სახალხო პარტიის პოზიცია
სოფელ დიცთან და დვანთან რუსმა მესაზღვრეებმა ე.წ “ადმინისტრაციული საზღვარი”, ანუ საოკუპაციო ზოლი 300 მეტრით გადმოწიეს. რუსეთმა კვლავ აჩვენა თავისი ნამდვილი სახე _ საერთაშორისო აზრის იგნორირებით უაპელაციოდ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საქართველოს ეტაპობრივი მცოცავი ანექსიის გზაზე. კიდევ ერთხელ აჩვენა მისი ურყევი სურვილი მთლიანად საქართველოს თავისი გავლენის სფეროში მოქცევისა. აჩვენა, რომ საქართველოს ხალხისა და ხელისუფლების, მიუხედავად ამ უკანასკნელის ლოიალური თუ აგრესიული რიტორიკისა, პატივისცემის გრძნობა მისთვის არ არსებობს.
დიდი სიბრძნე არ უნდა იმის მიხვედრას, რომ არსობრივად, ეს თავხედობა მიუცილებელი ელემენტია რუსული იმპერიალიზმისა, რომელიც არის და მუდამ იქნება იმის წაგლეჯის მცდელობაში, რასაც პატრონის უმოქმედობისა და უნიათობის გამო დაუცველს დაინახავს.
საქართველოს ხელისუფლების სურვილი ყველაფერი “ნაცმოძრაობის” ცხრაწლიან დანაშაულებრივ პოლიტიკას გადააბრალოს უსუსური მცდელობაა პასუხისმგებლობის თავიდან აცილებისა. მით უმეტეს, რომ ბევრ საკითხში “ნაცმოძრაობის” გზით სვლა გრძელდება. მაგ. სააკაშვილის შექმნილი ე.წ. “ყოფილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია” დღესაც ფუნქციონირებს და საბიუჯეტო თანხები გაეზარდა კიდეც.
“ნაცმოძრაობას” ხალხმა I ოქტომბერს გამოუტანა განაჩენი, ახლა კი “ქართული ოცნებაა” პასუხისმგებელი დღევანდელ მოვლენებზე.
ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დიპლომატიური არხების გამოყენებით რუსეთზე ზემოქმედებაზე აპელირება მოქმედების ილუზიიის შექმნას უფრო ემსახურება, ვიდრე რეალური შედეგების მოპოვებას, რადგან, ჯერ ერთი, არ არის ცნობილი, რა კონტექსტით, რა პრობლებებით და რა პრინციპულობით ვითხოვთ ქვეყნის ინტერესთა დაცვას, და, მეორე და მთავარი, რას ვაკეთებთ ჩვენ თვითონ პრობლემის მოსაგვარებლად, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება იყოს ქმედითი.
პარლამენტში კვლავ დაიწყო ძველი, მივიწყებული ტერმინოლოგიის გამოყენება, რომ “კრემლის გარკვეულ ძალებს” სურთ სამშვიდობო პროცესის ჩაშლა: ჯერ ერთი, საკითხავია, ვინ არის ეს “გარკვეული ძალები”, მეორე, რა არის ეს სამშვიდობო პროცესი, მესამეც, პუტინი კრემლს ვეღარ აკონტროლებს და იქ ქსოვით თუ სხვა რამით ირთობს თავს?
ასევე გასაშიფრია გამოცხადებული “პრინციპული, მაგრამ ფრთხილი” პოლიტიკის არსი, კონკრეტულად, სად და რაში ვართ პრინციპულები და რაშია საჭირო სიფრთხილე, რათა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ “ორი ქვეყნის ურთიერთობებში ნორმალიზაცია” უფრო გასაგები გახდეს, მით უმეტეს, რომ თვით “ნორმალიზაციაში” რას გულისხმობს “ქართული ოცნება” არ არის საყოველთაოდ ცნობილი.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულოს თავისი პირდაპირი კონსტიტუციური მოვალეობა საქართველოს წინაშე. როგორც მინიმუმი:
-განახორციელოს სრული მონიტორინგი ე.წ. “ადმინისტრაციული საზღვრთან”. მათ შორის, ვიდეოკამერებით სადღეღამისო თვალთვალი და შ.ს.ს. შესაბამისი სამსახურების მუდმივი პატრულირება (სასურველია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან ერთად).
-მიღებულ იქნას ადგილობრივი მცხოვრებლების დაცვისა და სოციალური დახმარების გადაუდებელი და აუცილებელი ზომები.
-რადგანაც, სამწუხაროდ, მხოლოდ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება ხდება რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, მაშინ სრული ხმით განაცხადოს მსოფლიოს წინაშე, რომ საქართველოს ტერიტორიების გათავისუფლების გზა კავკასიის რეგიონში რუსული იმპერიალიზმის დამარცხებაზე გადის.
-მკაფიოდ განაცხადოს, რომ რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზაცია შესაძლებალია ანექსიის შედეგების ლიკვიდაციის პარალელურად.
-დემონსტრაციულად აიღოს ხელი რუსეთთან პოზიციის შერბილებაზე. მაგ. “ოკუპაციის შესახებ” კანონის ლიბერალიზაციაზე _ერთხელ და სამუდამოდ.
-სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმისგან განსხვავებით პოლიტიკურ პროცესებში გამოაჩინოს მტკიცე ნება, მოახდინოს საქართველოს საზოგადოებრიობის კონსოლიდაცია და ერთიანი სახელმწიფო ამოცანის შესრულების პროცესში განსაზღვროს საზოგადოების თითოეული წევრის კონკრეტული ფუნქცია.
სახალხო პარტია მამუკა გიორგაძე