სექტემბრიდან პენსია საარსებო მინიმუმს გაუტოლდება

სექტემბრიდან პენსია საარსებო მინიმუმს გაუტოლდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სექტემბრიდან პენსიების გაზრდა იგეგმება. „ის ცვლილებები, რისი საშუალებაც ბიუჯეტმა მოგვცა, გავატარეთ. შემდეგ, ბიუჯეტს ჩვენ განვიხილავთ და წარვადგენთ რამდენიმე თვის შემდეგ და მაქსიმალურად ვეცდებით იმას, რის საშუალებასაც ბიუჯეტი მოგვცემს. ჩვენ სოციალური დახმარებები მკვეთრად გავზარდეთ, მათ შორის - პენსიებიც, და სექტემბრიდან კიდევ ხდება პენსიების აწევა. ზუსტი ციფრები ახლა არ მაქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „კავკასიაში“ სტუმრობისას.

მართალია, ის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ახალ მთავრობას ერგო მემკვიდრეობით, ნაკლებად იძლევა იმის საშუალებას, რომ სოციალური საკითხები დამაკმაყოფილებელ ნიშნულამდე მაინც მივიდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, მთავრობა საარჩევნოდ გაცემული დანაპირების შესრულებას მაინც ცდილობს.

პირველი აპრილიდან 67 წლამდე პირთა ყოველთვიური შემოსავალი 110 ლარიდან 125 ლარამდე გაიზარდა. პენსია 100 ლარიდან 125 ლარამდე გაიზარდა პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც, ცვლილებები შეეხო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებსაც. ახალი ინიციატივის მიხედვით, თითოეული ოჯახის პირველი წევრი თვეში 30 ლარის ნაცვლად 60 ლარს იღებს, შეწყვეტილი დახმარება 2 721 ოჯახს აღუდგა, შეჩერებული დახმარება კი 905-მა ოჯახმა მიიღო.

1 აპრილიდან 2005 წელს ძალოვანი სტრუქტურებიდან გათავისუფლებულთა პენსიები დამოკიდებული იქნება მათ სტაჟსა და ასაკით პენსიონერობაზე. პენსიების გადაანგარიშება მოხდა ავიაციაში მომუშავე პირებისთვისაც. ამ ყველაფრისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 19 მილიონი ლარი გამოიყო, 2013 წლის პირველი სექტემბრიდან კი, პენსიონერებისა და პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პენსია დღეს არსებულ საარსებო მინიმუმს გაუტოლდება და 150 ლარი იქნება.

ასევე, პირველი სექტემბრიდან გაიზრდება მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ბავშვების პენსია, რომელიც დღეს 70 ლარია, ასევე მარჩენალდაკარგულებისა და პოლიტრეპრესირებულების პენსია, რომელიც დღეს 55 ლარია. ამ პენსიათა ოდენობა გათანაბრდება და 100 ლარს გაუტოლდება.

ცნობილია, რომ უკიდურესად გაჭირვებული 480 ათასი ადამიანისთვის სოციალური დახმარების ოდენობა გაორმაგდება. რეგრესირებულ პენსიონერთათვის გაუქმებული პენსია აღდგება, ეს ცვლილება ძირითადად ჭიათურელ და ტყიბულელ მაღაროელებს ეხება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თუკი 2011 წელს სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი იყო 1 281 301. 0 ლარი, ხოლო 2012 წელს 1 379 602. 2 ლარი, 2013 წლის ბიუჯეტში სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილია 1 654 722.0 ლარი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება სპონტანური არ არის და ფინანსთა მინისტრი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, აუცილებლად შესრულდებოდა დაპირება, რომლის თანახმად, პენსია დღეს არსებულ საარსებო მინიმუმს მიუახლოვდებოდა: „ამავე დროს გაიზრდება სხვა გასაცემლები, რომლებიც მიბმულია პენსიასთან. გაიზრდება სოციალური დახმარებები სოცილაურად შეჭირვებული ადამიანებისათვის,“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ სატელევიზიო ეთერში საუბრისას.

სხვათა შორის, ფინანსთა მინისტრი არსებული საპენსიო სისტემითაც უკმაყოფილოა და ამის შესახებ რამდენჯერმე ტელეეთერითაც გააკეთა განცხადება ხადურს უსამართლოდ მიაჩნია, რომ პენსია საქართველოში დიფერენცირებულია ასაკის გამო:

„65-დან 67 წლამდე ასაკის პენსიონერები იღებენ 110 ლარს, ხოლო 125 ლარს იღებენ 67 წლის ზემოთ ასაკის პენსიონერები. ეს არის აბსოლუტურად დისკრიმინაციული გადაწყვეტილება, რომელიც  წინა ხელისუფლებამ მიიღო. პენსია შეიძლება დიფერენცირებული იყოს არა ასაკის გამო, არამედ სხვა მიმართულებებით, მაგალითად, სტაჟის, დამსახურების მიხედვით“. როგორც ცნობილია, მთავრობა საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებაზეც იწყებს მუშაობას. მართალია, გვსურდა ამ თემის ირგვლივ მკითხველისათვის ბევრად მეტი კონკრეტული ინფორმაცია მიგვეწოდებინა, თუმცა შესაბამისი სამინისტროების პრესსამსახურებთან დაკავშირება არც ისე მარტივი აღმოჩნდა. მეორე მხრივ, სოციალური დაცვის საკითხები ის თემაა, რაც მკითხველს აინტერესებს, განსაკუთრებით - მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, ამ თემას კვლავ არაერთხელ დავუბრუნდებით.

სავარაუდოდ, სამომავლოდ ხელისუფლებას თავად საარსებო მინიმუმის გადახედვაც მოუწევს, თუმცა ჯერჯერობით რის საშუალებასაც გაჭირვებული ქვეყნის ბიუჯეტი იძლევა, პენსიის 150-ლარამდე გაზრდაა.