35 დღეში სააკაშვილმა, ყველაზე უხეში გათვლებით, 90 000 კილომეტრი იფრინა. ამის შესახებ სტატიას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, ბოლო 35 დღეში სააკაშვილმა სამი კონტინენტი მოიარა. აქედან, ჩრდილოეთ ამერიკა და აზია - ორ-ორჯერ.
ალბათ, ტრანსატლანტიკურ სივრცეში ასეთი სიხშირით ჟიულ ვერნიც არ მოგზაურობდა, როცა ემზადებოდა ცნობილი რომანის „80 ათასი კილომეტრი წყალქვეშ“ დასაწერად და საკუთარი შემოსავლით ნაყიდი იახტებით მიაპობდა ბალტიის, ნორვეგიის თუ ხმელთაშუა ზღვის ტალღებს.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, მან თვითონვე მოუძებნა ახსნა, თუ რატომ დაფრინავს ამდენს და რატომ არ უნდა ბრაზობდეს ამაზე პრემიერი ივანიშვილი:
„პრემიერ-მინისტრი იმაზე კი არ უნდა ნერვიულობდეს, პრეზიდენტი რატომ დადის. უფრო იმაზე უნდა ინერვიულოს თვითონ რატომ არ და ვერ დადის. მოდით, იმანაც არ იაროს, რახან ჩვენ ვერ დავდივართო... მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ნუ გეშლებათ ნერვები იმაზე, რომ მე დავდივარ... მე პრეზიდენტი როცა არ ვიქნები, მაინც მომიწვევენ... მაგრამ მოდი ახლა თქვენ თავს მიხედეთ“, - ასეთი კატეგორიული იყო სააკაშვილი.
ამასთან, იგი ირწმუნება, რომ მისი ვიზიტები დიდწილად დროებით დაკარგული ქართული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას ემსახურება.
პრეზიდენტის ფრენასთან დაკავშირებით, „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას საინტერესო შედარება მოჰყავს. კერძოდ, მეზობელი აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელსაც არანაკლებ აწუხებს ოკუპაციის პრობლემა, 2013 წელს ოფიციალური ვიზიტით სულ ოთხ ევროპულ ქვეყანაში (იანვარი_შვეიცარია; მარტი - ხორვატია, მონტენეგრო; მაისი - ავსტრია) იმყოფებოდა.
რატომ მოგზაურობს ასე ხშირად საქართველოს პრეზიდენტი და ემსახურება თუ არა ეს ვიზიტები არაღიარების პოლიტიკას? მით უფრო, რომ ცნობილია, 19 მაისს, ნიუ- იორკიდან სააკაშვილმა გეზი პირდაპირ ტაილანდისკენ აიღო, ჯერ 11 000 კილომეტრი იფრინა დუბაიმდე, იქიდან კიდევ 4550 კმ ქალაქ ჩან მაიმდე, რომელიც წყლის რესურსების აზია-წყნარი ოკეანის რიგით მეორე სამიტს მასპინძლობდა. თუმცა ნიშანდობლივია, რომ პრეზიდენტის ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე საერთოდ არ არის მითითებული, რომ ეს სამიტი სწორედ წყლის პრობლემებს ეძღვნებოდა. ის კი ცნობილია, რომ სააკაშვილი ამ რეგიონის რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდა და, თუ მას ვერწმუნებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაზე ესაუბრა.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ უფრო გამართლებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ სააკაშვილმა 90 ათასი კილომეტრი კი არა, არამედ 90 ათასი მილი იფრინა, რაც კიდევ უფრო მეტია, რადგან უცხოელები მანძილს მილში ითვლიან.
ლევან ბერძენიშვილის თქმით, თავის დროზე, როდესაც საფრანგეთში პრეზიდენტ მიტერანსა და პრემიერ-მინისტრ ჟაკ შირაქს შორის კოაბიტაცია პირველად შედგა, დაუწერელი კანონის მიხედვით, საგარეო პოლიტიკაში წავიდა პრეზიდენტი და საშინაო პოლიტიკა დაუთმო პრემიერ-მინისტრს. თუმცა ისინი ფრანგები იყვნენ და მეორე დღესვე გაერკვნენ სიტუაციაში. ჩვენთან კი, სახლში არაფერი ესაქმება სააკაშვილს და ამაში გასარკვევად მას გარკვეული დრო, ექვსი თვე მაინც დასჭირდა.
