დახმარება ბიზნესს, თუ მისი კონტროლის ახალი მექანიზმი?

დახმარება ბიზნესს, თუ მისი კონტროლის ახალი მექანიზმი?

ბიძინა ივანიშვილის გუნდის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო ბიზნესის ხელისუფლების წნეხისგან განთავისუფლება და მისი განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა, ასევე დასაქმების პრობლემის გადაჭრა. ბიზნესში ხელისუფლება თითქოს მართლაც არ ერევა, მაგრამ რაც შეეხება ბიზნესის განვითარებასა და დასაქმებას, აქ უფრო რთულად არის საქმე. ცხადია, 8 თვეში ბიზნესისა და ეკონომიკის აყვავება შეუძლებელია და ამაზე არც არავინ დავობს, მაგრამ ჯერჯერობით, იმის წინაპირობაც არ ჩანს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს (რომლის განვითარების პირობასაც ივანიშვილი დებდა და რომელიც ეკონომიკის აღმავლობისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს) რაიმე სახის წინსვლა შეიძლება ჰქონდეს.

For.ge-ს დაუკავშირდა მეწარმე, რომელმაც კონფიდენციალობის დაცვის პირობით საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა. კერძოდ, ჩვენი რესპოდენტი ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მეწარმეებს მათ კომპანიებში დამატებითი შტატის შექმნას სთავაზობს, ეს კადრი კი თავად შემოსავლების სამსახურის მიერ შემოთავაზებული პიროვნებაა, რომელმაც საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობაში მეწარმის კონსულტირება უნდა გასწიოს. ამდენად, მეწარმეებს სთავაზობენ კონსულტანტს, რომელიც ფაქტობრივად ბუღალტრის ფუნქციებს შეასრულებს, თუმცა უფრო ზედაპირულად და ამისთვის მას მეწარმემ ანაზღაურებაც უნდა დაუნიშნოს. ანაზღაურება კი თავად შემოსავლების სამსახურს აქვს დადგენილი მეწარმის წლიური ბრუნვის მიხედვით.

როგორ მოხდა შემოსავლების სამსახურიდან ამ „შემოთავაზების“ გაკეთება და რა ფორმა აქვს ამ ყველაფერს, ამის შესახებ ჩვენი რესპოდენტი გვიყვება.

„ჩემს ბუღალტერს შემოსავლების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და მოითხოვეს, რომ ან ბუღალტერი, ან შპს-ს დირექტორი მისულიყო მათთან, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, რასთან დაკავშირებით გვიბარებდნენ. მე გავიკითხე, რაში იყო საქმე და გავარკვიე, რომ შემოსავლების სამსახური იბარებს მეწარმეებს (თავიდან უფრო დიდი ბრუნვის მქონე მეწარმეებს, შემდეგ კი უფრო დაბალშემოსავლიანებზე გადავლენ) და სთავაზობენ ე.წ. მრჩევლის მომსახურებას. ამ მრჩეველმა თითქოსდა კონსულტირება უნდა გაგვიწიოს საგადასახადო საქმეებში, ინფორმაცია მოგვაწოდოს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით და ა.შ. ანუ უნდა შეასრულოს ის ფუნქციები, რასაც ბუღალტერი ასრულებს. ამასთანავე, ამ მრჩევლის ანაზღაურება თავად შემოსავლების სამსახურს კონკრეტული მეწარმის წლიური ბრუნვის მიხედვით წინასწარ აქვს დადგენილი“, - აცხადებს ჩვენი რესპოდენტი.

მისი თქმით, უკვე შედგენილია ხელშეკრულებაც, რომელიც მეწარმესა და ე.წ. მრჩეველს შორის უნდა დაიდოს და ამ ხელშეკრულებაში წერია, რომ მრჩეველმა ბიზნესმენს შეუძლია კონსულტაცია გაუწიოს ტელეფონითაც, სკაიპის მეშვეობითაც და ა.შ. ჩვენი რესპოდენტი ამბობს, რომ როდესაც დაინტერესდა, რამდენად ეფექტიანია მრჩევლის მომსახურება, მეწარმეებმა, რომლებიც მისი მომსახურებით უკვე სარგებლობენ, აღნიშნეს, რომ მრჩეველი თითქმის ბუღალტრის ფუნქციებს ასრულებს, მაგრამ უფრო ზედაპირულად, ანუ მხოლოდ კონსულტაციის დონეზე. ამდენად, მრჩევლის მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში ბიზნესმენს მაინც აუცილებლად ესაჭიროება ბუღალტერი. ამიტომ ჩვენი რესპოდენტი აცხადებს, რომ ამ მრჩევლის არსებობა სრულიად ზედმეტია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც თავად ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდებზე ამომწურავი ინფორმაცია არის განთავსებული ყველა სიახლის (მათ შორის საკანონმდებლო სიახლეების) შესახებ, ამასთანავე, შემოსავლების სამსახურში შესაძლებელია მისვლა და უშუალოდ უწყების თანამშრომლებისგან სასურველი ინფორმაციის მიღება და ეს ყველაფერი არის უფასო. მრჩევლის მომსახურებით სარგებლობაში კი მეწარმემ მას ყოველთვიურად ხელფასი უნდა უხადოს.

