ნაცმოძრაობას სემეკიდანაც აძევებენ

ნაცმოძრაობას სემეკიდანაც აძევებენ

საქართველოს ენერგეტიკის მარგულირებელ კომისიაში ნაცმოძრაობის და კონკრეტულად კი სააკაშვილის ბატონობა მთავრდება. ამიერიდან, კომისიის წევრებს პრეზიდენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრი დანიშნავს, შესაბამისად, მისი თავმჯდომარეც ივანიშვილის მიერ დანიშნული წევრებიდან შეირჩევა.

ამჟამად “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს არსებული კანონის მიხედვით, კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

ეს უფლებამოსილება პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრის ხელში გადადის. პრეზიდენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრი დანიშნავს კომისიის წევრთაგან ერთ-ერთს კომისიის თავმჯდომარის პოსტზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთავრობა პარლამენტისგან კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას და დამტკიცებას ითხოვს.

ამავე ცვლილებების გათვალისწინებით, კომისიის წევრის დასანიშნად, მისი კომისიის თავმჯდომარის მიერ წარდგინება საჭირო აღარ იქნება, როგორც ამას ჯერ კიდევ მოქმედი საკანონმდებლო ნორმა ითვალისწინებს.

უმცირესობის წევრები საეჭვოდ მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებსა და კომისიის თავმჯდომარის თანამდებობებზე დანიშვნა-განთავისუფლების უფლება პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადადის. ლევან ბეჟაშვილის თქმით, თუ მათ სურთ, მარეგულირებელი კომისია იყოს დამოუკიდებელი, მაშინ კომისიის წევრები უნდა დაინიშნოს სრულიად ნეიტრალური ფიგურის მიერ.

„საეჭვოა, როცა პრემიერ-მინისტრი დანიშნავს კომისიის თავჯდომარესა და კომისიის სხვა წევრებს ზეგავლენა არ მოხდეს მარეგულირებელ კომისიაზე. თუ ჩვენ გვსურს მარეგულირებელი კომისია დამოუკიდებელი იყოს, მაშინ ის არ უნდა დანიშნოს არც პრემერ-მინიტრმა და არც პრეზიდენტმა. ის უნდა დანიშნოს სრულიად ნეიტრალურმა ფიგურამ და მასზე არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ უნდა შეეძლოს მთავრობის რომელიმე წარმომადგენელს”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი კი კარგ ინიციატივას უწოდებს “ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს.

“მანამდე ნიშნავდა პრეზიდენტი, მაგრამ ახალი ხედვებიდან,უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, რომელიც ექნება პრემიერს და პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ამ წევრებს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ჩვენ სემეკის წევრებს ვერ ავირჩევთ საერთო-სახალხო არჩევნებით, ვერ ავირჩევთ პარლამენტიდან და პარლამენტის დახმარებით, ერთადერთი გზა არის რომ დავნიშნოთ”, - განაცხადა ელოშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

მისივე თქმით, სემეკის თითქმის ყველა წევრს ვადა აგვისტოში გასდის და ეს საკითხი დღის წესრიგში თავისთავად დადგებოდა.  მინისტრის მოადგილის თქმით, აქ ყველაფერი გაწერილია, შეთანხმებულია საერთაშორისო ორგანიზაციებთან. “მოგეხსენებათ, პრეზიდენტის უფლებები იკვეცება, შესაბამისად, მათ დანიშნავს პრემიერი, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება”, - დასძინა ელოშვილმა.

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა დაგეგმილ ცვლილებს მართებულ გადაწყვეტილებას უწოდებს. როგორც ჟურნალისტებს დავით მირცხულავამ განუცხადა, ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სემეკის წევრებს პრემიერი დანიშნავს, სწორია, რადგან სემეკში უნდა მოხდეს რეორგანიზაცია.

“ამ წლების განმავლობაში სემეკს აბსოლუტურად დაკარგული ჰქონდა დამოუკიდებლობა. ამ გადაწყვეტილებებით ამ უწყებას ყველანაირი პირობა შეექმნება, რომ რეალური დამოუკიდებლობა მოიპოვოს.

რეალურად დღეს სემეკი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. არ ვიცი რასთან არის ეს დაკავშირებული. ჩვენ თუ გვინდა ამ დარგში მივიღოთ პროცესი, რეორგანიზაციაა საჭირო და ის, რომ პრემიერის ხელში გადადის სემეკის ხელმძღვანელობის დანიშვნა, ეს წარმატებული ნაბიჯი იქნება”, - განაცხადა მირცხულავამ.

მისივე აზრით, ამ კომისიის წევრები ისეთი კადრებით უნდა იყოს დაკომპლექტებული, რომლებიც წინ გაიხედავენ, პერსპექტივაზე იმუშავებენ და არა როგორც დღეს ნოტარიუსებივით აღწერენ.