2022 წლის აპრილსა და პირველ 4 თვეში, 2019 წლის მონაცემთან შედარებით, საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები, საშუალოდ, 52%-ით აღდგა. 2021 წელთან შედარებით, მაჩვენებელი 140,5%-ით გაუმჯობესდა, იანვარ-აპრილში კი - 233.9%-ით. ასეთი შთამბეჭდავი სტატისტიკით მთავრობა თავს იწონებს, მაგრამ ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ციფრებია და მზარდი მაჩვენებელი ომს გამოქცეული ხალხის ხარჯზეა გაზრდილი, რაც, რასაკვირველია, დროებითია.
„საერთაშორისო ტურისტული ნაკადების სწრაფი აღდგენა სწორი სამოქმედო გეგმისა და მიზნობრივ ბაზრებზე ჩატარებული და მიმდინარე ეფექტური მარკეტინგული კამპანიების შედეგია. ჩვენ ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან, ვახორციელებთ მათთან ერთობლივ პროექტებს, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს საქართველოში ტურისტული ნაკადების მოსალოდნელზე მეტ ზრდას, რაც ნიშნავს დამატებითი შემოსავლებს ეკონომიკაში და მეტ დასაქმებულს სექტორში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა 2022 წლის აპრილში ტურისტული სტატისტიკური მონაცემების შეფასებისას. მისი ინფორმაციით, ტურისტული ნაკადების ზრდაზე დადებითად აისახება წარმატებული მოლაპარაკებები საერთაშორისო ავიაკომპანიებთან, რომელთა მეშვეობითაც იზრდება პირდაპირი ავიარეისები როგორც ევროპასთან, ასევე სხვა სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებთან.
მთავრობის ოპტიმიზს სულაც არ იზიარებენ ინდუსტრიის წარმომადგენლები. ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ია თაბაგარი აპრილში ტურისტული ვიზიტების შესახებ გამოქვეყნებულ მონაცემებს დიდ მიღწევად არ მიიჩნევს.
„მესმის, რომ სტატისტიკა უნდა შეედაროს გასულ წელს, კოვიდამდე პერიოდს, თუმცა მე ვიტყოდი, რომ ადამიანების ეს დიდი რაოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტად განიხილებიან, რადგან თავიანთი ქვეყანა დატოვეს 24 სთ-ზე მეტი ხნით, არ არის ის ტურიზმი, რაც სტაბილურია ქვეყნისთვის და მდგრადობას მოუტანს.
გარკვეულწილად, რაღაც აღდგენა არის, მაგრამ ტურ-ოპერატორების მონაცემებით, ძალიან ბევრი გაუქმებული ჯავშნებია, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებიდან. ტურისტული კომპანიების ძალიან დიდი ნაწილი შესაბამისად ვერ მუშაობს. იმასაც ვერ ვიტყოდი, რომ უშუალოდ მათ, 10-20% აღადგინეს, ზოგიერთს საერთოდ დაკეტილი აქვს კომპანია, ბევრმა გადაინაცვლა მასპინძლობის ინდუსტრიაში.
შემიძლია 10-15 კომპანიის მონაცემი მოვიყვანო, რომელთაგან უმრავლესობამ განაცხადა, რომ წლის პირველ ნახევარში ევროპიდან მინიმუმ 20-დან 30 ჯგუფამდე გაუქმება აქვთ. ეს არის ნახევარი წლის ბიზნესი ტურისტული კომპანიისთვის, მით უმეტეს, ევროპელ ტურისტებზე ვსაუბრობთ, რომლებიც მაღალმხარჯველობით გამოირჩევიან. ჩვენი სექტორი პირდაპირპროპორციულია უკრაინაში მიმდინარე ომთან, როგორც კი იქ დასტაბილურდება სიტუაცია, მაშინვე გაიზრდება ჯავშნები, მანამდე კი გვჭირდება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დამსვენებლების მოზიდვა“, - აღნიშნა თაბაგარმა.
განსხვავებული შეხედულების პარალელურად, ბაზარზე კიდევ ერთი ტენდენცია გამოიკვეთა, რომელიც მომსახურების ღირებულებას უკავშირდება. ტენდენცია, რომელიც ყველგან იგრძნობა უკვე კვლევითაც დასტურდება. „გალტ ენდ თაგარტის“ უფროსი ანალიტიკოსი, კახა სამყურაშვილი ამბობს, რომ მოთხოვნის ზრდის ფონზე გაზრდილია ფასიც. დასაქირავებელი ბინის საშუალო ღირებულება ამ დროისთვის 37 დოლარის ფარგლებში მერყეობს მაშინ, როცა 2019 წელს ღირებულება, საშუალოდ, 32 დოლარი იყო.
„პანდემიამდე საშუალო ბინის ფასი იყო 30-35 დოლარი და ეს მაჩვენებელი მუდმივად მცირდებოდა, რადგან მიწოდება იყო მაღალი, ახლა არის 37 დოლარის ფარგლებში. ფასში ეს ნახტომი შესამჩნევია იმიტომ, რომ ამ ბაზრისთვის საკმაოდ დიდი ზრდაა. ასეთი მაღალი მოთხოვნა არასეზონურ პერიოდში ძალიან იშვიათად გვახსენდება და ეს ქმნის მოლოდინს, რომ ზაფხულისთვის აჭარაში აპარტამენტებზე მოთხოვნა კიდევ უფრო დიდი იქნება.
რაც შეეხება თბილისს, პროგნოზისთვის გვჭირდება ინფორმაცია თუ რამდენი ხანი დარჩებიან ომს გამორიდებული ადამიანები საქართველოში. ზოგადად კი ფასის მატება იგივე სასტუმროებისა და რესტორნების შემთხვევაში თვითღირებულების ზრდით გამომდინარეობს და არა ტურისტების ნაკადით. შესყიდული საქონლის და მომსახურების თვითღირებულება უძვირდებათ ობიექტებსაც, შესაბამისად, ეს ზრდის საბოლოო ფასს. თუ ასეთი მოთხოვნა შენარჩუნდა, აპარტამენტებზე უფრო მოსალოდნელია ფასის ზრდა, ვიდრე სასტუმროებზე“, - განაცხადა სამყურაშვილმა.
ქართულის მცოდნე აღარ დარჩა ქვეყანაში? რას ნიშნავს 140,5%-ით გაუმჯობესდა? ანუ იყო 100% და დაემატა 140,5%; შედეგად გახდა 240,5%.
უბრალოდ სირცხვილია!