მას შემდეგ თითქოს საუკუნე გავიდა, მაგრამ 2012 წლის შემოდგომაზე საქართველოში ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებამ საპარლამენტო არჩევნებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მავანთა შორის. ჯეიმი კირჩიკმა განაცხადა, რომ სააკაშვილის დამარცხება “რუსეთის გამარჯვების” ტოლფასია, ხოლო ივანიშვილი “ნამდვილად დააბრუნებს საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში”. ჯენიფერ რუბინმა კი (Washington Post) ივანიშვილი შერაცხა “ვლადიმერ პუტინის კაცად საქართველოში” და სრულიად უსაფუძვლოდ უწოდა მას “მჩაგვრელი”. არჩევნებამდე ნეოკონსერვატორ მემარჯვენეთა გარკვეული ჯგუფების მხრიდან ივანიშვილის მიმართ გაჟღერებულ სიძულვილს ბანი მისცა გამოცემამ Weekly Standard, განაცხადა რა, რომ ივანიშვილის ზეობის შემთხვევაში “საქართველოს დემოკრატიასა და საქართველოს უმცირესობებს კიდევ ერთი უმძიმესი დარტყმა ემუქრება”.
მაშ, რა მოხდა შვიდ თვეზე მეტ დროში არჩევნების შემდეგ? რა გააკეთა რეალურად ივანიშვილმა? ნუთუ მართლა დააბრუნა საქართველო მოსკოვის გავლენის სფეროში? ნუთუ მართლა უარყო დასავლეთთან ინტეგრაცია? სრულიადაც არა. აი, რა განაცხადა ახლახანს “პუტინის კაცმა” საქართველოს მხრიდან ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მცდელობის შესახებ:
“მომავალ წელს ძალიან სერიოზული ნაბიჯი უნდა გადავდგათ და გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მოვიპოვოთ. ეს გეგმა ჩვენი მკაფიო სამიზნეა. მომავალ წელს იმართება ალიანსის ლიდერების შეხვედრა და ჩვენ დამაჯერებელად უნდა წავიწიოთ ამ მიმართულებით... ჩვენ უნდა გავხდეთ ალიანსის წევრი ქვეყანა, ხოლო ჩვენს მებრძოლებს, რომლებიც ავღანეთში მსახურობენ, ყველაზე დიდი წვლილი შეაქვთ ამ მიზნის მისაღწევად (იგულისხმება ალიანსში გაწევრიანება)”.
დამეთანხმებით, ეს პუტინის კლონის სიტყვები არ უნდა იყოს.
სულ სხვაა საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმის მიღება-არ მიღების საკითხი 2014 წელს, პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ გადაწყვეტილებას სამოქმედო გეგმის შესახებ იღებს არა საქართველო, არამედ ალიანსის ამჟამინდელი წევრები. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ზუსტად იმას, რასაც მისგან მოელიან, თუკი გავითვალისწინებთ დასავლეთთან ინტეგრაციის გაღრმავების უდიდეს მხარდაჭერას საქართველოს საზოგადოების მხრიდან, ანუ ხელისუფლება ძალ-ღონეს არ იშურებს პროგრესის მისაღწევად ამ მიმართულებით.
როგორც რადიო „თავისუფალი ევროპისა“ და რადიო „თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულმა კვალიფიციურმა დასკვნამ ცხადყო, ივანიშვილის კურსი დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოს საზოგადოებაში: მოსახლეობის 68% თვლის, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ ყველაზე უკეთ წარმართავს ურთიერთობებს რუსეთთან, ხოლო 54% მიიჩნევს, რომ კოალიცია უზრუნველყოფს ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. ჯერ კიდევ გასულ შემოდგომაზე საქართველოში არსებული მწვავე, თითქმის ძალადობრივი განხეთქილების ფონზე, „ქართული ოცნების“ მიერ რუსეთთან მიმართებით აღებული პოლიტიკური კურსის 68%-იანი მხარდაჭერა თითქმის სასწაულად გვევლინება და ცხადყოფს, რომ ივანიშვილი სწორედ საქართველოს საზოგადოების მიერ მხარდაჭერილ კურსს მისდევს.