„როგორც ჩანს, სააკაშვილმა თქვა, მე არავინ არაფერს მეკითხება, არავინ არ ვარ საქართველოში და ამიტომ თვითონვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ უცხოეთში წავიდეს. თუმცა რომელ არაღიარების პოლიტიკაზე უნდა ელაპარაკა, მაგალითად, კამბოჯაში?! რა თქმა უნდა, სერიზული არაა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი დაიხარჯა ვანუატუს საკითხზე. მით უმეტეს, ჯერჯერობით ვანუატუში არაფერი შეცვლილა და სააკაშვილის სიტყვების გარდა, ჩვენ არანაირი ცნობა არ გვაქვს, რომ სადმე არაღიარებაზე მან რაიმე წარმატებას მიაღწია“, - გვითხრა ლევან ბერძენიშვილმა.
ექსპერტი და ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ სააკაშვილი კარგად ხვდება, ოქტომბრიდან თანამდებობიდან წასვლა მოუწევს. ამიტომ ბოროტად იყენებს თანამდებობას და საკუთარ სურვილებს იკმაყოფილებს, დადის ეგზოტიკურ ქვეყნებში ტურისტად. რაც შეეხება თითქოს იგი არაღიარების პოლიტიკისთვის ზრუნავს, ეს სრული ანაქრონიზმია და პრეზიდენტის ჩასვლით ეს პოლიტიკა არ შეიცვლება. ვისაც არ უნდა, აღიაროს აფხაზეთი და ცხინვალი, არც აღიარებს. პირიქით, ასეთმა პოლიტიკამ შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიღოს.
„მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში არსებობს მაგალითები, როცა ერთი ქმედების საფუძველზე საპირისპირო ქმედუნარიანობა მომხდარა. თავის დროზე, ჰესი გადაფრინდა ბრიტანეთში და მოლაპარაკებას აწარმოებდა, რათა ბრიტანეთის ხელისუფლება ჰიტლერთან ერთობლივი მოკავშირეობისთვის ეიძულებინა. მის ჩასვლას შედეგად მოჰყვა, რომ იგი დააპატიმრეს, ამის შემდეგ დაიძაბა სიტუაცია გერმანიასა და ბრიტანეთს შორის და ამ ქვეყნებს შორის ანტაგონიზმი კიდევ უფრო გაძლიერდა. ამიტომ, როცა ასეთი მაღალი დონის პიროვნება ჩადის სხვა ქვეყანაში და ეუბნება, არ აღიაროო, ეს ფაქტობრივად, პოლიტიკური ზეწოლის, შანტაჟის ფორმაა. ასეთმა „ჩარტერულმა დიპლომატიამ“ შეიძლება კონტრპროდუქტიულად იმუშაოს“, -აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მისი თქმით, ასეთი ექსტრაორდინარული, ეგზოტიკური პიროვნება უგო ჩავესი იყო, რომელიც გარბოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ სააკაშვილისგან განსხვავებით, საკუთარი რეჟიმისთვის საინტერესო წინადადებები ჩამოჰქონდა და რეალურ პროდუქტს ქმნიდა. მაგალითად, ერთი ჩასვლით მან 3 მილიონი დოლარის კრედიტი წაიღო სამშობლოში. თუმცა სააკაშვილი რომ ჩავიდა ტუალუში, ეკვადორსა და ჰაიტიში არაფერი არ ჩამოუტანია, მათ შორის, არც - საინვესტიციო პროგრამები.
ამასთან, ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ სამოქალაქო მფრინავის მომზადების დონე დაახლოებით 50-დან 100 ათას დოლარამდე ჯდება. მფრინავების ხელფასი ყველაზე მაღალია, ამას ემატება არენდის თანხა, საზღვრის გადაკვეთის თანხა, ფეშენებლურ სასტუმროში დაბინავება. ასე რომ, სააკაშვილის მიერ დახარჯული მთლიანი ხარჯები, ალბათ, რამდენიმე მილიონ დოლარს აღემატება.