„ამ ყველაფერს მე დავარქვი კარგად შეფუთული სახელმწიფო რეკეტი, რადგან მე, მეწარმემ წელიწადში უნდა გადავიხადო ვთქვათ, 3000 ლარი იმ მომსახურებაში, რომელიც საერთოდ არ მჭირდება. რა თქმა უნდა, შემოსავლების სამსახურის შემოთავაზება არის ნებაყოფლობითი, მაგრამ მოგეხსენებათ, რას ნიშნავს სახელმწიფო უწყებისგან შემოთავაზებული „ნებაყოფლობითობა“. მოგეხსენებათ, ჩართევას ჩაყოლა სჯობიაო და მიუხედავად იმისა, რომ მინდა ამ მომსახურებაზე უარი ვთქვა, ამას ვერ ვაკეთებ. არადა ჩემს ხარჯებში ეს დამატებითი ხარჯი არანაირად არ ჯდება“, - ამბობს ჩვენი რესპოდენტი.

მისი თქმით, ვინც დათანხმდა მრჩევლის მომსახურებას და მისგან რაიმე ინფორმაციის მიღება გადაწყვიტა, ამომწურავი და ზუსტი პასუხები ვერ მიიღო. აქვე მეწარმე აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ყველა არ არის შემოსავლების სამსახურში დაბარებული, ანუ მრჩევლის შეთავაზებას მასობრივი ხასიათი არ აქვს, მეწარმეებს (რომლებსაც უფრო მაღალი ბრუნვა აქვთ) პატარ-პატარა ჯგუფებად იბარებენ. ამასთანავე, ჩვენი რესპოდენტი იხსენებს წინა ხელისუფლების მიერ უკანასკნელ წლებში შემოღებულ საგადასახადო ინსპექტორის ინსტიტუტს, რომელიც გაუქმდა თუ არა მისთვის უცნობია, თუმცა ამ ადამიანების მომსახურება მეწარმეებისთვის უფასო იყო. მეწარმე ქვემო ქართლი გუბერნატორის, დავით კირკიტაძის ახალი მმართველი გუნდის მისამართით გაკეთებულ განცხადებას იხსენებს, როდესაც კირკიტაძემ თქვა, - „მინისტრებს კაბინეტის ფერი ადევთო“ და მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, გამოვიდნენ კაბინეტებიდან და მეწარმეების პრობლემებით დაინტერესდნენ.

ჩვენი რესპოდენტის თქმით, ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მეწარმეებისთვის არაფერი შეცვლილა. იგი აცხადებს, რომ მთავრობისგან არც არანაირი შეღავათი არ სჭირდება, მზად არის მასზე დაკისრებული ვალდებულებები შეასრულოს, გადაიხადოს გადასახადები, მაგრამ ხელისუფლებას სთხოვს, რომ მეწარმეებს საქმიანობისთვის მშვიდი გარემო შეუქმნან.

„როგორც თავად ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ქვეყანაში ახლა არის ფულადი შიმშილი და ამ პირობებში, როდესაც ყველა მეწარმეს, დაწყებული იმპორტიორით და სოფლის ჯიხურით დამთავრებული, ე.წ. „ნისიაზე“ უწევს მუშაობა, გვაცალონ მეწარმეებს, რომ ამ გარდამავალ პერიოდში ერთმანეთი გავიტანოთ. როგორც წინა ხელისუფლების პირობებში იყო, ახლაც თითო მაღაზიასთან შემოსავლების სამსახურის ერთი მანქანა დგას და ისინი მუშაობენ არა პრევენციაზე, არამედ პროვოკაციაზე, ოღონდაც მეწარმე ჯარიმაზე წამოიკიდონ, მაგალითად, ფინანსურ დოკუმენტაციაში ციფრი იმ გრაფაში არ არის ზუსტად ჩასმული, სადაც უნდა იყოს, ან ინტერნეტი ერთი წუთის დაგვიანებით გააქტიურდა და ა.შ. ამასთანავე, მონოპოლიები ისევ არსებობს და ეს მონოპოლიები ისევ იგივე ადამიანების ხელშია“, - აღნიშნავს მეწარმე.

მისი თქმით, მეწარმეებს ბრუნვა მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი რესპოდენტის თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, დაახლოებით ორი-სამი თვის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები მეწარმეებთან ძალიან თავაზიანად იქცეოდნენ, ხოლო მომდევნო პერიოდში ისევ დაიბრუნეს ის მედიდური გამომეტყველება, რაც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ჰქონდათ და კვლავ მეწარმეების გამოჭერაზე და მის პროვოცირებაზე მუშაობენ. ამიტომ მეწარმეებში, განსაკუთრებით ე.წ. ბაზრობებზე მომუშავეთა შორის უკმაყოფილება იზრდება და თუ ხელისუფლება მათ დროზე არ მიაქცევს ყურადღებას, ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება არა მხოლოდ მეწარმეებზე, არამედ საბოლოო ჯამში - ქვეყნის ეკონომიკაზე.

