უცხოელები საქართველოში ვერც სახელმწიფო და ვერც კერძო მიწას ვერ იყიდიან

უცხოელები საქართველოში ვერც სახელმწიფო და ვერც კერძო მიწას ვერ იყიდიან

საქართველოში დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში უცხოელები ვერც სახელმწიფო და ვერც კერძო მიწას ვერ შეიძენენ.  ეს იმიტომ, რომ 2014 წლის ბოლომდე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირი მიწას ვერ დაარეგისტრირებს. მოსახლეობის, სპეციალისტების და პოლიტიკოსთა ერთი ნაწილის ბრძოლამ გარკვეული შედეგი (თუმცა კი ჯერჯერობით დროებითი) გამოიღო. ამიერიდან, ინდოელებს, ჩინელებს, არაბებს, ირნალებს თუ ევროპელებს ქართულ მიწაზე ხელი აღარ მიუწვდებათ.

უცხოელებსა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, შესაძლოა, 2015 წლის 1-ელ იანვრამდე მიწებზე საკუთრების მოპოვების უფლება შეუჩერდეთ. “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მისი განხილვა ძალიან მალე დაიწყება.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე და აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გიგლა აგულაშვილი არიან.

პროექტის თანახმად, 2015 წლის 1-ელ იანვრამდე კანონის იმ ნაწილის მოქმედება ჩერდება, რომელიც უცხოელებისა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს.

კანონპროექტით დადგენილი მორატორიუმი უცხოელის საკურებაში უკვე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე არ გავრცელდება. სამაგიეროდ, მიწის შეძენის მსურველი უცხოელებს ამიერიდან შეზღუდვა უწესდებათ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო მფლობელობაში არსებულ მიწებზე.

გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო რეგულირების განსაზღვრა და მიწებთან დაკავშირებული ურთიერთობების საჯარო სამართლებრივი მოწესრიგება 6 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს. ამავე პერიოდში მთავრობამ მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება უნდა უზრუნველყოს მთელ ქვეყნის მასშტაბით.

“კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება, სუვერენიტეტი, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა. ამ მიზნის მისაღწევად უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების მოპოვების უფლება დროებით იზღუდება, ვიდრე ამ მიმართულებით სახელმწიფოს მკაფიო სტრატეგია არ ჩამოყალიბდება”, - აცხადებენ კანონპროექტის ავტორები.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის ინფორმაციით, უნდა გაირკვეს, რა რაოდენობის სახნავ-სათესი მიწაა, საძოვარი, რამდენი უნდა იყოს სარეზერვო მიწა, ანუ დეტალურად განისაზღვროს რისი გაყიდვა შეუძლია ქვეყანას და რისი არა.

“მდინარეების კალაპოტებიც კი იყიდება, რაც დაუშვებელია.  ბევრი რამეა შესასწავლი და მოსაწესრიგებელი. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ 2014 წლის ბოლომდე უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირები საქართველოში მიწის რეგისტრაციას ვერ მოახდენენ”, - ამბობს ზურაბ ტყემალაძე.