მაშ, რატომ ამოიძულეს ასე ივანიშვილი ამერიკელი მემარჯვენეების გარკვეულმა ჯგუფებმა მაშინ, როცა მას არასოდეს დაუმალავს პრო-დასავლური ორიენტაცია და ალიანსისაკენ მიმავალი გზისადმი ერთგულება? თუნდაც იმიტომ, რომ მან გაბედა მიხეილ სააკაშვილისათვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიხვეჭა ხმამაღალი ანტი-რუსული პოზირებისა და არანაკლებ ხმამაღალი პრო-ამერიკანიზმის წყალობით. სააკაშვილი შეგნებულად ცდილობდა „თბილისში ჩვენი კაცის“ როლის მორგებას. საკმაოდ ბევრი ადამიანი, რომლებსაც ეს არ უნდა შეშლოდათ, წამოეგო მის ანკესზე. რადგანაც სააკაშვილმა ესოდენ მოხერხებულად წარადგინა თავი, როგორც ამერიკის ერთადერთი სანდო მოკავშირე რეგიონში და საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის ერთადერთი იმედი, ბევრმა ჩათვალა, რომ რადგანაც ივანიშვილი ეწინააღმდეგება სააკაშვილს, ის ყველაფერ იმასაც უნდა ეწინააღმდეგებოდეს, რასაც სააკაშვილი წარმოადგენს და ემხრობა.
თუმცა, ზოგადად, განსხვავება სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის უფრო ტაქტიკური ხასიათისაა, ვიდრე სტრატეგიული: მათ შორის დავა თითქმის შემაძრწუნებელი სიზუსტით იმეორებს დებატებს რეალისტებსა და ნეოკონსერვატორებს შორის აშშ-ში. როგორც სააკაშვილს, ასევე ივანიშვილს სურს ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება; ორივეს სურს საქართველოს გამოყვანა რუსეთის გავლენის სფეროდან. განსხვავება მათ შორის მდგომარეობს გზებში, რომელთა მეშვეობითაც ისინი აპირებენ ამ მიზნების განხორციელებას.
რაღაც გაურკვეველი მიზეზით, სააკაშვილმა ჩათვალა, რომ საუკეთესო გზა, რომლის მეშვეობითაც საქართველო გაემიჯნებოდა უზარმაზარ, აგრესიულ და ბირთვულ ქვეყანას მის ჩრდილოეთით, იყო ყველა შესაძლო გზის მოსინჯვა ფეთქებადი ხასიათით ცნობილი და შურისმაძიებელი ვლადიმერ პუტინის გაღიზიანება-გასაცოფებლად. ნაცვლად მშვიდი ნაბიჯებისა რუსეთზე საქართველოს დამოკიდებულების შესამცირებლად და ქვეყნის შესაძლებლობების ნაბიჯ-ნაბიჯ განმტკიცებისა მოსკოვის ზეწოლასთან გასამკლავებლად, სააკაშვილმა, შეძლებისდაგვარად, ფართოდ და ხმამაღლა განაცხადა საკუთარი მიზნების შესახებ, გამოთქვამდა რა ტელევიზიით ასეთ ფრაზებს: „ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს რუსეთთან. ჩვენ ახლა დასავლეთის შემადგენელი ნაწილი ვართ“. ამ „გეგმის“ სრული ფიასკოს მიზეზების დანახვა არ არის რთული.
განსხვავებით სააკაშვილისაგან, ივანიშვილი თამაშობს ბევრად უფრო მშვიდ და ფრთხილ თამაშს და, რუსეთთან ურთიერთობების გამწვავების ნაცვლად, განზრახ ცდილობს მათ მინიმალიზაციას. ასეთი ისტორიული ფონის ზედაპირული მიმოხილვა ცხადყოფს, რომ ეს მცირე ტაქტიკური განსხვავება სინამდვილეში არც ისე მნიშვნელოვანია: ივანიშვილი კვლავინდებურად ერთგულია ალიანსში გაწევრიანებისა და საქართველოს დასავლეთთან დაახლოებისა, მის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შედეგად კი საქართველოს საზოგადოება სწორედ მას უჭერს მხარს.
საქართველოს მიერ ალიანსში გაწევრიანებისაკენ სულ უფრო აქტიურად გადადგმული ნაბიჯების კვლადაკვალ, უპრიანია, გავიხსენოთ ყველა ის ისტერიული შეტევა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც მის არჩევას მოჰყვა, და შევადაროთ ეს გააფთრებული ბრალდებები მის მიერ რეალურად შესრულებულ სამუშაოს პრემიერის რანგში. არის კიდევ შესაძლებლობა, რომ ივანიშვილმა ვერ მიიყვანოს საქართველო დასავლეთთან ინტეგრაციამდე? დიახ. ძალიანაც შესაძლებელია, რომ მოსკოვი შეაძრწუნოს ალიანსის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობამ, რის გამოც ის რადიკალურ ზომებს მიიღებს. უფრო უცნაური ამბებიც მომხდარა. თუმცა, თუკი საქართველოს იმედები ალიანსთან დაკავშირებით არ გამართლდა, ამის მიზეზი იქნება არა ბიძინა ივანიშვილი, როგორც „პუტინის კაცი საქართველოში“, არამედ ამ მიზნის თანდაყოლილი სიმძიმე და სირთულე.