გორის რაიონში სოფელ დიცში ვითარება დღითიდღე რთულდება. ე.წ. რუსმა მესაზღვრეები ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე მავთულხლართების გავლების პარალელურად, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, ადგილობრივი მკვიდრი 24 წლის როსტომ სოსიაშვილი დააკავეს.
თვითმხილველთა ინფორმაციით, სოფლის განაპირა ადგილას, ორი არასრულწლოვანი, 13-14 წლის მოზარდები პირუტყვს აძოვებდნენ, რა დროსაც სოსიაშვილმა შენიშნა, რომ არასრულწლოვანების მიმართულებით ბუჩქებიდან რუსი სამხედროები მალულად მიდიოდნენ და მან მათი გაფრთხილება სცადა. მოზარდები სოფლის მიმართულებით გაიქცნენ, ხოლო სოსიაშვილს რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა ხელბორკილები დაადეს და ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში შეფასებები უკვე მოჰყვა. უმცირესობა რუსეთის გააქტიურებას საქართველოს ხელისუფლების „დათბობის“ პოლიტიკას უკავშირებს, უმრავლესობა ახალი მავთულხლართების გაბმას რუსეთის მხრიდან დესტრუქციულ ნაბიჯად აფასებს, ექსპერტები კი, ხელისუფლებას მოუწოდებენ სახელმწიფო ინტერესები დაიცვას, პრინციპული იყოს და სრული ბოიკოტის გარეშე, ჟენევაში ამ საკითხების განხილვამდე, აბაშიძე-კარასინის შეხვედრა გადადოს.
დიცში არსებული ვითარების გაცნობის მიზნით, სოფელს რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის ხელმძღვანელი გია ვოლსკი ეწვია, რომლის ინფორმაციითაც, ამ დროისთვის, ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე ბოძების ჩამაგრება ხდება, სადაც მავთულხლართების გამბის გარდა, სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას აპირებენ.
როგორც for.ge-ს ვოლსკიმ განუცხადა, ე.წ. რუს მესაზღვრეებს თან ჯიპიარესები აქვთ და ისინი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ყოფილ საზღვარს მიჰყვებიან.
„უბედურება ის არის, რომ ზოგ ადგილას ე.წ. საზღვარს გარეთა პერიმეტრზე 300 მეტრით წევენ, ხოლო ზოგ ადგილას პირიქით, უკან 200 მეტრით. ისინი არ ტრაბახობენ, მაგრამ ამბობენ, რომ თუკი ადრე, საზღვრის დარღვევის გამო მოსახლეობა ტყვედ აგვყავდა, ახლა მათი ნახირი აქეთ აღარ გადმოვაო. მათ ჰგონიათ, რომ თითქოს, რამე სიკეთეს აკეთებენ, მაგრამ მთელი უბედურება ოკუპაციაა. ახლა მავთულხლართს გაავლებენ თუ მესაზღვრეს დააყენებენ, ეს ოკუპაციის თანმდევი პროცესებია“, - განაცხადა ვოლსკიმ, რომლის პათოსსაც ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგურიც იზიარებს.
ვიცე-სპიკერის შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ხელისუფლებას დინჯი და ჭკვიანური ნაბიჯების გადადგმა მართებს.
„ვითარების გამოსწორება შეიარაღებული ძალით დავიწყოთ?! პირიქით, ყველა საერთაშორისო ბერკეტი უნდა იქნეს მოსინჯული. ამ თემაზე, საგარეო უწყება აქტიურად მუშაობს. წინა ხელისუფლებამ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა და არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთის მხრიდან ამ ტიპის კიდევ ბევრი პროვოკაცია განხორციელდეს. გვმართებს, რომ ჭკვიანად და დინჯად ვიყოთ და დეოკუპაციაზე ასე ვიფიქროთ. სამწუხაროდ, ეს არის მოცემულობა, რომელიც 2008 წლის შემდეგ დაგვიტოვეს“, - განუცხადა for.ge-ს ძიძიგურმა, რომლის პოზიციასაც უმცირესობა კატეგორიულად არ იზიარებს და პირიქით, ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.
აკაკი მინაშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე ახალი მავთულხლართების გაბმა ლოგიკური შედეგია იმ პოლიტიკისა, რომელსაც ახალი ხელისუფლება ახორციელებს.
მისი თქმით, ხელისუფლება რუსეთს მკაცრად უნდა ელაპარკოს და უკან არ უნდა დაიხიოს.
