„ავერსის“ შვილობილმა სადაზღვევო კომპანია „ალფამ“ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა დატოვა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანიამ პროგრამიდან გამოსვლის სურვილი რამდენიმე თვის წინ თავად გამოთქვა.
„შესაბამისად, მოხდა შეთანხმება და დეტალების გაანალიზება. დღეს ამ საკითხს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ“, - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, ახალმა მთავრობამ, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 28 თებერვლიდან აამოქმედა და ამ პროგრამის ბენეფიციარია ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა არადაზღვეული პირი.
ჯანდაცვის მინისტრი განმარტავდა, რომ ამ პროგრამის ამოქმედებით კერძო სადაზღვევო კომპანიებს პრობლემები არ შეექმნებოდათ, თუმცა ახლა ცნობილი ხდება, რომ „ალფამ“ პროგრამა დატოვა. ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ამ პროგრამაში მონაწილეობა მისთვის ზარალის მომტანი იყო.
ამიტომ ჩნდება კითხვა - რატომ მიიღო „ალფამ“ ასეთი გადაწყვეტილება, როდესაც მისთვის თავიდანვე ცნობილი იყო სადაზღვევო პროგრამაში მონაწილეობის პირობები? ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი სადაზღვევო საკითხებში, ლაშა ნიკოლაძე for.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ „ალფამ“ ორიოდე თვის წინ, წინასწარი გაფრთხილების რეჟიმში სამინისტროს შეატყობინა, რომ მისი პრემია ძალიან დაბალია, რის გამოც ზარალზე გადის და ამიტომ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამიდან გასვლა სურდა. ლაშა ნიკოლაძე დასძენს, რომ რამდენიმე რაიონში „ალფა“-ს მართლაც სხვა სადაზღვევო კომპანიებთან შედარებით დაბალი პრემია ჰქონდა, მან ეს მოთხოვნა დააყენა და უწყებათშორისმა კომისიამ „ალფა“-ს ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
მინისტრის მრჩევლის განმარტებით, „ალფასთან“ დაკავშირებით იყო ორი დადგენილება, 218-ე დადგენილება, რომელიც უმწეოების და დევნილების დაზღვევას უზრუნველყოფდა და რომლიდანაც გავიდა კომპანია, ხოლო მეორე არის 165-ე დადგენილება, რომლითაც პენსიონერებისა და ბავშვების დაზღვევა ხდება და ამ დადგენილების ფარგლებში „ალფა“ კვლავ მონაწილეობს სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში.
„218-ე დადგენილება სულ სხვა რეჟიმით მუშაობდა და როგორც „ალფა“ სამინისტროსათვის გამოგზავნილ წერილებში წერს, ამ დადგენილებაში დაბალი პრემია აქვს და მაღალი ზარალი. სამი წელი ემსახურებოდა ამ პროგრამას და ახლა აქედან გასვლა მოითხოვა“, - აღნიშნავს ლაშა ნიკოლაძე.
მისი თქმით, „ალფა“ თბილისში, გორში, კასპში და გურიაში მუშაობდა, ახლა კი კომპანია დარჩა მხოლოდ გორი - კასპში და გურიაში პენსიონერებისა და ბავშვების დაზღვევის სფეროში. ხოლო იმ ბენეფიციარებს, რომელთა მომსახურებაზეც „ალფა“-მ უარი განაცხადა, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იგივე პირობებით სოციალური მომსახურების სააგენტო მოემსახურება. ლაშა ნიკოლაძის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს გადაბარების პროცესი, რომელიც 19 ივნისამდე გაგრძელდება, ხოლო შემდეგ ამ ადამიანებს ახალ ლოკაციებზე მოუწევთ დოკუმენტების აღება და მომსახურების მიღება.
