ჭკუასელის ორიანები

ჭკუასელის ორიანები

გუშინ სრულიად მსოფლიოში და რასაკვირველია საქართველოშიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. გაგახსენებთ, ეს ზეიმი 1949 წლის ნოემბერს, მსოფლიოს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა.

კვირაობით ქართველი პოლიტიკოსების, სპორტსმენებისა და ხელოვანების სხვადასხვა მოგონებებს ხშირად გთავაზობთ. დღეს გადავწყვიტე რამდენიმე პოპულარული ჩვენი თანამემამულის ბავშვობა გაგახსენოთ. თავდაპირველად მსურდა რომ მკითხველის სამსჯავროზე ქართველი პოლიტიკოსების სიყრმის წლებიდან რამდენიმე „ისტორია“  გამომეტანა. მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ამ საპატიო პროფესიის ხალხს ადრეული ასაკის გახსენება არ უყვარს. ამის მიზეზს ნამდვილად ვერ მოგახსენებთ. ალბათ ზოგი მათგანი ძნელად აღსაზრდელი, გაქანებული ოროსანი ან წარჩინებული პიონერი ბრძანდებოდა და ამ მოგონებების საზოგადოებისთვის გაცნობა რატომღაც ეთაკილება.

დღევანდელი წერილის „გმირები“ რეჟისორი მაკა ბურდული და „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ბატონი ჯემალ ჭკუასელი იქნებიან.

ალბათ გახსოვთ წინა საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისი, როდესაც თბილისში იმდროინდელი საბჭოთა კავსირის პირველი პირი ლეონიდ ბრეჟნევი ჩამობრძანდა. მაკა ბურდულს ამ პიროვნებასთან განსაკუთრებული მოგონება აკავშირებს. გაგიკვირდებათ და „ბიძია ლეონია“ მაშინ მაკას მამის, ბატონი გუჯა ბურდულის მკაცრ შურისძიებას გადაურჩა.

„მეტიჩარა ბავშვი ვიყავი, ბუთხუზა, წითელლოყებიანი. ნათესავებს და ოჯახის მეგობრებს ხშირად უჩნდებოდათ ჩემი კოცნისა და მოფერების სურვილი. რადგან მგრძნობიარე და ნაზი სახის კანი მქონდა, მამაჩემი ოჯახის წევრებსაც უკრძალავდა ჩემს კოცნას და დედაც კი არასოდეს მკოცნიდა მამას თანდასწრებით.

ერთ მშვენიერ დღეს, მზე დასავლეთიდან ამოვიდა - ლეონიდ ბრეჟნევი საქართველოში ჩამობრძანდა. მე პიონერთა სასახლის შემოქმედთა სახელით წავიკითხე ლექსი სახელოვანი სტუმრის პატივსაცემად და ულამაზესი თაიგულიც მივართვი. თავს ვიწონებდი ლამაზი კაბით და „რუშებიანი“ ტრუსიკით.

ბატონმა ბრეჟნევმა მაკოცა, რაც უკომენტაროდ არ დამიტოვებია. რუსულ სკოლაში ვსწავლობდი, ამიტომ სტუმარს ვუთხარი მისთვის მშობლიურ ენაზე, ჩემი კოცნისთვის მამაჩემი გაგიბრაზდებათ-მეთქი.

ბრეჟნევს გაეცინა და ერთხელ კიდევ მაკოცა. მე კიდევ დიდხანს მიკვირდა, რატომ აპატია მამაჩემმა ვიღაც ბრეჟნევს მისი სურვილის საწინააღმდეგო საქციელი“.

პოლიტიკურ ლიდერებთან ურთიერთობა პატარა მაკას ბავშვობიდანვე დაებედა. იცით თუ არა, რომ ბურდული და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთ სკოლაში სწავლობდნენ.

