დიდიდიდი ცვლილება - საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში აზიიდან წამოსული ტვირთების რაოდენობა ერთბაშად გაიზარდა

დიდიდიდი ცვლილება - საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში აზიიდან წამოსული ტვირთების რაოდენობა ერთბაშად გაიზარდა

რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალისთვის, უდიდესი შესაძლებლობა გახდა. ომის გამო ტვირთის მოზიდვა დაიწყო და კიდევ უფრო გააქტიურდა. ამასთანავე არსებობს დიდი შანსი, რომ მასშტაბები კიდევ გაიზარდოს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში ტვირთები გაზრდილია, ხოლო ყაზახეთმა საქართველოზე გამავალი დერეფნით ნავთობის გადაზიდვა უკვე დაიწყო, რაზეც განაცხადი მიმდინარე წლის აპრილში გააკეთა.

„რაც შეეხება სატვირთო კორიდორში ახალი რეალობის გათვალისწინებით მოზიდული ტვირთების საკითხს, განაცხადი უკვე არის და ყაზახეთმა ნავთობის ტრანსპორტირება დაიწყო, რაც წელიწადში 2 მლნ ტონას შეადგენს. ამას გარდა, დამატებით სხვა ყაზახური ნავთობპროდუქტები 600 ათასი ტონა იქნება. ასევე იგეგმება 2.5 მლნ სხვადასხვა მშრალი და ნაყარი ტვირთის (როგორებიცაა გოგირდი და სასუქები) ზრდა, გადაზიდვა.

ჩვენი მოლოდინით 40-50 ათასამდე საკონტეინერო ერთეულით მოიმატებს კორიდორში ტვირთების რაოდენობა. ეს, ძირითადად, ჩინეთიდან, ცენტრალური აზიიდან ევროპაში მიმავალი ტვირთია. ამ პროცესში გამოყენებული იქნება როგორც ჩვენი, ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალიც“, - განაცხადა გურამიშვილმა ევროპასთან ინტერგაციის კომიტეტის სხდომაზე.

მიმდინარე მოვლენების პარარელურად საქართველოს სატრანზიტო მიმართულებაზე კიდევ ერთი გადამზიდი, ფინური კომპანია „ნურმინენ ლოგისტიკსი“ გადაერთო, რომელმაც რუსეთში ოფისი 17 მარტს დახურა და ამ ქვეყნის გვერდის ავლით დაიწყო ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით გადაზიდვების წარმოება.

„2022 წლის 10 მაისს სამხრეთის ახალი ტრანსკასპიური მარშრუტით უკვე დაიძრა „ნურმინენ ლოგისტიკსის“ კუთვნილი პირველი სრულშემადგენლობიანი საკონტეინერო მატარებელი“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, - „მარშრუტი ჩინეთის ჩუნცინში იწყება და ყაზახეთზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და რუმინეთზე გადის ცენტრალური ევროპის მიმართულებით“.

მანამდე კი, აპრილის შუა რიცხვებში ჩინეთიდან ევროპაში რუსეთის გვრდის ავლით უკვე გაიარა საკონტეინერო მატარებელმა, რომელიც სიანიდან დაიძრა და გერმანიაში საქართველოს ტერიტორიის გავლით ჩავიდა.

ნათელია, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა ჩრდილოეთ სატრანსპორტო დერეფნისთვის რისკები შექმნა, რამაც ალტერნატიული შუა დერეფნის მნიშვნელობა მანძილის, გადაზიდვის დროისა და უსაფრთხოების კონტექსტში გაზარდა. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ადი კარაისმაილოღლუმ ისაუბრა ე.წ. შუა დერეფნის მარშრუტზე. იგი გულისხმობს ჩინეთი-ყაზახეთი-კასპიის ზღვა-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი ან შავი ზღვა-ევროპის მიმართულებას, ასევე, საპირისპირო მიმართულებით ტვირთების გადაზიდვას. ამ სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ მოკლე მანძილი და დროა.

მინისტრი აცხადებს, რომ შუა დერეფნის მარშრუტი გადის რეგიონებზე, რომლებიც მსოფლიო ვაჭრობის 30%-ს მოიცავს. კარაისმაილოღლუს მონაცემებით, სატვირთო მატარებელი, რომელიც დღეს ჩინეთიდან ევროპისკენ შუა დერეფნით მიემგზავრება, 12 დღეში 7000 კმ მანძილს გადის, მაშინ, როცა იმავე 12 დღეში იგივე მატარებელმა ჩინეთიდან ევროპაში ჩრდილოეთ მარშრუტით, ანუ რუსეთის ტერიტორიის გავლით 10 000 კმ უნდა გაიაროს. მით უმეტეს, თუ ტვირთის გადაზიდვა სამხრეთ დერეფნის გასწვრივ, სუეცის არხის გავლით მოხდება, მაშინ, მინისტრის თქმით, „ევროპელ მომხმარებლებს 45-დან 60 დღემდე ლოდინი მოუწევთ, ვიდრე ის აზიიდან ევროპამდე 20 000 კმ მანძილს არ გაივლის“.

თურქი მინისტრი აცხადებს, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან აპრილის ბოლომდე შუა სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ 1,070 მილიონ ტონამდე ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა. ამასთან, თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გეგმავს, თურქეთსა და ჩინეთს შორის სარკინიგზო ტრანსპორტით საქონლის მიწოდების დრო 12-დან 10 დღემდე შეამციროს.