პოლიტოლოგი და დიპლომატი ზურაბ ჩიკვილაძე აცხადებს, რომ 1-ლი ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილი საერთოდ გავიდა ზომიერების სფეროდან და მისი ვიზიტები არ არის შეთანხმებული საგარეო საქმეთა სამინისტროსა თუ სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან. ამიტომ პოლიტოლოგს უჭირს იმის თქმა, რას აკეთებს და რისთვის დაფრინავს სააკაშვილი. თუმცა ეჭვობს, რომ სააკაშვილის ვოიაჟები სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებოდეს.
„მიხეილ სააკაშვილის ქმედებაში, რასაც ჩვენ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ვაკვირდებით, ბევრი არაორდინარული საქციელი შეინიშნება. აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგაც არაორდინარულად ისაუბრა, ბიძინა ივანიშვილის სომხეთიდან დაბრუნების შემდეგაც საოცარი განცხადებები გააკეთა. ასევე, გააკეთა განცხადებები ბანკების გასხვისებასთან დაკავშირებით, რაც ხუთ წუთში დადასტურდა, რომ ტყუილი იყო. ძალიან ბევრ სიცრუეს ამბობს, ამიტომ ცოტა მოთმინება მართებს ქართულ საზოგადოებას და ეს ყველაფერი, ალბათ, დამთავრდება, ხალხიც დამშვიდდება, როცა საქართველოს ახალი პრეზიდენტი ეყოლება. მისი პიროვნებიდან გამომდინარე, ეჭვს ბადებს, რომ ის არაღიარების შესახებ საუბრობს. ვინც კარგად ერკვევა მის პიროვნებაში, რთულია ისაუბრო მის კარგ ქმედებაზე“, - აცხადებს ზურაბ ჩიკვილაძე.
დასასრულ, გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც პრეზიდენტმა ბოლო 35 დღის განმავლობაში იმოგზაურა.
მიმოხილვა 24 აპრილიდან იწყება. ამ დღეს მიხეილ სააკაშვილმა 10 900 კილომეტრი იფრინა, რომ თბილისიდან დალასამდე ჩაეღწია. ტეხასში მას ძველი მეგობრები ჯორჯ და ლორა ბუშები ელოდნენ.
ტეხასიდან სააკაშვილმა არიზონამდე კიდევ 1400 კმ იფრინა. სედონაში მას კიდევ ერთმა ძველმა მეგობარმა, სენატორმა ჯონ მაკეინმა უმასპინძლა. აქ, სააკაშვილი აშშ-ს ვიცე პრეზიდენტ ჯო ბაიდენსაც შეხვდა.
შემდეგი გაჩერება უკვე 3400 კილომეტრით მოშორებული ნიუ-იორკი იყო. 29 აპრილს, პრეზიდენტი ნიუ-იორკელ ქართველებს და ქართველ ებრაელებს შეხვდა.
უკვე 1 მაისს, სააკაშვილმა 400 კმ გაიარა და ვაშინგტონში, ამერიკის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის ესტუმრა. შემდეგ, კიდევ 70 კმ იფრინა და მერილენდის შტატში ქალაქ ბალტიმორში, სენატორ ბენჯამინ კარდინს ეწვია.
კიდევ, 60 კმ და პრეზიდენტმა ბეთესდაში, ავღანეთში დაჭრილი ქართველი მეომრები მოინახულა. 2 მაისს, სააკაშვილი უკვე ვაშინგტონში, ატლანტიკური საბჭოს ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონიალს დაესწრო.
სააკაშვილს ამ ვიზიტის დროს ახლდნენ მეუღლე სანდრა რულოვსი, ასევე დეპუტატები: ნაყოფია, თაქთაქიშვილი, კანდელაკი, წერეთელი, ნადირაშვილი, ვაშაძე, ღვინიაშვილი, საყვარელიძე. ადმინისტრაციის ახალი უფროსი ბარნოვი და მრჩეველი რაფაელ გლუკსმანი.
უკან, ვაშინგტონიდან თბილისამდე სააკაშვილმა 9300 კმ იფრინა და 4 მაისს, აღდგომის დღესასწაული საქართველოს ყვარლიდან მოულოცა.