„მე და ბატონმა პრეზიდენტმა ერთი სკოლა დავამთავრეთ. მე და მიშას ერთნაირი „ხელწერა“ გვქონდა - დიდხანს ვერ ვჩერდებოდით და ერთმანეთს ყოველწუთს ვხვდებოდით ხან დერეფანში, ხან ბუფეტში, ხან პირველ და ხან ბოლო სართულებზე...

როცა წლები გავიდა და მიშა იუსტიციის მინისტრი გახდა, ტელევიზიაში შევხვდით. მე გამოცნაურება არ მიფიქრია, რადგან ხშირად გადიდკაცებას გულმავიწყობაც ახლავს. მიშამ გულთბილად მომიკითხა და მისაყვედურა დავიწყება: „ნუთუ ასე შევიცვალე, რომ არ გამომეცნაურეო“. ვუთხარი - მინისტრი კაცი ხარ, იქნებ, აღარ გახსოვდე-მეთქი. გაიცინა, მინისტრობა სკლეროზის გაჩენას არ ითვალისწინებსო. შენ კი ყველგან იყავი საზამთროს მზესავითო.

მაშინ ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა საზამთროს მზე. მერე კი, როცა მულტფილმ „საზამთროში“ მზის სიმღერა მოვისმინე „აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ“ ჩვენი ცელქი პრეზიდენტი და ჩემი ბავშვობა გამახსენდა.“

მომავალი რეჟისორი გაიზარდა და ამ ცხოვრებამ კიდევ ერთ ქართველ პოლიტიკოსთან დააკავშირა. მაშინ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე სტუდენტი გახლდათ და ახალგაზრდა მაკა ბურდული თბილისის პიონერთა სასახლეში გაიცნო.

„პიონერთა სასახლეში ვმუშაობდი მხატვრული კითხვის მასწავლებლად. თურმე, მშობლები ჩემთვის სარვამარტო საჩუქრის საყიდლად ფულს აგროვებდნენ. მათ რიცხვში შედიოდა პარლამენტის თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ბურჯანაძეც, რომელიც იმ დროს სტუდენტი იყო.

ქალბატონმა ნინომ გამაფრთხილა - „მაკა, საჩუქრის ყიდვას გიპირებენ, ვიცი, თქვენ ამის გამო თავს უხერხულად იგრძნობთ და მიღებას არ დაუშვებთ, რადგან პიონერთა სასახლეში სწავლა უფასოაო“.

უკვე მორთმეული საჩუქრის უკან დაბრუნება, თანაც ჯგუფისგან, უხერხულად მივიჩნიე. ამიტომ ქალბატონი ნინოს გავლენით გადავწყვიტე წინასწარ აღკვეთა მოსალოდნელი უხერხულობისა. დავიბარე ერთი მშობელი და ვუთხარი: გავიგე, სიურპრიზს მიმზადებთ სარვამარტოდ და გეხვეწებით, გადაიფიქრეთ-მეთქი. ამ ამბავმა მშობლებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. იყო ასეთი ვერსიები: მღვდელმა თქვა, დიაკვანს რამე მოართვითო, გვინამიოკებს, რომ პატივისცემა მიიღოსო, ჩვენც პირდაპირ გავიგოთ და არაფრად არ ჩავაგდოთ, რაც არ უნდა ღმერთმა არ მისცესო და ა.შ.

ჩემი კორუფციასთან ბრძოლის მცდელობა კრახით დამთავრდა, რადგან მშობლებმა ჩემს ნათქვამს ფუმფულა კუდები გამოაბეს და რაც მთავარია, ღიმილიანი სალამი პირქუში თავის დაქნევით შეცვალეს.“

მაკა ბურდულის შემდეგ სიტყვას „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ ჯემალ ჭკუასელს გადავცემთ. გაგიკვირდებათ და მომავალი ხელოვანი სკოლაში გაქანებული ოროსანი ყოფილა.

