მერია დასუფთავების გადასახადის სახით 1 სულზე 2,5 ლარის დაწესებას აპირებს. დეპუტატების ნაწილი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, მაგრამ ძნელი სავარაუდოა, ნაცმოძრაობის კონტროლქვეშ მყოფმა საკრებულომ მათი აზრით გაითვალისწინოს.
თბილისის მერიის მიერ დედაქალაქის საკრებულოში წარდგენილი პროექტით, დასუფთავების მოსაკრებელს 1 სულ მოსახლეზე თვეში 2,5 ლარს დაადგენენ. მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ირაკლი აბესაძე ადასტურებს, რომ თბილისის მერიამ ერთ სულ მოსახლეზე დასუფთავების მოსაკრებლად 2,50 ლარი განსაზღვრა, ხოლო 57 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის კი ტარიფი 2 ლარი იქნება.
მისივე ინფორმაციით, კანონით დაწესებული ზედა ზღვარი-3 ლარი თბილისში მომსახურების ხარჯებს არ ფარავს, რადგან მერიას მომსახურების გაწევა გაცილებით მეტი უჯდება. თუმცა, პარლამენტთან მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმად, მომსახურება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება.
“დასუფთავების მოსაკრებლის მნიშვნელოვანი გაძვირება რომ არ მოხდეს, ჩვენ გვქონდა შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან. მიღწეულია შეთანხმება, რომ აღნიშნული მომსახურება გათავისუფლებული იქნება დღგ-სგან. საგადასახადო კოდექსში შევა შესაბამისი ცვლილებები, თუ 2.50 ლარს დავაწესებთ გადასახადს, მაინც საჭირო იქნება 15-მილიონიანი სუბსიდია.
შევთანხმდით, დღგ-სგან გათავისუფლების შემთხვევაში, გადასახადი იქნება 2,50 ლარი, რათა მოსახლეობისათვის მოსაკრებლის მნიშვნელოვნად გაძვირება არ მოხდეს. შევთანხმდით სიტყვიერად, რომ გონივრული და სწორია, მომსახურება გავათავისუფლოთ დღგ-სგან იმისათვის, რომ ჩვენ საშუალება გვქონდეს შევინარჩუნოთ 2,50-ლარიანი მოსაკრებელი, რომელიც არსებობდა”, - განაცხადა აბესაძემ.
მისივე ინფორმაციით, პარლამენტი შესაბამის პროცედურებზე მსჯელობას მიმდინარე კვირაში დაიწყებს. მერია საკრებულოში კენჭისყრაზე გადაწყვეტილების ჩავარდნას არ ელოდება. აბესაძის აზრით, საკრებულოს უმცირესობის მიერ დასახელებული ტარიფები კონკრეტულ გაანგარიშებას არ ეყრდნობა და ციფრები “ციდან მოტანილია”.
საკრებულოს უცირესობაში შემავალი ფრაქციები დედაქალაქის მერიის მიერ წარდგენილი პროექტის მხარდაჭერას არ აპირებენ.
როგორც “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება - თბილისელების” თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძემ განაცხადა, საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციები მერიის პროექტს მხარს არ დაუჭერენ. უმცირესობა ერთიან ტარიფზე საბოლოოდ შეჯერებული ჯერ არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, ისინი დასუფთავების მოსაკრებლად 1,50 ლარით განსაზღვრას დაუჭერენ მხარს.
დასუფთავების მოსაკრებელთან დაკავშირებით კენჭისყრა საკრებულოში 31 მაისს გაიმართება. დასუფთავებისა და ელექტროენერგიის მოსაკრებლის გამიჯვნის შესახებ კანონი ძალაში 1-ლი ივნისიდან შედის.
სულ რამდენიმე დღის წინათ კი საკრებულოს ოპოზიციაში დარწმუნებულნი იყვნენ, რომ დედაქალაქში დასუფთავების გადასახადი ერთ სულზე გადასახადი 1,5 ლარს არ გასცდებოდა. დეპუტატი ზაზა გაბუნია სწორედ ამ ტარიფს მიიჩნევდა ოპტიმალურად:
“პარლამენტმა კანონით დასუფთავების გადასახადის ზედა ზღვარი 3 ლარით განსაზღვრა და საკრებულოს შეგვიძლია, როგორც დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოს, 3 ლარს ფარგლებში დასუფთავების ტარიფი დავაწესოთ. საკრებულოში არსებობს რამდენიმე მოსაზრება ტარიფთან დაკავშირებით. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ დასუფთავების ტარიფი 2,50 ლარით უნდა განისაზღვროს, რასაც არ ვეთანხმები და 1,5 ლარსგონივრულ და ადეკვატურ ტარიფად მივიჩნევ.
მე საერთოდ მინდა, რომ დასუფთავების ტარიფი 50 თეთრი იყოს, მაგრამ შესანახია დასუფთავების სერვისი, სადაც ადამიანები არიან დასაქმებული, ამიტომ ფარისევლობა იქნება ამ მიმართულებით საუბარი. შესაბამისად, მოსანახია ოქროს შუალედი, ერთი მხრივ, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ ტარიფთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ იმასთან დაკავშირებით, რომ მოხერხდეს დასუფთავების სერვისის შენახვა”, - აცხადებდა გაბუნია.
ახლა კი საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ დედაქალაქში ძველი ტარიფი აღდგება, რომელიც მოსახლეობისთვის საკმაოდ დიდი იყო. ამ ყველაფრის ინიციატორი კი უმრავლესობის დეპუტატი თინა ხიდაშელი აღმოჩნდა, რომელმაც პარლამენტში შეტანილ კანონპროექტში დასუფთავების გადასახადის ზედა ზღვრად რატომღაც 3 ლარი დაადგინა. მაშინაც და ახლაც ყველასთვის ნათელი იყო, რომ უგულავას უწყება ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა და მაქსიმალურთან მიახლოებულ გადასახადს დაადგენდა. აკი ასეც მოხდა და დიდი ალბათობით ივნისიდან თბილისელებს 2,5-ლარიანი ტარიფი შერჩებათ ხელთ.