დიტო გელოვანი: ნაგავსაყრელის ანატომია

დიტო გელოვანი: ნაგავსაყრელის ანატომია

ვერაგობაც იმათი ამაშია. სულს კი დავიწყებული აქვს, ვინ არის და რისა და ვისა, მაგრამ ეშმაკეულებს - არასოდეს. იმათ წინა აქვთ ყოველი სულის სიღრმეები სავსე წუნწუხითა და შხამებითა და აგრეთვე გრძელი ნაწლავებითა, ჩასწვდებიან მის ჭუჭყსა და სკორეში დაკაპიწებულ უხილავ მკლავითა და ამოჰგლეჯენ ახალ-ახალ რამეებს და მიჰყრიან ნაკვერჩხლებზედ. ეს ამოგლეჯა იმნაირის ტკივილიანობით იქნება, რომ წინა სატანჯველნი იქ მოხვედრილ სულს იოლ რამედ მოეჩვენება, ვინაიდან ვერაგობა ჯოჯოხეთისა იქა ძევს, რომ რაც რომ ბინძურ კასრში ჩამალულია და შეზრდილა იმის კედლებსა და ერთიმეორეს, ბელზებელის ამხანაგებსა თვალწინა აქვთ და იმათი სიბინძურე კი მათთვის ნუგბარია და შიგ ხელის ჩაყოფას არად დაგიდევენ...

(აკა მორჩილაძე, „Maid in Tiflis)

ასეთი ანეკდოტი გამახსენდა - მავანი ჯოჯოხეთში მოხვდა, პოლიტიკოსები ქვაბთან მიიყვანეს. ჩახედა და რას ხედავს: ლენინი, სტალინი, ჰიმლერი, მუსოლინი და სხვები და სხვები, კუპრში მეგობრულად ბანაობენ, ჰიტლერი კი არ სად ჩანს. ის იყო, უნდა ეკითხა, ეგ სად არისო, რომ თვალი მოკრა - ბატონი შიკლგრუბერი იქვე, შორიახლოს ჩამომჯდარა, რაღაცას კითხულობს და რაღაცას წერს. რა ხდებაო? - იკითხა მავანმა. ეშმაკებმა აუხსნეს, ეგ ახლა ზის და მარქსის „კაპიტალს“ ივრითზე თარგმნისო.

ჯოჯოხეთში აუცილებლად იქნება ფსიქიატრიული საავადმყოფო, ვინძლო - რამდენიმეც, და იქ ისეთები მოხვდებიან, ვისაც აქ არ ეღირსა მანდ ყოფნის კუთვნილი „ბედნიერება“. ფსიქიატრიით კი ამ ნიუსის წაკითხვის შემდეგ დავინტერესდი - „საკონსტიტუციო სასამართლომ ფსიქიატრიული დახმარების შესახებ კანონის სადავო ნორმების განხილვა დაიწყო“

ორ მოქალაქეს, ირაკლი ქემოკლიძეს და დავით ხარაძეს, პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელი შეუტანიათ. ეს ადამიანები მოითხოვენ, რომ ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტებს „უნდა ჰქონდეთ საშუალება დადონ წვრილმანი გარიგება, მაგალითად, პური იყიდონ და სხვა მარტივი ქმედებები განახორციელონ. მეორე არის ის, რომ მათ ქორწინების უფლება არა აქვთ და მოითხოვენ ჰქონდეთ ეს უფლება, რადგან მეურვე, ვინც მათ ენიშნებათ, ვერ გამოხატავს თავის ნებას ქორწინების შემთხვევაში მათ მაგივრად, ამიტომ, მათ სრულიად ეკრძალებათ ქორწინება“.

რა მიკვირს იცით? თუ ფსიქიატრიული კლინიკის ერთ კონკრეტულ პოტენციურ ბინადარს უფლება აქვს იქონიოს ჰარემი და გაყიდოს ქვეყანა, რატომ არ შეუძლია, რომ კლინიკაში უკვე მოთავსებულმა მოქალაქემ მოიყვანოს ცოლი და იყიდოს პური?! ეს არის უსამართლობა, მით უმეტეს, რომ ყოველივე პოტენციური, ოდესმე კინეტიკური ხდება და ისიც ხომ არის ნათქვამი, მიჩვეულს ნუ გადააჩვევო... ჰოდა, პირადად მე მხარს ვუჭერ ბატონების, ქემოკლიძისა და ხარაძის ინიციატივას და ახლავე დავიწყოთ მზადება პოსტსააკაშვილისეული ეპოქისათვის.

