ყოფილი პირველი პოლიციელი, კობა ნარჩემაშვილი პოლიტიკურ საქმიანობას იწყებს. ყოფილმა შს მინისტრმა, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ გია ჟორჟოლიანთან ერთად, ჯერ კიდევ 2010 წლის მარტში „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ დააფუძნა. ნარჩემაშვილი for.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ 2003 წელს საქართველოში იმყოფებოდა ე.წ. „კანონიერი ქურდი“ ტარიელ ონიანი, თუმცა მისი გადაადგილებისა და კომუნიკაციის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
რატომ გადაწყვიტეთ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პოლიტიკური საქმიანობის დაწყება?
- 2009 წელს დავიწყეთ პარტიის შექმნა და 2010 წელს დავაფუძნეთ პარტია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“. მე ვარ გაერთიანების საბჭოს წევრი. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალისაგან ხშირი შემოთავაზებები იყო, არ მინდოდა ჩემი პოლიტიკური აქტივობა ყოფილიყო დაკავშირებული რომელიმე პარტიასთან.
მე ვთვლი, რომ მოდის „სოციალ-დემოკრატიული“ იდეოლოგიის დრო. ჩვენც ვფიქრობთ, რომ სოციალური სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია. ამიტომაც, ჩვენ ვაპირებთ გააქტიურებას რეგიონში წარმომადგენლობის გახსნას და ყრილობის ჩატარებას. ასე რომ, ჩემსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც ახლა გამოაცხადეს სურვილი პოლიტიკაში ყოფნაზე, ძალიან დიდი განსხვავებაა. მე სხვებისგან განსხვავებით ამ ქვეყანაში ვცხოვრობდი მთელი ამ 9 წლის განმავლობაში. ეს ქვეყანა არ დამიტოვებია. პოლიტიკური აქტივობის თვალსაზრისით, იმის კვალობაზე ხდებოდა ყველაფერი, რის საშუალებასაც არსებული რეჟიმი იძლეოდა.
ხომ არ გქონიათ შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან?
- არა, არ ყოფილა შეხვედრა. ჩვენი მიზანია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ იდეების უფრო ღრმად შეტანა საზოგადოებაში. მერე უკვე, ყველაფერი იმის მიხედვით იქნება რამდენად გამოხატავს საზოგადოება ნდობას ჩვენს მიმართ.
თქვენ როგორ ფიქრობთ, კობა ნარჩემაშვილს საზოგადოების მხრიდან ექნება ნდობა?
- ამაზე მე ვერ ვიმსჯელებ. ეს საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს.
იქიდან გამომდინარე, რომ შევადნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ასოცირდებოდნენ კორუფციასთან და კრიმინალთან. მაგალითად, პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებდა, რომ საგზაპო პოლიციელები იყვენ მექრთამეები და წილები მიდიოდა თქვენთან, როგორც შს მინისტრთან...
- მიხეილ სააკაშვილმა იმ ბრალდებას მიხედოს, რასაც მას წაუყენებენ და იმაზე გასცეს პასუხი.
როგორც ყოფილი შს მინისტრი, როგორ აფასებთ ყოფილი შს მინისტრის და პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკავებას?
- ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გამოვიდეთ იქიდან, რომ ინდულგენცია არავის აქვს ამ ქვეყანაზე და თანასწორობის პრინციპი უნდა იყოს განსაზღვრული და გადამწყვეტი. რაც შეეხება დამნაშავეობა-არდამნაშავეობას, მოდით, იმ სასამართლო სისტემას მივანდოთ ეს, რომელიც ნაციონალურმა ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა. ვნახოთ, როგორ იმოქმედებს ეს სისტემა.
თქვენ საკუთარ თავზე გაქვთ გამოცდილი ამ სასამართლოს კანონზომიერება, როდესაც თქვენი დაკავება მოხდა აზერბაიჯანიდან ცრემლსადენი გაზის შემოტანის ბრალდებით...
- ამიტომ, მე ვფიქრობ, იმედი მაქვს და ამჯერად უფრო ღრმა და საფუძვლიანი ბრალდებები ექნება გამოძიებას დაკავებულის მიმართ.