უკვე 7 მაისს, სააკაშვილმა 580 კმ ბაქოსკენ იფრინა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს შეხვდა. მეორე დღეს, იქვე სამხრეთ კავკასიის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და უკან გამოფრინდა. (თებერვლის ბოლოს სააკაშვილი უკვე იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში)
13 მაისს, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გაუყვა შორეული ამერიკის გზას. ისევ 9300 კმ ვაშინგტონამდე, სადაც მას სენატორი მარკო რუბიო ელოდა. სააკაშვილს ამჯერად დეპუტატები: მინაშვილი, ნიკოლაიშვილი, საჯაია და ბოკუჩავა ახლდნენ. 16 მაისს, სააკაშვილმა 250 კმ გაიარა და ტრენტონში, ნიუ-ჯერსის შტატის გუბერნატორს კრის კრისტის შეხვდა.
კიდევ 75 კმ გზა იყო უიტნი ჰიუსტონის მშობლიურ ქალაქ ნევარკამდე. პრეზიდენტის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე მოყვანილია ნევარკის მერის კორი ბუკერის სიტყვები, სადაც ბუკერი თითქოს აღფრთოვანებული დარჩა იმ არქიტექტურული სიახლეებით და ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომელიც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში განხორციელდა.
ამ ყველაფრის გრანდიოზული ფინალი იყო 17 მაისის საღამო, ნიუ იორკში, ვესტ-საიდზე. გლობალურმა არქიტეტორულმა ქსელმა საქართველოს პრეზიდენტს პრესტიჟული პრიზი გადასცა, როგორც საქართველოს მთავარ არქიტექტორს.
მეორე ვიზიტი შეერთებულ შტატებში დასრულდა მანჰეტენზე, ქართულ რესტორანში, სააკაშვილისა და ბილ ქლინტონის სადილით. მიხეილ სააკაშვილმა ქლინტონი წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა და ქართულ სამზარეულოზე ისაუბრა.
„როგორც ჩანს ამერიკის პრეზიდენტებს მოწონთ ქართული საკვები. მახსოვს, ბუში გადაირია თბილისში არცთუ ისე საუკეთესო რესტორნით და საჭმელით. ნუ, არა უშავდა, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა. აქაც, ქლინტონი ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყო“, - აცხადებდა სააკაშვილი.
19 მაისს, ნიუ იორკიდან სააკაშვილმა გეზი პირდაპირ ტაილანდისკენ აიღო. 11 000 კილომეტრი იფრინა დუბაიმდე. იქედან კიდევ 4550 კმ ქალაქ ჩან მაიმდე.
ცნობისთვის, სააკაშვილი ტაილანდში ბოლოს 2012 წლის მარტში იმყოფებოდა და კუნძულ ფხუკეთზე, ბიუჯეტის ხარჯზე ორი დღე დაისვენა. ამ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ერთი წლის განმავლობაში კატეგორიულად უარყოფდა. არადა, სააკაშვილის, ბაქრაძის, ვარშალომიძის, გლუკსმანის და მათი ოჯახის წევრების დასვენება ბიუჯეტს 85 000 ლარი დაუჯდა.
პრეზიდენტი საქართველოში 21 მაისს დაბრუნდა და 24 მაისს უკვე ეკვადორში გაემგზავრა. ეკვადორელ კოლეგა რაფაელ კორეას რიგით მესამე ინაუგურაციაზე. თბილისიდან კიტომდე სააკაშვილმა საშუალოდ 13 000 კმ იფრინა.
26 მაისს უკვე ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაშია. სააკაშვილმა 15 000 კმ იფრინა კიტოდან ქაბულამდე. შემდეგ კიდევ 500 კმ, ამერიკელების სამხედრო ბაზა Camp Leatherneck -მდე.
ავღანეთში, პრეზიდენტს თან ახლდა უფროსი ვაჟი ედუარდი და საყვარელი მომღერალი სოფო ნიჟარაძე. ასევე დეპუტატები: ბარამიძე, ჯაფარიძე, მელაძე; ადმინისტრაციის უფროსი ბარნოვი და სამეგრელოს გუბერნატორი გუნავა. თბილისში პრეზიდენტი 27 მაისს დაბრუნდა.
საბოლოო ჯამში, ბოლო 35 დღეში სააკაშვილმა სამი კონტინენტი მოიარა. ასეთია „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ინფორმაცია.