და თუ აქ არ მოხდა ის, რომ ის არ მოხვდა იქ, ამ შემთხვევისათვის ხდება ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ - ერთი კარგი ფსიქიატრიული იქაც იქნება გახსნილი, მე და თქვენ მაგას ვერ ვნახავთ, მაგრამ წარმოსახვას წინ ვერაფერი დაუდგება და უკვე ვხედავ კიდეც ჯოჯოხეთის ფსიქიატრიულში, კაქტუსზე ჩამომჯდარ მოყრანტალე წყვილს, მიხეილ სააკაშვილს და ვალერია ნოვოდვორსკაიას. ნოვოდვორსკაია ისე ვთქვი, თორემ თეა თუთბერიძეს და ქეთა გაბიანს, შესაძლოა, სხვა მოსაზრებაც ჰქონდეთ და მინდა გითხრათ, რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ ამის გამოხატვა, ვერ დაუშლი, ბოლო-ბოლო, ესესი (სამოქალაქო სექტორი) არ მოგვცემს ამის უფლებას.

გასული კვირის მთავარი თემა, უდავოდ, დიცის ამბები იყო.

განა ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ ერთი რამის ჭამას ღორი არასოდეს მოიშლის? უბრალოდ, საინტერესო ის არის, რომ აღნიშნული ღორი მადაზე სწორედ მაშინ მოდის, როცა აქაურ ვირთხებს აწყობთ. ვინ იცის, ეს უკვე მერამდენედ ხდება და ვინ იცის, კიდევ რამდენჯერ მოხდება. რას იზამ - ქართული დემოკრატიის პრიორიტეტი ხომ „ნაციონალური მოძრაობის“ გადარჩენაა, ხოლო ევროპა და ევროპარლამენტი ხომ ქართული დემოკრატიის გადასარჩენად იბრძვიან!

„შეინიშნება გარკვეული მოძრაობები იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველო აკონტროლებს. ეს საკითხი სერიოზულ კითხვებს ბადებს და სწორედ ამის გამო ვართ ჩვენ აქ, რათა ვისაუბროთ სავარაუდო რეაქციაზე", – აღნიშნა ფილიპ დიმიტროვმა.

აზრზე ხარ, სად შეამჩნია?!

„როგორც გუშინ პაატა ზაქარეიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში ჟან კლოდ მინიონმა განაცხადა, პაატა ზაქარეიშვილამდე მან შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტთან და არც პრეზიდენტთან და არც პაატა ზაქარეიშვილთან ეს საკითხი არ განუხილავს. "ეს ინფორმაცია არ მქონდა და თქვენგან გავიგე", - მიმართა მინიონმა ჟურნალისტებს.

აი, რას ნიშნავს მეოთხე ხელისუფლება!

„ევროპარლამენტის წევრი კრჟიშტოფ ლისეკი ვანო მერაბიშვილთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „კრჟიშტოფ ლისეკმა წერილობით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან პერსონალური შეხვედრა სთხოვა“, - ნათქვამია განცხადებაში. „ევროპის სახალხო პარტიის“ პრესცენტრის ინფორმაციით, ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოს 3 ივნისს ესტუმრება და 4 ივნისამდე დარჩება. როგორც პრესცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, თეა წულუკიანისადმი წერილში კრჟიშტოფ ლიესეკმა ხაზი გაუსვა, რომ ვანო მერაბიშვილთან ვიზიტის მიზანი იმ პირობების დადგენაა, რომელშიც ყოფილი პრემიერი იმყოფება, ასევე დარწმუნდება, დაცულია თუ არა ციხეში მერაბიშვილის უფლებები“.