„ეს ყველაფერი რუსეთის მიმართ დაყვავებისა და დათბობის პოლიტიკის შედეგია. 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რუსეთმა განაცხადა, რომ ე.წ. აღიარებასთან დაკავშირებით თავის პოზიციას არ შეიცვლიდა, თუმცა, კრემლის აგრესიის მიუხედავად, ხელისუფლებამ დათმობა აირჩია. მთავრობა ამჯობინებს, ისაუბროს არა ოკუპაციაზე, არამედ კულტურასა და ვაჭრობაზე, რაც სირაქლემის პოზიციაა. რუსეთის ხელისუფლების მენტალობა საბჭოთა კავშირისგან არ არის განსხვავებული და მათთვის კომპრომისი გარკვეული ნიშანია იმისა, რომ აგრესიული მოქმედება გააგრძელონ. რუსეთი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება უკან მიდის და სჯობს, აგრესია გააგრძელოს. ამ ფონზე, სად არის პრემიერი, რომელიც გამალებით სამართლიანობის აღდგენაზე საუბრობს?! როგორ შეიძლება, რომ მავთულხლართების გაბმის შემდეგ, საგარეო უწყების საპროტესტო განცხადება სამი დღის შემდეგ გავრცელდეს?! ზაქარეიშვილის განცხადება კი, ქვეყნის მტრის პოზიციაა. ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ 200-300 მეტრის გამო ომს ხომ არ დაიწყებს, ამით მისი განცდები და რიტორიკა ჩანს, რომელიც წყალს მტრის წისქვილზე ასხამს. ხელისუფლება ძალიან პასიურია, შესაბამისად, დიპლომატიაც, რაც ძალიან სახიფათო პროცესია“, - განუცხდა for.ge-ს აკაკი მინაშვილმა, რომლის მსგავსად, ზაქარეიშვილი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გივი თარგამაძემაც გაატარა.
დეპუტატის პროგნოზით, მავთულხლართების გაბმის პროცესი გაგრძელდება.
„ზაქარეიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟან კლოდ მინიონი მოატყუა, რომელსაც შეხვედრაზე ეს ინფორმაცია არ მიაწოდა. თუ ხელისუფლება მსგავსი ფაქტების შესახებ, საერთაშორისო საზოგადოებას საქმის კურსში არ ჩააყენებს, ბუნებრივია, მათ რეაქციები არ ექნებათ. გაგვიმართლა, რომ ამ პერიოდში, ბატონი მინიონი საქართველოში იმყოფებოდა, მაგრამ მისთვის სიტუაცია მაქსიმალურად უნდა აეხსნათ, რომ ჩასვლისთანავე ამ საკითხებზე იმუშაოს, თორემ, მას იმას კი არავინ სთხოვს, რომ ზარბაზნების სროლით დაკავდეს“, - განუცხადა for.ge-ს თარგამაძემ.
ოპოზიციონერების მხრიდან ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი არ იზიარებს და აცხადებს, რომ მმართველი ძალა ყველა რესურსის გამოყენებას ცდილობს, რაც შედეგებამდე მიიყვანს.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი დესტრუქციულია, რადგან ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგა.
„ახალი სტრატეგია გარკვეული იმედების მომცემი იყო, რომელიც რუსეთს იმის შანს აძლევდა, რომ თავისი შეცდომები გამოესწორებინა. მავთულხლართების გადმოწევა დესტრუქციულად სწორედ იმიტომ შევაფასე, რომ ეს ყველაფერი მოლაპარაკებების პროცესს მნიშნელოვნად შეაფერხებს და ამ პროცესის ჩამშლელად რუსეთი გამოცხადდება. შეიძლება ეს რუსეთისთვის მეტი დარტყმა იყოს და იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში მეტი ანალიზი გაკეთდება. მითუმეტეს, რუსეთის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კონსტრუქციულია, რადგან შეგვეძლო, სოჭის ოლიმპიადისთვის ბოიკოტი გამოგვეცხადებინა, მაგრამ დემოკრატიული ნაბიჯი გადავდგით. სამწუხაროდ, რუსეთი ცივილიზებულ ნორმებს გასცდა და საოკუპაციაო ზოლზე ჭიდაობით ვერაფერს მივაღწევთ. ერთადერთი ბერკეტია, რომ დასავლეთი აქტიურად ჩაერიოს და რუსეთს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვა მოსთხოვოს. ამას კი, ჩვენ ვაკეთებთ. მცოცავ ანექსიაზე თვალებს არ ვხუჭავთ და მედიისთვის ამაზე საუბარი არ აგვიკრძალავს, პირიქით, განგაში ავტეხეთ“, - განუცხადა for.ge-ს სესიაშვილმა.
დეპუტატის ინფორმაციით, ხელისუფლება იმის გარკვევას ცდილობს რატომ გადმოიწია ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი 300 მეტრით.
