რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან ორი წელი გავიდა და შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ დროა გააცნობიერონ, რომ დასავლეთისთვის ეს გარდამტეხი მომენტი იყო. რა თქმა უნდა საქართველოსთვის ომი კატასტროფად იქცა, მაგრამ მისმა ძლიერმა ტალღამ მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეს გადაუარა. მან ასევე ამხილა რუსეთის სისუსტეებიც, ის მეგობრებს დააშორა და რუსეთის დასავლეთთან დაახლოების პოლიტიკა შელახა.
ყველაზე ნაკლებად იმ ფაქტის აღიარება ხდება, რომ ომი დასავლეთისთვის გადამწყვეტი მომენტი იყო. მომხდარში დიდწილად ბრალი შეერთებულ შტატებს და დასავლეთს მიუძღვის. არასწორ ამერიკულ პოლიტიკას ევროპაც არაფრით ჩამორჩებოდა, რომელსაც პოლიტიკა როგორც ასეთი საერთოდ არ ჰქონდა, რაც უპასუხისმგებლობის ტოლფასია. იმ ფაქტმა, რომ ვერც ერთი მხარე დიდხანს ვერ ახერხებდა შეთანხმებას ორივესთვის მისაღებ მიდგომაზე და ამ მოვლენის მნიშვნელობაზეც კი, ძალიან ცუდად წარმოაჩინა ალიანსის რიგებში არსებული უთანხმობა. დღემდე ვერც შეერთებულმა შტატებმა და ვერც ევროპამ ვერ შესძლო ერთიანი შეთანხმებული მიდგომის შემუშავება აღმოსავლეთ-ევროპისა და რუსეთის მიმართ, რაც უკიდურესად აუცილებელია.
დასავლეთმა მის ახალ აღმოსავლეთ-ევროპულ პოლიტიკაში სამი ახალი რეალობა უნდა გაითვალისწინოს: აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია, რუსეთის ახალი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა და ლისაბონის შეთანხმების ამოქმედება.
თავდაპირველად ობამას ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვაზე“ იყო ფოკუსირებული. აღმოსავლეთ- ევროპა მისთვის მეორადი პრიორიტეტი იყო. არაოფიციალურად დიპლომატიური მრჩეველები ამბობდნენ: დროა ევროპამ საკუთარ სახლში წესრიგის დამყარებაზე თავად იზრუნოსო.
ახლახანს, სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა აღმოსავლეთ-ევროპის კრიტიკის საპასუხოდ კურსი შეცვალა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს რეგიონის დემოკრატიულ მისწრაფებებს და სახელმწიფოთა უფლებას თავად აირჩიონ ალიანსები. „ჩვენ ერთდროულად შეგვიძლია როგორც სიარული, ასევე საღეჭი რეზინის ღეჭვაც“ – განაცხადა მან, თუმცა აშს-ს პოლიტიკა თანამშრომლობის საკითხებში კვლავ ძალიან ფრთხილი და შერჩევითია. ბუშის ადმინისტრაციის ჰიპერ-აქტიურ პოზიციასთან შედარებით ის ჯერ კიდევ უკან დახევის პოზიციაშია.
რაც შეეხება რუსეთს, ეკონომიკურმა კრიზისმა და ენერგორესურსებზე ფასების ვარდნამ მას ცალსახად აიძულა საკუთარი პოლიტიკის მიმართულებების გადახედვა. მოსკოვი აშშ-სთან ირანის და შეიარაღებაზე კონტროლის საკითხებში თანამშრომლობს, მას ფლირტი აქვს უკრაინასთან და პოლონეთთან. მან ასევე ხელი მოაწერა „მოდერნიზაციის შეთანხმებას“ ევროკავშირთან.
სამწუხაროდ ბევრი რამ მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი ეკონომიკური მოდერნიზაციისკენ ისე მიისწრაფვის, რომ არ სურს პოლიტიკური ლიბერალიზაციის განხორციელება. საეჭვოა ასეთი გეგმა წარმატებით დასრულდეს, მისი მარცხი კი რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებისთვის კატასტროფა იქნება. აღმოსავლეთ-ევროპაში რუსეთის პოლიტიკა კვლავ ისეთია, როგორიც ყოველთვის იყო: მოსკოვს აკვიატებული აქვს მე-19 საუკუნის მსოფლმხედველობა, თავი დიდი ზესახელმწიფო გონია და ახლო საზღვარგარეთში, რომელსაც ის კვლავ საკუთარი პრივილეგირებული ინტერესების ზონად მიიჩნევს, ბატონობისკენ მიისწრაფვის.
ევროპა კი ლისაბონის შეთანხმების მონელების პროცესშია. გარე დამკვირვებლისთვის ევროპა ალბათ ქვეწარმავალს ჰგავს, რომელმაც თხა გადაყლაპა: ლუკმა საყლაპავში მოძრაობს, თავად გველი კი ერთ ადგილზეა მიჯაჭვული და წინ ვერ მიიწევს. დიახ, დღეს უკვე გაჩნდა რუსეთთან „მოდერნიზაციის პარტინიორობა“, მაგრამ სინამდვილეში ეს უფრო დაბალ რეესტრში გადასვლაა: ყოფილი ზესახელმწიფოსთვის განვითარებაში დახმარება. ევროპელები ზრდილობიან უარს ამბობენ რუსეთის იდეაზე უსაფრთხოების ევრაზიული შეთანხმების გაფორმების შესახებ. არანაირი პროგრესი არ სჩანს არც ენერგეტიკულ და არც სავაჭრო ფრონტზე. იმავდროულად „აღმოსავლური პარტნიორობა“, რომელიც ექვს პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოსთან (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ბელორუსია) ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს, ზანტად მოქმედებს და მისთვის რესურსები არასაკმარისად გამოიყოფა. რეგიონალური უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირი ფაქტობრივად შეუჩნეველია.
