ფაქტია, რომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იგვიანებს. მთავრობა, ამ მხრივ, ჯერჯერობით, რაიმე კონკრეტული მონაცემებით თავს ვერ იწონებს. თუკი სოფლის მეურნეობის პროგრამა, ფასების შემცირება და ბიზნესის წნეხისგან გათავისუფლება მათი საყვარელი თემებია, დასაქმებაზე ისინი ხალისით ვერ საუბრობენ.
სამაგიეროდ, ლამის, ყოველ დღე ამაზე აკეთებენ აქცენტს ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები. ისინი კონკრეტულ ციფრებსაც ასახელებენ თუ რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო და შემოსავალი.
ზუსტი სტატისტიკური მონაცემები ამის თაობაზე (ისევე როგორც დასაქმების შესახებ) არ არსებობს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი და აწ უკვე წინასწარ პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებდა. უშუალოდ მის დაპატიმრებამდე რამდენიმე საათით ადრე მან გააჟღერა მონაცემები, თითქოს, ახალი წლიდან მოყოლებული სამსახური 82 ათასმა ადამიანმა დაკარგა, ხოლო პირველი ოქტომბრიდან კი - 92 ათასმა ადამიანმა.
სამსახურდაკარგულებთან დაკავშირებით, გაცილებით მოკრძალებული მონაცემები აქვთ მერაბიშვილის თანაპარტიელებს. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრის, დავით ბაქრაძის თქმით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საჯარო სამსახურიდან 5 ათასი საჯარო მოხელე გაათავისუფლეს.
არადა, სტატისტიკის ეროვნული სამსახური სულ სხვაგვარად უყურებს არსებულ ვითარებას. მათი ინფორმაციით, შარშან უმუშევრობის მაჩვენებელი სულაც შემცირდა. თუკი 2011 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი 15,1% იყო, 2012 წელს - 15%-ზე ჩამოვიდა. მართალია, 0,1 პროცენტი, ფაქტობრივად, არაფერია, მაგრამ იმის დასტურად ხომ მაინც გამოდგება, რომ უმუშევართა რაოდენობა ქვეყანაში არ მატულობს.
თუკი სადმე დაუსაქმებელ ადამიანთა რაოდენობამ მოიმატა, ეს სოფლის ტიპის დასახლებებია, სადაც უმუშევრობის დონე გაიზარდა 0.5 პროცენტული პუნქტით. ქალაქის ტიპის დასახლებებში კი, პირიქით, შემცირდა - 0.3 პროცენტული პუნქტით.
რაც შეეხება უმუშევრობის დონის მაჩვენებელს რეგიონულ ჭრილში, კახეთის რეგიონში ის იკლებს (2.4 პროცენტით), ასევეა აჭარაშიც (1.5 პროცენტით). უმუშევრობის დონე მომატებულია შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, შესაბამისად, 1.7 და 1.6 პროცენტული პუნქტებით.
“საქსტატის” ხელმძღვანელის ზაზა ჭელიძის თქმით, 2009 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი მცირდება.
„ოფიციალური სტატისტიკით, უმუშევრობა იზრდებოდა 2007 წლიდან 2009 წლამდე. იგივე ოფიციალური სტატისტიკით, 2009 წლის შემდეგ უმუშევრობა მცირდებოდა. ჩვენ ვიყენებთ მეთოდოლოგიას, რომელითაც მსოფლიოში აბსოლუტურად ყველა ქვეყანა სარგებლობს. პარალელურ რეჟიმში ტარდება განსხვავებული გამოკვლევები. ამ გამოკვლევებს განსხვავებული ორგანიზაციები აკეთებენ. აქედან გამომდინარე, მაჩვენებლები განსხვავდება.
უმუშევრობის დონესთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები ისმის, რაც ჩვენთვის გასაგებია. როცა ადამიანთან მიდიხარ და ეკითხები მუშაობს თუ არა, თვითდასაქმებულების აბსოლუტური უმრავლესობა იტყვის, რომ ის არ მუშაობს. ბუნებრივია, უმუშევრობის მაჩვენებელი განსხვავებული იქნება
ჩვენ ადამიანებს სხვანაირად ვითვლით. მივდივართ და ვეკითხებით საკუთარი შრომით იღებენ თუ არა შემოსავალს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ის ადამიანები, ვინც არიან თვითდასაქმებულები, მათ შორის კერძო რეპეტიტორები ან სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები, ყველა ეს ადამიანი დასაქმებულად ითვლება. გასაგებია, რომ ამ ადამიანების მდგომარეობა სახარბიელო არ არის და შეიძლება ისინი ძალიან მიზერულ შემოსავალს იღებენ. ამის მიუხედავად ჩვენ არ ვასხვავებთ ადამიანებს შემოსავლით.
მაგალითად, ჩვენთან მუშაობს ძალიან ბევრი თანამშრომელი, დაქირავებული, რომელთაც თვეში 100 ლარი არ გამოსდით. ხომ არიან დასაქმებულები? ჩვენ რომ თვითდასაქმებულები უმუშევრებად დავწეროთ და უმუშევრობის მაჩვენებელი 15-ის ნაცვლად 60 პროცენტი იყოს, ამ ადამიანების მდგომარეობა გაუმჯობესდება? 60%-იანი უმუშევრობა არის ყველაზე ღარიბ და ჩამორჩენილ ქვეყნებში. ეს არის აფრიკის ქვეყნები, სადაც აბსოლუტურად არაფერი არ იქმნება, სადაც არის ჰიპერინფლაცია, ომი და სამოქალაქო დაპირისპირება”, - აღნიშნა ზაზა ჭელიძემ “კომერსანტთან” საუბრისას.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დასკვნა ერთია: ქვეყანაში თითქმის ყველა თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, ამ დროს მათი შემოსავალი წლიდან წლამდე უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც იზრდება. ოპოზიცია სამუშაო ადგილების დაკარგვაზე საუბრობს, ამ დროს კი უმუშევრობის მაჩვენებელი მცირდება. ეს არის სტატისტიკური რებუსი, რომლის ამოხსნაც ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.