„ამ საკითხს ვარკვევთ და ჯერჯერობით, დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ ამასაც მძიმე მემკვიდრეობასთან აქვს კავშირი“, - დასძენს კანონმდებელი.
დიცში შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსავალი თუ რაში მდგომარეობს, for.ge ამის გარკვევას ექსპერტ ელენე ხოშტარიასთან შეეცადა.
მისი შეფასებით, დღეს, სიტუაციის განსხვავებულობა იმაში მდგომაროებს, რომ რუსეთი ამ პროცესებით ახალ მთავრობას ტესტავს - რა რეაგირება იქნება როგორც საერთაშორისო თვალსაზრისით, ასევე საქართველოს მხრიდან.
„ეს გარკვეული ზეწოლაა ხელისუფლებაზე, რომ მათი რეაქციები დაიტესტოს. ხელისუფლება აცხადებდა, რომ რბილი რიტორიკა საქართველოს ინტერესების დათმობას არ ნიშნავს. სწორედ ამ სიტუაციაში, მთავრობამ რუსეთს ძალიან კარგად უნდა გააგებინოს, რომ ურთიერთობის დარეგულირებას ვცდილობთ, მაგრამ არა ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე და არა იმის ხარჯზე, რომ რადგან ძლიერი ხარ, საერთაშორისო სამართლის ნომების დარღვევას ჩავყლაპავთ. იმ რეაქციებიდან, რაც მთავრობისგან მოდის, ორი ტენდეცია იკვეთება, რომლებიც მცდარია, მაგრამ მესმის, რომ ძალიან რთული ვითარებაა და ამ სიტუაციაში ყველაზე სწორ ფორმას ეძებს. კრიტიკისთვის არ ვამბობ, მაგრამ სახელმწიფოსგან ერთიანი გზავნილი უნდა იყოს გაკეთებული, თუმცა, ზაქარეიშვილის უპასუხისმგებლო განცხადება მოვისმინეთ, რომელმაც ამ ყველაფერს მეტრებით თამაში დაარქვა და არა პრინციპებით. სამწუხაროა, რომ ევროკავშირის ელჩი უფრო კარგად ხვდება, რომ ეს მეტრებით თამაში არ არის და პრინციპებია. მაია ფანიჯიკიძისგან სწორი განცხადებები გაკეთდა, მაგრამ არასწორი ის იყო, რომ მთავრობის წარმომადგენლებს შორის საჯაროდ არასწორი კამათი გაიმართა - ეს პროცესები უნდა განიხილონ თუ არა აბაშიძე-კარასინის ფორმატში. ამ საკითხებზე შიგნით უნდა ილაპარაკონ“, - აცხადებს ხოშტარია.
ექსპერტი მთავრობას რჩევებსაც აძლევს. კერძოდ, ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ მთავრობამ მკაფიო გზავნილი უნდა გააკეთოს, რომ ქართული ხელისუფლება, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას ცდილობს, საკუთარი პრინციპების ხაზზეა.
„მეორე, რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, ეს არის ის, რომ დასავლეთში განგაშის ზარი შემოკრას, თუმცა, არა რუტინულად, რადგან ამისთვის ამ ხელისუფლებას ბევრად უკეთესი საწყისი პოზიციები გააჩნია, იმიტომ, რომ მათ შეუძლიათ მთელ საერთაშორიო თანამეგობრობას მიმართონ. ამაზე მეტად მოქნილი ხელისუფლება საქართველოს არ ეყოლება. შესაბამისად, მათ შეუძლიათ ეს დასავლეთთან როგორც კოზირი გამოიყენონ და თქვან - ჩვენ უბრალოდ მეტის გაკეთება აღარ შეგვიძლია. რაც შეეხება ჩემს მესამე რეკომენდაციას, რუსეთისთვის გზავნილი უნდა იყოს, რომ სანამ, რუსეთი დიალოგის წარმართვის პოლიტიკურ ნებას არ გამოავლენს, ანუ, ამ ვითარებას არ შეცვლის, ამ პირობებში კარასინი-აბაშიძის შეხვედრა არ უნდა შედგეს. ამის კი, ხელისუფლებას არ უნდა შეეშინდეს, რადგან ეს კონფრონტაციული ნაბიჯი არ არის, არამედ მათ ნაბიჯზე ადეკვატური და პრინციპული ქმედებაა. ამ ნაბიჯს სრული ბოიკოტის გარეშე გადავდგამდი და ჟენევაში ამ საკითხების განხილვამდე, აბაშიძე-კარასინის შეხვედრას გადავდებდი. ეს იქნებოდა პრინციპული პოზიციის დანახება. მთავრობას შეუძლია თამამი იყოს, ლანძღვა-გინება არ გამოიყენოს და პრინციპული იყოს“, - განაცხადა ხოშტარიამ.