მართალია, ევროპულმა ქვეყნებმა აღმოსავლეთ-ევროპასთან მიმართებაში დააახლოვეს საკუთარი პოზიციები და რუსეთით სულ უფრო იმედგაცრუებულები არიან. გერმანიამ და საფრანგეთმაც კი, რომლებიც ევროპაში უფრო პრო-რუსულები არიან, როგორც სჩანს, მტკიცედ გადაწყვიტეს მოსკოვს არ მისცენ საშუალება ევროკავშირში „გაყავი და იბატონეს“ პრინციპით ითამაშოს.
და სულ ეს არის რაც აშკარად არასაკმარისია. ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც პრობლემებით დამძიმებულ და რთულ სიტუაციაში მყოფ ზესახელმწიფოს შეუძლია შერჩევითი თანამშრომლობა განახორციელოს, მაგრამ ევროპას ეს არ ეხება. ევროკავშირისთვის მისი სივრცე აღმოსავლეთ საზღვრებიდან წყნარ ოკეანემდე, პირველ სტრატეგიულ პრიორიტეტად უნდა იქცეს. შესაბამისად, კავკასიური ომის შემდგომ პერიოდში აღმოსავლური პოლიტიკის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ხუთი პრინციპის დაცვა. ესენია: ბალანსი, კოორდინაცია, სიმტკიცე, სიმამაცე და მოთმინება.
ბალანსი მოითხოვს ნულოვანი საწყისით თამაშებისთვის თავის არიდებას და ყალბ გაორებას. უნდა შეწყდეს არჩევანის კეთება სიარულს და რეზინის ღეჭვას შორის. ევროპამ (და შეერთებულმა შტატებმა) უნდა შეწყვიტონ არჩევანის გაკეთება რუსეთს და აღმოსავლეთ-ევროპას შორის. ამის ნაცვლად, მათ ისინი ერთიან სტრატეგიულ სივრცედ უნდა განიხილონ.
აშშ-ს და ევროპას შორის კოორდინაციას აღმოსავლეთ პოლიტიკაში, ამ პოლიტიკის წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მათ ერთმანეთი სჭირდებათ და ისინი დაზარალდებიან, თუკი პოსტ-საბჭოთა სივრცეში ერთმანეთს შეეჯიბრებიან, მაგრამ კოორდინაციის გაუმჯობესება თავად ევროპისთვისაც აუცილებელია, ბერლინი და პარიზი დამარცხდებიან, თუკი ევროკავშირის მართვას ისე შეეცდებიან, რომ საკუთარ სისწორეში სხვა ევროპელებს არ დაარწმუნებენ. სიმტკიცე ნიშნავს ყოვლისმომცველ და საფუძვლიან მიდგომას როგორც აღმოსავლეთ-ევროპის, ასევე რუსეთის მიმართ. ევროკავშირი ცვლილებების განხორციელებისთვის სტიმულის და სხვადასხვა პირობების გამოყენების დროს არ უნდა ამჟღავნებდეს ზედმეტ მგრძნობიარობას. მან უნდა შეწყვიტოს კონფლიქტების დარეგულირებისა და უსაფრთხოების პრობლემების გადაწყვეტისგან თვითგამიჯვნა – საკუთარი რეპუტაციისა და რეგიონში ავტორიტეტისთვის მაინც.
სიმამაცე ნიშნავს იმას, რომ საკუთარი შეხედულებები უნდა დავიცვათ. გარდაქმნა, ლიბერალიზაცია, დემოკრატია ევროკავშირის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებისთვის დამოუკიდებელი არჩევანი უნდა იყოს, ბევრი ამისთვის შესაძლოა მზად არ არის, მაგრამ ჩვენი გამოცდილება დემოკრატიული გარდაქმნების განხორციელებაში, ყველაფრის მიუხედავად იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ რეგიონის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენი ისტორია, ჩვენი ინტერესები და ჩვენი ღირებულებები სოლიდარობის გამოხატვისა და „ნეიტრალიტეტზე“ უარის თქმისკენ გვიბიძგებს.
მოთმინება იმის გაცნობიერებაა, რომ ჩვენ მთელი თაობის წინაშე არსებულ გამოწვევებს ვეჯახებით და ჩვენ ახალი იდეები გვჭირდება, როგორიცაა მაგალითად ნიჭიერი სტუდენტების მოწვევა ევროკავშირის ქვეყნების უნივერსიტეტებში სახელმწიფო პოლიტიკის, სამართლის და ბიზნესის ფაკულტეტებზე, მათთვის ისეთი ინსტრუმენტების გადაცემა, რომელიც მათ დაეხმარება საკუთარი ქვეყნების ლიბერალურ და ღია დემოკრატიებად გარდაქმნაში. ეს გაზსადენების მშენებლობაზე იაფი და სასარგებლო იქნება.
ძალიან ბევრია? ძალიან რთულია? დაფიქრდით ალტერნატივაზე: ევროპა საკუთარ საზღვრებს სცილდება, ღობეს იშენებს და დახურულ საზოგადოებად გარდაიქმნება, მაგრამ ევროპული უტოპიის ძალა იმაშია, რომ ეს საექსპორტო მოდელია. შეაჩერეთ კეთილდღეობის, კარგი სახელმწიფო მართვის და დემოკრატიის ექსპორტი და ევროპაც გაჩერდება.