თქვენთან პროკურატურამ ბრალის აღიარების გარეშე გააფორმა საპროცესო...
- ნამდვილად ასეა. მე არც ერთი წარდგენილი ბრალდება არ მაქვს ნაღიარები, ჩვენებაც არ მაქვს მიცემული გამოძიებისთვის, თუმცა ამის მუხედავას საპროცესო მაინც გამიფორმეს.
ბატონო კობა, თქვენ თუ მიმართეთ პროკურატურას საქმის გამოძიების მოთხოვნით?
- ჯერ არა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებ. როგორც კი კომისია შეიქმნება, პროკურატურას აუცილებლად მივმართავთ. მე არავის დასჯას არ ვითხოვ, დაისჯება ის, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება ამ საქმეზე.
ვანო მერაბიშვილს ბრალი ედება რამდენიმე დანაშაულში, მათ შორის ეს არის 26 მაისი აქციის დარბევა. რა პარალელებს გაავლებთ 26 მაისსა და 2003 წლის 23 ნოემბერს შორის, რატომ არ მოხდა მოსახლეობის გარიდება პროცესებიდან...
- იმიტომ არ მოხდა, რომ მოსახლეობის გარიდება არ იყო გეგმაში. ამ კონკრეტული შემთხვევაში გეგმაში იყო ადამიანების დასჯა. პოლიტიკური ნიშნით მათთვის ანგარისწორება. როცა გეგმა არ ისახავს მომიტინგეების გარიდებას, ბუნებრივია, ის გეგმა შესრულდა, რა გეგმაც მათ ჰქონდათ. მეეჭვება, რომ აქციის დაშლის გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრს პრეზიდენტთან შეუთანხმებლად, დამოუკიდებლად მიეღო.
ანუ, ფიქრობთ, რომ დარბევა პრეზიდენტთან იყო შეთანხმებული?
- ჩემი აზრი ასეთია. დანარჩენი გამოძიებამ გადაწყვიტოს. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ასეთი ოპერაცია როცა ტარდება, თავისთავად, პირველი პირი არის ინფორმირებული.
დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები პრეზიდენტ სააკაშვილს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ 2003 წელს რევოლუციის დროს საქართველოში ჩამოვიდა ტარიელ ონიანი და შეხვდა სააკაშვილს, ამასთან, მას აეროპორტში შსს-ს წარმომადგენლებიც დახვდნენ...
- არა, ეს სრული აბსურდია. მე ვთქვი და ვიმეორებ, რომ ვინც ცოტათი მაინც იცნობს ჩემს ბიოგრაფიას ამას არ იტყვის.
იყო თუ არა 2003 წლის ნოემბერში ტარიელ ონიანი საქართველოში? თქვენ იყავით შს მინისტრი და რა ინფორმაცია გქონდათ?
- ტარიელ ონიანი იყო საქართველოში, მაგრამ ვის შეხვდა ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა.
თქვენ, როგორც შს მინისტრს ქვეყანაში შემოსული ე.წ. „კანონიერი ქურდის“ გადაადგილებისა და კომუნიკაციის შესახებ ინფორმაცია არ გქონდათ?
- მაშინ სასამართლოს ბრძანება უნდა გვქონოდა, რომ მისთვის გვეთვალთვალებინა. რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული, ის ჩამოვიდა საქართველოში, მოინახულა საფლავები და მალევე დატოვა საქართველო.
დღესაც ძალიან ბევრს საუბრობენ მიხელ სააკაშვილისა და „კანონიერი ქურდების“ ურთიერთობაზე, რომ არსებობდნენ პრივილეგირებული „კანონიერი ქურდები“...
- თუ ეს საკითხები იქნება კარგად მოძიებული და გამოკვლეული, ეს კავშირები შესაძლებელია დადგინდეს. ჩემგან მეტის თქმა უბრალოდ შეუძლებელია, იმიტომ, რომ მე არ მაქვს წვდომა რაიმე სახის ფაქტიურ გარემოებებთან. შემიძლია გითხრათ, რომ სააკაშვილის პერიოდში არსებობდნენ ე.წ. პრივილეგირებული „კანონიერი ქურდები“, რომლებსაც ჰქონდათ ბიზნესის წარმოების უფლება.