იმის გასარკვევად, თუ რატომ გახდა ე.წ. მრჩევლის ინსტიტუტის შემოღება საჭირო, როდესაც ყველა მეწარმეს ჰყავს ბუღალტერი (რომელიც შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობასაც აგვარებს), for.ge ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურს დაუკავშირდა, რომელმაც უწყების საგადასახადო მრჩევლის სამსახურის უფროსთან, თეა მელუასთან დაგვაკავშირა. მელუა განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახური არც ერთ მეწარმეს არ ავალდებულებს, რომ აღნიშნული სერვისით ისარგებლოს, რადგან ეს სერვისი ნებაყოფლობითია.

„უბრალოდ საინფორმაციო ტიპის შეხვედრაზე მეწარმეს ვთავაზობთ ხოლმე ამ სერვისს, რადგან ზოგიერთ მეწარმეს, განსაკუთრებით მსხვილ გადამხდელებს, ურჩევნიათ, რომ შემოსავლების სამსახურში მხოლოდ ერთი საკონტაქტო პირი ჰყავდეთ, რომელიც ნებისმიერ კითხვაზე გასცემთ პასუხს. ჩვენ გვყავს დაახლოებით 300 კომპანია, რომელიც ამ სერვისით სარგებლობს და მათ მიერ სტანდარტული ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ კონტრაქტის კიდევ გაგრძელება გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ ეს ბიზნესმენები ამ მომსახურებით კმაყოფილნი არიან“, - აცხადებს თეა მელუა.

აქვე იგი განმარტავს, რომ გარდა მრჩევლისა, მეწარმეს მისთვის სასურველი ნებისმიერი ინფორმაციის მიღება თავად შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდანაც შეუძლია და კიდევ ამის უამრავი საშუალება არსებობს, ხოლო მრჩევლის მომსახურებით მხოლოდ ისინი სარგებლობენ, ვისაც თავად აქვს ამის სურვილი. რაც შეეხება მეწარმეების განწყობას იმასთან დაკავშირებით, რომ შემოსავლების სამსახურს მრჩევლის მომსახურებით სარგებლობაზე უარს ვერ ეუბნებიან, თეა მელუა განმარტავს, რომ ამ შეხვედრებს თავად ესწრება და თითოეულ მეწარმეს უხსნიან, რომ ეს სერვისი ნებაყოფლობითია.

საგადასახადო მრჩევლის ინსტიტუტთან დაკავშირებით შეფასება ვთხოვეთ ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში, პაატა შეშელიძეს. მან შემოსავლების სამსახურის ინიციატივის შესახებ ჩვენგან გაიგო და განაცხადა, რომ თუ შემოსავლების სამსახური მეწარმეებს მართლაც სთავაზობს ასეთ მომსახურებას, ეს სრულიად მიუღებელია, რადგან საგადასახადო საქმიანობა კერძო კომპანიებზე რჩევების გაცემა და მათ საქმიანობაში მუდმივად ცხვირის ჩაყოფა არ არის. ექსპერტის თქმით, თუკი კომპანიებს საგადასახადო სფეროში კონსულტაცია სჭირდება, მას აქვს უამრავი საშუალება მიმართოს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე კერძო სტრუქტურებს და შესაბამისი ანაზღაურებით, ან სრულიად უსასყიდლოდ მათთვის სასურველი ინფორმაცია მიიღონ.

„შემოსავლების სამსახურს არავითარი უფლება არ აქვს, რომ ამგვარი საქმიანობა აწარმოოს. ამასთანავე, არ აქვს უფლება, რომ ეს სერვისი მეწარმეებს თავს მოახვიოს. თუკი ამას აპირებენ, მიმაჩნია, რომ ამაზე ძალიან სერიოზული განგაში უნდა ატყდეს, რადგან ეს ბიზნესის კონტროლის ახალი მექანიზმია. მეწარმეებს ავალდებულებენ ისეთ სერვისებში გადაიხადონ ფული, რომელიც შესაძლოა, მათ არ დასჭირდეთ. ეჭვი მაქვს, რომ მეწარმეებს სჭირდებათ, თუ არ სჭირდებათ, თავს ვალდებულად ჩათვლიან, რომ ამ მომსახურებით ისარგებლონ და ამაში ფული იხადონ“, - აცხადებს პაატა შეშელიძე.

მისი თქმით, როდესაც ანალოგიურ საკითხებზე კომპანიას აუდიტორული ფირმა ემსახურება, ამ შემთხვევაში კონფიდენციალურობა დაცულია, ხოლო როდესაც ამ საქმიანობას შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი ახორციელებს, აქ კონფიდენციალობის გარანტია არ არსებობს.

„როგორ შეიძლება კონფიდენციალობის გარანტია მოგცეს სამსახურმა, რომელიც გაკონტროლებს? ეს ხომ ნონსენსია?“, - სვამს კითხვებს შეშელიძე.