ანუ, ევროსტრუქტურების მთავარ ამოცანას დღესდღეობით სექსუალური უმცირესობებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა უფლებების დაცვა წარმოადგენს. აი, მოხდა 17 მაისი და ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩვენი ელჩი დაიბარეს, დაიჭირეს ვანო და პან ლიესეკიც უცებ თბილისში გაჩნდა. დიცის ამბები? არც რუსეთის ელჩი დაუბარებია ვინმეს და, სხვათა შორის, არც ვანოსთვის უკითხავთ, როგორ მოხდა, რომ ხელფეხშეკრულმა კაცმა მაღაზიის სახურავზე ააღწია. ეტყობა, ჩათვალეს, რომ ჯერ ავიდა და შემდეგ შეიკრა ხელ-ფეხი.

რა ვიცი... ალბათ, მეტი გამჭვირვალობაა საჭირო და პირადად მე, და ალბათ ბევრს, ძალიანაც გვაინტერესებს, რა უთხრა იუსტიციის მინისტრმა ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელს.

„ხელისუფლება ცდილობს, ჩამოიშოროს ოპოზიციის მთავარი კანდიდატი“, - უთქვამს ევროპარლამენტარს. ეგ კი არა, ახლა ტელევიზორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი მაქვს ჩართული, ცალი ყური იქით მაქვს მიპყრობილი და ცალი ტვინით ვასკვნი, რომ ევროვიზიაზე საქართველოს წარუმატებლობაში ბრალი ქართველ ჰეტეროსექსუალებს მიუძღვით, რომლებსაც არაფრით არ უნდათ დაიჯერონ, რომ სამყაროს სწორედ ერთსქესიანი ქორწინება გადაარჩენს.

აი, იუპიტერი მარსს რომ გაყვება ცოლად და ხელისმომკიდეებად (ხელისმომკიდეებად!!!) ნეპტუნი და პლუტონი რომ ეყოლებათ.

მე რომ ევროპა მიყვარს, არა მგონია ვინმეს ეგრე უყვარდეს, მაგრამ დახეთ ნიუსს და ჩემთან ერთად გაღიზიანდით: „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დიცთან მავთულხლართების გავლების პროცესს აკვირდება, - ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო  მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, სატელეფონო ცხელი ხაზის აქტივიზაციის შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ახორციელებდა ინფორმაციის გაცვლას დიცის ტერიტორიაზე ახალი მავთულხლართების აგებასთან დაკავშირებით“.

ეს დაკვირვება მაგარი იციან. დააკვირდებიან როგორ იხოცება ხალხი, დააკვირდებიან, როგორ იტაცებენ ადამიანებს და მერე ჩაგიტარებენ ლექციას და აგიხსნიან, რომ სანამ ჯუმბერა ჯონდოს არ დააორსულებს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და მაპზე არც კი უნდა ვიოცნებოთ. ჩვენ კიდევ, დავდგეთ და ვუსმინოთ. თემა არ მოგწონთ? არც ეგ არის პრობლემა. 

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პარლამენტის წევრი გიორგი კანდელაკი დღეს 1921 წლის ოკუპაციაზე საჯარო ლექციას გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, შეხვედრა ისტორიის მოყვარულთა კლუბის ინიციატივით ტარდება. „ლექციაზე მიმოხილული იქნება 1921 წლის საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის სამხედრო კამპანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომლის მიზანი ყოფილი იმპერიული რუსეთის ტერიტორიებზე კონტროლი იყო. ამასთანავე, საუბარი იქნება, თუ რა საფრთხეების წინაშე შეიძლება იდგეს დღევანდელი ქართული სახელმწიფო“, - აცხადებენ უნივერსიტეტში.

ეგეთი იმბეცილი ლექციას რომ ჩაატარებს, თან ასეთ თემაზე, თავმოყვარე და შვილმოყვარე მშობელმა იმ უნივერსიტეტში შვილი როგორ უნდა გაუშვას?!

წარმოუდგენელია, არა?

სულაც არა.