ჩვენს კითხვაზე, იყო თუ არა „ალფა“-სთვის ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის პირობები თავიდანვე ცნობილი და რატომ გამოთქვა მან პროგრამის დატოვების სურვილი ახლა, ლაშა ნიკოლაძე პასუხობს, რომ „ალფა“ მომსახურებას ახორციელებდა 2010 წელს ჩატარებული ტენდერის საფუძველზე, ხოლო პრეტენზიების გამოთქმა ახლა დაიწყო. For.ge ასევე დაინტერესდა, არის თუ არა იმის საფრთხე, რომ სხვა კერძო სადაზღვევო კომპანიებმაც უარი თქვან ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობაზე. ამასთან დაკავშირებით ლაშა ნიკოლაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით მისთვის ცნობილი არ არის, რომ რომელიმე კომპანიას ამასთან დაკავშირებით პრეტენზია გამოეხატა, მაგრამ თუკი კერძო სადაზღვევოები ამ პროგრამაში მონაწილეობაზე უარს იტყვიან, არც ეს არის პრობლემა, მას მთლიანად სოციალური მომსახურების სააგენტო გადაიბარებს.
„თეორიულად ყველა სადაზღვევო კომპანიას შეუძლია ამ პროგრამიდან გასვლა. ამისთვის შესაბამისი წინასწარი გაფრთხილების რეჟიმი არსებობს, ანუ ორი თვით ადრე შეტყობინება და დასაბუთება. პრობლემა არ იქნება, თუ ვინმეს გასვლა მოუნდება, პროგრამას მთლიანად მომსახურების სააგენტო გადაიბარებს, რისი რესურსიც მას აქვს. 28 თებერვალს ჩვენ საყოველთაო ჯანდაცვის ერთი ეტაპი დავიწყეთ, ხოლო თუკი რომელიმე სადაზღვევოდან ხალხი გამონთავისუფლდება, ისინი ამ პროგრამას შეუერთდებიან, ოღონდ დაზღვევის რეჟიმი შეუნარჩუნდებათ“, - ამბობს ლაშა ნიკოლაძე.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიგი წერეთელი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ახალმა მთავრობამ ჯანდაცვის პროგრამა წამოიწყო, ამით კერძო სადაზღვევო კომპანიებს მუშაობის ყველანაირი პერსპექტივა მოუსპო.
„დარწმუნებული ვარ, ბევრ კომპანიას სერიოზული პრობლემები გაუჩნდა. მათ განახორციელეს სერიოზული ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, რის ხარჯზეც საქართველოში გაპარტახებული ინფრასტრუქტურა უმოკლეს პერიოდში შეიცვალა. როდესაც კომპანია ინვესტირებას აკეთებს, მას გარკვეული წყაროები აქვს, საიდანაც შემოსავალი უნდა მიიღოს“, - აცხადებს დეპუტატი.
მისი თქმით, ასეთი უმნიშვნელოვანესი წყარო იყო სახელმწიფო და კერძო კომპანიები სახელმწიფო უწყებების დაახლოებით 2.5 მლნ თანამშრომელს აზღვევდნენ (პედაგოგები, პოლიციელები, სამხედროები და ა.შ.). დეპუტატი აცხადებს, რომ მსოფლიო პრაქტიკამ ცხადყო, კერძო კომპანიები ასეთი სერვისების უფრო მაღალი ხარისხით მიწოდებას უზრუნველყოფენ. ამასთანავე, წერეთელის თქმით, დღეს თანამედროვე მსოფლიოში ჯანდაცვის სექტორში ფინანსური პრობლემებია, ხარჯები და სერვისებზე მოთხოვნა იზრდება, ხოლო მიწოდება ყოველთვის მოქმედებს ფასზე. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასაც ეზრდება მოთხოვნილება.
გიგი წერეთელი იხსენებს, როგორი იყო სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი ჯანდაცვა, როდესაც ყველა მომსახურების საფასურის გადახდა მაინც პაციენტის ჯიბიდან ხდებოდა. დეპუტატის თქმით, ახალ მთავრობას „ნაციონალური მოძრაობა“ აფრთხილებდა, რომ ჯანდაცვის სფეროს სახელმწიფოს ფუნქციებში გადატანა კარგს არაფერს მოიტანდა. რაც შეეხება კომპანია „ალფას“, გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ ამ კომპანიასაც საკუთარი სტრატეგია ჰქონდა და თავის დროზე სახელმწიფოს საკმაოდ დაბალი ფასიც შესთავაზა.
