პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვს წევრს სავარაუდოდ, 12-14 ივნისს აირჩევს, თუმცა, მანამდე, დეპუტატებს კანდიდატთა შერჩევა მოუწევთ. საბჭოს წევრობის სურვილი 45 პირმა გამოთქვა, რომელთაც პარლამენტში დოკუმენტაცია 31 მაისამდე წარადგინეს, თუმცა, აღნიშნულიდან 15 პირს დოკუმენტაცია არასრულად აქვს მომზადებული და რეგლამენტის გათვალისწინებით, ისინი კონკურსს უნდა გამოეთიშონ, რადგან კანონმდებლობა არასრული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, ხარვეზის შევსების პროცედურებს არ ითვალისწინებს. დოკუმენტაციის შესაბამისობას კი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ამოწმებს.
კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტებისა და პარლამენტის მხრიდან დასამტკიცებელი წევრების არჩევის პროცედურები რეგლამენტით არის განსაზღვრული, რომლის მიხედვითაც, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია კანონითა და რეგლამენტით დადგენილი წესით, 2013 წლის 31 მაისის ჩათვლით, პარლამენტს წარუდგინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატისა.
კანონმდებლობით, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტებია: კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ აქვს ასეთი შრომები), ასევე კანდიდატურის წარდგინებას სარეკომენდაციო წერილი უნდა დაერთოს და საჭიროა კანდიდატის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია − აგრეთვე იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ორი წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში.
for.ge იმის გარკვევას შეეცადა, ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაცია რომელმა პირმა არ წარადგინა სრულყოფილად. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ხარვეზებს შეიცავს შემდეგ პირთა დოკუმენტაციები - ზაურ გურგენიძის, („ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ მიერ არის წარდგენილი), ირაკლი ბრეგაძის (მედიაკავშირი „ობიექტივი), კახა წიქარიშვილის (ა(ა)იპ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-ს გამგეობა; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) დავით კერესელიძის (საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ა(ა)იპ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-ს გამგეობა) ნინო ბაქაქურის (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია), გიორგი გიორგაძის (ა(ა)იპ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-ს გამგეობა) ოთარ ბენიძის („აფხაზეთის დევნილთა კავშირი“), მაია სულხანიშვილის (ერთსულოვნება საზოგადოებრივი უფლებებისათვის, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია), ბექა ქანთარიას (საქართველოს უნივერსიტეტი - 10 წლის სპეციალობით მუშაობის გამოცდილება არ აქვს), მარიამ პაპოშვილის (ახალგაზრდა იურისტთა კავშირი), ლევან ბერიძის (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისია - წარმოდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ), ავთანდილ აბაშიძის (ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი), ლეილა არხოშაშვილის (ერთსულოვნება საზოგადოებრივი უფლებებისათვის) და ზურაბ ყვავაძის (საქართველოს ახალგაზრდა და ამაგდარ პედაგოგთა ასოციაცია - წარმოდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ).
რაც შეეხება სამ კანდიდატს - გელა ჩივაძეს (სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა მიმართ სამართლიანობის დაცვის ორგანიზაცია), როინ მიგრიაულსა (საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფესიისათვის) და ინგა ბერიძეს (საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფესიისათვის), შენიშვნების გრაფაში მათ შესახებ მითითებული არ არის, ეს პირები მოთხოვნებს აკმაყოფილებენ თუ არა. დანარჩენი 30 კანდიდატის მონაცემები კი, სრულყოფილად არის წარდგენილი, რომელთა შორისაც არიან - გიორგი თუმანიშვილი, ლევან ხეცურიანი, ჯემალ გახოკიძე, მამუკა სონღულაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი, კახაბერ სოფრომაძე, მადი ჩანტლაძე, გიორგი თევზაძე, ვახტანგ თორდია, გიორგი გიორგაძე, გოჩა მამულაშვილი, გია მეფარიშვილი, იმედა დვალიძე, ცისმარი ონიანი, ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ჯიბღაშვილი, ირმა მახათაძე, მარიამ იცისკაძე, ირმა მახათაძე, მალხაზ ბეგიაშვილი, ევა გოცირიძე, იური ტაბუცაძე, ნაზიბროლა ჯანეზაშვილი, ვასილი გონაშვილი, მორისი შალიკაშვილი, გიორგი გოგიაშვილი, ირმა მერებაშვილი, არჩილ ლორია და დავით სულაქველიძე.
იქედან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ მომზადებული რეგლამენტი ხარვეზის შევსების პროცედურებს არ ითვალისწინებს, პარლამენტი დაუშვებს თუ არა გამონაკლისს, ეს ცნობილი დღევანდელ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გახდება, რომელიც 14:00 საათზეა ჩანიშნული.
აღნიშულ საკითხზე თუ რა პოზიციები აქვთ უმრავლესობასა და უმცირესობაში, ამის გარკვევის მიზნით, for.ge იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ვახტანგ ხმალაძესა და კომიტეტის წევრს, ლევან ბეჟაშვილს დაუკავშირდა.
ბეჟაშვილის განმარტებით, კანონით მკაცრად არის განსაზღვრული თარიღი, რომ იურიდიული დეპარტამენტის სახელზე, დოკუმენტაციის შეტანა 31 მაისის ჩათვლით უნდა მოხდეს.
მისი თქმით, კანონმდებლობა ხარვეზების აღმოფხვრელად გამონაკლისს არ უშვებს.