„წარმოუდგენელია, აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევას საუბარი არ შეეხოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ზურაბ აბაშიძის განცხადების კომენტირებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა. მისი თქმით, ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევა ახალი ამბავია და თუ რა ფორმით გაჟღერდება ის აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე, ეს კონსულტაციების შედეგად გადაწყდება“ - იუწყებოდა ჩემი მეგობარი სააგენტო, ოღონდ იუწყებოდა მას შემდეგ, რაც იუწყებოდა ამას: „უსაფრთხოების თემები, მათ შორის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარსა და საოკუპაციო ზოლზე შექმნილი პრობლემები ჟენევის ფორმატში განიხილება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განუცხადა. მისი თქმით, ამ საკითხს რუს კოლეგასთან ორმხრივ ფორმატში არ განიხილავს, რათა ჟენევის ფორმატის დუბლირება არ მოხდეს. „ეს ძალიან პრინციპული საკითხია, ამიტომ ასე ჩამოვყალიბდით. ორმხრივი დიალოგის ფარგლებში განვიხილავთ სავაჭრო ურთიერთობებს, სატრანსპორტო კავშირების პრობლემებს და ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობების საკითხებს“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ“.

ჩვენში დარჩეს და, თუ რუსები იმ მავთულხლართებს სამხრეთით ნინოწმინდამდე და აღმოსავლეთით ლაგოდეხამდე გადმოწევენ, ორ სახელმწიფოს შორის სატრანსპორტო კავშირების პრობლემები თავისთავად მოგვარდება, ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობები კი საერთოდ აღარ იქნება აუცილებელი.

რომ ვაკვირდები, ასე მგონია, რომ ზურაბ აბაშიძეს ორი ბატი არ უნდა ანდო, რა თქმა უნდა, თუ ბატებზე გული შეგტკივა. ჰოდა, ორ ბატს არც ანდობენ. ორ ბატს გაცილებით მეტი პრაქტიკული ღირებულება გააჩნია, ვიდრე ჟენევის ფორმატს და აბაშიძე-კარასინის ყველა შეხვედრას ერთად აღებულს.

სანამ ამ მოლაპარაკებებზე დაინიშნებოდა, აბაშიძე იყო ექსპერტი და, როგორც ხედავთ ექსპერტად დარჩა - ლაპარაკობს ბევრს, მაგრამ არ ამბობს არაფერს. მაინც მაგას უშვებენ და რომ უშვებენ, შედეგი - რა?! აგერ, როენა ერთხელ დაიჭირეს, სამი წელი იჯდა, გამოუშვეს და თუ აბაშიძე ექსპერტად დარჩა, როენა დარჩა მამაშად. გასულ კვირაში ისევ დაიჭირეს და ისევ გამოუშვეს

 თბილისის საქალაქო სასამართლომ, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, რესტორან „შემოიხედეს“ მეპატრონე როენა ხუცურაულს 40 000-ლარიანი ჯარიმა, ერთწლიანი პირობითი სასჯელი და ორწლიანი გამოსაცდელი ვადა შეუფარდა. საპროცესო შეთანხმება პროკურატურას, მსჯავრდებულ როენა (მამაშა) ხუცურაულსა და მის ადვოკატს, გელა კობახიძეს შორის გაფორმდა.

ეს ორწლიანი გამოსაცდელი ვადა რაღა იყო? ორი წლის შემდეგ ქალიშვილობაზე შეამოწმებენ თუ როგორ?

საერთოდ, არასოდეს ვყოფილვარ პროსტიტუციის ლეგალიზაციის მომხრე, მაგრამ რაღაც დროის განმავლობაში ეს თემა არ გამხსენებია და ამასობაში პროსტიტუციის ლეგალიზება თვალსა და ხელს შუა მოხდა. ამას შემდეგი ნიუსი ადასტურებს: „დედაქალაქის საკრებულოს უმცირესობაში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან" კიდევ ორი დეპუტატის გადასვლას ელოდებიან. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-თბილისელების" თავმჯდომარემ, გულიკო ზუმბაძემ განაცხადა, უკვე დიდი ხანია, უმრავლესობასა და საკრებულოს ოპოზიციურ წრეებში "ნაციონალური მოძრაობიდან" კიდევ ორი დეპუტატის წამოსვლის შესაძლებლობაზე საუბრობენ“.

ეს ნიუსიც რომ არა, გეხსომებათ, რომ გასულ კვირაში საპარლამენტო უმრავლესობამ სააკაშვილის ვეტო ორჯერ დაძლია და მართალი გითხრათ, წესით და რიგით, სააკაშვილი არც აღშფოთებული უნდა იყოს და არც შეშფოთებული - პოლიტიკური პროსტიტუციის მამა სწორედ იგია, ხოლო მაჭავარიანი, ბარამიძე, წიკლაური და სხვები, ყველა ერთად, კოლექტიურ დედად უნდა ჩაითვალოს.