„როგორც ვიცით, „ალფა“ „ავერსის“ შვილობილი კომპანიაა და შესაძლოა, ამ უმსხვილესი კომპანიიდანაც ჰქონდა გარკვეული სუბსიდირება. შესაძლებელია, ეს ზოგადად კომპანია „ავერსის“ სტრუქტურულ ცვლილებებსაც უკავშირდება. მაინც მიმაჩნია, რომ მთავარი მიზეზი არის ის, რომ ხდება სახელმწიფოს ხელში როგორც შემსყიდველის, ასევე პოლიტიკის განმახორციელებელის და სერვისების მიმწოდებელის ფუნქციების თავმოყრა. დემაგოგიურია განცხადებები, - ჩვენ ვფიქრობთ მოსახლეობაზე და არა სადაზღვევო კომპანიებზე. ჩვენ რომ ჩვენს მოსახლეობაზე ვფიქრობთ, სწორედ ამიტომ გვინდა, რომ მას უკეთესი ხარისხის მომსახურება მიეწოდოს“, - ამბობს დეპუტატი.
სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე, დევი ხეჩინაშვილი კი განმარტავს, რომ „ალფამ“ სადაზღვევო პროგრამების განხორციელების შესახებ 2010 წელს გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერში მიიღო მონაწილეობა, ტენდერში დემპინგური ფასით შევიდა და ახალგაზრდა კომპანიისთვის საკმაოდ დიდი ტვირთი აიღო თავის თავზე, რადგან 200 000-ზე მეტი ადამიანის დაზღვევა მოიგო. დევი ხეჩინაშვილი აღნიშნავს, რომ მაშინვე არასწორად მიაჩნდა ახალგაზრდა კომპანიის მიერ ამხელა ტვირთის საკუთარ თავზე აღება, მაგრამ „ალფამ“ ამისთვის იბრძოლა და ტენდერიც მოიგო. ხეჩინაშვილის თქმით, 2013 წლის 30 აპრილს კომპანია „ალფას“ 2010 წლის ტენდერით აღებული ვალდებულება დაუმთავრდა და მან ამ პროგრამის გაგრძელებაზე უარი თქვა.
„მიმდინარე წლის მარტში მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლითაც 2010 წლის პროგრამა ძალიან უცნაურად გააგრძელა. კერძოდ, მთავრობას შეუძლია სამი თვით ადრე კომპანიას უთხრას, რომ პროგრამა დასრულდა. „ალფამ“ კი თქვა, რომ ვალდებულება დაუმთავრდა და პრემიის მომატება მოითხოვა, ხოლო როდესაც ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს, პროგრამაში მონაწილეობაზე უარი თქვა“, - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.
მისი თქმით, „ალფას“ მიერ პროგრამიდან გამოსვლას ახალ სახელმწიფო სამედიცინო პროგრამასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიები სრულ გაურკვევლობაში არიან და არ იციან, დარჩებათ თუ არა მათ სახელმწიფო, თუ არასახელმწიფო პროგრამებში სამოქმედო სივრცე. ამიტომ დევი ხეჩინაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ასეთმა არასტაბილურმა ვითარებამაც იმოქმედა „ალფას“ გადაწყვეტილებაზე, რომ ეს პროგრამა დაეტოვებინა, თუმცა ფორმალური მიზეზი გახდა ის, რაზეც ხეჩინაშვილმა ზემოთ ისაუბრა, ანუ ვალდებულებების დასრულება და პრემიის მომატებაზე უარის თქმა.
აღსანიშნავია, რომ მომხდართან დაკავშირებით კომენტარი თავად „ალფასგანაც“ გვინდოდა მიგვეღო. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ლალი ბრეგვაძემ ჯერ მოისმინა ჩვენი კითხვები, შემდეგ გვთხოვა კითხვები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გადაგვეგზავნა და უახლოეს დროში პასუხების მოწოდებას დაგვპირდა, მაგრამ მასთან დაკავშირება ამის შემდეგ შეუძლებელი გახდა და ჩვენს კითხვებზე პასუხებიც ვერ მივიღეთ. ამდენად, თავად „ალფას“ პოზიცია მომხდართან დაკავშირებით ჩვენთვის უცნობია.