„კანდიდატებს საკმარისი ვადა ჰქონდათ იმისათვის, რომ კანონის შესაბამისად, დოკუმენტაცია წარმოედგინათ. კანონმდებლობა დისკრეციას რომლიმე თანამდებობის პირს არ აძლევს, რომ დაადგინოს კანონმდებლობიდან დადგენილი ვადები და პროცედურები. შესაბამისად, გამონაკლისის დაშვების კუთხით, ჩვენც შეზღუდულები ვიქნებით. ვფიქრობ, რომ გამონაკლისები არ უნდა იქნეს დაშვებული, რადგან ვადები და პროცედურები დადგენილია, რომელშიც ყველა უნდა ჩატეულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა აზრი აქვს კანონით რაიმე ვადის დადგენას, თუ რომელიმე თანანმდებობის პირს ამ პროცდურების გადაწევისა და შეცვლის საშუალება ექნება?! როგორც ვიცი, კანდიდატებმა დოკუმენტაციები 31 მაისს, საბუთების წარდგენის ვადის დასრულებამდე 30 წუთით ადრე წარადგინეს, რაც თავისთავად რაღაცა ეჭვებს აჩენს და პროცესი გვაჩვენებს, თუ რასთან გვაქვს საქმე“, - განუცხადა for.ge-ს ბეჟაშვილმა.
ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, კანდიდატებს ხარვეზების შევსების პროცედურად დრო ორშაბათის 12:00 საათამდე მიეცათ.
„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, დღეს, 12:00 საათზე რა ვითარება იქნება. მართალია, საბუთების მიღება 31 მაისს დამთავრდა, მაგრამ დღის განმავლობაში ვის საბუთებშიც ხარვეზი ნახეს, მას უთხრეს, რომ - თუ ორშაბათამდე ამ ხარვეზებს გამოასწორებენ, არავის არანაირი პრობლემა არ ექნება. ხოლო, ვისი საბუთიც ხარვეზიანი დარჩება, ისინი საქმიანობას ვეღარ გააგრძელებენ. ეს გამონაკლისი იმიტომ დავუშვით, რომ ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდეთ ეს ხარვეზები გამოასწორონ“, - განუცხადა for.ge-ს ხმალაძემ.
კანონი დაირღვა თუ არა იმით, რომ 15 კანდიდატს ხარვეზების გამოსწორების უფლება მიეცა, ამაზე ხმალაძე აცხადებს, რომ კანონის არანაირი მოთხოვნა არ ირღვევა.
„ვინც 31 მაისამდე დოკუმენტაცია არ შემოიტანა, ის ვეღარც შემოტანს, მაგრამ წარმოდგენილ საბუთებში იყო რაღაცა ხარვეზი, მაგალიათად, ის, რომ ერთ-ერთ პირს 10 წლის სტაჟის დამადასტურებელი რომელიღაც დოკუმენტი არ ჰქონდა და მას ნამუშევარი 9 წელი ჰქონდა. იქედან გამომდინარე, რომ ერთი წელი არ ჩანდა, ასეთ შემთხვევაში, მას შეატყობინეს, რომ ხარვეზი გამოესწორებინა. ვიღაცას დოკუმენტზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი და ა.შ“, - განმარტავს ხმალაძე, მაგრამ ეპატიებათ თუ არა მსგავსი შეცდომების დაშვება იმ პირებს, რომელთაც პოსტზე დანიშვნის შემდეგ მოსამართლეთა კვალიფიკაცია უნდა განსაჯონ, ხმალაძე ამბობს, რომ შეცდომა ყველას მოსდის.
„აბა, რა გითხრათ?! შეიძლება, ამას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. შეიძლება სიჩქარის ბრალი იყოს. შეცდომა ყველას მოსდის და ნურავინ დაიტრაბახებს, რომ შეცდომა არასოდეს მოსვლია და არასოდეს შეეშლება“, - დასძენს დეპუტატი.
საბოლოო ჯამში, პარლამენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს დღესვე გახდება ცნობილი, მაგრამ for.ge-ს ინფორმაციით, აღნიშნულ 15 პირს შორის უმრავლესობის ფავორიტებიც მოხვდნენ, რომელთა გამოცნობასაც უმცირესობა იმით შეეცდება ხელისუფლება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თუ ვის დაიცავს „გააფთრებით“.
რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ექვსი პირის არჩევის წესს, რეგლამენტით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან ექვს წევრს პარლამენტი, კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩევს. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად პარლამენტის კვოტით არჩეული კანდიდატები პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით გამოვლინდება. თუმცა, თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსება, კენჭისყრის მომდევნო ტურებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით გამოვლინდება, ამასთან ასეთი კვორუმით არჩეულ წევრთა რაოდენობა ექვსიდან ოთხს არ უნდა აღემატებოდეს.
რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკუთრივ მოსამართლე წევრებს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონით, საბჭოს მოსამართლე წევრებისა და მდივნის არჩევას მოსამართლეთა კონფერენცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების გარეშე უზრუნველყოფს.
კერძოდ, კანდიდატურის დასახელება მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს შეუძლია. კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრი, რომელიმე სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მოადგილე, თუ ბოლო ორი თანამდებობა მას კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეობის გამო არ უკავია. კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეების რაოდენობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამი წევრით შემოიფარგლება.
ამასთან, კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის თავზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდებათ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, პარლამენტის მიერ არჩეულ და პრეზიდენტის მიერ დანიშნულ წევრებს, აგრეთვე, იმ მოსამართლე წევრებს, რომელთაც უკავიათ ან უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ეკავათ სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილის, პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობა, ან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეული იყვნენ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ.