პურის ფასი 10 თეთრით უკვე გაიზარდა და ერთი ამდენით მაისში გაძვირდება

პურის ფასი 10 თეთრით უკვე გაიზარდა და ერთი ამდენით მაისში გაძვირდება

მეპურეები პურის გაძვირებას მაისიდან პროგნოზირებდნენ, მაგრამ ფასმა სადღესასწაულო დღეებშივე 10 თეთრით მოიმატა და სავარაუდოდ, ერთი ამდენით მაისში გაძვირდება. სულ ცოტა ხნის წინ პურის მწარმოებელთა ასოციაცია აცხადებდა, რომ ფასი მომდევნო თვიდან 20 თეთრით გაიზრდებოდა. ეს პროცესი უკვე ძალაშია. ჯერ მოიმატა თონის პურის ღირებულებამ და 1,30 ლარი შეადგინა, ახლა კი ქარხნული წარმოების პროდუქტის გაძვირების ჯერი დადგა.

ხორბლისა და ფქვილის გაძვირების ფონზე მეწარმეები ვერანაირ სანუგეშო პროგნოზს ვერ აკეთებენ. „თემქის პურის“ დირექტორი დალი კუპატაძე საფასო ცვლილების მიზეზად საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე გაძვირებას მიიჩნევს და არ გამორიცხავს, რომ ფასმა მომავალშიც მოიმატოს.

„აღდგომის წინა დღეებში პურზე ფასმა ნამდვილად მოიმატა. ჯერ კიდევ რუსეთის ბაზარზე ვართ დამოკიდებული. არ არის ის სიტუაცია, რომ სტაბილურად იგრძნო თავი ან რამე პროგნოზი გააკეთო. 1 ტომარა ფქვილს 75 ლარად ვყიდულობთ. არ გამოვრიცხავთ, რუსეთმა მოულოდნელად უარი თქვას ფქვილის ექსპორტზეც ან შეზღუდოს, როგორც ეს ხორბლისა და ზეთის შემთხვევაში გააკეთა.

სხვა მომწოდებელი გამოჩნდება, მაგრამ უკვე ფასში ექნება და სავარაუდოდ, ძვირიც. უკრაინაში ომია და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები შეცვლილია, საბოლოოდ მაინც ფქვილის ფასია გადამწყვეტი. გაძვირების ტენდენცია თუ გაგრძელდება, პურის ფასიც თავისთავად მოიმატებს“, - განუცხადა „კომერსანტს“ დალი კუპატაძემ.

პურის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, რომელიც მთავარი პროდუქციის ფასის 20 თეთრით გაძვირებას მაისიდან პროგნოზირებდა, ახლა აცხადებს, რომ საქარხნო პურს ფასი ჯერ არ მომატებია, თონის პურები კი გაძვირდა.

„თონის პურის ღირებულება გაიზარდა, მაგრამ საქარხნო პური ჯერ არ გაძვირებულა. ეტყობა, ცოტა-ცოტა რაოდენობის ფქვილი რუსეთიდან შემოდის და ეს ფაქტორი მაინც თავის როლს თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანებში საქარხნო პურისთვის ერთი ტომარა ფქვილი ღირდა 80 ლარი და რუსეთიდან შემოტანილი - 75ლარი. როგორც გავიგე, რუსეთიდან ზოგიერთს ერთი ტომარა ფქვილი 71-72 ლარშიც შემოაქვს და ამან გაძვირების პროცესი ცოტათი შეანელა, ამიტომ ვამბობდით, რომ პურის ფასი, სავარაუდოდ, მაისიდან 20 თეთრით გაძვირდებოდა. ვნახოთ, როგორი სიტუაცია იქნება. ვიცით, რომ ფასწარმოქმნაში მთავარია ფქვილის ღირებულება. სხვათა შორის, კავკასიაში საცალო პური ყველაზე იაფი საქართველოშია“, - განაცხდა ასოციაიის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ.

რაც შეეხება წისქვილკომბინატებს, მათი დიდი ნაწილი დაიხურა, რადგან ქვეყანა ფქვილს უფრო მეტად ყიდულობს, თუმცა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ვერც ფქვილის იმპორტის გაზრდით მოხერხდა პურზე ფასის შენარჩუნება.

ბოლო პერიოდში საქართველოში ხორბლისა და მესლინის (ხორბლისა და ჭვავის ნარევი) იმპორტი 36,9%-ით, ხოლო 2022 წლის თებერვალთან შედარებით, 15,6%-ით არის შემცირებული. მიმდინარე წლის მარტში ქვეყანაში რუსეთიდან 2 446 670 აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, თებერვალში იმპორტმა 2 898 560 აშშ დოლარი, ხოლო გასული წლის მარტში 3 874 840 აშშ დოლარი შეადგინა.