ინფლაციის მოთოკვა უკვე შეუძლებელი ხდება

ინფლაციის მოთოკვა უკვე შეუძლებელი ხდება

2022 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1,8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12,8% შეადგინა. ინფლაციის მოსათოკად და შესამცირებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი, შარშანაც და წელსაც არაერთხელ გაზარდა, თუმცა ამ ნაბიჯს შედეგი არ მოჰყოლია, რადგან ინფლაცია ყოველ თვეს სულ უფრო და უფრო მატულობდა. ტენდენცია ახლაც უცვლელია.

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორის დავით გონდაურის განცხადებით, აღნიშნულ ზრდას თავისი მიზეზი ჰქონდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრამ საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ნედლეული პროდუქტების ფასები მკვეთრად გაზარდა.

ომის დაწყებამდე უკრაინა და რუსეთი, სხვადასხვა პროდუქტის მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნები, მსოფლიო სატრანსპორტო სისტემის და მიწოდების ჯაჭვების მნიშვნელოვანი მონაწილენი იყვნენ. შესაბამისად, მიმდინარე ომმა, ქვეყნებს შორის მიწოდების ჯაჭვები შეაფერხა და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი გააღრმავა. შედეგად, მსოფლიოში ფასების ზრდის ახალი, მძლავრი ბიძგი წარმოიქნა. ნავთობის, ხორბლის, შაქრის, მცენარეული ზეთისა და სხვა საკვები პროდუქტების ფასები მკვეთრად გაიზარდა.

როგორც გონდაური აცხადებს, გლობალურად გაზრდილი ფასები ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცა. საქართველოსთვის კი ეს გამოწვევა დამატებით სირთულეებს შეიცავს, რადგან უკრაინა და რუსეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ქვეყნებია.

„რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ბოლო პერიოდის ინფლაცია გამოწვეულია ფულის მასის ზრდით, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. სინამდვილეში ნაღდი ფული მიმოქცევაში წლიურ დონეზე შემცირებულია (1.7%-ით), რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ძველი ფულის ნიშნების ახლით ჩანაცვლება, ელემენტარულად არ ნიშნავს ფულის მასის ზრდას.

მონეტარული პოლიტიკის განხორციელებისას მთავარ ორიენტირად ეროვნული ბანკი ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელს იყენებს. ზოგადად, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები ეკონომიკას ეტაპობრივად გადაეცემა და მისი ეფექტი 4-6 კვარტალის ფარგლებში რეალიზდება.

თუ დავაკვირდებით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებებს 2021-2022 წლებში ის 8%-დან 11%-მდე გაიზარდა. ეს კი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ამ საპროგნოზო ჰორიზონტის მანძილზე უნდა დაუბრუნდეს. გამომდინარე აქედან შეგვიძლია 2022 წლის მეორე კვარტალის ინფლაცია საშუალოდ ვივარაუდოთ წლიური 9-10%-ს ფარგლებში“, - განაცხადა „ბიზნეს-პარტნიორთან“ გონდაურმა.

მაღალ ინფლაციაში ხელისუფლების ბრალეულობას ხედავს სტისტიკოსი გივი მომცელიძე, თუმცა იქვე დასძენს, რომ საგარეო ფაქტორების წილი ინფლაციაში ძალიან დიდია და მისი მოთოკვა სხვადასხვა ბერკეტით შესაძლებელია.

„ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაა. უამრავი ბერკეტი გვქონდა, რომ ინფლაციის შემცირება მომხდარიყო, მაგრამ ხელისუფლებას აწყობს მაღალი მაჩვენებელი, პირველ რიგში იმის გამო, რომ მეტი ფული გაიწეროს სოციალური მიზნებისთვის, პენსია იქნება ეს თუ სოციალური დახმარება, თუნდაც ინფრასტრუქტურული ხარჯი.

ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ ფასების მზარდი დონე მხოლოდ ხელისუფლების ბრალეულობა არ არის, საერთაშორისო მიზეზების გამოც გვაქვს მაღალი მაჩვენებელი. საგარეო ფაქტორების წილი ძალიან დიდია, მეზობელ ქვეყნებშიც მაღალი ინფლაციაა და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენზეც აისახება უარყოფითად. რაც შეგვიძლია უნდა გავაკეთოთ, თუნდაც აქციზის დროებითი შემცირება, რაც ბენზინზე ფასებს დაბლა დასწევდა და ამით ადამიანების ხარჯები შემცირდებოდა. ამას დროებითი ეფექტი ექნება, რა თქმა უნდა, მაგრამ აქციზის გადასახადი არაერთმა ქვეყანამ შეამცირა“, - განაცხადა მომცელიძემ.

2022 წელს, იანვარში ინფლაციამ 13.9%-ს მიაღწია, თებერვალში 13.7% იყო, მარტში - 11.8%, ხოლო აპრილში - 12.8%.