ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულე დღეს ბრიუსელში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
მათ საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები და ევროკავშირი-საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგი განიხილეს. კომისარი ფიულე მიესალმა მთავრობის ძალისხმევას გააძლიეროს კანონის უზენაესობა, როგორც ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნების შემადგენელი ნაწილი. ამ კონტექსტში მან გაიხსენა მისი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეთრინ ეშტონის ერთობლივი განცხადება, რომელიც ეხებოდა მთავრობის ყოფილი წევრების წინააღმდეგ ბოლო პერიოდში მიმდინარე სასამართლო საქმეების წარმოებას. მან ხაზი გაუსვა სასამართლოში საქმის წარმოების სამართლიანობის, გამჭვირვალობის, პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფლების უზრუნველყოფის მნიშვნელობას. ევროკომისრის აზრით, საჭიროა, ზოგადად კანონის სამართლიანად, გამჭვირვალედ და იმ ევროპული ღირებულებების შესაბამისად გამოყენება, რომლებიც საერთოა ევროკავშირისა და საქართველოსთვის.
კომისარი მიესალმა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გააღრმაოს ურთიერთობები ევროკავშირთან. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის საქართველოსთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ურყევ სურვილს. მისი თქმით, ბრუსელი და თბილისი იმედოვნებენ, რომ ნოემბერში ვილნიუსის სამიტისათვის მათი მისწრაფებები კიდევ უფრო მიუახლოვდება სასურველს.
კომისარმა ფიულემ აღიარა საქართველოს მიერ სამართალდამცავი ორგანოების სფეროში რეფორმების განსახორციელებლად გადადგმული ნაბიჯები და მოითხოვა უფრო სწრაფი პროგრესი უმცირესობების უფლებების დაცვის სფეროში. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ პირადი მონაცემების დაცვა წარმოადგენს მნიშვნელოვან საკითხს საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე დიალოგში ვიზებისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების კონტექსტში.
მან აგრეთვე ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც მთავრობა ასრულებს ევროკავშირთან ხანგრძლივი თანამშრომლობის პროცესში, კერძოდ - საზღვრის მართვის და მიგრაციის, პოლიციის თანამშრომლობის და საგანგებო სიტუაციების მართვის პროექტებში.
კომისარმა ფიულემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ძალიან სერიოზულად უდგება ნებისმიერ ინციდენტს, რომელიც ხდება სამხრეთი ოსეთის და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან. ევროკავშირის მონიტორინგის მისია ვითარებას სწავლობს ადგილზე. საკითხი განსაკუთრებული სახით დაისვა ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილესთან და განხილული იქნება როგორც პარასკევს შეხვედრაზე, რომელიც ეძღვნება ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმებს, ასევე - დისკუსიების ივნისის რაუნდზე.