„მამაჩემი, შერმადინ ჭკუასელი, მომღერალი და ლოტბარი, თავისებურად ფიცხი კაცი გახლდათ. ამავე დროს სამართლიანიც იყო, რაც მის სიფიცხეს, ერთგვარად ანეიტრალებდა. მერვე კლასში „ოროსნული“ გრიპი შემეყარა ფარსაგად. დაიბარეს მამაჩემი სკოლაში, ალბათ ეგონა - წარჩინებული შვილი მყავს, ქების სიგელს აძლევენ და იმიტომ მიბარებენ - ბაღანამ გზაში არ დაკარგოს, პირადად მშობელს მივცეთო. შეგვიყვანა პატივცემულმა დირექტორმა კაბინეტში, გამოუძახა ჩემს რამდენიმე პედაგოგს და დაუდეს მამაჩემს ცხვირწინ, მაგიდაზე ჩემი წლიური „ნაშრომ-ნაგმირალი“ მონაცემები.

- რაია აგი? - მძიმედ იკითხა მამაჩემმა.

- თქვენი შვილის ბრწყინვალე ნიშნებია, ბატონო შერმადინ, მზის სათვალე გოუკეთეთ, თვარა შეიძლება თვალები მოგჭრათ, თავი არ დეიღუპოთო, - ჩაიქირქილა დირექტორმა.

მამაჩემმა გრაფაში ნიშნებს თითი გააყოლა... „ორი, ორი, ორი“, მოკლედ სულ გადაუტეხავთ, ტკიცინა ორიანებია, განსაკუთრებით, დასაწყისში. ერთი სამიანი არ ურევია არომატისთვის. ამ ორიანების სულ ბოლოში თოვლზე ამოსული ვარდივით ბზინავს ობოლი „ხუთიანი“.

- აგი ხუთიანი ამისია, თუ დეესესხა ვინმეს? - არ იჯერებს მამაჩემი.

ყველა ჩვენ გვიყურებს, ელიან, ახლა წამოხტება მამაჩემი, მებდღვნება და ვაი შენს ჯემალს, თან გასაშველებლად ემზადებიან.

მამაჩემი მართლაც ფეხზე წამოხტა და სკოლის დირექტორსა და მასწავლებლებს აქტიურად შეუტია.

- დაგასხით თავსლაფი თქვენც და თქვენს სკოლასაც, რაია აგი, მარტო სიმღერაში რო დაგიწერიათ ე ხუთიანი (რა ემღერება ამ ვირს?!), მოსაკლავი თქვენ ხართ თვითონო, სიმღერას ხომ მე სახლში ვასწავლი და თქვენ რაღას ასწავლით, სულ ორებით რომ გაგიბერიათ?! - შეარცხვინა პედაგოგები და წამაჩანჩალა სახლში“.

გავიდა წლები, ბატონ ჯემალს ასაკი მოემატა, ცნობილი ხელოვანი გახდა და ბაბუის საპატიო თანამდებობაც მოირგო.

„თათია მყავს შვილიშვილი, ბაბუს გულის მადლი, ბებოზეა განსაკუთრებით მიწებებული. მხოლოდ ბებოს და ბაბუს შუაში წვება. ერთხელ, როგორც იქნა, დედამისმა (ჩემი რძალი სვანია და ჭკუასელიანს ეძახიან) ბუზღუნ-ბუზღუნით წაიყვანა. გაყვა, მაგრამ წარბები შეკრული აქვს, ხმას არ იღებს.

დაძინების დრო მოვიდა და დედამისი იხდის. თათიამ უთხრა: რას შვრები, როგორ არ გრცხვენია, აქ მამაჩემია. მამაშენი ჩემი მეუღლეაო. მერე რა, კაცია და არ შეიძლება კაცთან ასე მოქცევა - შარზეა თათია. დედამისი უხსნის: ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ, ამიტომ დასაშვებიაო. მოიცა, მოიცა, ბებიაჩემი ხომ არ იხდის ბაბუაჩემთან, ისინი ამხანაგები არიან?

ეს მოვუყევი ჩემს მეუღლეს, იმან ამოიოხრა და თქვა: ეჰ, ბებო, ასე გადაეცი დედაშენს და მამაშენს, მაგენიც იქნებიან „ამხანაგებიო“.