ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა მისი რუსი კოლეგა დაგმო მას შემდეგ, რაც სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ადოლფ ჰიტლერს „ებრაული სისხლი ჰქონდა“.
ლავროვმა აღნიშნული განცხადება იტალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში გააკეთა, რომელშიც მან აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდომირ ზელენსკის ებრაელობა არ ეწინააღმდეგებოდა რუსეთის მტკიცებას, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა ქვეყნის „დენაციფიკაციას“ ისახავდა მიზნად.
„ეს უპატიებელი და სკანდალური კომენტარია. ეს საშინელი ისტორიული შეცდომაა და ბოდიშის მოხდას ველით. ებრაელები ებრაელებს არ კლავდნენ ჰოლოკოსტის დროს. ებრაელთა მიმართ რასიზმის ყველაზე მდაბიო ფორმაა თავად ებრაელების ანტისემიტიზმში დადანაშაულება“, - აღნიშნა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ლაპიდმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ელჩს, ანატოლი ვიქტოროვს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ.
შეთქმულების თეორიები იმის შესახებ, რომ ადოლფ ჰიტლერს ებრაული წარმომავლობა ჰქონდა, რამაც შესაძლოა განაპირობა მისი ანტისემიტიზმი და ექვსი მილიონი ებრაელის მკვლელობა, არაერთხელ უარყვეს ისტორიკოსებმა.