განლაგდებიან ამ ტერიტორიაზე, ეს შეიძლება არც იყოს საფრთხე. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებს ფინეთის ტერიტორიას ნატო-ს გაერთიანებიული სარდლობა და სამხედრო კონტიგენტი, როგორ დაგეგმავს ძალების განთავსებას.
ბირთვული იარაღი თქვენც ახსენეთ და ახალ საფრთხეში გარკვეულწილად, ეს მოვიაზრე. ვიცით, რომ ამ შემთხვევაში დასავლეთის პასუხიც შეიძლება ბირთვული იარაღი იყოს. ამ ყველაფრის ფონზე, სადამდე შეიძლება მივიდეს მსოფლიო და რამდენად ემუქრება ნახევარ მსოფლიოს განადგურება, რაზეც ხშირად მიდის დღეს უკვე საუბარი?
- ერთი არის ბირთვული დაშინების პოლიტიკის ამოქმედება, თუმცა, არ მგონია, რომ საქმე აქამდე მივიდეს. ცივი ომის პერიოდში უფრო იყო ამის საშიშროება, რადგან მაშინ საბჭოთა კავშირის ტერიტორიასთან ახლოს იყო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსის ტაქტიკურ-ბირთვული იარაღი, თუმცა უკრაინის ომთან დაკავშირებით, პუტინის გადაწყვეტილება როგორ იქნება, არავინ იცის.
ცივი ომის პერიოდში, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული იყო ამერიკული, ბირთვულ-ტაქტიკური სარაკეტო და სარტილერიო სისტემი, რომლებიც აღჭურვილი იყო ბირთვული ქობინებით. ახლა ასეთ რამ არ აქვთ, ბომბებით და ქობინებით არ არიან აღჭურვილი. თუ გაითამაშებენ ცივი ომის სცენარს, არ ვიცი, მაგრამ ამ ეტაპზე ეს სიტუაციაა. ეს მეტ იმედს სახავს, რომ საქმე აქამდე არ მივა.
საქართველო ახსენეთ - ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნის საფუძველზე, რამდენად იზრდება ჩვენს მიმართაც საფრთხე? რაც უფრო ახლოს მივდივართ ევროკავშირთან, რამდენად არის შესაძლებელი, რუსეთისგან უფრო მეტი საფრთხე წამოვიდეს ჩვენი მისამართით?
- მთავარი არის, რომ ნატო-ში გაწევრიანებაზე არ იყოს საუბარი. ევროკავშირში გაწევრიანება არ მგონია რუსეთისთვის მაინცდამაინც რაიმე საფრთხის შემცველი იყოს და მგონი ამაზე უკვე, რუსეთის ელიტაშიც ერთგვარი კონსენსუსი არსებობს. ნატო-სა და რუსეთს შორის დაიწყო კლასიკური, ჰიბრიდული ომი და უკრაინის ომი ამას ადასტურებს.
თქვენი აზრით, როგორ მსოფლიოს მივიღებთ უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების შემდეგ?
- გეოსტრატეგიული ფონი გართულდება. ჩვენ ვიხილავთ საკმაოდ დიდ დაპირისპირებას ნატო-რუსეთის, ნატო-ჩინეთის მიმართულებით. დასავლეთმა უკვე შექმნა მეორე აზიური ნატო, რომელიც მიმართულია ჩინეთის წინააღმდეგ. ვიცით, რომ ნატო-მ ჩინეთი სამხედრო მოწინაღმდეგედ აღიარა. პირობითად რომ ავიღოთ, გაერთიანებული ნატო უპირისპირდება რუსეთს და ჩინეთს. რუსეთს უპირისპირდება ევრაზიულ სივრცეში, ხოლო ჩინეთს უპისირპირდება წყნარი ოკეანის სივრცეში.
ისე არ ქნას დასავლეთმა, რომ რუსეთმა და ჩინეთმა შეკრან ერთი თავიანთი, სამხედრო ალიანსი და აქ უკვე მოხდეს გარკვეული ქვეყნების შეყვანა, რომლებიც დასავლეთის წინააღმდეგ არიან გაერთიანებული. ეს უკვე ქმნის გლობალური დაპირისპირების მასშტაბს. რუსეთ-ჩინეთის ალიანსი ეს უკვე სერიოზული ალიანსია.