ერთსქესიანი ქორწინება და ჰარემი-მეთქი, ზემოთ რომ ვამბობდი... ამის გათვალისწინებით, უკვე გასაგებია, რაც მოხდებოდა სააკაშვილისა და საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრაზე, რომელიც ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. „როგორც უმცირესობის წევრებმა განმარტეს, ისინი საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რადგან დაკავებულია პარტიის გენერალური მდივანი, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა შეცვალონ გეგმები და სტრატეგიები და სხვა გეგმით იმოქმედონ“.

გეგმებს და სტრატეგიას, რა თქმა უნდა, „კამა-სუტრას“ მიხედვით განაახლებენ, მაგრამ გიგი წერეთელი ყავთ და „კამა-სუტრას“ აუცილებლობა შესაძლოა აღარც დადგეს. გასულ კვირაში გიგი წერეთელი ვანო მერაბიშვილს ესტუმრა. ახლა, ვანო დაღონებული რომ არის, ამას წყალი არ გაუვა, არც გარეთ ხდება რამე ისეთი, მისი დაკოდილი გული რომ გაამთელოს, თუმცა, სააკაშვილს ერთი მცდელობა მაინც ჰქონდა: „ჩვენ გვაქვს ეროვნული გმირის წოდება. მინდა შემოვიტანო საკანონმდებლო ინიციატივა, რომ ეროვნული გმირის წოდების მქონე ადამიანს, სიცოცხლესა თუ სიცოცხლის შემდეგ, ჰქონდეს მინისტრის დონის ხელფასი. ამაზე მეტი ვის უნდა მივცეთ ხელფასი?! საქართველოში ყველაზე მეტი ხელფასი ეროვნულ გმირებს უნდა ჰქონდეთ“.

არა მგონია, რომ ამან ვანოს შვება მოგვაროს, თუმცა ეს ის ჩიტია, რომელიც ბდღვნად ღირს.

ახლა კი, ერთი ცუდი და ერთიც კარგი ამბავი ნაციონალებისთვის და მათთვის, ვისთვისაც ნაცების გადარჩენა ქართული დემოკრატიის უპირველეს ამოცანას წარმოადგენს. ჯერ, ცუდი ამბავი, მერე - კარგი.

პირველი: „მშენებლობა ნებართვის გარეშე დაიწყეს და მშენებლობა დაუმთავრებულია. დღემდე ვერ მოახერხა მშენებელმა ორგანიზაციამ შესაბამისი საექსპერტო ბიუროდან დასკვნის მოტანა, რომ პარლამენტის შენობა მყარია და რომ ექსპლუატაციაში გადაცემა შეიძლება. ასე, რომ ჩვენ, ვინც აქ ვართ, ყოველთვის საფრთხის ქვეშ ვართ", - აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.

მეორე: „ქუთაისში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტზე იმსჯელეს. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია, მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი ქუთაისში KFW-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ“.

წესით და რიგით, ნაცებს და მათ მხარდამჭერებს ახალ ნაგავსაყრელზე უნდა ერჩიოთ, თუმცა, თუ ახლა მარიამ საჯაია გამოვა და იტყვის, მე ახალი არ მინდა, ძველი მირჩვნიაო და თუ თინათინ ბოკუჩავაც აუბამს მხარს, ვფიქრობ, მათთვის ძველ ნაგავსაყრელზეც მოინახება ადგილი, მაია ნადირაძისა და კობა ბექაურის გვერდით.

დიდი ნაგავსაყრელი უნდა გაკეთდეს, ადგილი ყველას უნდა ეყოს.

ეგეთია ნაგავსაყრელის ანატომია. რაც შეეხება „ანატომიის“ ანატომიას, ამაზე სხვა დროს და სხვა ფორმატში იყოს.

ე.ა. (ეგეთი ამბებია) ატკივებული სული რომ ატკივებულ სულს შეეჯახება, ორივეს მეტად და მეტად ასტკივდება და ამით ძალიან ხალისობს ბელზებელი, რომელიც იმის გამოგონებაშია, როგორ აატკივოს სულები კიდევ უფრო მეტად და ტანჯოს ისინი.

(აკა მორჩილაძე, „Maid in Tiflis)